ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია - საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი

მიმდინარე წლის 18 თებერვალს გაიმართა კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის კვლევის - "საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი" - პრეზენტაცია.

კვლევის შედეგები წარმოადგინეს ავტორებმა: ალექსანდრე რაქვიაშვილმა (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; Gnomon Wise -ის უფროსი მკვლევარი) და ეგნატე შამუგიამ (Gnomon Wise -ის მკვლევარი). 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სფეროს ექსპერტები.

Gnomon Wise -ის კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კომპლექსური ანალიზი. განხილულია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განხორციელებული რეფორმები. ნაჩვენებია, თუ რამდენი განსხვავებული მოდელი იყო დანერგილი 25 წლის მანძილზე და რა პრობლემები წარმოქმნა თითოეულ მათგანმა. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ე.წ. DRG სისტემის დანერგვაზე, რომელიც ხშირად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად მოიხსენიება. ასევე, სტატისტიკური კრიტერიუმების გამოყენებით შემოწმდა თუ რამდენად თანხვედრაშია საქართველოში არსებული მდგომარეობა იმ ტენდენციებთან, რომლებიც დაფიქსირდა განვითარებულ ქვეყნებში. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, 537 909 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევიდან, სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებით, შესწავლილია 126 248 შემთხვევა. 

კვლევის ავტორთა მიერ განხორციელებულ ანალიზზე, სხვა ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად დაგროვილ გამოცდილებაზე და თეორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შემუშავებულია რეკომენდაციები, თუ როგორ გავზარდოთ ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა.

კვლევის სრული ვერსია იხ. შემდეგ ბმულზე.