ღონისძიებები

პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია - "საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება"

31 იანვარს, Gnomon Wise-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის “საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება” პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა.  

დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი, ასევე შესწავლილია აღნიშნულ დარგში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული რეფორმები. საქართველოს შედარებამ სხვა ქვეყნებთან აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აგრარული სექტორის განვითარების ტემპი დაბალია. არსებული რთული მდგომარეობა კი დარგის რეფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

რეფორმირების შემოთავაზებული მიმართულების თანახმად, საჭიროა მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის წილის 4.5%-მდე კლება, მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის წვლილის 1.4%-მდე შემცირება, საშუალო ფერმის ზომის 17.4 ჰექტრამდე გაფართოება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სექტორის საბიუჯეტო დახმარების 0.48%-მდე შემცირება. ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პრინციპების დანერგვა გაზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესწავლას დაეთმო, რადგან საქართველოს ორიენტირი და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი სწორედ ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინეს ნაშრომის ავტორებმა ზვიად ხორგუაშვილმა და ეგნატე შამუგიამ. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

დოკუმენტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.