ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და მისი მნიშვნელობა
ფოტო: Law and Liberty - Beck & Stone
თანამედროვე სამყაროში ქვეყნების უმეტესობა თანხმდება, რომ ეკონომიკური წარმატების და სიმდიდრის ზრდისთვის აუცილებელია ინვესტორების, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლების მინიჭება და უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ეკონომიკურ ინდექსს, რომლებიც ერთი მხრივ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას ასახავენ, ხოლო მეორეს მხრივ, ინსტრუქციას წარმოადგენენ თუ კონკრეტულად რომელ სექტორში და რა მიმართულებითაა რეფორმები განსახორციელებელი, რათა ქვეყნის თავისუფლების ხარისხი გაიზარდოს.
2023 წლის თებერვალში გავლენიანმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა (think-tank) - Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველო 9 ადგილით, 26-ე ადგილიდან 35-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პირველად 1995 წელს გამოქვეყნდა და ზომავს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა საკუთრების უფლებები, სამთავრობო ხარჯვა და მონეტარული პოლიტიკა. ინდექსი ხშირად გამოიყენება როგორც აკადემიურ და სამოქალაქო სექტორში, ისე ბიზნესმენების, ინვესტორებისა და პოლიტიკური წრეების მიერ, რათა გაეცნონ და გაზომონ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი. ჩამოთვლილთაგან, ინდექსს ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ ინვესტორები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ანიჭებენ, რადგან კვლევაში წარმოდგენილია თითოეული ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი და მათი რანჟირება. ქვეყანა, რომელსაც მაღალი ქულა აქვს მეტად მიმზიდველია ინვესტორისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომელმაც დაბალი ქულები მიიღო სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
ინდექსი შედგება შემდეგი კრიტერიუმებისგან:
- საკუთრების უფლებები - ეფუძნება (1) ექსპროპრიაციის რისკის შეფასებას, (2) ე.წ. ინტელექტუალური საკუთრების დაცულობას, (3) კონტრაქტების და კერძო საკუთრების დაცულობას და კანონის აღსრულებას;
- სასამართლო ეფექტიანობა - გაზომილია იმის მიხედვით, თუ (1) რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სახელისუფლებო ჩარევისგან, (2) როგორია სასამართლო წარმოების ხარისხი და (3) როგორი აღქმაა სასამართლო სახელისუფლებო დამოუკიდებლობის და სამოქალაქო სერვისის მიმართ;
- სამთავრობო პატიოსნების კრიტერიუმი - შედგება (1) მოსახლეობაში კორუფციის აღქმისგან, (2) ქრთამის აღებ-მიცემის რისკებისგან და (3) კორუფციის კონტროლისგან, რაც გულისხმობს ელიტების და კერძო ინტერესების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას;
- საგადასახადო წნეხი - ითვლება მთლიანი გადასახადების ფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან;
- სამთავრობო ხარჯვა - აჩვენებს თუ რამხელაა მთავრობის ზომა ამა თუ იმ ქვეყანაში და ითვლება სახელისუფლებო ხარჯების ფარდობით, მთლიან შიდა პროდუქტთან;
- ფისკალური სიჯანსაღე - წარმოადგენს (1) სამთავრობო საბიუჯეტო დეფიციტის (2) და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობას;
- ბიზნესის თავისუფლება - მოიცავს ოთხ ძირითად კრიტერიუმს - (1) ბიზნეს-გარემოს რისკებს, (2) ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობას, (3) რეგულაციურ ეფექტიანობას და (4) ქალების ეკონომიკურ ჩართულობას;
- შრომის თავისუფლება - შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: (1) რამდენად მცირეა მინიმალური ხელფასი ქვეყანაში, (2) გაერთიანების უფლებისგან, (3) ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობისგან, (4) მუშა-ხელის პროდუქტიულობის მაჩვენებლებისგან, (5) მუშა-ხელის სამუშაო ძალაში ჩართულობისგან, (6) ე.წ. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე რეგულაციების მასშტაბისგან და (7) უმუშევრობის კომპესაციის საკითხისგან;
- მონეტარული თავისუფლება - გულისხმობს (1) ინფლაციის საშუალო ტემპს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე და (2) ხელისუფლების ქმედებების ერთობლიობას მანიპულაციურად შეცვალოს ფასები პირდაპირი კონტროლისა და სუბსიდიების გამოყენებით;
- სავაჭრო თავისუფლება - მოიცავს (1) სავაჭრო ტარიფების საშუალო შეწონილ მაჩვენებელს და (2) არატარიფული ბარიერების ხარისხობრივ შეფასებას;
- საინვესტიციო თავისუფლება - მოიაზრება (1) ეროვნული დამოკიდებულება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ, (2) საინვესტიციო ღიაობა და ბიუროკრატიის ნაკლებობა, (3) კერძო საკუთრების (მათ შორის მიწის) ყიდვა-გაყიდვაზე შეზღუდვების ნაკლებობა, (4) სექტორული საინვესტიციო რეგულირების ნაკლებობა, (5) ექსპროპრიაციის არარსებობა და (6) კაპიტალზე ლიბერალური კონტროლი;
- ფინანსური თავისუფლება - აჩვენებს (1) თუ რამდენად მკაცრად არეგულირებს ხელისუფლება ფინანსურ სექტორს, (2) რამხელაა პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახელისუფლებო ჩარევა ბანკებისა და საფინანსო კომპანიების საკუთრებასა და მართვაში, (3) სახელისუფლებო გავლენას კრედიტის ალოკაციაში, (4) ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების დონეს და (5) უცხოური კონკურენციის მიმართ ღიაობას.
მოცემულ კრიტერიუმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის განვითარებაში. სწორედ მათი დაკმაყოფილება განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალია ეკონომიკა ამა თუ იმ ქვეყანაში.
საქართველო წლების მანძილზე ინდექსის ასეულშიც არ შედიოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით, ქვეყანამ მკვეთრად წინ წაიწია ინდექსში. 2003 წელს ის მე-100 ადგილზე იყო, 2013 წელს 21-ე ადგილას გადავიდა, ხოლო 2023 წელს 35-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. უკანასკნელი წლის მანძილზე საქართველოს გაუსწრო ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მავრიკის რესპუბლიკა, ურუგვაი, ბარბადოსი, პორტუგალია, იაპონია, ბულგარეთი, სლოვაკეთი და ისრაელი.
ცხრილი 1: საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, 2003-2023 წლები
წყარო: Index of Economic Freedom Data, Heritage Foundation
ცხრილი 1 აჩვენებს საქართველოს მიერ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე განვლილ პროგრესს. 2013 წელთან შედარებით, 2022 და განსაკუთრებით 2023 წელს ინდექსის მიხედვით, საქართველოს საშუალო მაჩვენებელი გაუარესებულია. გაუარესებულია ყველა კრიტერიუმი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლებისა. განსაკუთრებული რეგრესი 2023 წელს შეინიშნება წინა წელთან შედარებით. საკუთრების უფლებების კუთხით საქართველო 20 ადგილით - 62-ე ადგილიდან 82-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, სასამართლოს ეფექტიანობის კრიტერიუმით 10 ადგილით - 62-ე ადგილიდან 72-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. მკვეთრი გაუარესებაა ბიზნესის თავისუფლების (19 ადგილით) და მონეტარული თავისუფლების კუთხითაც (25 ადგილი).
ცხრილი 1 და ინდექსის კვლევაც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლები გაუარესდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია არა ბიზნესის, ინვესტიციების და მოქალაქეების თავისუფლების წახალისებისკენ, არამედ პირიქით - შეზღუდვისკენ.
ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კიდევ მრავალი კვლევა არსებობს. მათ შორის, გამოირჩევა ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევები ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ფრეიზერის ინსტიტუტი კანადური ანალიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ეკონომიკური თავისუფლების წახალისება მსოფლიოს მასშტაბით. მოცემულ კვლევას დაახლოებით იგივე შინაარსი გააჩნია, რაც ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. თუმცა, კრიტერიუმების რაოდენობა ნაცვლად 12-ისა 42-ია. ასევე, მეთოდოლოგიურად ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის ინდექსი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საკუთრების დაცულობას და მთავრობის ხარჯვის ზომას და შესაბამისად, კრიტერიუმების შეწონვისას მეტ კოეფიციენტს აძლევს.
ფრეიზერის ინსტიტუტის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მე-20 ადგილი უჭირავს. ასევე, პირველი ათეული ორივე კვლევაში თითქმის ერთი და იგივეა მცირედი განსხვავებებით.
ცხრილი 2: ეკონომიკური თავისუფლების პირველი ათეული. ფრეიზერის ინსტიტუტი VS ჰერითეიჯ ფაუნდეიშეინი
წყარო: index of economic freedom, Heritage Foundation, Fraser Institute
ეკონომიკური თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან. სხვა თანაბარ პირობებში, რაც მეტად თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, ხოლო მთავრობის ზომა მინიმალურია, მით სწრაფად მდიდრდება მოცემული ქვეყანა.
გრაფიკი 1: ქულა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და მშპ ერთ სულზე PPP, 2022
წყარო: Index of Economic Freedom, Heritage Foundation. ავტორის გამოთვლები
მეტი სიცხადისთვის, ფრეიზერის ინსტიტუტი კვლევასთან ერთად აქვეყნებს მსოფლიო რუკასაც, სადაც ქვეყნები მოცემულია ეკონომიკური თავისუფლების ქულის მიხედვით.
ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ინტერაქციული რუკა
რუკაზე ნათლად ჩანს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ასევე, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ზელანდია და იაპონია განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება და ყველას ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წამყვანი პოზიციები აერთიანებს, ხოლო თუ ღარიბ ქვეყნებს შევხედავთ, მათი უდიდესი ნაწილი არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც არათავისუფალია.
***
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ასახავს მოცემულ წელს ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. ის გვიჩვენებს, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელია სასამართლო, რამდენად პატიოსნად საქმიანობს ხელისუფლება, რამდენად მაღალია ქვეყანაში კორუფციის დონე, რამხელაა გადასახადების საშუალო განაკვეთი, რა მასშტაბით ერევა ხელისუფლება ადამიანის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში და სხვა. ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის მიერ მომზადებული კვლევა - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი დოკუმენტია. მას იყენებენ როგორც ინვესტორები და ბიზნესმენები სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს შესწავლისას, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
საქართველო 2023 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 ადგილით - 26-დან 35-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. საქართველოს გაუსწრო კიდევ ცხრა ქვეყანამ, სადაც არიან განსხვავებული ზომის, სიმდიდრის და ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნები.
ჰერითეიჯ ფაუნდეიშენთან ერთად, შესაძლებელია ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის განხილვაც. ინდექსები მცირედით განსხვავდება მეთოდოლოგიურად და შინაარსობრივად. კერძოდ, ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მეტ ყურადღებას საკუთრების დაცულობასა და ეკონომიკაში მთავრობის ზომას აქცევს. შესაბამისად, ის ქვეყნები, სადაც საკუთრება დაცულია და მთავრობის ზომა მინიმალურია, ინდექსში უკეთეს პოზიციას იკავებენ. თუმცა, შედეგების მიხედვით, მოცემულ ორ ინდექსში პირველ ათეულში არსებული ქვეყნების დიდი ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა იმის მიუხედავად, რომ ადგილები მცირედით განსხვავებულია. მაგალითად, ერთ ინდექსში შეიძლება ჰონგ კონგი პირველ ადგილზე და სინგაპური მეორე ადგილზე იყოს, ხოლო მეორე ინდექსში პირიქით.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსსა და სიმდიდრეს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. სხვა თანაბარ პირობებში, რაც მეტია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი, მით მეტია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი და შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში, ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი. დასავლური და სხვა განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით ხასიათდება, ხოლო განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები ძირითადად როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად არათავისუფლები არიან.