როგორ სწავლობენ ავტოკრატები ერთმანეთისგან? - უნგრეთისა და რუსეთის მაგალითი
არაფერია მზის ქვეშ ახალი
- ეკლესიასტე
ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია!
- ილია ჭავჭავაძე
მიმდინარე ტენდენციების მოკლე მიმოხილვა
XXI საუკუნის ბოლო ორი დეკადა მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის შესამჩნევი რეგრესით გამოირჩევა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დამთავრების შემდეგ გავრცელებულ საყოველთაო ეიფორიას, რის დასადასტურებლადაც მხოლოდ ფრენსის ფუკუიამას ცნობილი „ისტორიის დასასრულიც“ გამოდგება, ზურგს უმაგრებდა დემოკრატიზაციის ახალი ტალღა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტი სახელმწიფოები, ტრანზიციის რთული და გრძელი პროცესის შემდეგ, საბოლოოდ ინტეგრირდნენ გლობალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში. დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის დაგვირგვინების გამოხატულებად კი, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ სახელმწიფოების უმეტესობა, 2004 წლის გაფართოების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანდა. თუმცა, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების ბოლოს დაწყებულმა პროცესებმა თანდათან ცხადყო, რომ „ისტორიის დასასრული“ არც ისე ახლოს იყო - 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა, მიგრანტების ტალღებმა, სულ ბოლოს კი, კოვიდ-19 ის პანდემიამ აჩვენა, რომ ევროპის კონტინენტისთვის ლიბერალური დემოკრატია „ბოლო გაჩერება“ ჯერაც არ გახლავთ (Levitsky & Ziblatt, 2018).
სემუელ ჰანტინგტონის 1991 წელს გამოცემული ნაშრომი - „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ - დემოკრატიზაციის საკითხების შესწავლის კუთხით მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ წიგნში გავლენიანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა დემოკრატიზაციის „სამი ტალღის“ კონცეფცია შეიმუშავა. მის მიხედვით, თითოეული „ტალღა“ გამოხატავდა დროის სპეციფიკურ პერიოდს, როცა არადემოკრატიული რეჟიმები დემოკრატიულებად ტრანსფორმირდებოდნენ. მსგავს მომენტებს, ყოველ ჯერზე, თან მოჰყვებოდა ე.წ. „reversal wave“ - ერთგვარი უკან დახევის პერიოდი, როდესაც დემოკრატიული რეჟიმები, პირიქით, არადემოკრატიული მმართველობის სტილს უბრუნდებოდნენ (Doorenspleet, 2000). ჰანტინგტონის ამ ნაშრომმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - მისი გამოქვეყნების შემდეგ მრავალი განსხვავებული მოსაზრება წარმოიშვა თეორიის საფუძვლიანობის, მესამე და მეოთხე ტალღების პერიოდების განსაზღვრისა თუ მოსალოდნელი „შემხვედრი ტალღების“ შესახებ. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრებით, ევროპის კონტინენტზე უკანასკნელი „reversal wave“ სწორედ XXI საუკუნის ორ ათწლეულში მიმდინარეობს და უკავშირდება ავტოკრატიზაციის ახალ ტალღას ევროპის სახელმწიფოებში. განსაკუთრებით კი, ახლად კონსოლიდირებულ დემოკრატიებში. ეროვნულ დემოკრატიიული ინსტიტუტის (NDI) მიხედვით, ბოლო ხუთ წელიწადში, ავტორიტარიზმისკენ გადანაცვლებული ქვეყნების რაოდენობა ბევრად აჭარბებს დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი ქვეყნების რიცხვს (NDI, 2022). დემოკრატიის ეროზიის მიმდინარე პროცესი ასევე გამოხატულია პოპულიზმისა და რადიკალური მემარჯვენეობის დიდი პოპულარობით, არა მხოლოდ საფრანგეთისა და შვედეთის მსგავს შემდგარ დემოკრატიებში, არამედ დემოკრატიული ტრანზიციის ისეთ „წარმატებულ“ მაგალითებში, როგორებიცაა პოლონეთი თუ უნგრეთი.
შესავალი
უნგრეთი, როგორც ევროპაში ავტოკრატიზაციის მიმდინარე ტალღის ერთ-ერთი ეპიცენტრი, ამ ნაშრომის მთავარი ფოკუსია. ქვეყნის სათავეში ვიქტორ ორბანის მოსვლის შემდეგ, უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლა (backsliding) ევროპაში დიდი დებატების საგანი გახდა. 2014 წელს ბაილე ტუსნადში (რუმინეთი) პრემიერ-მინისტრის ცნობილმა სიტყვით გამოსვლამ ამ დებატებს ახალი მნიშვნელობა შესძინა. გამოსვლაში ორბანმა გააკრიტიკა დასავლეთ ევროპული ლიბერალური ღირებულებები და ღიად გამოხატა სიმპათიები რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოების მიმართ. გამოსვლის ბოლოს კი, „ახალი, ილიბერალური სახელმწიფოს შექმნა“ გამოაცხადა. ამ მოვლენამ კვლავ განაახლა მითქმა-მოთქმა დასავლურ პოლიტიკურ/აკადემიურ წრეებში უნგრეთის პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიის შესახებ. თითქმის მაშინვე გაჩნდა საინტერესო მოსაზრებები ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის მსგავსებაზე - ბევრს საუბრობდნენ „უნგრულ პუტინიზმსა“ თუ „პუტინის ტროას ცხენზე“ ევროკავშირის შიგნით. ორბანის მმართველობაში მოსვლის შემდეგ რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობების გაღრმავება ამ მოსაზრებებს დამაჯერებლობას მატებდა. ეს ყოველივე, ზოგიერთი მკვლევრისთვის, ევროპაში ავტოკრატიული დიფუზიის კიდევ ერთი მანიშნებელი გახლდათ (Buzogány, 2017).
მსოფლიოში მიმდინარე ავტოკრატიზაციის ტალღის ერთ-ერთი მახასიათებელი ე.წ. „ავტოკრატიის ხელშეწყობაა“ (Autocracy Promotion) - კონცეფცია, რომელიც „დემოკრატიული ხელშეწყობის“ საპირისპიროდ გაჩნდა და მიემართება ფენომენს, რომლის მიხედვითაც ერთი ავტოკრატიული სახელმწიფოს მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მეორე სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაზე და დააბრკოლონ დემოკრატიული პროცესები (Kästner, 2019). ზოგ შემთხვევაში, ქვეყნის ლიდერები ერთმანეთისგან პოლიტიკისა თუ იდეოლოგიის გარკვეულ მახასიათებლებსაც „სესხულობენ“ - ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის ქვემოთ განხილული მაგალითი ამას ადასტურებს. თავის მხრივ, ეს მოვლენა შესანიშნავად აღწერს მსოფლიოში მიმდინარე ავტოკრატიზაცია/დემოკრატიზაციის შეპირისპირების პროცესს. რამდენიმე ათწლეულის წინ, „დემოკრატიული გადაღვრა“ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, დემოკრატიზაციის პროცესებს ახალისებდა; ბოლო წლებში კი, მომრავლებული ანტილიბერალური ძალები უკვე სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების „გამოცდილებაზე სწავლობენ“.
ილიბერალიზმი ტრანს-იდეოლოგიური ფენომენია, რომელიც ლიბერალური დღის წესრიგის ნორმატიულ ღირებულებებს უპირისპირდება. ეს კი გამოიხატება თვითგამორკვევის, დემოკრატიული ხელშეწყობისა და ლიბერალიზმის სხვა საკვანძო კონცეფციების რეინტერპრეტაციის მცდელობაში (Boyle, 2016). ვიქტორ ორბანის „ილიბერალური დემოკრატია“ ამ ტენდენციის ცალსახა გამოხატულებაა. დღესდღეობით, იგი ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ილაშქრებს - დიდი ხნით ადრე კი, იგივე მიზანს ისახავდა „სუვერენული დემოკრატიის“ რუსული კონცეფციაც. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, საინტერესოა შევისწავლოთ ამ ორ იდეოლოგიას შორის არსებული მსგავსებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ „სუვერენული დემოკრატია“ ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული ტრანსფორმაციისთვის ერთგვარ „შესავალს“ წარმოადგენდა, ეს მაგალითი მხედველობაში უნდა მივიღოთ უნგრეთის, და ზოგადად ევროპის, პოლიტიკური რეალობის პოტენციურ განვითარებაზე ფიქრის დროსაც.
ნაშრომში ვეცდები ვუპასუხო საკვლევ შეკითხვას - რატომ და როგორ მოახდინა გავლენა „სუვერენული დემოკრატიის“ რუსულმა კონცეფციამ ვიქტორ ორბანის „ილიბერალური დემოკრატიის“ იდეაზე? თვალსაჩინო მსგავსებები ამ ორი კონცეფციის ისტორიულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ განზომილებებს შორის აშკარას ხდის, რომ ავტოკრატები ერთმანეთისგან ნამდვილად სწავლობენ - ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 2000-იანი წლების პუტინისტური იდეოლოგიისგან ბევრი მაგალითი აიღო. ორივე კონცეფცია იყენებს ანტი-ლიბერალურ/ანტი-დასავლურ ნარატივებს, თუმცა ბოლომდე არ უარყოფს საკუთარ ადგილს ევროპაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ორივე ეყრდნობა „სუვერენიტეტისა“ და „ნაციონალიზმის“ იდეებს. უნგრეთში, ისევე როგორც 2000-იანი წლების რუსეთში, დემოკრატიის „ნაირსახეობები“ გამოიყენება ერთდროულად ორი მიზნის მისაღწევად - შიდა პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე. ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით ლიბერალ-დემოკრატიული მოდელის უარყოფისა და ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სისტემაში გაბატონებული დასავლური წესრიგის წინააღმდეგ წასვლისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ რიგი პარალელები რუსეთისა და უნგრეთის ისტორიულ წარსულსა და ეროვნულ თვითაღქმას შორის, გარკვეულწილად, ხსნის მსგავსებებს თავად ამ იდეოლოგიებს შორის. მიმაჩნია, რომ რუსეთ-უნგრეთის მაგალითი მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციის კარგი გამოხატულებაა და შესაბამისად, ამ საკითხზე საინტერესო, აქამდე შეუსწავლელი კუთხით ჩაღრმავების საშუალებას იძლევა.
„სუვერენული დემოკრატია“ რუსეთში
2006 წელს ვლადისლავ სურკოვმა, იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფცია შექმნა. 1999-2011 წლებში, კრემლის პოლიტიკური სისტემის შემოქმედი სურკოვი პუტინის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა. სწორედ მას ეკუთვნოდა რუსული სტილის „მართვადი“ დემოკრატიის იდეა, რომელიც მალევე იქცა პუტინის ადმინისტრაციის მთავარ იდეოლოგიად (კომახია, 2015). „სუვერენული დემოკრატია“ დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივად შეიქმნა - ეს იყო ახალი, ექსკლუზიურად რუსული ფენომენი, რომელიც დემოკრატიის „დასავლური სტანდარტებისგან“ მკვეთრად განსხვავდებოდა. ეს განსხვავება კი ეფუძნებოდა იდეას, რომლის მიხედვითაც რუსული საზოგადოება, მისი ისტორია და პოლიტიკური კულტურა დასავლეთში აღიარებულ მოდელს სულაც არ ჰგავდა. დოქტრინის მეორე ძირითადი მახასიათებელი გახლდათ სუვერენიტეტის იდეის დემოკრატიულ ღირებულებებზე წინ დაყენება (Fisher, 2014).
ამ იდეის თავისებურებების უკეთ გასაანალიზებლად რუსეთის უახლესი წარსული უნდა გავიხსენოთ. „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის საწყისებს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მივყავართ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი, ელცინის ადმინისტრაციის პერიოდი ცნობილია როგორც „roaring 90’s“ - ეკონომიკური კრიზისის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და საყოველთაო ქაოსის ხანა. ეს დრო რუსეთის კოლექტიურ მეხსიერებაში მეტწილად შემორჩენილია როგორც „დასავლური ოკუპაციის“ პერიოდი, როცა რუსულ ელიტას „ლიბერალური ბანაკის“ წარმომადგენელი სახელმწიფოები „მართავდნენ“. ამ კონტექსტში, სურკოვის იდეოლოგიის მკვეთრი აქცენტი სუვერენიტეტის იდეაზე, გამოხატავს კონტროლის დაბრუნებისა და გარე ძალების ჩარევისგან თავის დაცვის მცდელობას (Kazharski & Macalova, 2020). „დასავლეთის ჩარევა,“ რომელიც გამოიხატებოდა ლიბერალური რეფორმების წახალისებაში, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასა და არადემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკაში, აღქმული იყო როგორც „დემოკრატიის დასავლური კონცეფციის იძულებითი გავრცელება რუსულ საზოგადოებაში“ (Fisher, 2014). ამასთან, პუტინის ადმინისტრაცია განსაკუთრებით ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსეთი მართლაც წარმოადგენდა დემოკრატიას - ამ მოცემულობაში ეჭვის შეტანა პირდაპირ აღიქმებოდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად. ეს კი, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი გახლდათ პუტინის ავტორიტარული პოლიტიკის საპასუხო საერთაშორისო კრიტიკაზე (Kortukov, 2020).
„ილიბერალური დემოკრატია“ უნგრეთში
როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზაციის თავდაპირველ ტალღას მალევე მოჰყვა ახალი, შემხვედრი ტალღა, რომელმაც ლიბერალური დემოკრატია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და ავტორიტარული დიფუზიის საფრთხე წარმოქმნა (Ambrosio, 2010). ამ მოვლენების ეპიცენტრში ხშირად გახლდათ უნგრეთი, რომელიც ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დასავლური დემოკრატიისთვის რამდენიმე კუთხით იქცა გამოწვევად.
ტერმინი „ილიბერალური დემოკრატია“ პირველად ფარიდ ზაქარიამ შეიმუშავა 1997 წელს. ის ამტკიცებდა, რომ ილიბერალური დემოკრატია გულისხმობს „უმრავლესობისთვის“ შეუზღუდავი ძალაუფლების მიცემას და ეყრდნობა ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც მონოპოლიას აცხადებს „ხალხის აზრზე/სურვილზე“ (Zakaria, 1997). მოგვიანებით, ეს კონცეფცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც აიტაცა. ცნობილ ბაილე ტუსნადის გამოსვლაში მან ეს იდეა გამოიყენა ახალი, არალიბერალური სახელმწიფოს მოდელად, რომელიც „არ მიიჩნევს [ლიბერალიზმს] სახელმწიფო მოწყობის ცენტრალურ ელემენტად, არამედ იყენებს სპეციფიკურ, ნაციონალურ მიდგომას“ (Tóth, 2014). სინგაპურის, ჩინეთის, თურქეთისა და რუსეთის მაგალითზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა სულაც არ საჭიროებს კლასიკური, დასავლურ/ლიბერალური საპარლამენტო მოდელის არსებობას. ორბანისთვის ილიბერალიზმი წარმოადგენს ლიბერალური დღის წესრიგის წარუმატებლობაზე პასუხს. შესაბამისად, „უნგრული სტილის ილიბერალიზმი“ ეფუძნება ორ ძირითად იდეას - კონსერვატიულ/ქრისტიანულ ღირებულებებსა და მაჟორიტარიანიზმს. ამ შემთხვევაში ქრისტიანული ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ გამაერთიანებელ ძალას „ამორალური და გახრწნილი“ ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ (Laruelle, 2021).
უნგრეთში ილიბერალიზმის პოპულარობას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო - პოსტ-კომუნისტური ტრანზიციის ტრავმული გამოცდილება, მშფოთვარე შიდა პოლიტიკური კლიმატი და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის, რამდენიმე ძირითადი მიზეზია. ამ პროცესში გარდამტეხ წერტილად კი სწორედ ორბანის 2014 წლის გამოსვლა იქცა. ბაილე ტუსნადში გამოთქმულმა მოსაზრებებმა კვლავ გააღვივა უნგრეთის დემოკრატიული რეგრესის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული დისკუსია (Buzogány, 2017).
პარალელები შიდა პოლიტიკურ დონეზე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა პოლიტიკურ დონეზე, ამართლებდა რა, პუტინის ადმინისტრაციის ავტორიტარიზმის განმტკიცებისკენ მიმართულ რეფორმებს რუსეთში - „სუვერენული დემოკრატია“ კრემლისთვის ერთგვარ იდეოლოგიურ „უკანა კარს“ წარმოადგენდა. თავად სურკოვი - ამ იდეოლოგიის შემოქმედი - ამტკიცებდა, რომ ავტორიტარიზმი და ძალაუფლების ცენტრალიზაცია რუსული სუვერენიტეტის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტი გახლდათ. შესაბამისად, „სუვერენული დემოკრატია“ ჩანასახშივე ეწინააღმდეგებოდა წარმომადგენლობითობის იდეას, გაწონასწორებისა და შეკავების მექანიზმს და ინდივიდუალურ უფლებებს. ის პრიორიტეტს ანიჭებდა კოლექტიური ინიციატივის ნაციონალისტურ გამოხატულებას და არა ინდივიდის თავისუფლებას. სწორედ ლიბერალურ დემოკრატიასა და სუვერენულ დემოკრატიას შორის არსებული ძირითადი განსხვავება უდევს საფუძვლად ილიბერალური დემოკრატიის იდეასაც. რამეთუ, ილიბერალური დემოკრატიის ორბანისეული ვერსიაც მსგავსად ეწინააღმდეგება წარმომადგენლობით დემოკრატიას და კოლექტივს ინდივიდზე წინ აყენებს (ევროპაში ილიბერალიზმის მიმდინარე ტალღის ფონზე, ეს ტრენდი სახეზეა არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ იტალიის, საფრანგეთის, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ილიბერალური პარტიების სახითაც) (Fisher, 2014).
საინტერესოა, რომ ორბანის ხელმძღვანელობით, პარტია „ფიდესმა“ 2010 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერების, ეკონომიკური ნაციონალიზმისა და პოპულისტური პატერნალიზმის დაპირებებით. თუმცა, გამარჯვების შემდეგ, მალევე აშკარა გახდა, რომ ორბანის უმთავრესი მიზანი ძალაუფლების ხელში აღება გახლდათ. ჯერ კიდევ პირველი ვადის მიმდინარეობისას, „ფიდესმა“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში, რითაც შეასუსტა გაწონასწორებისა და შეკავების მექანიზმი და შეზღუდა მედიის თავისუფლება (Buzogány, 2017). ახალი კანონები ქმნიდა ახალ, მმართველ ძალასთან დაახლოებულ მედია-რეგულატორს, შეიცავდა დისკრიმინაციულ წინაპირობებს ქალების, უსახლკაროებისა და LGBTQ თემის წარმომადგენლების მიმართ და ზღუდავდა პოლიტიკურ მონაწილეობას (HRW, 2013). ახალი სახელმწიფო იდეოლოგიის ფარგლებში ორბანმა დასავლურ-ევროპული ღირებულებები უნგრეთისთვის შეუთავსებლად გამოაცხადა. მისი მიხედვით, უნგრეთს ავტორიტარული და კოლექტივისტური პოლიტიკური კულტურა აქვს, რომელსაც ძლიერი, სუვერენული და პატერნალისტური მმართველობა სჭირდება (მსგავსად რუსეთისა). თუმცა, რეალობაში, ილიბერალური დემოკრატია წარმოადგენს ერთგვარ „იდეოლოგიურ საბურველს,“ რომელიც ვიქტორ ორბანის ავტორიტარული მისწრაფებების შესანიღბად და ევროკავშირის კრიტიკის გასაუვნებელყოფად გახდა საჭირო (Buzogány, 2017).
როგორც ზემოთ დავინახეთ, არადემოკრატიული პოლიტიკის გასამართლებლად იდეოლოგიური „უკანა კარის“ გამოყენების ეს მეთოდი პუტინის ადმინისტრაციისთვისაც არ გახლდათ უცხო. მიმაჩნია, რომ ყველაზე აშკარად ეს დეტალი ორივე რეჟიმის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიდგომაში იკვეთება. გასაკვირი სულაც არაა, რომ „სუვერენული დემოკრატიის“ დოქტრინა კრემლის მხრიდან სამოქალაქო სექტორის კონტროლისთვისაც „წარმატებით“ გამოიყენებოდა. დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში გარეშე ძალების მხრიდან „მართულ“ ძალებად, ქვეყნის საქმეებში ჩარევის იარაღად აღიქმებოდნენ. აქედან გამომდინარე, მსგავსი ორგანიზაციები ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ იქნა გამოცხადებული. ახალი სახელმწიფო იდეოლოგიის საფარქვეშ, პუტინმა დასავლეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების დე-ფაქტო კრიმინალიზებაც კი მოახდინა. მსგავსად ამისა, ვიქტორ ორბანი უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოელების მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ აქტივისტებად“ მოიხსენიებს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოჩენილი არიან, როგორც გარეშე/ლიბერალური საფრთხე, რომელთა მიზანიც უნგრეთში გავლენების მოპოვება და „ლიბერალური დღის წესრიგის“ გატარება გახლავთ (ამ სიის სათავეში ჯორჯ სოროსი მოიაზრება, რომელიც პირადად ვიქტორ ორბანის კრიტიკის ობიექტი მრავალჯერ გამხდარა) (Fisher, 2014). საინტერესოა, რომ როგორც პუტინის, ისე ორბანის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა წარმოადგენდა ქვეყნის შიგნით კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გაჩუმებისა და ძალაუფლების ხელში აღების ერთგვარ მექანიზმს.
პარალელები საერთაშორისო საერთაშორისო დონეზე
ორ იდეოლოგიას შორის მსგავსება ასევე შეგვიძლია დავინახოთ საერთაშორისო პოლიტიკურ დონეზეც. „სუვერენული დემოკრატია,“ როგორც იდეოლოგია, საერთაშორისო სისტემას ყოველთვის რეალისტური სკოლის მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში განიხილავდა. ეს გახლდათ წესების არმქონე, საშიში სისტემა, სადაც გადარჩენა სახელმწიფოებს შორის სასტიკ შეჯიბრებითობას ეფუძნებოდა და მოითხოვდა სუვერენიტეტის მაქსიმალურ დაცვასა და შესაბამისად, დემოკრატიულ ნორმებზე უარის თქმას (Fisher, 2014). საერთაშორისო ურთიერთობების ეს „რბოლის“ მსგავსი აღქმა ხშირად გვხვდება ვიქტორ ორბანის რიტორიკაშიც - ილიბერალური დემოკრატიის მისეული დოქტრინაც სწორედ ასე უყურებს საერთაშორისო სისტემას. უკვე მრავალგზის ნახსენებ, ბაილე ტუსნადის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ახსენებს დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე „რბოლას, ისეთი სახელმწიფოს შექმნისთვის, რომელიც ერს წარმატებას მიაღწევინებს“. გამოსვლაში ის პირობასაც კი დებს, რომ ააშენებს ილიბერალურ სახელმწიფოს, რომელიც „მსოფლიოს ამ დიადი რბოლის“ ღირსეული მონაწილე იქნება (Tóth, 2014).
შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთსა და უნგრეთში, სუვერენული და ილიბერალური დემოკრატიის იდეები დასავლეთისგან დისტანცირების ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა. პირველ შემთხვევაში, სურკოვის იდეოლოგია კონტრასტს ქმნიდა ელცინის პერიოდის „მართულ დემოკრატიასთან,“ რომლის დროსაც რუსი ელიტები მხოლოდ ზედაპირულად ჰბაძავდნენ ლიბერალური სტილის დემოკრატიას, რათა სანაცვლოდ დასავლეთისგან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსები მიეღოთ. ეს გარკვეულწილად ხსნიდა კიდეც გარე ძალების ჩარევისადმი კრემლის სენსიტიურ დამოკიდებულებასა და პუტინის პერიოდისთვის დამახასიათებელ აქცენტებს სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, სუვერენიტეტის იდეა ხაზს უსვამდა სახელმწიფოს ძლიერებას, მის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კულტურულ იდენტობას. „სუვერენული დემოკრატია,“ როგორც იდეოლოგია, წარმოადგენდა არა ირგვლივ არსებული სამყაროს ახსნის (როგორც ეს იდეოლოგიებს ახასიათებთ), არამედ მისი შეცვლის მცდელობას. ეს კი გამოიხატებოდა მისი მთავარი იდეოლოგიური მეტოქის - დასავლური ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ წასვლაში (Krastev, 2006). იგივე მიზანს ემსახურება არალიბერალური სახელმწიფოს აშენების ორბანისეული მცდელობა, რომელიც ჩანასახშივე მოიაზრებს სპეციფიკურ, ეროვნულ მიდგომას. განაცხადა რა, რომ „დღევანდელი ლიბერალური ღირებულებები ეფუძნება კორუფციას, სექსსა და ძალადობას,“ ორბანმა ამით ქრისტიანული, ტრადიციული, ოჯახური ღირებულებები „ამორალური დასავლეთის“ პირისპირ დააყენა. ეს ნარატივი ფართოდ იქნა გამოყენებული „ფიდესის“ ანტი-მიგრანტული, ანტი-მუსლიმური და ანტი-LGBTQ პოლიტიკის გასამართლებლად. „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსად, ნაციონალიზმისა და სუვერენიტეტის კონცეფციები ილიბერალურ დემოკრატიაშიც დიდ როლს თამაშობს. როგორც თავად ორბანმა აღნიშნა, „ლიბერალური სახელმწიფო მოწყობისგან განსხვავებით, რომელიც უკანასკნელი 20 წელი გაბატონებული იყო მსოფლიოში, [ილიბერალური დემოკრატია] სახელმწიფო მოწყობისას ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“. უფრო ფართო კონტექსტში, ჩემ მიერ განხილული ორივე კონცეფცია წარმოადგენს მცდელობას, შექმნას ლიბერალური დემოკრატიის ერთგვარი იდეოლოგიური ალტერნატივა - „სხვა ევროპა“. თავად ვიქტორ ორბანს თუ დავესესხებით, „ადრე ევროპა ჩვენი მომავალი იყო, ახლა - ჩვენ თავად ვართ ევროპის მომავალი“ (Kazharski & Macalova, 2020).
ისტორიული კონტექსტი
ამ კონცეფციებს შორის არსებული მსგავსებების გამოკვეთის შემდეგ, ნაშრომის დასასრულს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მსგავსებები სუვერენული და ილიბერალური დემოკრატიის იდეებში განპირობებულია ორი სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებებს შორის არსებული პარალელებით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. მიმაჩნია, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებაში გარკვეული საბაზისო მსგავსებების არსებობის გარეშე, ვიქტორ ორბანი ნამდვილად ვერ შეძლებდა რუსული დოქტრინისგან გარკვეული იდეების „სესხებას“. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასავლეთისგან იდეოლოგიური და ნორმატიული დისტანცირების ეს მცდელობები ეფუძნება „განსაკუთრებულობის“ (exceptionalism) იდეებს, ტერიტორიების დაკარგვისგან გამოწვეულ ისტორიულ ტრავმებსა და პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის პერიოდის სირთულეებს, როგორც რუსეთში, ისევე უნგრეთში (Kazharski & Macalova, 2020).
იდეა ავტონომიური, ორიგინალური და გამორჩეული რუსული ცივილიზაციის არსებობის შესახებ ეფუძნება რუსული „განსაკუთრებულობის“ კონცეფციას. რუსი იდეოლოგების მიხედვით, ეს ფაქტი აშკარაა არა მხოლოდ დასავლეთისგან კულტურულ განსხვავებებში, არამედ ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოწყობის თავისებურებებშიც კი (Skladanowski, 2019). თავდაპირველად, „განსაკუთრებულობის“ იდეა ეფუძნებოდა რუსეთის, როგორც ქრისტიანობის დამცველისა და „მესამე რომის“ სახეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო მესიანიზმის ეს ცარისტული იდეა ჩაანაცვლა მეორე მსოფლიო ომსა და ნაცისტების დამარცხებაში რუსეთის როლის მითოლოგიზაციამ (Fisher, 2014). მსგავსად ამისა, უნგრეთში, „ქრისტიანობის საყრდენის,“ ე.წ. „Antemurale Christianitatis“ მითი ეროვნული იდენტობის დიდი ნაწილია. მის მიხედვით, უნგრეთი ქრისტიანი ევროპის „უკანასკნელი ბასტიონი“ გახლდათ, რომელიც კონტინენტს ოსმალთა იმპერიის შემოტევებისგან იცავდა - ფაქტი, რომელიც თანამედროვე ევროპამ მიივიწყა (Kazharski & Macalova, 2020).
ტერიტორიების დაკარგვისგან გამოწვეული ტრავმები ორივე სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებაში გვხვდება. რუსეთის შემთხვევაში, ტრავმის მიზეზია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული უზარმაზარი ტერიტორიული დანაკარგი, რაც თანამედროვეობაში, კრემლის „ახლო საზღვარგარეთის“ დოქტრინის სახით იჩენს თავს. უნგრეთის შემთხვევაში კი, ეს უკავშირდება 1920 წლის ტრიანონის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, უნგრეთის სამეფოს ტერიტორიების ორი მესამედი ჩამოერთვა. ეს მოვლენა უნგრელებისთვის დღემდე დიდ ტრაგედიად ითვლება. ხელშეკრულების ხელმოწერის დღე, 4 ივნისი კი, „ეროვნული ერთიანობის დღედაა“ გამოცხადებული. უნგრელი ერისთვის ამ მოვლენის მნიშვნელობას სათავისოდ იყენებს ვიქტორ ორბანიც - მისი ხელშეწყობით ხშირად იმართება ლექციები და კონფერენციები, რომლებიც ხელშეკრულების პირობებს მიმოიხილავს. 2020 წლის აგვისტოში ორბანმა „ეროვნული ერთობის მემორიალიც“ კი გახსნა, რომელზეც იმ ქალაქებისა და სოფლების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებიც ოდესღაც უნგრეთის სამეფოს ნაწილი გახლდათ. უნგრელი ერის კოლექტიურ მეხსიერებაში ეს მოვლენა შემორჩენილია, როგორც „ისტორიული უსამართლობის“ გამოხატულება - ფაქტი, რასაც ორბანი და „ფიდესი“ დიდი ხანია იყენებენ, რათა მოსახლეობაში გარეშე ძალებისადმი უნდობლობა გააღვივონ (Morgan, 2021). საინტერესოა, რომ როგორც უნგრეთის, ისე რუსეთის შემთხვევაში, ეს „ტერიტორიული ტრავმები“ ლიდერების მიერ მიღებულ გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატება. ერთი მხრივ, კრემლი ცნობილია ე.წ. „პასპორტიზაციის“ პოლიტიკით, რომლის ფარგლებშიც, ყოფილ სსრკ რესპუბლიკებში (მაგ. უკრაინა და საქართველო) საბჭოთა კავშირის პასპორტების მფლობელი პირებისთვის ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურები დაინერგა. უნგრეთის შემთხვევაში, 2010 წელს კანონში შეტანილი ახალი შესწორებით, უნგრული წარმოშობისა და ენის მცოდნეთათვის უნგრეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება გახდა შესაძლებელი. ეს პოლიტიკა პირდაპირ მიემართებოდა კარპატების აუზში მცხოვრებ უნგრულენოვან მოსახლეობას, რომელიც ჯერ კიდევ „დიადი უნგრეთის“ ისტორიულ ნაწილად მიიჩნევა (Papp, 2017).
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებული სირთულეები ორივე ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი მტკივნეული ფურცელია, რომლის განუყოფელი ნაწილია ეკონომიკური სიდუხჭირისა და პოლიტიკური არასტაბილურობის რთული პერიოდი. როგორც რუსეთში, ისე უნგრეთში, „წარსული დიდება“ მკვეთრ კონტრასტს ქმნის ტრანზიციის/მიმდინარე პერიოდის სისუსტეს შორის. ეს კონტრასტი კი იწვევს პრესტიჟის ამაღლებისა და საერთაშორისო გავლენის გაზრდის მოტივაციას, რაც სახეზეა როგორც „სუვერენული დემოკრატიის,“ ისე „ილიბერალური დემოკრატიის“ დოქტრინებში (Krastev, 2006).
დასკვნა
ევროპის კონტინენტზე ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავტოკრატიის ტალღა ზრდის პროცესშია. უნგრეთის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, ეს ილიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის წინ წამოწევაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ილიბერალიზმი ბევრად ფართო ცნებაა, მისი „ორბანისეული“ ვერსია საკმაოდ საინტერესო შესასწავლ საგანს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2006 წელს შექმნილ, „სუვერენული დემოკრატიის“ რუსულ კონცეფციასთან გავლებული პარალელები გვეხმარება, დავინახოთ ანტი-ლიბერალური ავტოკრატიული ტენდენციის განგრძობადი ხასიათი. სურკოვის დოქტრინის შემუშავების შემდეგ ვლადიმერ პუტინის მმართველობის განვითარების ტრაექტორია კი, ორბანის ხელისუფლების შესაძლო მომავლის საყურადღებო სცენარს გვთავაზობს. ნაშრომში ვეცადე მეჩვენებინა, რომ ორ იდეოლოგიას შორის არსებული აშკარა მსგავსებებია: მკვეთრი აქცენტები ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებზე; ლიბერალური დემოკრატიის დასავლური კულტურისგან ნორმატიული დისტანცირებისა და „ალტერნატიული ევროპის“ შექმნის მცდელობა; და შიდა პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საპასუხოდ, საერთაშორისო კრიტიკისგან თავდაცვისთვის ე.წ. „იდეოლოგიური უკანა კარის“ გამოყენება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რუსული იდეოლოგიის გარკვეული ელემენტების „ექსპორტი“ ორბანისთვის შესაძლებელი გახადა ორ ქვეყანას შორის არსებული გარკვეული ისტორიული გამოცდილებებისა და ღირებულებების მსგავსებით.
შენიშვნა: დოკუმენტი მომზადებულია Gnomon Wise-ის სტუდენტური ანალიტიკური ნაშრომების კონკურსისთვის: „ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები” ფარგლებში. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ინსტიტუტის პოზიციას.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.