პუბლიკაციები

მედიის დამორჩილება ავტორიტარიზმში - პარალელები საქართველოსთან

შესავალი

მედიას, დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხშირად ხელისუფლების მეოთხე შტოდ მოიხსენიებენ. დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას ნამდვილად განსაკუთრებული და მრავალფუნქციური ღირებულება გააჩნია. პოლიტიკური რეჟიმების ცვლილებასთან ერთად, მისი ზოგიერთი ფუნქცია, რეჟიმის თავისებურებების გათვალისწინებით, წინა ფონზე გამოდის, ზოგიერთი კი მეორეხარისხოვანი ხდება.

საქართველოში არსებული მედია გარემოს შეფასება და მედიის წინაშე არსებული გამოწვევების გააზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჭრილში უნდა მოხდეს. პოლიტიკური სისტემების ტრანზიცია, როგორც წესი, ორი მიმართულებით მიმდინარეობს - დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ, ან პირიქით. საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად აჩვენებს ხელისუფლების კურსს დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ, სწორედ ამიტომ, სტატიაში პოლიტიკური სისტემების ჭრილში მედიის როლის გააზრება იწყება დემოკრატიაში მედიის როლის გააზრებით და მთავრდება ავტორიტარიზმის მიერ მედიის დამორჩილების სტრატეგიების ანალიზით.

სტატიის პირველი ნაწილი მოკლედ მიმოიხილავს დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ფუნქციურ დატვირთვას. მეორე ნაწილში ასევე მოკლედ არის გაანალიზებული მედიის როლი დემოკრატიზაციის პროცესში. ნაშრომის მესამე ნაწილი კი, იკვლევს ავტორიტარული რეჟიმების მიერ მედიის დამორჩილების თეორიულ საკითხებს და ამავდროულად, პარალელებს ავლებს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან.

 

მედიის როლი დემოკრატიაში

დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ მექანიზმები, რითაც მათ მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულს გახდიდნენ. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების პრაქტიკაში რეალიზება მოითხოვს მთელ რიგ ინსტიტუციურ ღონისძიებებს, მათ შორის, პერიოდულ თავისუფალ არჩევნებს, ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს და ა.შ. თავისუფალი მედიის არსებობა, აღნიშნული პროცესების ფონზე, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მუდმივად მიიღონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საჯარო საკითხებზე და გამუდმებით ეჭიროთ თვალი პოლიტიკურ მოვლენებზე. ამგვარად, თავისუფალი მედიის არსებობა წარმოადგენს არა საკმარის, თუმცა აუცილებელ ელემენტს დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ეფექტიანი ინკლუზიისთვის.

რა როლი აქვს მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში? ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ფუნქცია, რომელსაც მედია ასრულებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ესენია: სადისკუსიო ფორუმის შექმნა კონფლიქტში მყოფი განსხვავებული იდეებისთვის, საზოგადოებისთვის პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, პოლიტიკოსებისა და მათი საქმიანობის კონტროლი და საჯარო ხელისუფლების განხორციელების მონიტორინგი. მართალია აღნიშნული ფუნქციები ამომწურავი არ არის, თუმცა ისინი ხაზს უსვამს მედიის არსებობის ფუნდამენტურ ღირებულებას, რასაც ცალ-ცალკე, მოკლედ მიმოვიხილავთ.

 

მედია და იდეათა თავისუფალი ბაზარი

თავისუფალ საზოგადოებებში, სადაც დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არსებობს განსხვავებულ აზრთა თავისუფლად მიმოცვლის შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, თავისუფალი საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისგან შედგება, რომლებიც თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. საბოლოოდ კი, სწორედ ასეთი პროცესები ამოძრავებს დემოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მედიაში გადმოცემული ინფორმაცია საზოგადოებას აღაშფოთებს, მას მაინც გააჩნია განსაკუთრებული როლი საჯარო დიალოგისთვის სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, ჭეშმარიტება სწორედ თავისუფალ იდეათა ბაზარზე განსხვავებული პოზიციების შეჯახებისას გამოვლინდება.

 

მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ხმა

დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია მუდმივი კონფლიქტი განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებსა და საზოგადოების წევრებს შორის, რა დროსაც კონკრეტული საკითხის გარშემო ფორმირდებიან უმცირესობები და უმრავლესობები. ასეთ შემთხვევებში მედიას შეუძლია მთელს საზოგადოებას აჩვენოს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ხმა და არ დაუშვას უმრავლესობის დომინირება. ხშირ შემთხვევაში, სწორედ მედიას გამოაქვს სააშკარაოზე ისეთი მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც შესაძლოა უმრავლესობისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდეს. ამდენად, მედიას შეუძლია იყოს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის ხმა და მათი პოზიციების გაჟღერებით გავლენა იქონიოს მთლიან საზოგადოებაზე.

 

მედია, როგორც საზოგადოებრივი ზედამხედველი

მიიჩნევა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია წარმოადგენს მოქალაქეთა თვალებს და ყურებს, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს პოლიტიკოსებს და მათ საქმიანობას. გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში მედიას არ აქვს სათანადო უფლებამოსილება და არ ყოფნის რესურსები ამ ფუნქციის განსახორციელებლად. მედია მოკლებულია შესაძლებლობას, აღმოაჩინოს დამალული ინფორმაცია და გამოიტანოს საზოგადოებრივი დებატების საგნად. მისი საქმიანობა ეყრდნობა ოფიციალურ ინფორმაციას და ამდენად, მისი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებაც.

 

მედია მოდარაჯე (watchdog) ძაღლის როლში

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნაკლებია კორუფციისა და საჯარო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, მაინც აუცილებელია საჯარო საქმიანობაზე ზედამხედველობა. მედიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ შესაძლო კორუფციული შემთხვევების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადაცდომების მონიტორინგი და გამოვლენაა. ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი აქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკას. მაგალითად, მედიის დიდი როლი უნდა დავინახოთ „უოთერგეითის სკანდალში,“ რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციის ფარული საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია გამოიტანა სააშკარაოზე ვიეტნამის ომთან დაკავშირებით.  ცხადია, ასეთ დროს ჟურნალისტების საქმიანობა ხშირად საფრთხის ქვეშ დგება, შესაბამისად უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც ჟურნალისტებს დაიცავს უსაფუძვლო დევნისა და შევიწროვებისგან.

 

მედიის როლი ტრანზიციაში

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ევროპაში მიმდინარე პროცესებს ხშირად დემოკრატიზაციის ტალღის სახელით მოიხსენიებენ. რას ნიშნავს დემოკრატიზაცია, ამაზე განსხვავებული პოზიციები არსებობს დემოკრატიის შემსწავლელ აკადემიურ წრეებში. ამის მიუხედავად, დემოკრატიზაცია შესაძლოა გავიგოთ როგორც კომპლექსური, გრძელვადიანი, დინამიური და დროში შეუზღუდავი პროცესი, რომლის მიზანიც კონსენსუსის გარშემო გაერთიანებული, ჩართულობითი და წესებზე დამყარებული პოლიტიკური პროცესების შექმნაა. ნებსმიერ შემთხვევაში, დემოკრატიზაციის პროცესში ჩართულნი არიან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოები, სადაც არსებობს სახელმწიფოში შემორჩენილი ძველი ინსტიტუტების დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაქმნის საჭიროება. თუმცა, ეს პროცესი a priori  არ გულისხმობს ჰიბრიდული რეჟიმის დემოკრატიაზე ტრანზიციას - შესაძლოა ტრანზიცია წარუმატებელი აღმოჩნდეს და დემოკრატიის უკუსვლით სახელმწიფო კვლავ ავტორიტარულ რეჟიმში დაბრუნდეს.

ჩვენი მიზანია არა დემოკრატიზაციის პროცესის თანმხვედრი მოვლენების დეტალური აღწერა, არამედ ამ პროცესზე ზოგადი წარმოდგენის შექმნის შემდეგ, მედიის როგორც ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის როლის განსაზღვრა დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში.

მედიის როლი ტრანზიციის პროცესში შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ: პრეტრანზიციულ ეტაპზე მედია განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეჟიმის შეცვლის ლეგიტიმიზაციის პროცესში. უშუალოდ ტრანზიციის ეტაპზე მედია საზოგადოებისთვის ქმნის პოლიტიკური დებატების დღის წესრიგს, საზოგადოებას სთავაზობს მიმდინარე მოვლენების ალტერნატიულ ინტერპრეტაციებს და ამგვარად ხელს უწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული ცვლილებების მუხტის გაჩენას. დემოკრატიის კონსტოლიდაციის ეტაპზე კი, მედიის ფუნქცია - საჯარო ხელისუფლება გახადოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე - დემოკრატიზაციის პროცესში განსაკუთრებულ როლს იძენს.

ვინაიდან მედიას შეუძლია საზოგადოებაზე ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა და ხელი შეუწყოს დემოკრატიზაციის პროცესს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ტრანზიციის პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის მომხრე, ისე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მხარდამჭერი ჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ტრანზიციის პროცესში მედია შესაძლოა დემოკრატიზაციის პროცესის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული დემოკრატიის მტრების მიერ.

დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა გულისხმობს საზოგადოების მიერ იმ შეხედულებების, მიდგომებისა და უნარების გაზიარებას, რასაც ემყარება დემოკრატიული ღირებულებები.  ამდენად, დემოკრატიზაციის პროცესში მედიის როლი საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევების ცვლილებზე გავლენის მოხდენასაც გულისხმობს. მედიას შეუძლია არადემოკრატიული საზოგადოებისგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების გადაფასების ხელშეწყობა. ამდენად, მედიას შეუძლია ინსტრუმენტული როლი ითამაშოს რესოციალიზაციასა და მოდერნიზაციაში, საზოგადოებისთვის პოლიტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ახალი გზების ჩვენებითა და ინდივიდუალური თუ ნაციონალური მისწრაფებების წახალისებით.

 

მედია ავტორიტარიზმში

წინა თავებში განვიხილეთ, რა როლი აქვს მედიას დემოკრატიებში და როგორ უწყობს ხელს მისი საქმიანობა ერთი მხრივ ინფორმირებული მოქალაქის, ხოლო მერე მხრივ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლების არსებობას. თუმცა, ხშირად საზოგადოება დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის თავისუფალი მედიის არსებობით განსაზღვრულ სიკეთეებს მემკვიდრეობით მიღებულ გარანტიად აღიქვამს, რომელიც გვერგო წინა თაობებისგან და არსად არ გაქრება. ჩვენ მოგვწონს, როდესაც ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკურ თოქ-შოუს ვუსმენთ, ან თავად ვართ ამ თოქ-შოუს მონაწილენი, ამავდროულად მივიჩნევთ, რომ ეს ყოველივე თავისთავადად არსებული სიკეთეა. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამისგან განსხვავებულ გაკვეთილს გვასწავლის.

2022 წლის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობის 85%-მა განიცადა პრესის თავისუფლების შემცირება საკუთარ ქვეყანაში. ამავდროულად, მედიის თავისუფლების ინდექსი „კარგ“ საფეხურზე მხოლოდ 26 ქვეყანაშია. მსოფლიოში მიმდინარე მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, ცალსახაა, რომ ჩვენს წამოდგენაში თავისთავადად მიღებული თავისუფალი მედია ერთ დღეს შესაძლოა გარდაიქმნას და ავტორიტარების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცეს.

მნიშვნელოვანია, სათანადოდ გავიაზროთ, რომ ევროპის კონტინენტზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ხშირ შემთხვევაში შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ამას კი, შესაძლებელს ხდის ავტორიტარი ლიდერების მიერ ფსევდო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმიკრია. მხედველობაში მაქვს ავტორიტარიზმის ახლი ფორმა, რომელსაც ფარედ ზაქარია უწოდებს ილიბერალურ დემოკრატიებს და მესამე დემოკრატიზაციის ტალღას აფასებს შემდეგი წინადადებით: „დემოკრატია ყვავის, კონსტიტუციური დემორკატია კი - არა.“ ზაქარია ცდილობს გვაჩვენოს განსხვავება ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და დემოკრატიული ინსტიტუციების მქონე, თუმცა არალიბერალურ სახელმწიფოებს შორის. ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს რეგულარული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მქონე პოლიტიკურ სისტემას, რომლისთვისაც ასევე დამახასიათებელია სამართლის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები. ამისგან განსხვავებით, ილიბერალური დემოკრატიები მართალია რეგულარულად ატარებენ არჩევნებს, თუმცა პატივს არ სცემენ ლიბერალურ ტრადიციებს. ილიბერალური დემოკრატიის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ავტორიტარების ძალაუფლების კონსოლიდაციას, კონსტიტუციონალიზაციას ემსახურებიან და ძირს უთხრიან ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს.

მართალია, დემოკრატიულ და დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ რეჟიმებში მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს დემოკრატიის კონსოლიდაციას, თუმცა ავტორიტარი ლიდერების მიერ მედია ასევე შესაძლოა გამოიყენებოდეს რეჟიმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. არაერთ ავტორიტარულ რეჟიმში, მათ შორის, ჩინეთსა და რუსეთში, მედია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში. უნგრეთის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მედია კი, ვიქტორ ორბანს შესაძლებლობას აძლევს მედიის გამოყენებით საზოგადოებას თავს მოახვიოს პრო-სახელისუფლებო ნარატივი, რამაც საბოლოოდ 2022 წლის არჩევნებზე გარდამტეხი გავლენა იქონია და „ფიდესის“ პარტიის ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლაც განაპირობა.

21-ე საუკუნის ავტორიტარულ სახელმწიფოებში მედიის წინაშე არსებული გამოწვევების გააზრება მოითხოვს ილიბერალური დემოკრატიების თამაშის წესების გათვალისწინებასაც. ევროპის კონტინენტზე ავტორიტარების მიერ მედიის გაკონტროლების მცდელობას იშვიათად ახლავს შიშველი ძალადობის პრაქტიკა. ამ შემთხვევაშიც, მედიაზე კონტროლის მოსაპოვებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც გარკვეული თვალსაზრისით ართულებს სწორი დასკვნების გამოტანას. ამდენად, მნიშვნელოვანია ნათლად გამოვკვეთოთ ის პრაქტიკები, რომლებიც ხშირად გამოიყენება მედიაზე კონტროლის მოსაპოვებლად და ამის პარალელურად, საქართველოში მედიის წინაშე არსებული პრობლემებიც მიმოვიხილოთ.

პოლიტიკურ პროცესებში მედიის მნიშვნელოვანი როლის გააზრების შემდგომ, ავტორიტარულმა რეჟიმებმა შეიმუშავეს სტრატეგია, რომლითაც ერთი მხრივ მის დამორჩილებას შეძლებენ, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებაზე მოხდენენ გავლენას. მათი სტრატეგია გულისხმობს არა მედიაზე პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის დაწესებას, არამედ კერძო მედიების წახალისებას, შემდგომში კი მათ დამორჩილებას.

ავტორიტარული რეჟიმების მიერ მედიის დამორჩილება გულისხმობს ისეთი მედია გარემოს შექმნას, სადაც მედია ვერ ახერხებს ავტონომიურობის მოპოვებას და მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას - საზოგადოების ინფორმირებას. სანაცვლოდ, ის ხდება ავტორიტარული რეჟიმის ხელში არსებული ინსტრუმენტი, რომელიც ავტორიტარი ლიდერების სურვილებისა და მიზნების რეალიზებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მედიის დამორჩილება არ არის ერთფეროვანი პროცესი. სხვადასხვა სახელმწიფოებში გამოყენებულ სტრატეგიებს, პოლიტიკური სისტემისა და მედია გარემოს თავისებურებები განასხვავებს. ამის მიუხედავად, ქვემოთ წარმოდგენილი იქნება ის ძირითადი სახასიათო მექანიზმები, რომლებიც თან ახლავს მედიის მოთვინიერებას და ამავდროულად მიმოვიხილავთ თითოეულ პრაქტიკასთან მიმართებით როგორია საქართველოში არსებული მედია გარემო.

 

„მესაკუთრეთა დამორჩილება“

ისტორიულად, ახალი ამბების გაშუქებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მედიის მესაკუთრეებს პოლიტიკოსების თვალში გავლენიან პირებად აქცევდა, რადგან გარკვეულწილად მათზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ პირის საჯაროდ გაშუქების საკითხი. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ სილვიო ბერლუსკონი, რომელიც 1994-2011 წლებში შვიდ მედია კომპანიას ფლობდა, რომელთა გამოყენებითაც მისი პოლიტიკური ამბიციების განხორციელება შეძლო - ოთხი ვადით ხელმძღვანელობდა იტალიის მთავრობას პრემიერ-მინისტრის რანგში. გარდამავალ დემოკრატიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებში, ტელებიზნესში პოპულარობით სარგებლობს კრონი კაპიტალიზმი, რა დროსაც ავტორიტარი ლიდერები ცდილობენ მედიაკომპანიები და ტელემაუწყებლობის ლიცენზიები მათი გულითადი მეგობრების ხელში აღმოჩნდეს, რაც მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის კონტროლს გაამარტივებს. ამის მაგალითია უნგრეთში არსებული მდგომარეობა, სადაც მედია კომპანიებს პრო-სახელისუფლებო ინვესტორები ყიდულობენ, რისთვისაც ხშირად სახელმწიფო სესხებს იყენებენ.

საქართველოში მესაკუთრეთა მოთვინიერების პრაქტიკას მედია მესაკუთრეების გარშემო განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. მხედველობაში მაქვს 2015 წელს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ და მმართველი პარტიის შემომწირველ ქიბარ ხალვაშს  შორის მიმდინარე დავა. ყოფილ და ახალ მესაკუთრეებს შორის სამართლებრივი დავა სამი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდა, საბოლოოდ კი, კომპანიის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გახდა. მედია კომპანიის ახალმა მესაკუთრემ გაათავისუფლა ტელეარხის დირექტორი ნიკა გვარამია და წამყვანი ჟურნალისტების ნაწილი, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ამ მხრივ ასევე საინტერესოა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც. 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. იგი წარსულში ასევე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას ივანიშვილების კუთვნილ ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებში. ახალი გენერალური დირექტორის არჩევა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილშვილის უახლოეს გარემოცვის წევრის რეპუტაციით იყო ცნობილი და კავშირში იყო ივანიშვილის მიერ წამოწყებულ ყველა სატელევიზიო პროექტთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა, რადგან მათი მოსაზრებით, სავარაუდოდ ის  მაუწყებელზე მთავრობისთვის მისაღებ პოლიტიკას გაატარებდა. გასათვალისიწნებელია ასევე 2019 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება, რაც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით შესულმა წევრებმა მოითხოვეს.

აღნიშნული პროცესების შედეგად საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში არსებული ყველაზე რეიტინგული ტელეარხების ექვსეულიდან, ოთხი მათგანი პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა,  დარჩენილი ორი კი, ოპოზიციური ტელეარხია.

 

„ფინანსური დამორჩილება“

ანტიდემოკრატიულ რეჟიმებში ხშირია პრო-სახელისუფლებლო მედიასაშუალებებისთვის ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებისა და ოპოზიციურ მედიებისთვის დაფინანსების წყაროების მოსპობის მცდელობები.  იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მედია ოპერირებს რთულ ფინანსურ გარემოში, ხელისუფლების მხრიდან ფინანზური ზეწოლა მასზე უფრო მწვავედ აისახება, ვიდრე ეს ისტორიულად იყო. მედიის ფინანსური დამორჩილების მექანიზმები გულისხმობს პირდაპირი დაფინანსების გზების შემცირებასა (მაგ. რეკლამა, სახელმწიფო სუბსიდიები, საჯარო შემოწირულობები) და მედიასაშუალებების წინააღდეგ ისეთი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას, რასაც შეუძლია მათი ფინანსური მდგომარეობა გააუარესოს (მაგ. საგადასახადო და ცილისწამების დავები).

ქართულ კონტექსტში ვხვდებით როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ფინანსური დამორჩილების შემთხვევებსაც. მედიის პირდაპირი დაფინანსების წყაროს შემცირებასთან დაკავშირებით საყურადღებოა 2022 წლის პირველ მარტს აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილება, რამაც მკვეთრად შამცირა მაუწყებელთა შემოსავლები. მაგალითად,  კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები 17.5%-ით არის შემცირებული. ფინანსური კრიზისი განსაკუთრებით ოპოზიციურ მედიასაშუალებებზე აისახა, რასაც მათი სახალხო შემოწირულობების რეჟიმზე გადასვლა მოწმობს.

საქართველოში მედიის არაპირდაპირი ფინანსური დამორჩილების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო დროს მმართველი პარტიის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ ე.წ ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავები. სამართლებრივი დავები, რომელთა მიზანიც არის არა რეალურად პატივისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განიხილება როგორც სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეც (SLAPP). SLAPP-ები გულისხმობს ცილისწამების საფუძვლით, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ, საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ (ჟურნალისტები, NGO’s, აქტივისტები) აშკარად უსაფუძვლო სარჩელების აღძვრას, რომლის მიზანსაც მათი გაჩუმება და ფინანსური ბარიერების შექმნა წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ SLAPP-ების საფუძველზე მედიასაშუალებებს არა მხოლოდ ფინანსური ბარიერები ექმნებათ, არამედ მათ გავლენა აქვთ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაზეც. საბოლოო ჯამში, SLAPP-ებს ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა აქვთ „მსუსხავი ეფექტი,“ რაც ძირს უთხრის ჯანსაღი და პლურალისტური სამოქალაქო სივრცის ჩამოყალიბებას, რომელშიც მოქალაქეებს აქტიურად შეუძლიათ სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივების განხორციელება. მართალია, SLAPP-ები არ არის მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფენომენი და მას ხშირად ვხვდებით დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, თუმცა ავტორიტარულ რეჟიმებში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, მათ რეალურად შეუძლიათ ფინანსურად დააზიანონ მედია.

ამ მხრივ საინტერესოა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული 31 ცილისწამების საქმე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიიჩნევა, როგორც SLAPP და მათ უმრავლესობაში მოსარჩელეებს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები წარმოადგენენ. SLAPP სარჩელებით ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ითხოვენ ცილისწამების ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურების არაპროპორციულ ოდენობებს. მაგალითად, 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ SLAPP საქმეზე თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია „TV პირველს“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს ცილისაწმებისთვის მორალური ზიანის ანაზღურების სახით 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოებში SLAPP-ების სამართლებრივი ბედი წარუმატებლად მთავრდება, რის გარანტიასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა განაპირობებს. საქართველოს კონტექსტში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მედიასაშუალებებს და მოწყვლადს ხდის მათ მდგომარეობას SLAPP-ების წინააღმდეგ.

 

მარეგულირებელი ზეწოლა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მედიის თავისუფლების შესახებ კანონები 1989 წლის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ პოლიტიკური აქტორების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ზეწოლის დონე კვლავ მაღალია. სახელმწიფოებში კანონებისა და რეგულაციების წარმატება ძლიერი, დამოუკიდებელი ორგანოების არსებობას მოითხოვს, რომლებიც მზად იქნებიან წესების დასაცავად. ამისგან განსხვავებით, ავტორიტარულ რეჟიმებში მედიის მარეგულირებელი ორგანოები ხშირად არა მედიების დასაცავად, არამედ მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მიზნით ფუნქციონირებენ.

ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა და მის ფუნქციას მედიაპლურალიზმის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების, მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების მიუხედავად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიების მხრიდან საჯარო უფლებამოსილებების განხორციელება ხშირად შეიცავს მაუწყებლობის ავტონომიურ სფეროებში თვითნებური და გაუმართლებელი ჩარევის რისკებს, რამაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ დაიმსახურა მწვავე კრიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2021 წელს მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ იყო.“

გარდა ამისა, აღსანიშნავია 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აქტების დაუწყოვნებლივ აღშრულების წესი დაინერგა. კომისიის აქტების დაუყოვნებლივ აღსრულება მიემართება მაუწყებლებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მასობრივი ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებასთან. ეს ნიშნავს, რომ კომისიის მიერ მაუწყებლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც დაუყოვნებლივ დაექვემდებარება აღსრულებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება არა მხოლოდ კონკრეტულ მედიასაშუალებას, არამედ მასობრივი ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებასაც.  ამდენად, მაუწყებელთა რეგულირების თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ უფრო გააუარესა მედის მდგომარეობა და მმართველს პარტიას მაუწყებლების საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობაზე ახალი ფანჯარა გაუხსნა.

 

თავდასხმები და შევიწროება

ავტორიტარული მთავრობები ხშირად ავიწროებენ და აპატიმრებენ ჟურნალისტებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. ფიზიკური თავდასხმები და შევიწროება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ ჟურნალისტებზე, არამედ ავრცელებს შიშს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებში. შევიწროებისა და თავდასხმის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ იწვევს ჟურნალისტების სურვილზე, განახორციელონ პროფესიული საქმიანობა და მნიშვნელოვან საჯარო საკითხებზე უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება.

ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას,  რის შედეგადაც ათეულობით ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. სახელმწიფოს უმოქმედობაზე ასევე მიანიშნებს 5 ივლისის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არაეფექტიან გამოძიებად ფასდება.

ასევე, კრიტიკულად უნდა შეფასდეს მედია მენეჯერებისა და მესაკუთრეების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა. მხედველობაში მაქვს შპს „მთავარი არხის“ ყოფილი მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ავთანდილ წერეთელის საქმეები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკა გვარამიას საქმე, რაზეც, სააპელაციო განაჩენის შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). ზემოთ დასახელებულ საქმეებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროული რეაგირების არ არსებობა ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების პოლიტიკური წინაპირობა აერთიანებს.

ავტორიტარული რეჟიმების მიერ მედიის დამორჩილების სტრატეგიების თეორიული მიმოხილვისა და საქართველოში არსებული მედია გარემოს ანალიზი ობიექტურ დამკვირვებელის თვალში აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის, განსაკუთრებით კი ოპოზიციური ტელეარხებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები ავტორიტარული რეჟიმების მიერ მედიის დამორჩილების სამოქმედო გეგმის განხორციელებას ემსგავსება.

 

დასკვნა

მედიის დამორჩილების სურვილი ყოველთვის არსებობს როგორც დემოკრატიულ, ასევე არადემოკრატიულ სახელმწიფოებში. ამის მიუხედავად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული ინსტიტუციებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მოქმედებით, პოპულისტი ლიდერები ვერ ახერხებენ მედიის დამორჩილებას. განსხვავებულ სურათს ვხვდებით ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც ინსტიტუტები, რომლებმაც მედიის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყონ, ხშირად მედიის დამორჩილების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სტატიაში განხილული მედიის დამორჩილების ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგია გულისხმობს მედიის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტიტუტის ჩართულობით ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მედია ვეღარ შეძლებს მისი დემოკრატიული როლის განხორციელებას. ყველაფრის გათვალისწინებით, მედიის გარშემო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ერთი-ერთში იმეორებს მედიის დამორჩილების ავტორიტარულ ტრადიციას და მხარს უბამს მსოფლიოში მიმდინარე მზარდი ავტორიტარიზმის ტალღას.

 

შენიშვნა: დოკუმენტი მომზადებულია Gnomon Wise-ის სტუდენტური ანალიტიკური ნაშრომების კონკურსისთვის: „ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები" ფარგლებში. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ინსტიტუტის პოზიციას.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ვასილ ჟიჟიაშვილი