პუბლიკაციები

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაცია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ

შესავალი

2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ უკრაინა ამ აგრესიას შეაკავებდა და მოგვიანებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების განთავისუფლების მიზნით,  კონტრშეტევაზე გადავიდოდა. იმ დროისთვის მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი, გარე დამკვირვებლისთვის, მართლაც არარეალური ჩანდა და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, ეს იყო 2014 წლის გამოცდილება, როცა უკრაინა ვერ გაუმკლავდა რუსეთის შეჭრას ყირიმში და ფაქტობრივად, იგი უბრძოლველად დათმო. გარდა ამისა, იყო ვარაუდი, რომ ქვეყანა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა (წლების განმავლობაში გაწელილი საბრძოლო მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ რეგიონებში, კორუფცია, ოლიგარქიული გავლენები, საზოგადოების კრიტიკული განწყობები ხელისუფლების მიმართ და ა.შ.), ვერ შეძლებდა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებას. თუმცა, ნეგატიური მოლოდინების საწინააღმდეგოდ, უკრაინამ ეს მოახერხა.

ის, თუ რა მიზეზებმა განაპირობა რუსეთის საოკუპაციო გეგმის (რომელიც უკრაინაში, მინიმუმ, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლასა და ძალაუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანას გულისხმობდა) ჩავარდნა, სიღრმისეული ანალიზისა და არაერთი მიმართულებით კვლევის საგანია. თუმცა ცალსახაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობამ. ასეთ კონსოლიდაციას კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებაში უკრაინის ხელისუფლებისადმი ნდობა (NDI-ის კვლევა. 2021 წლის 1 დეკემბერი - 2022 წლის 10 იანვარი) დაბალი იყო, საკუთარი წინაპირობები უნდა ჰქონოდა. ამ კონტექსტში, უპირველესად, აღსანიშნავია, რომ უკრაინა თავდაცვით ომში იმყოფება და სრულიად არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის. ბუნებრივია, მსგავს ვითარებაში ბრძოლის მოტივაცია მაღალია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლიდან  რუსეთი აქტიურ დეზინფორმაციულ თავდასხმებს აწარმოებდა უკრაინის მოსახლეობაზე, რათა მათი დეზორგანიზება, დაბნევა და დაშინება გამოეწვია, მაგრამ, როგორც ომის მსვლელობამ და უკრაინული საზოგადოების ერთიანობამ აჩვენა, მან ამ მიზანსაც ვერ მიაღწია. სხვადასხვა დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთიდან მომდინარე სამხედრო თუ დეზინფორმაციული საფრთხეების შესახებ საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, გამოკითხული უკრაინელების 74% მიიჩნევდა, რომ მათთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა რუსული სამხედრო აგრესია. ასევე, 77%-ს დიდ ან მეტ-ნაკლებ საფრთხედ რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა მიაჩნდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთისადმი ნეგატიური განწყობები მკვეთრად გაიზარდა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ 2022 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 97% მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთს ასახელებდა. ამავდროულად, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, უკრაინელების 87% უპრეცედენტო ოპტიმიზმს გამოხატავდა უკრაინის მომავლის მიმართ, რაც, შეიძლება ითქვას, რუსული პროპაგანდის მიზნების საპირისპირო განწყობას ასახავს.

2014 წელს ყირიმში მიღწეული წარმატების შემდეგ, რუსული პროპაგანდის მანქანას ახალი გამოწვევები დაუდგა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ე.წ. „ნოვორასიას“ აბსოლუტურად ყალბ ფაქტებზე აგებული კონცეპტის გამყარება. ეს ყალბი ისტორიული ნარატივი მოიაზრებდა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების ისტორიულ რუსეთად წარმოჩენას. თუ 2014 წელს, ამ რეგიონებში ჩატარებული მეტ-ნაკლებად სანდო კვლევების თანახმად, „ნოვორასიას“ პროქტს ოდესის, მიკოლაევის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიის, ხარკოვის, დონეცკის და ლუგანსკის 20-25% მაინც უჭერდა მხარს, დროთა განმავლობაში, ეს მხარდაჭერაც გაქრა. მით უმეტეს, რომ 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების წინ, პუტინის მიერ დასახელებული მიზეზები უკრაინის მთავრობის „ფაშისტობისა“ და უკრაინელი ხალხის „გენოციდის“ შესახებ, ასევე ისტორიული მითი, თითქოს „უკრაინა არასდროს ყოფილა ქვეყანა“ და ის „რუსეთმა შექმნა“, არა მხოლოდ უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ, არამედ რუსეთის მოქალაქეებმაც კი არ ირწმუნეს. ამგვარად, პუტინის რუსეთის აგრესიამ არსებული რეალობა და საფრთხე კარგად დაანახა როგორც უკრაინის მოსახლეობას, ისე მთელ ცივილიზებულ სამყაროს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ამ ფაქტორმა საინფორმაციო ველზე უკრაინას თავიდანვე დიდი უპირატესობა მისცა. თუმცა, რუსული პროპაგანდის აქტიური მუშაობის პირობებში, მხოლოდ ეს ვერ იქნებოდა საკმარისი. დღეისთვის, ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, პოლიტიკისა თუ მასობრივი კომუნიკაციების მკვლევრები თანხმდებიან, რომ ამ ომში, რომელსაც „ტიკ-ტოკის ომიც“ კი უწოდეს, უკრაინის სწორი სტრატეგიული კომუნიკაციის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

ამ დოკუმენტის მიზანია, პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ და მისმა ხელისუფლებამ რუსეთიდან წლების განმავლობაში მომდინარე დეზინფორმაციასთან  ბრძოლა, საკუთარ მოსახლეობაში ალტერნატიული, სწორი გზავნილების გავრცელება და რუსული პროპაგანდისტული მანქანის განეიტრალება. ბუნებრივია, ეს საკითხი მეტად კომპლექსურია და შეიძლება, არაერთი კომპონენტისგან შედგებოდეს. ჩვენს ძირითად ფოკუსს უკრაინის ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაცია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებამდე საკუთარი გზავნილების სწორად მიტანის გზები და ამ პროცესში მედიისა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკის შესწავლა წარმოადგენს. ეს ყოველივე კი უნდა განვიხილოთ არა უშუალოდ ომის კონტექსტში, არამედ - მანამდეც. კერძოდ, წლების განმავლობაში, რა ნაბიჯები გადაიდგა იმ ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისთვის, რომელიც, 2014 წლიდან რუსეთის საინფორმაციო და კიბერთავდასხმების მთავარ ექსპერიმენტულ სამიზნეს წარმოადგენდა.

 

უკრაინის ანტიდეზინფორმაციული შესაძლებლობების გაძლიერება, 2014-2022 წლები

ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე (NATO StratCom) დაყრდნობით, მკვლევრები (Ekman and Nilsson, 2023) სტრატეგიულ კომუნიკაციას განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ კომუნიკაციას, რომელიც დაფუძნებულია საჯარო დიპლომატიაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პოლიტიკური თუ სამხედრო პერსპექტივიდან, საინფორმაციო ოპერაციებსა და/ან ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე. უშუალოდ უკრაინის შემთხვევაში კი, რომლის საინფორმაციო უსაფრთხოების ჩარჩოზე მუშაობა, ნატო-ს კონცეფციაზე დაყრდნობით, 2015 წელს დაიწყო, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინაციაზე, ინტეგრაციასა და სინქრონიზაციაზე, რომლის მიზანია, შექმნას და გაავრცელოს საერთო სულისკვეთების გზავნილები, რომლებიც სრულად შეესაბამება ეროვნულ ღირებულებებს და ადაპტირებულია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. ამ კომპლექსურ ცნებას უფრო ცხადად გადმოსცემს უკრაინაში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ბარბორა მარონკოვას, განმარტება, რომელიც მან 2018 წელს Ukrinform-თან ინტერვიუში გამოიყენა: „სტრატეგიული კომუნიკაციები რთულად ჟღერს, მაგრამ მისი არსი მარტივია - ეს არის შეჯერებული, კოორდინირებული გზავნილების გავრცელება და უნარი, ილაპარაკო ერთ ხმაში“.

ინფორმაციულ ველზე უკრაინის გაძლერების, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, ძირითადი ხედვები წარმოდგენილია 2017 წელს პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ დამტკიცებულ უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ერთი საკითხია სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი პუნქტების გაწერა, ხოლო მეორე - მათი შესრულება. ამდენად, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ როგორ მოახერხა უკრაინულმა სახელმწიფომ ზემოთ ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო სტრატეგიების რეალობაში გადატანა. ეს გარემოება უკეთესად აჩვენებს სტრატეგიული კომუნიკაციების არსს და მისი გამოყენების მნიშვნელობას ჩვეულებრივ თუ კრიზისულ პერიოდებში.

სტრატეგიულ კომუნიკაციაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ კომპონენტი, რომელზეც თავად ტერმინიც მიუთითებს - ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც შესაბამისი დაგეგმვა სჭირდება. შეიძლება ითქვას, 2014 წლამდე, განსაკუთრებით პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში, თვალსაჩინო ნაბიჯები მსგავსი მიმართულებით  არ გადადგმულა. Torichnyi et al. კვლევის თანახმად, 2014 წელს უკრაინის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობდა, ხოლო უკრაინის ინფორმაციული უსაფრთხოების 2009 წელს მიღებული დოქტრინა (უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება) მოძველებული იყო და მასში უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოების ალბათობა არ იყო სათანადოდ შეფასებული. ამდენად, არ არსებობდა საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმები და შესაბამისი მზაობა. ამ ყველაფრის ფონზე, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის დროს, რუსეთმა  ჩაატარა მძლავრი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომლის ამოცანები იყო ადგილობრივი მოსახლეობის დემორალიზაცია, ფორმალური და არაფორმალური ლიდერების გამოყენება რუსული ნარატივის გასავრცელებლად, მოვლენების დამახინჯებული მედიახედვა, მოსახლეობის გამოკვება პრორუსული განწყობებით და საერთო „ბედნიერი მომავლის“ ტყუილი დაპირება.

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ კარგად გამოაჩინა უკრაინის სახელმწიფოს სუსტი მხარეები და მათი აღმოფხვრის საჭიროება. 2014 წლის შემდეგ, ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა. ბუნებრივია, პირველ რიგში, ცვლილებები შეეხო არმიას, რომელიც რუსული აგრესიის შესაკავებლად მზად არ აღმოჩნდა. პარალელურად, აღიარეს სტრატეგიული კომუნიკაციების, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ერთ-ერთი კონტრზომის, მნიშვნელობა და ამ მიმართულების გასაუმჯობესებლად თუ თავიდან შესაქმნელად, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა. პირველ რიგში, უკრაინის კანონმდებლობაში გაჩნდა სტრატეგიული კომუნიკაციების ფენომენი, რომელიც გაიწერა უკრაინის ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინაში, შესაბამისი განმარტებით. დოქტრინაში დეტალურად აღიწერა რუსეთიდან მომდინარე სხვადასხვა საფრთხეც: საინფორმაციო ოპერაციები უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შელახვისა და სოციოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით; ოპერაციები მსოფლიოში უკრაინის იმიჯის შელახვის მიზნით; უკრაინაში აგრესორი სახელმწიფოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გაფართოება; აგრესორი სახელმწიფოს ინფორმაციული დომინირება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რადიკალური მოქმედებისკენ მოწოდებების გავრცელება; უკრაინაში რეგიონების თანაარსებობის იზოლაციონისტური და სეპარატისტული კონცეფციების ხელშეწყობა. საფრთხეების ჩამონათვალში, იმ დროისთვის, შევიდა უკრაინის ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემური საკითხებიც, კერძოდ, სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის არაეფექტურობა და უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა.

ზემოაღნიშნულის თანამდევად, დოქტრინაში ჩამოყალიბდა შესაბამისი მექანიზმები რუსული ჰიბრიდული ომისა და სხვა საინფორმაციო საფრთხეების განეიტრალების მიზნით. ამ მექანიზმების ძირითადი მახასიათებლებია: ხელისუფლების შტოებს შორის კოორდინაცია, მასობრივი კომუნიკაციების საშუალებათა მონიტორინგი საფრთხეების გამოსავლენად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა საერთაშორისო მედიაში უკრაინის სწორად წარმოსაჩენად, სამთავრობო და ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი კომუნიკაციის კოორდინაცია, კომუნიკაცია კრიზისული სიტუაციების დროს, ეროვნული სტრატეგიული ნარატივების შემუშავება და შესრულება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კომუნიკაციის დაგეგმვა და გამოყენება, სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობა და მათი პროფილის მიხედვით, სტრატეგიული ნარატივის შემუშავება და ა.შ.

როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეზინფორმაციასთან ბრძოლას - რუსული პროპაგანდის ძირითადი გზავნილების კვლევასა და მათზე პასუხს. 2021 წელს შეიქმნა შესაბამისი სამსახურიც - დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი. იმავე წელს კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც განსაკუთრებით ფოკუსირებულია სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებასთან, კერძოდ, ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, როგორიცაა: StopFake, VoxCheck, „რეგიონული პრესის განვითარების ინსტიტუტი“, „უკრაინის კრიზისული მედიაცენტრი“, „ღია ინფორმაციის პარტნიორობა“, „ინტერნიუსი უკრაინა“, DFRLab, ევროკავშირის წარმომადგენლობა უკრაინაში და ა.შ. ამასთან, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრისგან განსხვავებით, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი მეტ აქცენტს აკეთებს ე.წ. ალტერნატიული ნარატივების ჩამოყალიბებაზე და უკრაინის ისტორიის კვლევა-პოპულარიზაციაზე. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე 2019 წლიდან განთავსებულია შესაბამისი წყაროებით გამყარებული ფაქტები რუსული აგრესიის თაობაზე. ამავე ვებგვერდზე არსებობს ცალკე განყოფილება რუსული ოკუპაციის შესახებ.

თუმცა, წლების განმავლობაში, სანამ ზემოაღნიშნული ინსტიტუტები შეიქმნებოდა,  უკრაინა, დასავლელი პარტნიორების დახმარებით, ცდილობდა საკუთარი სტრატეგიული კომუნიკაციის გამართვასა და ამ გზით რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებას. ამ კუთხით, აღსანიშნავია უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, 2017 წელს ევროკავშირის East StratCom Task Force-მა შექმნა არაფორმალური სამუშაო ჯგუფი უკრაინის მთავრობასთან ერთად, რათა დახმარებოდა მას სტრატეგიული კომუნიკაციების განსაზღვრაში და მხარი დაეჭირა უკრაინული მედიისთვის. ამასთან, უკრაინის წინაშე საკომუნიკაციო სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ევროკავშირის ეგიდით განხორციელდა რამდენიმე პროექტი, როგორებიცაა „EU Mythbusters Twetter Feed“, „Disinformation Review“ და „Center for the exchange of the news in Russian language in Prague“, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები რუსულ ენაზე აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს და ეხმარებიან ერთმანეთს დეზინფორმაციის გამოძიებასა და მათი შედეგების გავრცელებაში. გარდა ამისა, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა  ფოკუსირებულია ევროკავშირის შესახებ სწორი, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის გავრცელებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციასა და მედიის თავისუფლების გაძლიერებაზე.

წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2015 წლიდან, უკრაინა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან. ნატო ეხმარება როგორც სამთავრობო უწყებებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს უკრაინასა და ნატო-ს შორის სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის საგზაო რუკის განხორციელებას. უკრაინა თანამშრომლობს NATO Strategic Communications Centre of Excellence-თან, რომელიც მდებარეობს რიგაში (ლატვია). ნატო-ს თანამშრომლობა უკრაინასთან მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების კულტურის განვითარებას, ეფექტური და გამჭვირვალე სამთავრობო კომუნიკაციების ხელშეწყობას, სამთავრობო ინსტიტუტების სანდოობის ზრდას, განსაკუთრებით - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში. გარდა ამისა, სტრატეგიულ კომუნიკაციებში ნატო-სა და უკრაინის კოლაბორაცია მოიცავს  ტრენინგებსა და სემინარებს, საინფორმაციო ვიზიტებს საზღვარგარეთ და ა.შ. მსგავს საგანმანათლებლო ტრენინგებს, ყოველწლიურად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების ასობით წარმომადგენელი ესწრება. ნატო-უკრაინის თანამშრომლობა ასევე გულისხმობს საკონსულტაციო მხარდაჭერასაც, სტრატეგიული კომუნიკაციების ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით.

ზემოაღნიშნულის გარდა, სხვადასხვა კვლევის თანახმად, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სამოქალაქო სექტორმა და მედიამ. ამ შედეგის მიღწევა, პირველ რიგში, სახელისუფლებო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის ხარჯზე მოხერხდა. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა StopFake (რუსული ყალბი ამბების გადამმოწმებელი ვებგვერდი), The Hybrid Warfare Analytical Group at the Ukraine Crisis Media Center (სწავლობს რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკებს), Detector Media (მონიტორინგს უწევს რუსული დეზინფორმაციის შინაარსს, ყოველწლიურად ჰყავს, დაახლოებით, 4.2 მლნ მკითხველი), Texty.org.ua (მონაცემთა ჟურნალისტიკის უახლესი მეთოდების გამოყენებით ებრძვის რუსულ დეზინფორმაციას) და ა.შ., აქტიურად თანამშრომლობენ უკრაინის ხელისუფლებასთან, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული ორგანიზაციების მრავალწლიანმა გამოცდილებამ, სანდოობამ (როგორც დამოუკიდებელი აქტორები) და დეზინფორმაციასთან ბრძოლის განსხვავებულმა ტაქტიკებმა უკრაინის სტრატეგიულ კომუნიკაციას მეტი დამაჯერებლობა და მოქნილობა შესძინა. ამავდროულად, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთმანეთში თანამშრომლობაც, შეიქმნა საერთო ანტიდეზინფორმაციული ქსელი, რამაც უზრუნველყო სისწრაფე და ეფექტურობა, რაც ასე მნიშვნელოვანია კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება 2014 წლიდან თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს კომუნიკაციების სფეროში. მეტიც, ის ხშირად პასუხობდა ისეთ გამოწვევებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ. European Centre of Excellence for Countering Hybrid Threats ცენტრის წარმომადგენლის, იაკუბ კალენსკის თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების მუშაობამ 2014-2022 წლებში მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, ამან დაარწმუნა მთავრობები უკრაინასა და რეგიონში, გაეზარდათ კვლევები და ძალისხმევა რუსულ ნარატივებთან დასაპირისპირებლად“. ამდენად, არასამთავრობო სექტორის წვლილი იმაში, რომ წლიდან წლამდე უკრაინელი საზოგადოების ცოდნა რუსული პროპაგანდის შესახებ გაიზარდა, საკმაოდ დიდია.

როგორც აღვნიშნეთ, კრემლის ყალბი ნარატივების შესახებ ცოდნის გავრცელების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო მედიის წვლილიც. თუმცა მედიის კონტექსტში უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიციით, კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მხოლოდ ცალკეული მედიასაშუალებების ძალისხმევა არ იყო საკმარისი და კრემლის პროპაგანდის შესაკავებლად, საჭირო იყო უფრო მკვეთრი ზომების მიღება. კერძოდ, 2014 წელს უკრაინაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაიბლოკა; 2016 წელს რამდენიმე რუს ჟურნალისტს უკრაინაში შესვლა აეკრძალა; 2017 წელს დაიბლოკა პოპულარული რუსული ონლაინქსელები, მათ შორის, VK, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი უკრაინაში. გარდა ამ ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართული იყო უშუალოდ რუსული მედიასაშუალებებისკენ, პლატფორმებისა და ჟურნალისტებისკენ, 2021 წლის თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ დახურა სამი უკრაინული ტელეარხი - ZIK, NewsOne და 112, რომლებიც, უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის მეშვეობით, კრემლთან იყო დაკავშირებული. ამ ნაბიჯმა გამოიწვია კრემლის მძაფრი რეაქცია. ევროპელმა ლიდერებმა კი, გააკრიტიკეს პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვის თავისუფლების ხელყოფისთვის. კრიტიკის პასუხად, ზლენსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, ამ არხებმა ბევრი ადამიანი მოკლა... არა პირდაპირ, არამედ ინფორმაციის საშუალებით.“ უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი მართლაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. თუმცა, შეიძლება ითქვას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ მიდგომას მეტი ლეგიტიმაცია მიეცა, რაც ქმედებებშიც გამოიხატა. კერძოდ, ევროკავშირში დაიბლოკა რუსული პროპაგანდის მთავარი რუპორები: RT და Sputnik, რასაც მოჰყვა მათი ბლოკირება ინტერნეტშიც, Google-ის მიერ.

ამრიგად, სხვადასხვა კვლევისა თუ პრაქტიკული გამოცდილების ანალიზის შედეგად, ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციის, ამ შემთხვევაში კი, კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ხანგრძლივი, კოორდინირებული მუშაობა შეუცვლელი ფაქტორია. 2014 წლის შემდეგ, სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი, მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა ყალბი რუსული ნარატივის მინიმიზაცია. უკრაინამ შეძლო, ციფრულ საინფორმაციო ინიციატივებში ჩაერთო არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ არასახელმწიფო აქტორები -  არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები. შედეგად, სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, უკრაინელების უმეტესობა მომზადებული შეხვდა რუსულ მანიპულაციურ გზავნილებს.

 

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაცია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, საინფორმაციო ფრონტზე ბრძოლის კუთხით, კარგად მომზადებული აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა სისტემამ, რომელიც აერთიანებდა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსები და მოახერხა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვების თანახმად, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკომუნიკაციო სამსახურების „ფუტკრების სკა“ მზად იყო საქმეში ჩასართავად. აქვე უნდა ითქვას, რომ 2021 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელშიც გაწერილი იყო კონკრეტული კოორდინირებული ქმედებები, ეფუძნებოდა საფრთხის ოთხი სხვადასხვა სირთულის სცენარს - რუსული საინფორმაციო ოპერაციებიდან სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიამდე. 24 თებერვალს კი აღნიშნული საკომუნიკაციო აქტივობები ყველაზე უარესი სცენარის შესაბამისად დაიწყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, მზაობის მიუხედავად, ბუნებრივია, ასეთი ტიპის კრიზისთვის ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. შესაბამისად, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში ქაოსიც შეინიშნებოდა. ამ ვითარებაში კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ისეთი ამოცანების შესრულებაში, რომელთა გადასაჭრელადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა.

ომის პირველ საათებში, ქაოსურ სიტუაციაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მაშინ, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლების პირველმა პირებმა ქვეყანა სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე დატოვეს, ზელენსკიმ, თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, კიევის ქუჩებში ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ის საზოგადოების წინაშე ხაკისფერი (ე.წ. სამხედრო ფერი) ტანსაცმლით წარსდგა, ნიშნად იმისა, რომ ის ომში მყოფი ქვეყნის  პრეზიდენტია და დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. სხვადასხვა მოსაზრების თანახმად,  პრეზიდენტის ამ გზავნილმა აღადგინა მოქალაქეების რწმენა ხელისუფლების მიმართ. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებაში გაიზარდა მისი, როგორც ლიდერის, ავტორიტეტი.

Ekman-ი და Nilsson-ი (2023) თავიანთ კვლევაში გამოყოფენ სამ მთავარ ფაქტორს, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის სტრატეგიულ კომუნიკაციას ახასიათებდა. ესენია: კოორდინაცია, ძირითადი ნარატივების შექმნა და კომუნიკაციის სტილი. კოორდინაციის მხრივ, უკრაინის სტრატეგიულ კომუნიკაციას გამოარჩევდა „ერთი ხმის“ მიდგომა, სადაც ძირითადი საკომუნიკაციო გზავნილები ერთგვაროვანი იყო. კომუნიკაცია მოდიოდა მთავრობიდან ქვემოთ - ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. ამ პროცესში კი, გზავნილებს ემატებოდა ან აკლდებოდა გარკვეული კომპონენტები, ძლიერდებოდა და საჭიროებისამებრ ერგებოდა სხვადასხვა აუდიტორიას. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ვინმეს დავალდებულება, ბრმად გაემეორებინა მთავრობის გზავნილები, არამედ უფრო ჰგავდა პოლიფონიურ მუსიკას, სადაც წამყვან ხმას სხვა, მრავალფეროვანი ხმები ავსებდნენ. მეორე ასპექტი - ნარატივი, ეფუძნებოდა გზავნილების იმგვარად დამუშავებას, რომ მაქსიმალურად იყო წარმოჩენილი უკრაინის მორალური უპირატესობები რუსეთზე, უკრაინელთა სიმამაცე ბრძოლის ველზე, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ პოზიციონირება, ომში დაღუპულთა რიცხვის გაუსაჯაროებლობა და მხოლოდ რუსულ დანაკარგებზე საუბარი (რომლის სტატისტიკასაც უკრაინული მხარე ყოველდღიურად აქვეყნებს), ასევე, მუდმივი გამეორება იმისა, რომ მოტივირებულ უკრაინელებს რუსები ვერ დაამარცხებენ და უაზროდ იხოცებიან უკრაინის მიწაზე და ა.შ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, უკრაინამ მსოფლიოს წარუდგინა არაერთი ჰეროიკული პერსონა, მაგალითად, უკრაინელი მოხუცი, რომელიც ოკუპანტებს მოწამლული საჭმლით გაუმასპინძლდა, იდუმალი სნაიპერი ქალი - „Charcoal“, კუნძულ ზმეინის მცველები, მფრინავი - „კიევის აჩრდილი“ და ბევრი სხვა, რომლებიც გმირულად ებრძოდნენ Z-ნიშნიან საბრძოლო მანქანებს, ოკუპანტ ჯარისკაცებს - „რუს ორკებს“.

უკრაინული კომუნიკაციის ძირითადი ნარატივები, ბუნებრივია, ეფუძნებოდა რუსული საინფორმაციო ოპერაციების ანალიზს, რომელიც მანამდეც ხორციელდებოდა და 24 თებერვლის შემდეგ, უფრო ინტენსიური გახდა. 2022 წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრმა ინგლისურ და უკრაინულ ენებზე 200-ზე მეტი ანალიტიკური ტექსტი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრმა შექმნა ციფრული პლატფორმა საგანგებო სიტუაციებისთვის, სახელწოდებით - Dovidka Info. პლატფორმა აერთიანებს ინფორმაციას (ვებგვერდი, გზამკვლევები და ჩატბოტები) იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშვიდობიანი მოსახლეობა კრიზისისა და ომის დროს. ეს უკანასკნელი, გარდა საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა, უკრაინის მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გაუჩენდა განცდას, რომ საფრთხის პირისპისპირ მარტო არ არიან.

უკრაინის ხელისფლების კომუნიკაციის მესამე ასპექტი, ზემოაღნიშნული კვლევის (Ekman and Nilsson, 2023) თანახმად, კომუნიკაციის სტილია, რომელიც კარგად გათვლილი და მომზადებულია და იყენებს მრავალ ისეთ ხერხს, რომლებიც აუცილებელია დღევანდელ საინფორმაციო გარემოში სხვადასხვა აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად. ესენია: იუმორი, სარკაზმი, ბულინგი ან თუნდაც, ტროლინგი, რომლებიც შეფუთულია ე.წ. „მიმებში“. გარდა ამისა, ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში არა მხოლოდ რეაქციულ, არამედ პროაქტიულ კომუნიკაციას და ამ გზით „რეალობის“ რუსული ვერსიის გადაფარვას.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, მკვლევრები გამოყოფენ უკრაინის კომუნიკაციაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას, კერძოდ, სოციალურ ქსელებს და მათში ხარისხიანი კონტენტის კრეატიულად გავრცელებას. თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, სადაც უამრავი სახის ინფორმაცია ცირკულირებს, დაბალი ხარისხის კონტენტი სრულიად კონკურენტუუნაროა. ამდენად, უკრაინას დაუდგა გამოწვევა, ეკეთებინა ხარისხიანი კონტენტი და ამ გზით დაეჯაბნა რუსული საკომუნიკაციო წყაროები სოციალურ ქსელებში, რაც, შეიძლება ითქვას, წარმატებით მოახერხა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ე.წ. „ონლაინ ელფების“ ცნობილი, მოხალისეებისგან (მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია) შემდგარი ჯგუფი - The North Atlantic Fella Organization (NAFO), რომელიც დასცინის რუსულ პროპაგანდას და ამაღლებს ცნობიერებას უკრაინაში რუსული დანაშაულების შესახებ. დასავლურ აუდიტორიაზე ორიენტირებული NAFO ქმნის და აწვდის ინგლისურენოვან კონტენტს აშშ-ის, ევროპისა და სხვა ქვეყნების აუდიტორიებს. NAFO წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „კოგნიტური ომის“ მნიშვნელოვან ელემენტს - იყენებს ე.წ. „მიმებს“, ხუმრობებს და სხვა კრეატიულ საშუალებებს. ამდენად, უკრაინისთვის სოციალური მედია იქცა ძირითად ინსტრუმენტად ტექსტური თუ ვიზუალური ინფორმაციის რეალურ დროში გავრცელებისა და მიღებისთვის, რუსული აგრესიის დოკუმენტირებისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

გარდა ამისა, უკრაინელმა დეზინფორმაციის მკვლევრებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი, რათა უფრო სწრაფად ამოეცნოთ რუსული ნარატივები და მათ გასანეიტრალებლად ეფექტური პასუხები შეემუშავებინათ. წლების განმავლობაში, დეზინფორმაციის წყაროების ქცევის ანალიზის გაადვილებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა კონტრდეზინფორმაციის სპეციალისტებს რუსეთის მომავალი კამპანიების პროგნოზირების საშუალება მისცეა. ამ ყველაფერს ემატებოდა (2014 წლისგან განსხვავებით) დასავლური საზოგადოების დიდი მხარდაჭერა უკრაინის სტრატეგიული, პროაქტიული კომუნიკაციის პროცესში, რაც გულისხმობდა როგორც დაზვერვის ღია წყაროების სიმრავლეს, ისე აშშ-სა და ევროპის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერას რუსეთის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციების გამოვლენაში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისთანავე, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა წამოიწყო კამპანია რუსეთის „ციფრული ბლოკადისთვის“, რომელიც მოუწოდებდა დასავლურ ბრენდებს, დაეტოვებინათ რუსეთი, რამაც წარმატებულად იმუშავა. ამასთან, მან შექმნა უკრაინის IT არმია, ციფრული მოძრაობა, რომელიც დაახლოებით 100 ათასი ადამიანისგან შედგება და აერთიანებს საინფორმაციო სფეროს უკრაინელ თუ უცხოელ ექსპერტებსა და ჰაკერებს. მათი მთავარი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ ციფრული ომის მოგება მათ შორის ისეთი საშუალებებით, როგორიცაა კიბერ-შეტევები რუსულ სახელმწიფო მედიაზე და კრემლის მიერ მართულ სხვადასხვა ვებგვერდებზე.

სტრატეგიული კომუნიკაციის კონტექსტში, აღსანიშნავია უკრაინის ხელისუფლების კომუნიკაცია იმ რეგიონებთან, რომელთა რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლება მოხერხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან, უკრაინა და მისი პრეზიდენტი მუშაობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორი, კონტრდეზინფორმაციული გზავნილების მისაწოდებლად. ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლის მშობლიური ენაც რუსულია, თავისი სამსახიობო კარიერის უმეტესი ნაწილი კი რუსეთისა თუ უკრაინის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში გაატარა, ხოლო ყირიმსა და დონბასში ბევრი ადამიანი გაიზარდა მის ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებზე, საკმაო ნდობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობაში. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა პენსიებს გადაუხდიდა რუსული ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ პენსიონერებს, გააადვილებდა მიმოსვლას უკრაინის კონტროლირებად და ოკუპირებულ რეგიონებს შორის, რათა მოსახლეობას შეძლებოდა მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულება. „ხალხმა უნდა დაინახოს, რომ აქ უკეთესია და ნელ-ნელა მათი აზრი შეიცვლება... „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისინი და ვიბრძოლოთ მათთვის“, - აცხადებდა ზელენსკი. გასული წლის შემოდგომიდან, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში წინსვლა დაიწყეს, კიევის მთავრობამ შეიმუშავა გეგმები იქ მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციისთვის. ირინა ვერეშჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პროცესზე პასუხისმგებელ სტრუქტურას, აცხადებს, რომ მთავრობამ დაიწყო საჯარო მოხელეების, მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისგან შემდგარი გუნდის მომზადება, რომელიც, ამ რეგიონების განთავისუფლების შემდეგ, იქ მუშაობას შეძლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის სიტყვათშეთანხმებაც, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებს მოიხსენიებს. კერძოდ, მათ დაამკვიდრეს ტერმინი „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“, რაც მძლავრ მესიჯს უგზავნის როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ისე რუსეთს, რომ აღნიშნული ტერიტორიების განთავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია. აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინამ ამ სიტყვათშეთანხმების დამკვიდრება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც შეძლო და მას ხშირად იყენებენ უკრაინის დასავლელი პარტნიორები.

2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგაც, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები, რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ომის დაწყების შემდეგ, ამ ასპექტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინული ტელევიზიების საერთო საინფორმაციო გამოშვება. ტელემართონი - „ერთიანი ახალი ამბები“ - ავრცელებს უახლეს ინფორმაციას ფრონტის ხაზიდან, რჩევებს მოქალაქეთა უსაფრთხოების შესახებ, ცნობებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი საშუალებას აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, თავისი გზავნილები მოქალაქეებამდე სწრაფად და ეფექტიანად მიიტანოს. ბუნებრივია, არასაომარ პერიოდში მსგავსი ტიპის საინფორმაციო გამოშვება  პლურალიზმისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, საომარ მდგომარეობაში ის ქვეყნის ერთიანობის დემონსტრირებას ახდენს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის არმიის მიერ განთავისუფლებულ რეგიონებში ხელისუფლება, პირველ რიგში, ტელეანძების აღდგენას ცდილობს, რათა მოსახლეობას „ერთიან ახალ ამბებზე“ წვდომა ჰქონდეს. საპირისპიროდ, რუსები ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ყველანაირად ცდილობენ.

მედიასთან კოორდინაციის ასპექტში, აღსანიშნავია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან - გასული წლის 18 აგვისტოს სამინისტრომ გახსნა სამხედრო მედიაცენტრი. აღწერის მიხედვით, პლატფორმა აერთიანებს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მიერ გავრცელებულ სიახლეებს და მისი მიზანია კოორდინირებული კომუნიკაცია მედიის პროაქტიული ჩართულობით. აღნიშნული გულისხმობს უკრაინელ და უცხოელ ჟურნალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

რუსეთთან საინფორმაციო ომში უკრაინის წარმატებაზე საუბრისას, ცალკე უნდა გამოვყოთ ე.წ. „ლიდერის ფაქტორიც“. Ingenhoff & Klein-ის (2018) კვლევის თანახმად, ლიდერის აღქმას საზოგადოებაში ქვეყნის ზოგად იმიჯზე დიდი გავლენა აქვს. ასევე, Peña (2019) მსჯელობს თანამედროვე ლიდერის პიროვნულ თვისებებზე და მათ მნიშვნელობაზე ქვეყნის მართვის პროცესში. ამ კუთხით, აშკარა პარალელები იკვეთება უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ცხადია, ზელენსკის უკან დგას საკუთარი საქმის არაერთი პროფესიონალი და რუსული პროპაგანდის მანქანის პირისპირ ერთი ადამიანი ვერაფერს გახდებოდა. თუმცა საინფორმაციო ველზე მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი მისმა პიროვნულმა თვისებებმა და საჯარო კომუნიკაციის უნარმაც შეიტანა. მას შეუძლია მარტივი, გასაგები ენით საუბარი და ამავდროულად, მძლავრი ემოციური კავშირების გამოყენებით, დამაჯერებელი გზავნილების გაჟღერება. ამასთან, ის ხშირად იმეორებს თავის სტრატეგიულ მესიჯებს, რითაც ზემოქმედებს აუდიტორიაზე. მისი მოწინააღმდეგისგან, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან, განსხვავებით, ზელენსკი ომის დაწყებისთანავე „ხელმისაწვდომი“ იყო (მაგ. ჩართვა კიევის ცენტრიდან ომის დაყწების დილას, შეხვედრები უკრაინელ ჯარისკაცებთან, ვიზიტები ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ რეგიონებში). ასევე, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, ონლაინსივრცეში ზელენსკი იყო ყველგან: იუთუბზე, ტვიტერზე (წერდა არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ ინგლისურ, სლოვაკურ, პოლონურ თუ ქართულ ენებზე, რითაც ხაზს უსვამდა საერთო მტერთან ბრძოლის მნიშვნელობას) და გლობალური მედიასთან ინტერვიუებში. ის სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში, ევროპისა და ბრიტანეთის პარლამენტებში.

 

დასკვნა

ამ დროისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, მკვლევრები თანხმდებიან, რომ საინფორმაციო ველზე უკრაინამ რუსეთს ყველა ბრძოლა მოუგო. ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ის მოცემულობა, რომ უკრაინა სრულიად არაპროვოცირებული აგრესიის მსხვერპლია, მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლე მის მხარესაა. თუმცა უკრაინის სახელმწიფოს დომინირებას საინფორმაციო სივრცეში მხოლოდ ეს მოცემულობა ვერ უზრუნველყოფდა. 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის ხელისუფლება, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემას ავითარებდა. ამ პროცესში კი, მაქსიმალურად კოორდინირებულად, ჩართული იყო ყველა სამთავრობო უწყება, არასამთავრობო სექტორი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ამდენად, რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის პირობებში, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით უკრაინის მიერ წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იყო. ამასთან, განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებულმა მუშაობამ - ე.წ. „ერთი ხმის“ პოლიტიკა. ცალკე აღსანიშნავია სახელმწიფო უწყებების მჭიდრო, გამჭვირვალე და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან, რომლებიც, თავიანთ მხრივ, ასევე კოორდინირებულად, ავლენდნენ და ებრძოდნენ კრემლის დეზინფორმაციას. რუსეთთან საინფორმაციო ომში უპირატესობის მოპოვებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო არა მხოლოდ რეაქციულ რეჟიმში ყოფნა, არამედ პროაქტიული კომუნიკაცია და მტრული სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ნარატივების საკუთარით გადაფარვა. ბუნებრივია, ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარებამაც. გარდა ამისა, უკრაინამ ეფექტიანად გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა  სოციალური მედია თუ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. ეფექტიანი გამოყენება, პირველ რიგში, გულისხმობს სისწრაფესა და ხარისხიანი კონტენტის შექმნას, რამაც უკრაინის სტრატეგიული გზავნილები, უკრაინული თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უფრო ადვილად აღსაქმელი და მიმზიდველი გახადა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა პერსონებმა და საზოგადოებასთან მათმა სწორმა კომუნიკაციამ,  როგორებიც არიან პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, უკრაინის სახელმწიფომ შეძლო საინფორმაციო სივრცის კონტროლი, რამაც ამ საკითხში კარგად დახელოვნებული აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში შესაბამისი წარმატება უზრუნველყო.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე