პუბლიკაციები

პოლონეთის 2023 წლის არჩევნები და ილიბერალური დემოკრატიის შიგნიდან რღვევის შესაძლებლობა

ფოტო: Financial Times

 

შესავალი

2015 წელს, საპარლამენტო არჩევნებში, იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატორულ-პოპულისტური პარტია „სამართლისა და სამართლიანობის“ („PiS”) გამარჯვებით, პოლონეთი დემოკრატიის უკუსვლის აღმავალ ტალღას შეუერთდა. მომდევნო ორ საპარლამენტო ვადაში  კაჩინსკიმ და მისმა პარტიამ სცადეს კონსტიტუციური დემოკრატიის მოშლისა და ილიბერალური პოლიტიკური რეჟიმის კონსოლიდაციის პროგრამის განხორციელება, თუმცა, ძალაუფლებაში ყოფნის რვა წლის თავზე, საარჩევნო მარცხი იწვნიეს.

ბოლო დეკადაში პოლონეთს ხშირად მოიხსენიებდნენ ვიქტორ ორბანის უნგრეთის გვერდით, როგორც ერთი ფენომენის ორ მსგავს გამოვლინებას. უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე და რუსეთთან სიახლოვის საკითხზე ფუნდამენტურ უთანხმოებამდე, ეს ორი რეჟიმი ევროპის კავშირის ინსტიტუტების შიგნით ერთად პოზიციონირებდა და მათი ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ერთმანეთს საკმაოდ წარმატებულად ეხმარებოდა.

მიუხედავად მრავალი მსგავსებისა, აკადემიურ კომენტატორებს, რომლებიც ილიბერალურ რეჟიმებს სწავლობენ, არ გამორჩენიათ ორბანისა და კაჩინსკის რეჟიმებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ აშკარა კონტექსტუალურ განსხვავებებს, არამედ განსხვავებებს თავად ორბანისა და კაჩინსკის რეჟიმის მშენებლობის ტრაექტორიებსა და შედეგებს შორის.

ორბანმა პირველ საპარლამენტო ვადაშივე შეძლო სახელმწიფოს სრულად მიტაცება, ახალი კონსტიტუციის მიღება და ილიბერალური დემოკრატიის ყველა ელემენტის სისტემურად ჩაშენება. შედეგად, ორბანის უნგრეთი კონსოლიდირებული ილიბერალური რეჟიმია, რომლის არჩევნებით დამარცხების შანსები ოპოზიციისთვის სტრუქტურულად არის შემცირებული და რეჟიმისთვის კომფორტულ ზონაში მერყეობს.

უნგრეთისგან განსხვავებით, კაჩინსკის რეჟიმის ტრაექტორია განსხვავებული გამოდგა. სახელმწიფოს მიტაცების პროგრამა სრულად ვერ განხორციელდა. ასევე, ვერ მოხერხდა კონსტიტუციის შეცვლა და ილიბერალური რეჟიმის კონსტიტუციურად განმტკიცება. შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთში ილიბერალური რეჟიმის კონსოლიდაცია ვერ შედგა, რამაც ის მოწყვლადი გახადა საარჩევნო გზით ჩანაცვლების მიმართ.

2023 წლის 15 ოქტომბერს, სეიმის არჩევნებში, PiS-მა ხმათა ფარდობითი უმრავლესობა დააგროვა. თუმცა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, მთავარი ოპოზიციური ძალის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპის კავშირის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, „სამოქალაქო პლატფორმის“ (“PO”) წინამძღოლობით, ჯამურად, მეტ მანდატზე კონტროლის მოპოვება მოახერხა.

პოლონური ოპოზიციის საარჩევნო გარღვევამ იმედი გააჩინა ილიბერალურ, ბელადის დემოკრატიებში, ევროპაში და მის მიღმა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, უნგრეთსა და თურქეთში, იქაური ბელადების - ორბანისა და ერდოღანის - დამაჯერებელი საარჩევნო გამარჯვებებით გამოწვეული იმედგაცრუებების ფონზე.

პოლონეთის არჩევნების შედეგები იმედს მრავალი დათქმითა და შეზღუდვით იძლევა. საბოლოოდ, ის არაფერს ახალს არ ამბობს ილიბერალური დემოკრატიის, იმავე პლებისციტარული ბელადის დემოკრატიის, შესახებ და უმთავრესად, მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც პოლიტიკის მკვლევრებმა ამ პოლიტიკური რეჟიმის შესახებ ისედაც იცოდნენ.

კერძოდ, ილიბერალურ დემოკრატიებში შესაძლებელია მმართველთა მონაცვლეობა არჩევნებით, თუმცა ეს გარანტირებულად არ ნიშნავს თავად რეჟიმის ბუნების ცვლილებას.  ეს უკანასკნელი ქმნის საკმაოდ მყარ და სტაბილურ სტიმულებს ახალი ბელადების გასაჩენად და ბელადების მონაცვლეობის გზით, საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ საარჩევნო გზით ლიდერის ცვლილება მხოლოდ ბელადის ცვლილებად არ დარჩეს, პლებისციტარული ბელადის დემოკრატიებში მთელი რიგი სტრუქტურული და კონტექსტუალური ფაქტორები უნდა არსებობდეს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი თავად ილიბერალური რეჟიმის კონსოლიდაციის ხარისხი და კონსტიტუციური ინსტიტუტებისთვის მიტაცებით მიყენებული ზიანის მასშტაბებია. არჩევნები, მათ შორის, ცვლილებების მომტანი არჩევნებიც, თავისთავად, ბელადის დემოკრატიის გარდაქმნას არ იწვევს. პლებისციტარული ბელადის დემოკრატიებში არჩევნები მხოლოდ რეჟიმის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი და არა აუცილებლად ცენტრალური ინსტრუმენტია.

თუმცა, როგორც პოლონეთის ოპოზიციის გამარჯვებით აღძრული იმედიც აჩვენებს, ილიბერალურ დემოკრატიებში არჩევნებსა და მისი მეშვეობით რეჟიმის ტრანსფორმაციის შესაძლებლობაზე, ხშირად, გადაჭარბებულ ფსონს დებენ. თავად პოლონეთის დემოკრატიის მცოდნეები და ქომაგები კი ფრთხილად აკვირდებიან, გახდება, თუ - არა ოპოზიციის გამარჯვება კონსტიტუციური დემოკრატიის აღდგენის საფუძველი.

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციას  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებებზე კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. ეს საკმარისად ფართო ძალაუფლებაა. თუმცა, როდესაც ილიბერალური რეჟიმის ელემენტები კონსტიტუციურადაა განმტკიცებული ან მიტაცებული, საჯარო ინსტიტუტების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს და რეჟიმის ტრანსფორმაცია შესაძლოა ჩიხში შევიდეს.

ეს საფრთხე განსაკუთრებით მაშინაა ხელშესახები, თუ პოლიტიკური ელიტები, მათ შორის, ძალაუფლებიდან განდევნილი ბელადები, აქტიურ საბოტაჟს უწევენ კონსტიტუციური დემოკრატიის რესტავრაციას. ამის ნიშნები პოლონეთში უკვე გამოჩნდა და სკეპტიკოსების პირველი შიში გამართლდა. კაჩინსკის ერთგულმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კონსტიტუციური ტრადიცია მოიხმო (კონსტიტუციის ბოროტად გამოყენების კლასიკად ქცეულ სტილში) და მთავრობის შექმნა, პირველი ცდით, ისევ მოქმედ პრემიერ მორავიეცკის მიანდო. ამით კაჩინსკიმ მაქსიმალურად გაახანგძლივა ძალაუფლების გადაბარების პროცესი. მორავიეცკისთვის ნდობის გამოუცხადებლობას, სეიმის (პარლამენტის ქვედა პალატა) მიერ პრემიერის კანდიდატად ტუსკის ფორმალურად წარდგენას, მის ნომინირებას პრეზიდენტ დუდას მიერ და სეიმის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

 

სამართლის უზენაესობის პარადოქსები: ლიბერალურიდან ილიბერალურ დემოკრატიამდე და პირიქით

კონსტიტუციური დემოკრატია კონსტიტუციის უზენაესობაზე დგას. კონსტიტუციის უზენაესობის მოშლას ბელადის დემოკრატიის შესაქმნელად ორი ინსტრუმენტი სჭირდება: კონსტიტუციის შეცვლის სახალხო მანდატის მოპოვება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიტაცება. როგორც წესი, ეს მიზნები რეჟიმის დაფუძნების მომენტშივე მიიღწევა. ვიქტორ ორბანმა 2010  წელს კონსტიტუციის მიღებისთვის აუცილებელი საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. 2011 წელს ორბანმა მიიღო ახალი ფუნდამენტური კანონი და 2012 წლისთვის სრულად მიიტაცა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ახალი, ილიბერალური რეჟიმის კონსტიტუციურ დაფუძნებას ნაწილობრივი და უხალისო წინააღმდეგობა გაუწია.

კონსტიტუციის დამფუძნებელი ძალაუფლებითა და საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის მიტაცებული ძალაუფლებით აღჭურვილი ილიბერალური რეჟიმისთვის, კონსტიტუციით თაღლითობა მარტივდება. რეჟიმს შეუძლია იმგვარად შეფუთოს ბელადის პერსონალური ძალაუფლებისადმი მთელი სახელმწიფოსა და საზოგადოების დაქვემდებარება, რომ თავიდან აიცილოს როგორც ღია კონფლიქტი კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ისე კონსტიტუციური გამართლების სრული დეფიციტი, კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებით აღმოფხვრას მისი ფორმალური წინააღმდეგობა პოლიტიკის კონსტიტუციასთან  და მიტაცებული საკონსტიტუციო სასამართლოს „კრეატიული ინტერპრეტაციის“ გზით, სცადოს კონსტიტუციური გამართლების დეფიციტის შევსება.

ორბანის რეჟიმისგან განსხვავებით, კაჩინსკის PiS -მა, ვერც 2015 და ვერც 2019 წლებში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ეს მნიშვნელოვან წინაღობად იქცა სახელმწიფოს მიტაცების პროგრამის განხორციელებისთვის. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა 2016 წელს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებას, საკანონმდებლო ჩარევისა და აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებათა კომბინაციით.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა წინააღმდეგობა გასწია, მაგრამ უხეში ძალის ზეწოლის ქვეშ დაეცა. თუმცა რეჟიმმა ვერ შეძლო ტრიბუნალზე კონტროლის დამყარება „ბინძური კვალის“ დატოვების გარეშე. რეჟიმის მხარდამჭერი რამდენიმე მოქმედი მოსამართლე აშკარა პროცედურული დარღვევებით არის დანიშნული (შედარებისთვის, მსგავსი ჩავარდნა კანონის ბოროტად გამოყენებაში არ ჰქონია არა თუ ისეთ სანიმუშო ილიბერალურ რეჟიმს, როგორიცაა ორბანის უნგრეთი, არამედ, მაგალითად, ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში 2016 წელს, კონსტიტუციის შეცვლის ძალაუფლების მოპოვებამდეც).

რამდენადაც PiS-ს კონსტიტუციის შეცვლის ძალაუფლება არასდროს გააჩნდა, მიტაცებულ საკონსტიტუციო ტრიბუნალს ძირითად ინსტრუმენტად უფრო ხშირად იყენებდა, მათ შორის, წინააღმდეგობრივი საჯარო პოლიტიკის გასატარებლად (აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით). შედარებისთვის, ორბანის რეჟიმმა საკონსტიტუციო სასამართლო ანტიმიგრანტული საჯარო პოლიტიკის გასამართლებლად მხოლოდ მაშინ გამოიყენა, როდესაც კონსტიტუციის შეცვლის ძალაუფლება არ ჰქონდა და სასურველ შედეგს ვერც რეფერენდუმით მიაღწია.

PiS-მა ვერ შეძლო სახელმწიფოს მიტაცებისა და ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციის პროგრამის ვერც შემდეგი არსებითი ნაბიჯის - სასამართლო შტოს სრულად მიტაცების - განხორციელება. რეჟიმმა შეძლო სამოსამართლო საბჭოზე კონტროლის დამყარება და მისი მეშვეობით, სისტემის შიგნით, ერთგული მოსამართლეების დასაყრდენი შექმნა. თუმცა პასუხად, პოლონელმა მოსამართლეებმა შეძლეს თვითორგანიზებაც და რეჟიმისადმი წინააღმდეგობაც, მათ შორის, ევროპის კავშირისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამ წინააღმდეგობამ სასამართლო შტოს შიგნით შექმნა ომის მდგომარეობა რეჟიმსა და  დაუმორჩილებელ მოსამართლეებს შორის. უზენასი სასამართლოს დამორჩილებისა და მეამბოხე მოსამართლეების დისციპლინირების მცდელობებმა წლები წაიღო. უზენაეს სასამართლოში წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, რეჟიმისთვის ახალი პრობლემა დაუმორჩილებელი უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო გახდა. სასამართლოს დამორჩილებისთვის PiS-ის ყოველი მორიგი მცდელობა სამართლის უზენაესობისა და სხვა კონსტიტუციური ღირებულებების აშკარად საწინააღმდეგო საკანონმდებლო ზომებს ეყრდნობოდა. ეს დარღვევები კი ევროპული ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლო ორგანოების, გადაწყვეტილებებითა და მოსაზრებებით დასტურდებოდა.

სასამართლო შტოს სრულად მიტაცებაში PiS -ის მარცხმა ხელი შეუშალა ილიბერალური რეჟიმის კონსოლიდაციას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ PiS-მა და კაჩინსკიმ, ორბანისგან განსხვავებით, ვერ შეძლეს ვერც პარლამენტის ზედა პალატაზე (სენატი) განგრძობადი კონტროლის მოპოვება და ვერც ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების დამორჩილება, როგორიცაა ომბუდსმენი.

მეტიც, PiS-მა ვერ მოახერხა საზოგადოებრივი ძალაუფლების სტრუქტურებში ისეთივე ღრმა შეღწევა და მიტაცება, როგორც ორბანმა უნგრეთში. PiS-მა გააჩინა ერთგული ოლიგარქები, თუმცა ვერ შეძლო ორბანის მსგავსად ეკონომიკის სრული კარტელიზაცია და ერთგულ ოლიგარქებზე გადაცემა. საზოგადოებრივ მედიაზე სამთავრობო კონტროლის მიუხედავად, PiS-მა ვერ მოახერხა კერძო მედიის სრული მონოპოლიზაცია საკუთარი კრონების ხელში და ამით მედიაპლურალიზმის სრულად მოსპობა, როგორც ეს ორბანს გამოუვიდა. 

ამავე დროს, სასამართლოს ნაწილობრივმა მიტაცებამ და სამართლის უზენაესობის ღია დარღვევებმა სრული კონსტიტუციური და სამართლებრივი ქაოსი დატოვა. ამ კონსტიტუციური ნანგრევებიდან თავის დაღწევა ლიბერალური დემოკრატიის აღდგენის აუცილებელი პირობაა. სწორედ აქ ჩნდება კონსტიტუციურ დემოკრატიაზე დაბრუნების ცენტრალური პარადოქსები.

კერძოდ, დაისმის კითხვა: როგორ უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიტაცებული ინსტიტუტები? აქ განსაკუთრებული სირთულეები სასამართლო ინსტიტუტებთან მიმართებით წარმოიშობა, რამდენადაც მათ მიმართ დამოუკიდებლობისა და თანამდებობრივი ხელშეუხებლობის სპეციალური კონსტიტუციური გარანტიები მოქმედებს. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, პროცედურული დარღვევებით დანიშნულ მოსამართლეთა მიმართ, აღდგენითი ზომები შედარებით ნაკლებად პრობლემური შეიძლება იყოს. თუმცა PiS-ის კონტროლი ტრიბუნალზე ეყრდნობა ასევე სათანადო კონსტიტუციური პროცედურით დანიშნულ მოსამართლეებსაც, მათ შორისაა სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეც.

როგორ უნდა დაბრუნდეს ტრიბუნალი კონსტიტუციის ჩარჩოებში? პროცედურები, როგორიცაა მოსამართლეების თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება, კონსტიტუციას შეეწინააღმდეგება, თუ კონსტიტუციის ცვლილებებით არ იქნება გათვალისწინებული. ახალ მთავრობას კი, ისევე, როგორც PiS-ს, კონსტიტუციის შეცვლის ძალაუფლება არ აქვს. პარადოქსია, რომ ის, რამაც PiS-ს რეჟიმის კონსოლიდაციის შესაძლებლობა არ მისცა და საბოლოოდ, ძალაუფლება დააკარგვინა, ახლა მისი მემკვიდრეობის დაძლევის მთავარ წინაღობად შეიძლება იქცეს.

ამ წინაღობის დაძლევის გზის ძიებას კიდევ ერთ პარადოქსამდე მივყავართ: ილიბერალური და ავტორიტარული რეჟიმების მემკვიდრეობის გადალახვა, კონსტიტუციურ დემოკრატიაზე დაბრუნება ან მისი დაფუძნება (როცა სათანადო ისტორია და ტრადიცია არ არსებობს), თავად კონსტიტუციური დემოკრატიის მთავარი პრინციპების დარღვევის გარეშე, ხშირად შეუძლებელია. ილიბერალური ბელადების მიერ კონსტიტუციითა და სამართლის უზენაესობით ჩადენილი თაღლითობა და ბოროტად გამოყენება ტოვებს ნაგავს, რომლის გატანაც ხელის დაუსვრელად შეუძლებელია.

 

ლიბერალური დემოკრატიის შიგნიდან რღვევიდან ილიბერალური დემოკრატიის შიგნიდან რღვევამდე

ილიბერალური, ბელადის დემოკრატიების შექმნის ნაცადი გზაა ლიბერალური დემოკრატიის შიგნიდან რღვევა. ორბანის რეჟიმის ინტელექტუალურ მხარდამჭერებში პოპულარულია მეოცე საუკუნის ნაცისტი კონსტიტუციური თეორეტიკოსი კარლ შმიტი, რომელმაც ჩამოაყალიბა ლიბერალური დემოკრატიის შიგნიდან რღვევადობის თეზისი. როგორც შმიტი ხატოვნად შენიშნავდა, კანონიერებისა და კონსტიტუციურობის კარში შესული ბელადი, რომელმაც მიიღო კონსტიტუციის შეცვლისა და კანონმდებლის სახალხო მანდატი, ისე გაიხურავს კანონიერებისა და კონსტიტუციურობის კარს, რომ მასში სხვა ვეღარავინ შევიდეს.

ამ შმიტისეულ მეტაფორას თუ გამოვიყენებთ, ორბანმა კარი გაიხურა და ჯერჯერობით საგულდაგულოდ იცავს, რომ მასში სხვა არავინ შევიდეს. კაჩინსკიმ კარი მიჭედებული ფიცრებით ამოკეტა, თუმცა დარჩა გასაძრომი, რომლითაც მისმა პოლიტიკურმა მტრებმა ისარგებლეს.

თუ კაჩინსკის გამარჯვებულ მოწინააღმდეგეებს კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალების ერთგულად დარჩენა სურთ, უნდა აღადგინონ კონსტიტუციურობისა და კანონიერების კარი, რომელიც რესტავრაციას მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება, თუ მას აჭედებულ ფიცრებთან ერთად ჩამოხსნიან და ახალს დაკიდებენ. 

სამწუხაროდ, კონსტიტუციური დემოკრატიის შიგნიდან მოშლის თუნდაც სანახევროდ წარმატებული პროექტი, მისი სუფთა ხელებით გამოსწორების შესაძლებლობებს ამცირებს. ბელადის დემოკრატიის შიგნიდან გარდაქმნის გზა სახიფათო ცდუნებებითაა სავსე.

ილიბერალური რეჟიმებისთვის კონსტიტუციით თაღლითობა რუტინაა, რომელიც კონსტიტუციის ხელყოფას მისივე დაცვის ან მასზე აღმატებული იდეალებით (ერი, ოჯახი, ტრადიცია, ქრისტიანობა) ამართლებს. კონსტიტუციონალიზმის რესტავრაციისას, კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევა მისივე სულისკვეთების დასაცავად, ზოგჯერ აუცილებელი გზაა. კონსტიტუციით თაღლითობის მძიმე მემკვიდრეობა მაქსიმალურად ხელს უშლის ამ გზით სწორად და მარცხის გარეშე სიარულს.

ძალაუფლებასთან კონსტიტუციურად მისასვლელ გზაზე კარის აჭედვა ბევრად იოლია, ვიდრე აჭედილი კარის გახსნა და რესტავრაცია. ტუსკისა და მისი პარტნიორების დაპირება, აღადგინონ კონსტიტუციური დემოკრატიის მოშლილი სტრუქტურა, იმაზე რთულად განსახორციელებელი პროექტია, ვიდრე ეს გამარჯვების ეიფორიაში შეიძლება მოჩანდეს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი