პუბლიკაციები

საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი მიილია

საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პერიოდი დასრულდა. 2022 წელს ეკონომიკის 10.4%-იანი გაფართოების შემდეგ, 2023 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიურმა ზრდამ 7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გაფართოების ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წლის ბოლო ორ კვარტალში.

2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტრენდი ამავე პერიოდში რუსეთიდან მიღებული გზავნილების დინამიკას იზიარებდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკაში გზავნილების სახით მიღებული ფინანსური კაპიტალის როლი გამოკვეთილად გაზრდილია. ფულადი გზავნილები  ადგილობრივი ეკონომიკის უცხოური დაფინანსების წყაროს წარმოადგენს და ახალისებს მოხმარებას, რომლის შედეგი გაუმჯობესებული ეკონომიკური ზრდის ტემპია.

გრაფიკი 1: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სწორედ რუსეთიდან გზავნილების მკვეთრი მატება აღმოჩნდა 2022 წლის ორნიშნა ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ხოლო ამ უკანასკნელის შემცირება კი - გასული წლის ეკონომიკური ზრდის შენელების ყველაზე ხილული მიზეზი.

საქართველოში წმინდა გზავნილების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი - ამ პერიოდში რუსეთიდან მასშტაბურ მიგრაციას. თავის მხრივ, სხვა ქვეყნიდან დამატებითი ადამიანური კაპიტალის მიღებას დადებითი გავლენა აქვს ეკონომიკურ განვითარებაზე როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.

გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე მიგრაციის დადებითი ეფექტი შრომის ბაზრის გაუმჯობესებას უკავშირდება. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის დატოვება შედარებით შეძლებულმა და კვალიფიციურმა ადამიანებმა მოახერხეს, რომელთა ნაწილი საქართველოში შემოვიდა. შესაბამისად, მეტი კვალიფიციური მუშახელი - მეტ წარმოებას, ხოლო მეტი შემოსავლიანი მოსახლე  მეტ მოხმარებას ნიშნავს. კვალიფიციური და სხვადასხვა უნარ-ჩვევის მქონე მიგრანტები მასპინძელი ქვეყნის ადამიანური კაპიტალისთვის დამატებითი სარგებელი და ტექნოლოგიური პროგრესის ხელშემწყობი არიან.

გრაფიკი 2: რუსეთიდან წმინდა გზავნილების მშპ-სთან ფარდობა (%)

წყარო: ეროვნული ბანკი; სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

რაც შეეხება მიგრაციის მოკლევადიან ეფექტს, ის, წმინდა ფულადი გზავნილების არხით, 2022 წლის ეკონომიკურ ზრდაში უკვე გამოვლინდა. ამ პერიოდში ეკონომიკა 10.4%-ით გაფართოვდა, ხოლო რუსეთიდან მიღებული წმინდა გზავნილების ოდენობა წინა წლის მაჩვენებელს 6.3-ჯერ აღემატებოდა. 2022 წელს რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების სახით მიღებულმა ფულადმა რესურსმა  2 026.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა მომდევნო წელს ფინანსური ნაკადების დინამიკა შენელდა.  2023 წელს რუსეთიდან წმინდა გადმორიცხვების მოცულობა 1 482.8 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 26.8%-ით ჩამორჩება. გზავნილების კლების ტენდენცია წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთა. მაგალითად, გასული წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 668.9 მლნ აშშ დოლარის მოცულობის წმინდა გადმორიცხვა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო კვარტალში -  194 მლნ აშშ დოლარის.

ამდენად, გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, დიდწილად, რუსეთიდან წმინდა გადმორიცხვების კლებით აიხსნება. თავად გადმორიცხვების შემცირება კი ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება:  პირველია რუსეთიდან მიგრანტების გადინება და მეორე - რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთიდან მიგრაცია 56.4 ათას პირს აღწევდა.  თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ბოლოს, საქართველოში უკვე 31 ათასით ნაკლები რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდა, ვიდრე წლის დასაწყისში. რუსეთის მოქალაქეების გასვლის დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა წლის მეორე ნახევარში. საბოლოოდ, ომის შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეების, მინიმუმ, ნახევარი საქართველოდან გავიდა. მიმდინარე პერიოდში, ომის შემდეგ შემოსული მიგრანტებიდან, დაახლოებით 25 ათასი ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება.

მეორე მხრივ, იმ დარჩენილი მიგრანტების მდგომარეობა გაუარესდა, რომელთა შემოსავალი რუსულ რუბლს უკავშირდებოდა. 2023 წლის დასაწყისთან შედარებით, წლის ბოლოს რუსეთის ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით - დაახლოებით 30%-ით, ხოლო ქართულ ლართან მიმართებით, 28%-ით გაუფასურდა.

საბოლოოდ, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების ნაწილის გადინება და რუსული რუბლის გაუფასურება, ყველაზე თვალსაჩინოდ, რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით მიღებულ შემოსავლებში აისახა. შედეგად, გასული წლის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტრაექტორია ისტორიული ტემპისკენ გადაიხარა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია