აზარტული თამაშობების რეკლამირების აკრძალვის რეალური მოტივები და შედეგები
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან, პერიოდულად აქტიურდებოდა ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა. 2021 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული პირებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვას და სხვა თანმდევ შეზღუდვებს, მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასაც. აღნიშნული რეგულაციები ძალაში 2022 წლის მარტიდან შევიდა. ამ პერიოდიდან აიკრძალა აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორისა და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება.
მთავრობის იმდროინდელი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით (რომელიც ამ ინიციატივის ავტორია), „ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1.5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში“. იმავეს იმეორებდა უშუალოდ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათიც. ეს და სხვა არაერთი განცხადება, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხვილვას თან ახლდა, ცხადყოფს, რომ მთავრობის დეკლარირებულ მიზანს აზარტულ თამაშებზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენდა. თუმცა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას განიხილავდნენ, როგორც მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას - „ამ კანონის მიღებას, ალბათ, იმიტომ აპირებენ, რომ კრიტიკულ მედიებში ნაკლები ფული შევიდეს - თორემ სამთავრობო მედიებისთვის და კომპენსირებისთვის იპოვიან საშუალებას“, - ამბობდა „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე.
ხსენებული კანონის ამოქმედებიდან სამი წელი გავიდა. ამდენად, უპრიანი იქნება კანონის გავლენის შეფასება სარეკლამო ბაზარსა და აზარტული თამაშების სექტორზე. აღნიშნულ პერიოდში ეს შესაძლებელია ორივე სექტორის ფინანსური მაჩვენებლების დინამიკაზე დაკვირვებით.
ახალი რეგულაციები მყისიერად აისახა სარეკლამო ბაზარზე. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხო ტრადიციულ მედიას, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სარეკლამო ინდუსტრიაში. განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ტელერადიომაუწყებლებს აზარტული თამაშების რეკლამირება სრულად აეკრძალათ. ამან მაუწყებლების შემოსავლები შეამცირა, რადგან აზარტული თამაშობების მომწყობი კომპანიებიდან სარეკლამო შემოსავლები მათი ფინანსური რესურსების ერთ-ერთი თვალსაჩინო წყარო იყო.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშების თანახმად, სწორედ ამ რეგულაციას უკავშირდებოდა მაუწყებლების შემოსავლების კლება 2022 წლის განმავლობაში. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონ ლარს მიაღწია, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლები იყო. 2022 წლის მესამე კვარტალში კი შემოსავალმა, ჯამში, 16.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით, 1.7 მილიონი ლარით ანუ 9.3%-ით ნაკლებია. რაც შეეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალს (ოქტომბერი-დეკემბერი), სარეკლამო შემოსავალი 26.9 მლნ ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო და რადიომაუწყებლებში, ჯამურად, 1.9 მლნ ლარით ანუ 6.7%-ით ნაკლები შევიდა.
გრაფიკი 1: სატელევიზიო კომერციული რეკლამა, მლნ ლარი
წყარო: კომუნიკაციების კომისია
წლიურ ჭრილში, 2022 წელს მხოლოდ სატელევიზიო ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 7.5%-ით შემცირდა და 73.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის ჯამური სარეკლამო შემოსავალი - 87.4 მლნ ლარი, რაც 2022 წელის მაჩვენებელთან შედარებით, 18.6%-ით მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა, ასეთი რეკლამა ბაზრიდან არ გამქრალა. ამ თამაშობების მომწყობი კომპანიების ფინანსური მდგომარეობა კი არსებითად არ შეცვლილა. აკრძალვის მიზანი მიღწეულად ჩაითვლებოდა, თუ შედეგად სათამაშო ბიზნესის შემოსავლები და მოგება შემცირდებოდა.
2021 წელს მსხვილი კომპანიების შემოსავალი, ჯამში, 1 355.3 მლნ ლარი იყო, რაც 2022 წელს 1 442.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2023 წელს მსხვილი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 385.5 მლნ ლარი შეადგინა.
გრაფიკი 2: აზარტული თამაშობების მსხვილი ორგანიზატორების ჯამური მოგება და მარჟაა
წყარო: SARAS
2023 წელს აზარტული თამაშობების მომწყობი შვიდი ძირითადი კომპანიის ჯამურმა მოგებამ 411.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელს 453.9 ლარი იყო. თუმცა აზარტული თამაშობების სექტორი კვლავ რჩება ყველაზე მაღალი მომგებიანობით გამორჩეულ ერთ-ერთ ინდუსტრიად, სადაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოგების მარჟა საშუალოდ 34.3%-ია, რაც გლობალურად უმსხვილესი კომპანიების საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. პოსტპანდემიურ პერიოდში, ზოგადად, ონლაინ აზარტული თამაშობების ინდუსტრიის შემოსავლები და მომგებიანობის დონე შემცირდა. ასეა საქართველოშიც. თუკი 2020 წელს ონლაინ ტოტალიზატორებისა და კაზინოების მოგების მარჟა 36.4% იყო, ეს მაჩვენებელი 2023 წელს 29.7%-ს შეადგენდა.
როგორც აღვნიშნეთ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის მომწყობი კომპანიების შემოსავლები და მოგება არსებითად არ შეცვლილა. ასეთივე სურათია ხარჯების კუთხითაც. კერძოდ, რეკლამის აკრძალვის შემდეგ, აზარტული თამაშობების მომწყობი კომპანიების მარკეტინგული ხარჯები არსებითად არ შეცვლილა. მართალია, კანონით რეკლამა აიკრძალა, მაგრამ აზარტული თამაშობების მომწყობი კომპანიების რეკლამები არ გამქრალა, რადგან ასეთი ხარჯები აკრძალვამდე პერიოდს მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება.
გრაფიკი 3: აზარტული თამაშობების მსხვილი ორგანიზატორების მარკეტინგული ხარჯები, მლნ ლარიბ
წყარო: SARAS
2023 წელს მსხვილი ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომწყობი კომპანიის მარკეტინგული ხარჯები, ჯამში, 119.1 მლნ ლარი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს - 12.6%-ით, მაგრამ 2021 წლის ხარჯებს 9.6%-ით აღემატება. ამ წელს ბაზარზე არსებული ექვსი მსხვილი ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომწყობი კომპანიის მარკეტინგული ხარჯების ჯამური მოცულობა 131.7 მლნ ლარი იყო.
გრაფიკი 4: აჭარაბეთის მარკეტინგული ხარჯები და წილი საოპერაციო ხარჯებშიგ
წყარო: SARAS
თუმცა, ცალკეული კომპანიების შემთხვევაში, რეკლამის აკრძალვის შემდეგ, მარკეტინგული ხარჯები გაიზარდა. ასეთებს შორის არის ქართულ ბაზარზე ყველაზე ხანგრძლივი ისტორიისა და ასევე, ყველაზე მეტი მარკეტინგული ხარჯების მქონე „აჭარაბეთი“ (შპს ავიატორი). ბოლო ხუთწლიან პერიოდში, კომპანიის მარკეტინგული ხარჯები, ჯამში, 189.3 მლნ ლარი იყო. გასულ წელს „აჭარაბეთის“ ასეთმა ხარჯებმა 55.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც საოპერაციო ხარჯების 42.4%-ია. 2021 წელს, რეკლამის აკრძალვამდე, კომპანიის მარკეტინგული ხარჯი 34.2 მლნ ლარი იყო, რაც ამავე პერიოდის საოპერაციო ხარჯების 39%-ს შეადგენდა.
ამრიგად, 2022 წლიდან, აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის მიუხედავად, ასეთი თამაშობების მომწყობი კომპანიების სარეკლამო ხარჯები არსებითად არ შემცირებულა. ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, გაიზარდა კიდეც. აღნიშნული მიუთითებს, რომ კანონით რეკლამის აკრძალვამ სარეკლამო ბაზარზე სათამაშო ბიზნესის რეკლამა არ გააქრო, მაგრამ სტრუქტურა და არხები შეიცვალა. თუ რეგულაციების ამოქმედებამდე ასეთი თამაშობების რეკლამის არხი იყო ორივე - ტრადიციული და ახალი მედია, ახლა მხოლოდ ახალი მედია დარჩა - სოციალური ქსელები (Facebook, Youtube და სხვა). აზარტული თამაშობების მომწყობი კომპანიების ტრადიციული საშუალებებით რეკლამის ხარჯებმა ინტერნეტსივრცეში იპოვა ადგილი.
გრაფიკი 5: პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ინფორმაციის მისაღებად, ასაკობრივი ჯგუფი
წყარო: CRRC
აზარტული თამაშობების სარეკლამო არხების ცვლილება კი არის საპირისპირო შედეგი, რომელიც ტრადიციულ მედიაში ასეთი რეკლამის აკრძალვის გაცხადებულ მიზანს მოჰყვა. მაგალითად, კანონის პროექტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ „სათამაშო ბიზნესის სფეროში ადგილი აქვს ისეთ მასშტაბურ რეკლამირებას, რომლის მიზანს წარმოადგენს სულ უფრო მეტი ადამიანი ჩართოს აზარტულ თამაშებში. აღნიშნული სიტუაციით განსაკუთრებით ზიანდება მოზარდი და ახალგაზრდა თაობა“. განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ასეთი თამაშობების რეკლამირების ერთადერთ მასობრივ არხად ინტერნეტსივრცე დარჩა, რომლითაც უფრო მეტად სწორედ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობა სარგებლობს.
***
აზარტული თამაშობების გარკვეული შეზღუდვებისა და მისი რეკლამის აკრძალვის ამოქმედებიდან თითქმის სამი წლის თავზე, აზარტული თამაშობების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მოგება და მომგებიანობა მაღალ ნიშნულებზე რჩება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა არსებითად არ შემცირებულა, ან, შემცირების მიუხედავად, არსებული მომხმარებლები უფრო მეტს თამაშობენ. ამასთან, კომპანიები თითქმის იმავე დოზით გასწევენ მარკეტინგულ ხარჯებს, როგორითაც რეკლამის აკრძალვამდე. უფრო სწორად, მიღებული ცვლილების შემდეგ, აზარტული თამაშობების რეკლამა არ გამქრალა, ხოლო ამისთვის გაწეული ხარჯები, ტრადიციული მედიის ნაცვლად, ახალ მედიის შემოსავლად იქცა.
საბოლოოდ, კანონის ამოქმედების შემდეგ მიღებული შედეგები ამყარებს კანონის მიღების პერიოდში არსებულ მოსაზრებას, რომ, ერთი მხრივ, იმ დროის პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება იყო პოპულისტური და მეორე მხრივ, ოპოზიცურად განწყობილი მედიის შემოსავლების შემცირების მოტივით ნაკარნახევი.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.