პუბლიკაციები

რეჟიმის ციფრული თვალები - საპროტესტო აქციის მონაწილეთა მონიტორინგი რეალურ დროში

ილუსტრაცია: GEOpolitics

სტატიის სათაურის პირველი ნაწილი არ წარმოადგენს ავტორის ორიგინალურ იდეას, ისევე, როგორც საქართველოში მიმდინარე ტოტალური კონტროლის განხორციელების ის გზები, რომლებზეც სტატიაში იქნება საუბარი, არ არის „ქართული ოცნების“ მიერ გამოგონილი პრაქტიკა.

მსგავსად არის დასათაურებული 2025 წლის 27 მარტს გამოქვეყნებული სტატია ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ - „ლუკაშენკოს ციფრული თვალები“, რომელიც კარგად წარმოაჩენს წლების განმავლობაში ბელარუსში ნაშენებ სისტემას. „მონსტრს“, რომელიც ერთ დროს შეიქმნა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით და დღეს მათზე სრული და განუზომელი კონტროლისთვის გამოიყენება.

ბელარუსში ათიათასობით კამერა დაკავშირებულია სპეციალურ სისტემასთან, რომელიც, თავის მხრივ, ინტეგრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებთან და იძლევა  სამიზნე ობიექტის პირდაპირ რეჟიმში მაღალი სიზუსტით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ეს კი აადვილებს აქტივიზმში შემჩნეული პირების კონტროლს როგორც ბელარუსში, ისე რუსეთში. კერძოდ, ეს პირები ე.წ. „შავ სიებში“ არიან შეყვანილი და საჯარო სივრცეებში გამოჩენისას, ჭკვიანი კამერების (რომლებიც ყველგანაა) ობიექტივში მოხვედრის შემთხვევაში, მარტივად ხდება მათი ამოცნობა.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში გავრცელებული პრაქტიკაა „საფრთხის შემცველ დღეებში“ (ასეთად რუსეთში მიიჩნევა ეროვნული მნიშვნელობის დღეები ან სხვა თარიღები, როცა მოსალოდნელია პროტესტი), სახის ამომცნობი სისტემის დახმარებით, პოტენციურ დემონსტრანტთა პრევენციული დაკავება.

კერძოდ, მეტროთი სარგებლობისას (გადახდის მეთოდი ითვალისწინებს სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებას), სპეციალური კამერებით მიმდინარეობს მგზავრების ფოტოგადაღება,  ალგორითმი ამოწმებს პირს მონაცემთა ბაზაში და ადარებს „შავ სიებს“. სურათების დაწყვილების შემთხვევაში, სისტემა იძლევა სიგნალს და იწყება პირის პრევენციული დაკავებისა თუ შეჩერების პროცედურა. ასეთ დროს რამდენიმე წამში ჩნდება პოლიცია, აკავებს პირს და მას  მაქსიმალურად ავიწროებს, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს, ემუქრება და აქციებში მონაწილეობისგან თავშეკავების შესახებ ხელწერილის დაწერას აიძულებს.

რუსეთში აქციის მონაწილეთა მიმართ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით (გლუხინი რუსეთის წინააღმდეგ), ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და ეს პრაქტიკა მიიჩნია როგორც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად, ისე შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობაზე მსუსხავი ეფექტის მატარებლად.

ამ საქმეზე მოსარჩელე გლუხინი დავობდა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა უკანონოდ დაამუშავეს მისი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია - როგორც ბიომეტრიული მონაცემები, ისე მონაცემები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. კერძოდ, სოლო დემონსტრაციის შესახებ ტელეგრამზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალაზე დაყრდნობით, სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებით, მოხდა მისი იდენტიფიცირება და საცხოვრებლის დადგენა. შემდგომში კი, დაკავების მიზნით, სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით, ის რეალურ დროში მოძებნეს, რაც, საბოლოოდ, მართლაც დამთავრდა მისი ადმინისტრაციული დაკავებით.

ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ზოგადად, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ სახის ამომცნობი სისტემის გამოყენების (თუკი ეს არ ხდება მძიმე დანაშაულის გამოსავლენად, ან არ არსებობს დანაშაულის ჩადენის მყისიერი საფრთხე) დაუშვებლობასა და სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან შეუთავსებლობაზე.

ასევე, ამ კონკრეტულ საქმეში, სასამართლოს შეფასებით, სახის ამომცნობი ტექონოლოგიის გამოყენება იყო არაპროპორციული, რადგან არ არსებობდა რაიმე სახის რისკი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და ის მიმართული იყო მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაინახა ასეთი მზღუდავი ტექნოლოგიების გამოყენების გადაუდებელი საჭიროება და მიიჩნია, რომ მისი გამოყენება არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

რუსული და ბელარუსული გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესოა აქციის მონაწილეთა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების ქართული პრაქტიკის ანალიზი და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ სასამართლოს დამოკიდებულება.

შესაბამისად, წინამდებარე სტატია სწორედ ამ საკითხების წამოწევას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია იმ ტენდენციებზე დაკვირვებით, რომლებიც გამოიკვეთა სასამართლო დარბაზებში, ტრანსპორტის სავალი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მიმდინარეობისას.

 

საჯარო წესრიგის დაცვის გადანდობა „ციფრული თვალებისთვის“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აპრობირებული მეთოდით, თუ პარლამენტის წინ ტრადიციულად ქცეული აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია განსაკუთრებულად არ დაიძაბა, პერიმეტრზე მობილიზებული პატრულ-ინსექტორები თავად კურირებენ მონაწილეთა გზის სავალ ნაწილზე გადასვლას, ხელს არ უშლიან მათ, არ აძლევენ რაიმე სახის გაფრთხილებას და გზის გადაკეტვის შემდეგ, ტერიტორიას ტოვებენ. პერიმეტრზე, ძირითადად, რჩება პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი, რომლებიც მეტრო „თავისუფლებიდან“ „თბილისი მერიოტამდე“ სავალ გზას თავად კეტავენ და აქციის მიმდინარეობის პერიოდში,   ტრანსპორტის გადაადგილებას ზღუდავენ. მსგავსად იქცევიან სხვა ლოკაციაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაშიც.

მოგვიანებით, როდესაც, გზის გადაკეტვის ბრალდებით, აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლების უმოქმედობასა (რომელთა უმთავრეს ფუნქციასაც საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა წარმოაგენს) და მეტიც, ხშირად მათი მხრიდან გზის გადაკეტვის წაქეზებაზე და აპელირებენ მხოლოდ პირის მიერ კანონის დაცვის ვალდებულებაზე.

ადგილზე წარმოდგენილი პატრულის უმოქმედობის კვალდაკვალ, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს, ე.წ. „ციფრული თვალები“, რომელთა რიცხვი პერიოდულად იზრდება.  ჭკვიანი კამერები ყველას ხედავს და ყველას იმახსოვრებს. ამასთან, საყურადღებოა ამ კამერების ხარისხი, რომელიც მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს და აადვილებს პირის იდენტიფიცირებას, მის დაჯარიმებას და საზოგადოებრივ წესრიგზე პოსტფაქტუმ „ზრუნვას“.

 

აქციის მონაწილეების რეალურ დროში თვალთვალი - ეჭვი თუ დადასტურებული ფაქტი?

სასამართლოში წარდგენილ ასობით საქმეზე, მთავარ მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც დგინდება გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტი და ხდება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა, 112-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია წარმოდგენილი. ყველა სხვა მტკიცებულებაც ვიდეოს საფუძველზეა შედგენილი.

თავდაპირველად, კონკრეტულ საქმეზე შსს-ს მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი მხოლოდ რამდენიმეწამიანი იყო, რადგან მათთვის ქრონომეტრაჟს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მოსამართლეებისთვისაც საკმარის პირობად მიიჩნევა კონკრეტულ ადგილას მისი, თუნდაც რამდენიმე წამით, დგომის ფაქტი.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ სასამართლოს არ მიეწოდებოდა სრული, უწყვეტი კადრები. საიდუმლო იმაშია, რომ სრული კადრები კარგად ასახავს 112-ის სათვალთვალო კამერის საშუალებით, პირდაპირ რეჟიმში, აქციის მონაწილეების  დათვალიერებისა და მათზე სრული კონტროლის განხორციელების უკანონო პრაქტიკას. კერძოდ, ვიდეო გადაღებულია არა შორი დისტანციიდან და წარმოადგენს ზოგად კადრს აქციის მიმდინარეობის შესახებ, არამედ კადრში ცხადად ჩანს, რომ კამერა მონაწილეებს სათითაოდ უახლოვდება რეალურ დროში და მათ ახლო კადრებს იღებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილის შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაცია გროვდება. მაგალითად, პირი, რომელიც მექანიკურად მართავს კამერას, ინტერესდება აქციის მონაწილის ხელთარსებული დოკუმენტაციით, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია კამერების მაღალი გარჩევადობის წყალობით.

თავდაპირველად, სასმართლოს, უმეტესწილად, მხოლოდ მოჭრილი, კონკრეტულად ამ პირზე მიახლოებული კადრი წარედგინებოდა. ეს კი აჩენდა განცდას, თითქოს კადრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცებულებათა შესწავლის ეტაპზე იყო მიახლოებული და არა - პირდაპირ რეჟიმში. თუმცა, სასამართლოზე მათ არ შეუძლიათ ისეთი კადრების წარდგენა, რომლებიც  „დაუმუშავებელია“ (არ არის მიზუმებული), რადგან ეჭვია, რომ ასეთი კადრები არ არსებობს.

საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოსთვის ეს შეზღუდველი გარემოება იყო მხოლოდ საწყის ეტაპზე. მას მერე, რაც ამ საიდუმლოს ფარდა აეხადა, შსს და სასამართლო მარტივად გადაეწყო ახალ მოცემულობაზე, რომელიც რეალურ დროში პირების თვალთვალის ჩვეულებრივ მოვლენად წარმოჩენასა და ამ მიმართულებით გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკისა და საჩივრის იგნორირებას გულისხმობს. მათ არ აინტერესებთ მტკიცებულებათა კანონიერება და ამ საკითხის წამოჭრის ნებისმიერ მცდელობას უხალისოდ, სტანდარტულად პასუხობენ, რომ მტკიცებულებათა კანონიერების  განხილვა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს, რომელშიც სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი განიხილება. საინტერესოა, პროცესზე არავინ ცდილობს იმის უარყოფას, რომ თვალთვალი რეალურ დროში მიმდინარეობს და რომ კამერაც მექანიკურად იმართება.

„როგორც ჩანს [112 თავად აზუმებს კონკრეტულ პირებზე]“ - აუღელვებლად გვპასუხობს პროცესებზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი. მეორე აღფრთოვანებულია კამერის ჩანაწერების ხარისხითა და მისი გარჩევადობით, რასაც არ მალავს იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც წუთი წუთზე სამართალდამრღვევად ცნობენ.

წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს დისკომფორტს არ უქმნის არც იმაზე მითითება, რომ ტოტალური თვალთვალის ეს პრაქტიკა რუსულის იდენტურია და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ იმ ბედს გაიზიარებს, რომელიც, მაგალითად, 2023 წელს გლუხინის საქმეზე ვიხილეთ - პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის დადგენა. საინტერესოა, რომ სწორედ ამ საქმეზე, მოსარჩელეს არ შეეძლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომ მის მიმართ ნამდვილად სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს და რომ ეს რეალურ დროში განხორციელდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ მტკიცების ტვირთი არ დააკისრა თავად მოსარჩელეს. რუსეთის მთავრობის დუმილის, პირის იდენტიფიცირებისთვის არაგონივრულად მცირე დროისა და ზოგადად, რუსეთში გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მოცემულობად მიიღო, რომ განსახილველ საქმეზე მართლაც გამოიყენეს სახის ამომცნობი ტექნოლოგია, რაც წარმოადგენს ჩარევას პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.

 

პირის იდენტიფიცირების პროცედურის ბუნდოვანებები - ეჭვი მისი რეალურ დროში განხორციელების შესახებ

სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენილი მწირი მტკიცებულებები, მათი შემდგენი პირების ჩვენებები თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებები იმდენად ურთიერთგამომრიცხავია, რომ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, წარმოუდგენელი უნდა იყოს  მათზე დაყრდნობით პირის სამართალდამრღვევად ცნობა არა მხოლოდ განსახილველ საქმეზე, არამედ, ზოგადად, ცალკე კვლევის საგანი უნდა ხდებოდეს ამ განცხადებების საფუძველზე გამოვლენილი სისტემური დარღვევები და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვებოდეს.

მარტივ კითხვაზე, თუ ვინ იწყებს 112-დან ჩანაწერების გამოთხოვას და რა საფუძვლით, რამდენიმე განსხვავებული პასუხი შეიძლება მოისმინოთ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთ საქმეებზე, რომლებშიც პირს გზის გადაკეტვას ედავებიან არა სტანდარტულ ლოკაციაზე - პარლამენტის მიმდებარედ, არამედ - მისგან განსხვავებულ ადგილას, სადაც აქციის გამართვა ნაკლებ მოსალოდნელია.  მაგალითად, 15 იანვარს ე.წ. „გაფიცვასთან“ დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე, რაც უფრო მეტ ოფიციალურ პირს კითხავთ ვიდეოს შესახებ, მით მეტად დაიბნევით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორის მოწმედ გამოძახებაზე, დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ ვიდეო ამ კონკრეტულმა ინსეპქტორმა გამოითხოვა მას შემდეგ, რაც 15 იანვარს, მისთვის არასამუშაო დღეს, ტელევიზორს უყურა (ცხადია, არ დაუზუსტებია, რომელ არხს) და სამართალდარღვევას მოჰკრა თვალი. მოგვიანებით, ამავე ეპიზოდზე, გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, უკვე სხვა პირის პროცესზე მოწმედ გამოძახებული იგივე პატრულ-ინსპექტორი გაოცებას ვერ მალავდა, როცა საკუთარ თავზე მსგავსი რამ მოისმინა. მისი ჩვენებით, 15 იანვარს მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო და არც ტელევიზორის ყურების ფაქტი დაადასტურა.

ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მყოფი პატრულ-ინსპექტორისგან შევიდა (მაშინ, როცა მეორე წარმომადგენელი ადგილზე პატრულის ყოფნის ფაქტს უარყოფდა) და სწორედ ამიტომ გამოითხოვეს ჩანაწერი 112-დან.

ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორი კი ამტკიცებდა, რომ 112-დან სამორიგეოს გადაეგზავნა ჩანაწერი, რომელიც მან დაამუშავა, დააიდენტიფიცირა კონკრეტული სამართალდამრღვევები, მონიშნა შესაბამისად და შემდეგ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, გადასცა იმ პირს, რომელმაც იდენტიფიცირების პროცედურა ჩაატარა.

ეს უკანასკნელი, როცა ამავე საქმეზე სასამართლომ დაკითხა, ამტკიცებდა, რომ მას მოცულობითი ვიდეოჩანაწერი 112-დან გადაეცა და არა - პატრულ-ინსპექტორისგან. შესაბამისად, მის მიერ მიღებულ ჩანაწერში არ ყოფილა რაიმე ნიშანი, რომელიც სამართალდამრღვევზე მიუთითებდა, თუმცა ვერ დაასახელა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გადაწყვიტა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება.

ამასთან, იდენტიფიცირების განმახორციელებელი პირი ვერ ხსნიდა იდენტიფიცირების პროცედურას. კითხვაზე, თუ რამდენპროცენტიანი დამთხვევა იყო მის პროგრამაში ჩაშვებულ სურათსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზის მიერ  შეთავაზებულ პირს/პირებს შორის, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამთხვევა იყო აბსოლუტური. დამაზუსტებელ კითხვაზე, უთითებს, თუ - არა ელექტრონული პროგრამა 100%-იანი დამთხვევის შესახებ (და ზოგადად, დამთხვევის პროცენტულობას), იდენტიფიცირების განმახორციელებლმა პირმა, რომელიც არაერთი პირის იდენტიფიცირების ოქმს აწერს ხელს, საეჭვო პასუხი გასცა: „რა ვიცი, ვფიქრობთ, რომ ასეა.“ 

ეს და სხვა პროცესებზე გამოვლენილი, ერთი შეხედვით, მცირე მნიშვნელობის ფაქტები, ერთობლიობაში აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სინამდვილეში, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და დიდი ალბათობით, ოქმები, რომლებიც მოგვიანებით ფორმდება და რომლებიც არაერთ შეცდომას შეიცავს, რეალურ დროში აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირების გადაფარვის მცდელობაა. ცხადია, ამ ეჭვის გაბათილება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ამ ვალდებულებას მას არც სასამართლო აკისრებს.

საინტერესოა, რომ აქციის მონაწილეთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, საკითხის სენსიტიურობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ჯერაც არ გაუცია პასუხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვაზე.

 

როგორ უკავშირდება ეს სისტემა ბელარუსსა და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს?

აქციაში მონაწილეობის გამო, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით მინაწილეთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, მხოლოდ დასაწყისია რეჟიმის ხელში, ისევე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში მოხდა.

ამ ქვეყნებშიც თავდაპირველად, აქციის წესების დარღვევის მომიზეზებით, მუშავდებოდა მონაწილეთა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომლებიც, პირველ რიგში, შერჩევითობის პრინციპით შერჩეული ზოგიერთი მონაწილის სამაგალითო დასჯისთვის გამოიყენებოდა, რასაც გადათქმევინების ეფექტი უნდა ჰქონოდა სხვა მონაწილეებსა და მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობაზე.

თუმცა ციფრული თვალების უმთავრეს ფუნქციას იმ პირების მაქსიმალურად ზუსტი სიის (შავი სიის) შედგენა წარმოადგენს, რომლებიც შემჩნეულნი არიან რეჟიმის კრიტიკაში. ისინი შემდგომში მუდმივ კონტროლსა და შევიწროებას ექვემდებარებიან და ტრადიციული სცენარით - პატიმრობით ან ემიგრაციით - ასრულებენ წინააღმდეგობის ისტორიას.

შავ სიაში მოხვედრილი ადამიანი, სახის ამომცნობი კამერებისა და სისტემის მეშვეობით, მუდმივად იქცევს პოლიციის ყურადღებას და ამ უკანასკნელის ხელში არსებული მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით, შეიძლება სხვადასხვა სახის ზეწოლას დაექვემდებაროს. მათ შორის, ერთ-ერთი შესაძლოა იყოს სწორედ პრევენციული დაკავების მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს რეჟიმს, განსაკუთრებულად აქტიური მონაწილეები წინასწარ განარიდოს პროტესტის შესაძლო კერებს, ან მუდმივ დისკომფორტში ამყოფოს. ე.წ. „საშიშ დღეებზე“ რეაგირების პრაქტიკა საქართველოშიც შეინიშნება. სასამართლოში დაბარების შემთხვევები ყოველთვის იზრდება დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინ, ისევე, როგორც სახლებში ჯარიმის ქვითრების ჩამორიგების ან პოლიციიდან დარეკვის შემთხვევები. ბოლო პერიოდში ასევე შესამჩნევია აქციაზე თუ მეტროს ამოსასვლელებთან პირების შეჩერებისა და მათი ჩხრეკის, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, მათი დაკავების ფაქტები.

სამწუხაროდ, საქართველოში „ციფრული თვალებით“ ადამიანების ტოტალური კონტროლის შემაშფოთებელ პრაქტიკას, მის საწყის ეტაპზე, თვალებახვეული დაუხვდნენ შესაბამისი ინსტიტუტები, რომელთაც ამ პრაქტიკის გამოუსწორებელი შედეგების აღმოფხვრა ჯერაც ხელეწიფებათ.

ეს პირები დროს არ ხარჯავენ და თავს არ იწუხებენ იმის განსაჭვრეტად, რომ თავად გახსნეს პანდორას ყუთი, რომლის დამანგრეველ ეფექტს წინ ვეღარ აღუდგებიან. მათ შორის, ვეღარ შეძლებენ, რომ მომავალში „დიდი ძმის“ მახვილი თვალისგან“ დაიხსნან საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია