პუბლიკაციები

სამართლის უზენაესობა "ქამელეონი სასამართლოს" იურისპრუდენციაში

წინამდებარე სამუშაო სტატიაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე რამდენიმე თეზისია განვითარებული. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველ გადაწყვეტილებაში იდგა აუცილებლობის წინაშე ჩამოეყალიბებინა მკაფიო და თანმიმდევრული კონსტიტუციური სტანდარტები გენდერული ნიშნით პოზიტიური ზომების კონსტიტუციური სტატუსისა და მათი ფორმალური თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან მიმართების შესახებ.  

თანმიმდევრული სტანდარტის განვითარებისა და დოქტრინული წინააღმდეგობების გადალახვის ნაცვლად, განსახილველი გადაწყვეტილება კიდევ უფრო არათანმიმდევრულსა და წინააღმდეგობრივს ხდის თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის შინაარსსა და შემოწმების სტანდარტებს. შედეგად, მნიშვნელოვნად იკლებს კონსტიტუციური წესებისა და დოქტრინის მიერ სამართლებრივი დარწმუნებულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხი, რაც საფუძველს ურყევს სამართლის უზენაესობას - კონსტიტუციური წესრიგის ფუნდამენტს.  

ეს მდგომარეობა მხოლოდ თანასწორობის მიმართულებით არ დგას და ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუტის პრობლემაა. ეს პრობლემა ნათლად წარმოაჩენს მის მყიფე ინსტიტუციურ მდგომარეობას არაკონსოლიდირებული, არალიბერალური დემოკრატიის პირობებში, სადაც ინსტიტუციურად სუსტი/პოლიტიკური თავდასხმებისგან დასუსტებული  საკონსტიტუციო სასამართლოები პოლიტიკური ან/და საზოგადოებრივი ძალაუფლების ცენტრებისგან ძლიერ ზეწოლას განიცდიან.    

ძალაუფლების მიერ მოხაზულ „წითელ ხაზებს“ მიღმა მიღებული პროგრესული ან/და კონსტიტუციურად სწორი გადაწყვეტილებებით, ასეთი საკონსტიტუციო სასამართლოები ერთი მხრივ საკუთარი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ნარჩენებს ეპოტინებიან,  მეორე მხრივ კი ამ ლეგიტიმაციის ნაშთების შენარჩუნებით, იმ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციასაც აძლიერებენ ვისაც უმეტესწილად ემსახურებიან. ასეთი საოპერაციო სისტემა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ქამელეონობის ხელოვნების ათვისებას მოითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ქამელეონობის სწავლა შეუთავსებელია ისეთი კონსტიტუციური ღირებულებების განუხრელ დაცვასთან როგორიცაა სიცხადე, თანმიმდევრულობა, განსაზღვრულობა, განჭვრეტადობა. ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი სტანდარტები, სუსტი და არათანმიმდევრული კონსტიტუციური დოქტრინა, ქამელეონი სასამართლოს მთავარი დასაყრდენია. ის საშუალებას აძლევს სასამართლოს ადაპტირდეს მუდმივად ცვალებადი ძალაუფლების ცენტრების მიერ განსაზღვრულ ცვალებად და წინააღმდეგობრივ „წითელ ხაზებთან“ და დავალებებთან.  

დასკვნაში აღნიშნულია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეში არათანიმდევრულ და წინააღმდეგობრივ საფუძვლებზეა დაშენებული, რაც „ქამელეონი სასამართლოს“ ზოგადი სტრატეგიიდან გამომდინარეობს.

ანალიტიკური დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.

 

ფოტოები: compassmag.3ds.com; ChicagoBoothReview


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი