საქართველოს მაჩვენებლების ვარდნა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ინდექსებში
ფოტო: Gallup News
2024-2025 წლები საქართველოში დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობისთვის გამორჩეულად საზიანო მოვლენებით იყო დატვირთული. ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ რეპრესიების პირველი ტალღა 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის ინიციირებასა და ამ კანონის გასაპროტესტებლად დაწყებულ აქციებს მოჰყვა. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების („ქართული ოცნების“ თქმით, 2028 წლამდე) შემდეგ, რეპრესიები ახალი ძალით განახლდა.
საპროტესტო აქციების მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის გარდა, რაც ათობით მოქალაქის სასტიკად ცემასა და დაკავებაში გამოიხატა, რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტები იქცნენ. გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)“ - თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები განხორციელდა, რაც დაახლოებით 600 შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. მათ შორის, იყო ფიზიკური თავდასხმები, ჯარიმები, დაპატიმრებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება, კრიტიკული მედიასაშუალებების გაჩუმების მიზნით ინიციირებული საკანონმდებლო რეგულაციები და სხვა. ამასთან, RSF ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ უსამართლო სამართალწარმოებასა და პატიმრობაზე. ბუნებრივია, ეს ფაქტორები შესაბამისად აისახა სიტყვის თავისუფლების შესახებ არსებულ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებასა თუ ინდექსში, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პოზიციები მკვეთრად გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად იმოწმებდა და იმოწმებს საერთაშორისო რეიტინიგებს, საკუთარი მმართველობის დადებითად წარმოსაჩენად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ის და მისი პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებები ერიდებიან მედიის თავისუფლების ან, თუნდაც, ქვეყანაში დემოკრატიის ზოგადი დონის შემფასებელი ინდექსების ხსენებას (არასახარბიელო შედეგების გამო).
ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და ზოგადად, მედიის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას ნათლად ასახავს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ინდექსი. ინდექსის ფარგლებში, კონკრეტული ქვეყნის მედიაგარემო ფასდება ქულებით 0-დან 100-მდე (სადაც 0 ყველაზე დაბალი მაჩვენებელია). პრესის თავისუფლების შესაფასებლად, RSF-ი კითხვარს ხუთ ძირითად მიმართულებად - ინდიკატორად ჰყოფს: პოლიტიკური კონტექსტი, საკანონმდებლო ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციო-კულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება. ქვეყნების შეფასებისთვის, საანგარიშო პერიოდად იანვარ-დეკემბერია განსაზღვრული. 2025 წლის ინდექსისთვის, შესაფასებელ პერიოდს 2024 წლის იანვარ-დეკემბერი წარმოადგენდა და შესაბამისად, 2025 წელს ქვეყნებისთვის მინიჭებული ქულები 2024 წლის მოვლენების ანალიზის შედეგია.
გრაფიკი 1: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში (2013-2025 წლები)
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა შესამჩნევად უარესდება. 2025 წლის შეფასების მიხედვით კი, უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულს აღწევს, რითაც საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 114-ე ადგილზე აღმოჩნდა. 2024 წლის მოვლენების აღწერისას, RSF ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: „ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ცდილობს, ცენზურის ქვეშ აყენებს მათ და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, RSF-ის 2025 წლის შეფასებები 2024 წელს მომხდარ მოვლენებს ეხება, თუმცა, 2025 წელს გაძლიერებული სამთავრობო რეპრესიებისა და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი არაერთი ახალი რეგულაციისგან გამომდინარე, ასევე, 2025 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარ მოვლენებზე RSF-ის შესაბამისი გამოხმაურებების გამო, სავარაუდოა, რომ ამ ორგანიზაციის ინდექსში ჩვენი ქვეყნის უკუსვლა კვლავ გაგრძელდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს RSF-მა, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული უსამართლო სამართალწარმოების გამო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ შორის დაასახელა.
პრესისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ინდექსს აქვეყნებს კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ARTICLE 19. ინდექსი, რომელსაც Global Expression Report (GxR) ეწოდება, თავის მხრივ, მონაცემებს იღებს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის დონის განმსაზღვრელი კვლევითი ორგანიზაციისგან - Varieties of Democracy Institute-სგან (V-Dem). GxR ინდექსი ეყრდნობა გამოხატვის თავისუფლების 25 ინდიკატორს, ის აკვირდება გამოხატვის თავისუფლებას 161 ქვეყანაში, რათა თითოეული ქვეყნა შეაფასოს 0-დან 100 ქულამდე. ეს ქულა ქვეყნებს ათავსებს გამოხატვის 5 კატეგორიიდან ერთ-ერთში: ღია, ნაკლებად შეზღუდული, შეზღუდული, ძლიერ შეზღუდული ან კრიზისული. კერძოდ, 0-19 ქულა აღნიშნავს მედიის კრიზისულ მდგომარეობას; 20-39 - ძლიერ შეზღუდულს, 40-59 - შეზღუდულს, 60-79 ნაკლებად შეზღუდულს, ხოლო 80-100 - ღია, თავისუფალ მედიაგარემოს. ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლების შესაფასებლად, გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა: ინტერნეტის ცენზურის მცდელობები, დისკუსიის თავისუფლება, ცენზურის მცდელობები მთავრობისგან, მედიის თვითცენზურა, აკადემიური და კულტურული სფეროების თავისუფლება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობა, ჟურნალისტების ფიზიკური თუ სამართლებრივი შევიწროება და ა.შ.
გრაფიკი 2: საქართველო Global Expression Report (GxR)-ის ინდექსში (2010-2024 წლები)
წყარო: ARTICLE 19
როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველო, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა, 2019 წლიდან მოყოლებული, რეგრესს განიცდის და 2024 წლისთვის, უკვე ისეთ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია. აქვე უნდა ითქვას, რომ GxR ინდექსის არსებობის ისტორიაში, 2000 წლიდან მოყოლებული, საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი დაბალი ქულა, როგორიც 2024 წელს. ამასთან, 2024 წლის შედეგების მიხედვით, საქართველო, ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას შორის, 37-ე ადგილზე იმყოფება.
როგორც აღვნიშნეთ, ზემოთ განხილული საერთაშორისო ინდექსები 2024 წლის მოვლენების ანალიზის შედეგია. სავარაუდოა, რომ უკეთესი საერთაშორისო შეფასებები არც 2025 წლის შესახებ იქნება, რადგან მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გამო, მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად გართულდა უცხოური გრანტების მიღება, რაც, დიდი ხნის განმავლობაში, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარატს წარმოადგენდა. უცხოური დაფინანსების მიღება სრულად აეკრძალათ ტელე- და რადიომაუწყებლებს. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვაც, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. აიკრძალა უცხოური დაფინანსების მიღება სოციალური რეკლამის სანაცვლოდაც. ასევე, გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებები და მას მაუწყებლების შინაარსში ჩარევის უფლება მიეცა. გამკაცრდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიც ცილისწამების ნაწილში და გაუქმდა ჟურნალისტის მიერ წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმები. გარდა ამისა, მედიას შეეზღუდა სასამართლოში ფოტო- და ვიდეოგადაღების უფლება.
იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისგან“ ფაქტობრივად დამოუკიდებელი ყველა მედიასაშუალება ფინანსური, სამართლებრივი თუ სხვა პრობლემის წინაშეა, კვლავ იკვეთება მმართველი პარტიისთვის არასასურველი ხმების ჩახშობის მცდელობები. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს სახელისუფლებო პროპაგანდის მიერ ონლაინ მედიასაშუალებების გამოცხადება „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად, ე.წ. „საგამოძიებო რეპორტაჟების“ შექმნით, რომლებშიც მოთხრობილი აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბების საფუძველზე, რეპრესიების მომდევნო ტალღებისთვის, საინფორმაციო ბურუსი მზადდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მძიმე ტენდენცია კვლავ აისახება სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.