პუბლიკაციები

კორონავირუსი - რუსული პროპაგანდის ახალი ინსპირაცია ანტიდასავლური მესიჯების გავრცელებისთვის

ფოტო: AP images

გასული წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოვლენილი ე.წ. ახალი კორონავირუსი (ოფიციალური სახელწოდებით COVID -19; იმავე ოჯახიდან, რომელსაც განეკუთვნება გაციების ვირუსი და მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი) კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ დაავადებით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი უკვე  2 600-ს აჭარბებს. ვირუსის და მის მსხვერპლთა შესახებ, ბუნებრივია, მსოფლიო მედიაში უამრავი ახალი ამბავი ვრცელდება, მათ შორის, გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაციაც. მცდარი ინფორმაცია შესაძლოა გავრცელდეს ნაკლები კომპეტენციის, პანიკის ან მედიის მიერ დაშვებული სხვა შეცდომების გამო. თუმცა, ზედაპირული გაშუქების და უნებლიე შეცდომების გარდა, ვირუსის შესახებ ვრცელდება მიზანმიმართული, შეცდომაში შემყვანი ახალი ამბებიც, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების იარაღად არის გამოყენებული. მსგავსი ტიპის ახალ ამბად შეიძლება ჩაითვალოს რუსული მედიასაშუალების, „რენტივის“ მიერ მომზადებული მასალაც, რომელშიც ერთ-ერთ „სარწმუნო“ ვერსიად განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების როლი კორონავირუსის გავრცელებაში და აღნიშნულია, რომ ის შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი და უკავშირდებოდეს ამერიკულ ლაბორატორიებს, რომლებიც აზიის ქვეყნებში, ასევე, რუსეთის გარშემოც ფუნქციონირებენ. ამ კონტექსტში, მედიასაშუალება პარალელს ავლებს თბილისში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრთან (ე.წ. ლუგარის ლაბორატორია) და საუბრობს მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია წლების განმავლობაში ავრცელებს ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის მავნე ზეგავლენის შესახებ. დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გადამამოწმებელი პლატფორმის „მითების დეტექტორის“ პუბლიკაციაში დეტალურადაა აღწერილი ის გზავნილები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ვრცელდება, მაგალითად: „ლაბორატორია რუსეთთან დაპირისპირების საბაბია, იქ ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო ცდებს ატარებენ, ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომ ლაბორატორიაში ვირუსები ქართველთა გასანადგურებლად იქმნება და მეტიც, მათი გავრცელება ხდება რუსეთსა და უკრაინაში“. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის ბრალდებები რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდანაც არაერთხელ გაჟღერდა. 2018 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ,  ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვართან პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის არსებობა მოსკოვის დიდ შეშფოთებას იწვევს“. იმავე წლის ოქტომბერში ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვს ლაბორატორიასთან არა ბრალდებები, არამედ კითხვები აქვს და საკითხი საზოგადოებრივ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი. იმავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად იყენებს. 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი [რომელიც თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს] დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა ... ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში“.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა არაერთხელ უარყო ის ბრალდებები, რაც ლაბორატორიის მისამართით რუსეთიდან ისმოდა. 2018 წლის ნოემბერში ლუგარის ცენტრის საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტები თბილისში დაგეგმილ „ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშოში“ მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მოწვეულნი, რათა დარწმუნებულიყვნენ ლუგარის ლაბორატორიის უსაფრთხოებაში, თუმცა რუსეთმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ არ არსებობს არცერთი საბუთი, რაც ამ ცენტრიდან მომდინარე საფრთხეზე გონივრულ ეჭვს გააჩენდა, შესაბამისად, რუსეთის ბრალდებები მხოლოდ ბრალდებებად რჩება. აღნიშნული ბრალდებები რომ მოგონილ ფაქტებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება, აჩვენა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამაც, რომელშიც წარმოდგენილია რუსული მედიისა და ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის ქრონოლოგია. ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული კონსპირაციების გასაბათილებლად კიდევ უამრავი წყაროს მოშველიება და დამოწმება შეიძლება. ამდენად, ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს რუსულ პროპაგანდასთან, რომლის მიზეზებსა და მიზნებს ქვემოთ მიმოვიხილავთ.

ვიდრე, უშუალოდ რუსულ პროპაგანდაზე ვისაუბრებთ, მოკლედ განვიხილოთ ზოგადად პროპაგანდის არსი და აუდიტორიის დარწმუნების ის ცნობილი ხერხები, რომლებსაც რუსეთი ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით იყენებს. ამ მიზნით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის (კომუნიკაციების მიმართულებით) რიჩარდ ვინსენტის (Richard C. Vincent) ნაშრომი - „გლობალური კომუნიკაცია და პროპაგანდა“. ვინსენტის განმარტებით, „პროპაგანდა დაკავშირებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისა და დამარწმუნებელი, მანიპულაციური ტექნიკების გამოყენებასთან და მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ან შეცვლა კონკრეტული მიზნებისთვის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროპაგანდის პროცესი მიმდინარეობს წინასწარგანზრახული, შერჩევითი და ტენდენციური ინფორმაციის გამოყენებით, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს სამიზნე აუდიტორიის დარწმუნება. პროპაგანდა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, სამთავრობო და არა მხოლოდ სამთავრობო აქტორების მიერ. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ დონეზე ყველა ქვეყანა იყენებს პროპაგანდის კომპონენტებს რათა მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმართ, პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად და ა.შ. ამდენად, ვინსენტის მოსაზრებით, პროპაგანდის გავლენა გარკვეულწილად ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას.

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდის პროცესში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ცალსახად დეზინფორმაციული ხასიათის ამბავი, ისე რეალობასთან ახლოს მდგომი ფაქტები, თუმცა ეს ყველაფერი ისეთი კუთხით იყოს საზოგადოებისთვის მიწოდებული, რომ არ ასახავდეს სრულ სურათს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, პროპაგანდის მიზანი აუდიტორიის იმგვარად დარწმუნებაა, როგორც ეს მისი გამავრცელებლისთვისაა ხელსაყრელი. პროპაგანდა შესაძლოა აუცილებლად ბოროტი განზრახვით არ იყოს გამოყენებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ძირითადად ის მაინც პრობლემადაა აღქმული მისი მანიპულაციური ხასიათის და ხშირ შემთხვევაში, სწორედ არაჰუმანური, მტრული მიზნებით გამოყენების გამო. პროპაგანდის აღქმაზე საუბრისას ვინსენტი წერდა, რომ საბოლოო ჯამში, ბევრი რამ დამოკიდებულია ინდივიდის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რწმენებზე, ჩათვლის თუ - არა ის კონკრეტულ პროპაგანდისტულ კამპანიას მიუღებლად.

პროპაგანდისტული კამპანიების დროს, აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ტექნიკა შეიძლება იყოს გამოყენებული. აღნიშნული ტექნიკებიდან, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მათგანი, რომლებიც ლუგარის ცენტრის კონტექსტშია რელევანტური. პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი ე.წ. იარლიყების მიწებებაა (name calling), რომელიც ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის, ქვეყნის, პიროვნების ან იდეის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ის მოიცავს ემოციურ ასპექტებს და აუდიტორიას აიძულებს ანალიზი მხოლოდ შეთავაზებულ პარადიგმაზე დაყრდნობით, ნაჩქარევად და ზედაპირულად გააკეთოს. თავად იარლიყი შესაძლოა პოზიტიურიც იყოს და ნეგატიურიც, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდის კამპანიებში ძირითადად ნეგატიურ, დისკრედიტაციული შინაარსის იარლიყებს ვაწყდებით. აუდიტორიაზე ზეგავლენის კიდევ ერთი ხერხი ე.წ. კარტების არევაა (card staking), რომელიც გულისხმობს ფაქტების სელექციურად შერჩევას და მათ დამახინჯებას, ასევე განმარტებებსა და ბუნდოვნებებს, ლოგიკურდა არალოგიკურგანცხადებებ ერთობლიობას, რაც საბოლოო ჯამში, მოუწესრიგებელი ინფორმაციის შეგროვებას და მისი მეშვეობით სიმართლის დაფარვას გულისხმობს. ასევე, ასეთ დროს გამოიყენება დაუჯერებელი ტყუილის პრაქტიკა, როცა გაჟღერებულია ფაქტობრივად დაუჯერებელი ფაქტი, მაგრამ იმდენად ხშირად, რომ აუდიტორია ფაქტთან დაკავშირებულ პერსონას, ქვეყანას ან იდეას იმახსოვრებს ნეგატიურ კონტექსტში. ასეთ დროს, მთავარი ყურადღება არა დეტალებზე, არამედ ემოციებზე გადადის და შედეგად ჯანსაღი განსჯისთვის ადგილი აღარ რჩება.

ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სწორედ იმ პროპაგანდისტულ ტექნიკებთან, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დაუსაბუთებელი, ყალბი და დამახინჯებული ფაქტების პერმანენტული გავრცელებით, ასევე ამ დაწესებულების მიმართ მკვეთრად ნეგატიური იარლიყების მიწებებით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, სამიზნე აუდიტორიის გონებაში ჩამოაყალიბოს ჯერ გაუცნობიერებელი შიში, ხოლო, საბოლოო ჯამში, ნეგატიური აღქმა აღნიშნული ლაბორატორიის და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ზემოთ განხილულ პროპაგანდის მეთოდებს კარგად გამოკვეთს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაც. გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც კონკრეტული ფაქტების დახმარებით ამხილა აღნიშნული პროპაგანდისტული კამპანია, ასკვნის, რომ პროპაგანდა შემდეგნაირად მუშაობს -  მთავარია, სრულიად უსაფუძვლოდ, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, დასდო ბრალი ვინმეს და საქმეც გაკეთებულია. ხოლო, როცა დეზინფორმაციის წყაროს მიმართ ჩნდება კითხვა, თუ სად არის ბრალდების დამამტკიცებელი საბუთი, ისინი პასუხობენ: მსგავსი რამ არ არსებობს, მაგრამ ეს ხომ იმას არ გამორიცხავს, რომ ჩვენი ბრალდება სიმართლე არ არის?

საინტერესოა, რა მოტივები ამოძრავებს რუსულ პროპაგანდას ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით. პირველ რიგში, სრულიად დასაშვებია რუსულ სახელისუფლებო წრეებში ბოლომდე მართლაც ვერ იჯერებდნენ, რომ აშშ-მა რუსეთის მეზობლად კვლევითი ცენტრის ასაშენებლად მილიონობით დოლარი მხოლოდ იმიტომ დახარჯა, რომ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისთვის შეეწყო ხელი. თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთმა კარგად იცის იმის შესახებ, რომ ლაბორატორია რაიმე ტიპის საფრთხეს, მით უმეტეს მისთვის, ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ამის მიუხედავად, განზრახ ავრცელებს დეზინფორმაციანარევ მუქარებს სულ მცირე იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ფსიქოლოგიური წნეხი განახორციელოს. გარდა ამისა, თეორიულად, რუსეთს შეუძლია (შესაბამისი სიტუაციის და პროპაგანდისტული კამპანიის წარმატებით აგორების შემთხვევაში) მსგავსი ე.წ. „საფრთხე“ კარგად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ თუნდაც სამხედრო აგრესიისთვის. როგორც წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, რუსეთს არაერთხელ გაუმართლებია თავისი აგრესია „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ საბაბით. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოწვევა აღიარებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შესაბამის ანგარიშებში (2017 წლის ანგარიში; 2018 წლის ანგარიში). მართალია, ანგარიშებში ამ პრობლემის გამომწვევი კონკრეტული ქვეყანა ღიად არაა მითითებული, თუმცა, აღწერილი აქტივობები ნათლად მიუთითებს ამ ყველაფერში რუსეთის კვალზე.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ერთ-ერთი პიკი 2018 წელს იყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის გამოძიებამ რუსეთს ბრალი დასდო ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ დროს, რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ისეთი პროპაგანდისტული კამპანიის წამოწყება, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მის ქმედებებს მეტ-ნაკლებად გადაფარავდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსული პროპაგანდა ლუგარის ცენტრს ებრძვის, იმის ჩვენებაა, თუ „როგორი ცუდია დასავლეთი“. ცალსახაა, რომ რუსეთს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელთა საკუთარ ორბიტაზე დაბრუნებას ათწლეულების განმავლობაში ცდილობს, ბევრი არაფრის შეთავაზება შეუძლია, მაგ. არც მეტი თავისუფლების ან დემოკრატიის, არც დასავლეთზე უკეთესი ცხოვრების პირობების, არც უკეთესი ეკონომიკის. შესაბამისად, მისი მიზანია მაქსიმალურად ეცადოს დასავლეთის დისკრედიტაციას ლოგიკით: ჩემთან ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ დასავლეთში უარესია. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ქართულ რეალობაზე შესაბამისი მონიტორინგი და დაკვირვება აჩვენებს, პროპაგანდა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. უშუალოდ პრორუსული პროპაგანდა, ანუ რუსეთის წარმოჩენა როგორც ერთმორწმუნე, მართლმადიდებლობის დამცველი, საქართველოს ისტორიული დამხმარე და ა.შ. 2. ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ასევე ზემოთხსენებული საკომუნიკაციო არხებიდან, ორგანიზაციებიდან, პერსონების მხრიდან მოდის და მიზნად ისახავს დასავლეთის განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების (პირველ რიგში აშშ, ევროპის ქვეყნები) და ინსტიტუტების (მაგ. ნატო) დისკრედიტაციას.

და ბოლოს, ლუგარის ცენტრის მიმართ რუსეთის მსგავსი მტრული დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას რუსეთის სენტიმენტებთან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ. ცნობილი მოცემულობაა, რომ რუსეთი ამ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, „უფროსი ძმის“, მეურვის პოზიციიდან უყურებს და მას არასდროს უნდა შეეწინააღმდეგო ან, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი ამბობს, „რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს. რუსეთი ვერ ახერხებს იმასთან შეგუებას, რომ იმპერია დაკარგა და იმ ხალხებს, რომლებიც იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთთან ყოფნა აღარ უნდა“. ლუგარის ცენტრის კონტექსტშიც, რუსეთს საქართველო დაკარგული ჰყავს, რადგან როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, საქართველოს, დიაგნოსტირებაში დახმარებისთვის მოსკოვისთვის მიმართვა აღარ სჭირდება. „ადრე ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, გასაგებია, მეზობელი ქვეყანაა, ჩვენზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ დიაგნოსტიკაში და უნდა მიგვემართა მათთვის, რომ დახმარება გვეთხოვა. ახლა პირიქით, შეიძლება სხვას დავეხმაროთ“.

რთული სათქმელია, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთაგან კონკრეტულად რომელი ამოძრავებს რუსეთს, ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდისტული კამპანიის საფუძველი, გარკვეული დოზით, ყველა მათგანია.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე