პუბლიკაციები

რუსეთის ეკონომიკა: სანქციების ეფექტი

ფოტო: Insurance Journal

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ფართო პერიმეტრზე ფრონტის ხაზი გახსნა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის და ცალკეული ქვეყნების მიერ რიგი სანქციები დაწესდა, რომლის მიზანი ამ უკანასკნელისთვის ეკონომიკური ფასის დაკისრება და ომის შეჩერებაა. რუსული აგრესიის შეკავებისთვის დასავლეთის ქვეყნების ძირითადი ნაბიჯები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებასა და ეკონომიკურ სანქციებს უკავშირდება. დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების და ადგილობრივი გიგანტების მესაკუთრეთა პერსონალურ შეზღუდვებს ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურის შეფასება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და ექსპორტ-იმპორტის კომპოზიცია, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ დავინახოთ სანქციების მასშტაბი და მისი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე.

სანქციების ძირითადი ნაწილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ დაწესდა. ასევე, აღსანიშნავია, იაპონიის, კანადის, შვეიცარიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები. რიგი ქვეყნების გამოკლებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნულ სანქციებს შეუერთდა, რათა ადგილი არ ჰქონდეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.  დაწესებული სანქციები კი ფინანსური, ინდივიდუალური, სავაჭრო და მიმოსვლის შეზღუდვის კატეგორიებს მოიცავს. მათ შორის, ძირითადი ნაწილი საფინანსო სექტორზეა - რუსეთის ცენტრალური  და კომერციული ბანკების შეზღუდვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია პერსონალური შეზღუდვები, რომელიც რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს და მათთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდა. ამ შემთხვევაში, სანქციების მკაცრი ნაწილი მფლობელობაში არსებული აქტივების გაყინვაა.

 

ფიგურა 1: რუსეთის რეალური ეკონომიკა (მუდმივ ფასებში, ტრილიონი რუბლი)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

ამ პირობებში ერთ-ერთი ახლო პერიოდის პროგნოზი ევროპულ ბანკს (რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის) ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განუსაზღვრელობა უმაღლეს ნიშნულებს იკავებს, ბანკი საკუთარ პროგნოზების მაინც აქვეყნებს. კერძოდ, მიმდინარე წლისთვის უკრაინის ეკონომიკის 20%-იან შემცირებას მოელის, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის კლება 10%-ითაა ნავარაუდევი. თუმცა, აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება: რამდენიმე თვეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება; ცეცხლის შეწყვეტისთანავე, მიმდინარე წლიდან დაიწყება უკრაინის სწრაფი რეკონსტრუქცია და უახლოეს მომავალში რუსეთი დარჩება სანქციების ქვეშ. მიმდინარე წლისთვის ასეთივე პროგნოზი აქვს მულტინაციონალურ საინვესტიციო და ფინანსურ ინსტიტუტს Goldman Sachs-ს. შედარებით უფრო მეტ ვარდნას ელოდებიან სხვა ინსტიტუტები. მაგალითად, Capital Economics პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 12%-ით შემცირდება, ხოლო ამავე პერიოდში საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IFI) ვარაუდი 15%-იანი კლებაა. მომდევნო წლისთვის კი პროგნოზი 3%-ით შემცირებაა. 

 

ფიგურა 2: რუსეთის ეკონომიკის ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი

 

შედარებით განსხვავებული პროგნოზი აქვს მსოფლიო ბანკს, რომლის მიხედვით მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის 11.2%-იანი კლებაა ნავარაუდევი. უშუალოდ დანახარჯების მიხედვით, მკვეთრი შემცირება საგარეო ვაჭრობის კომპონენტშია. კერძოდ, ექსპორტის ნაწილში 30.9%-იანი კლებაა პროგნოზირებული,  ხოლო იმპორტში  - 35.2%. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდ კომპონენტს - კერძო მოხმარებას, აღნიშნულის 8.5%-იანი შემცირებაა პროგნოზირებული, ხოლო სამთავრობო დანახარჯების 3.6%-იანი ზრდა. მომდევნო წელსაც სამთავრობო ხარჯების ზრდაა ნავარაუდევი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1.3%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი.

სხვადასხვა შეფასებებს შორის უახლესი პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკუთვნის. ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში რუსეთისთვის შედარებით ოპტიმისტურია, რადგან მიმდინარე წელს ეკონომიკის 8.5%-იან შემცირებას ვარაუდობს. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, პროგნოზი უფრო მეტად პესიმისტურია. 2023 წლისთვის სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 2.3%-იანი შემცირებას ელოდება.  ფონდის ასეთი მოლოდინი ნავთობის ბაზარზე განვითარებული მოვლენებითაა განპირობებული. კერძოდ, მიმდინარე პერიოდში ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდით იმ ფონზე, როცა რუსეთიდან აღნიშნული რესურსების ექსპორტი არსებითად არ შემცირებულა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მომდევნო წლიდან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შემცირდება. მოსალოდნელია მოცულობაში იმპორტის შემცირება და ასევე, ღირებულება - ფასში. უკრაინის შემთხვევაში კი სავალუტო ფონდის პროგნოზი შედარებით პესიმისტურია, რადგან მიმდინარე წლისთვის ეკონომიკის 35%-იანი კლებაა ნავარაუდევი.  

 

ფიგურა 3: რუსეთის მთლიანი შემოსავალი ენერგორესურსების ექსპორტიდან (მლრდ  აშშ დოლარი) 

წყარო: ბლუმბერგის შეფასება; საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

მსგავს სცენარებს იმეორებს რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული პროგნოზები. კერძოდ, ბანკი მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის 8-10%-იან შემცირებას ვარაუდობს, ხოლო მომდევნო წელს პესიმისტურად უყურებს, რადგან ზრდის მოლოდინი არ აქვს. ცენტრალური ბანკის მიერ შინამეურნეობის მოხმარების შემცირება 8.5-10.5%-იან დიაპაზონშია ნავარაუდევი, ხოლო მთლიანი კაპიტალის ფორმირების კლება კი -  30.5-34.5%-იან შუალედში.

ზემოთ განხილულ პროგნოზებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში რუსეთის ეკონომიკისთვის ისეთი შედეგები არ არის მოსალოდნელი, როგორიც სანქციების დაწესების ადრეულ პერიოდში ელოდნენ. თუმცა, სანქციების შენარჩუნების შემთხვევაში, ეს რუსეთის ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში მკვეთრად ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. ამის მიზეზი რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურაა. დაწესებული სანქციები დომინანტურ დარგებს პირდაპირ და მასშტაბურად არ შეხებია. ამასთან, იგივე ფინანსურ სექტორში სანქციები შერჩევითი ხასიათის იყო. მაგალითად, მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) შერჩევით, რამდენიმე ბანკი ჩახსნეს, მაგრამ მათ რიგებში არ არის რუსეთის ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკი „სბერბანკი“. მეორე მიზეზი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაა.  მართალია განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ლოგისტიკური  შეფერხებების გამო შემცირებულია, მაგრამ არა არსებითად.  ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამ პირობებში კი, აღნიშნული რესურსების ექსპორტიდან რუსეთის ეკონომიკა გაზრდილ შემოსავლებს იღებს.  ბლუმბერგის შეფასებით, მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ენერგო რესურსებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები 320.7 მლრდ აშშ დოლარითაა მოსალოდნელი, რაც გასულ წელს 235.6 მლრდ აშშ დოლარი იყო. მართალია, აშშ და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგო გამოცხადდა, მაგრამ მათი წილი რუსეთის ენერგო რესურსებში თითქმის უმნიშვნელოა და შესაბამისად, ხელშესახები შედეგი ვერ ექნება.     

 

ფიგურა 4: ფართო რეგიონის ქვეყნების მთლიანი საგარეო ვალის ფარდობა მშპ-სთან, 2020 წელი (%) 

წყარო: მსოფლიო ბანკი 

 

არსებული მდგომარეობა და მიმდინარე წლის პროგნოზები აჩვენებს, რომ ამ დროისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტია არ არის ის, რისი მოლოდინიც არსებობდა. ამის მიზეზი თავად სანქციები, მათი შერჩევითობა და რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურაა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები, ძირითადად, ფინანსურია, რომლის დაწესებაც შერჩევით მოხდა. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ხელს უწყობს ბოლო პერიოდის ტენდენცია. კერძოდ, საგარეო ფინანსური ნაკადების მკვეთრი კლება. 2015-16 წლებიდან რუსეთში სავალო და არა-სავალო ფინანსური ნაკადების დინამიკა მცირდება, რაც ქვეყნის მთლიანი ვალის შემცირებაზე აისახა. 2020 წლის მონაცემებით, რუსეთის მთლიანი საგარეო ვალი ეკონომიკის 32.7%-ია, რაც ფართო რეგიონიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რეგიონიდან ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია.

 

ფიგურა 5: რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი დამატებული ღირებულების განაწილება (%)

წყარო: რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახური; ავტორის გამოთვლები

 

ხსენებულიდან გამომდინარე, უპრიანია რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურის და სექტორული განაწილების განხილვა, რომლის ინდუსტრიალიზაციის დონე გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე მაღლაა. თუმცა, რეგიონიდან, მაგალითად, აზერბაიჯანის ეკონომიკაზე ნაკლებად ინდუსტრიული. ორივე ქვეყანა კი ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორია. რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით 1/3 ინდუსტრიული დარგების წილია, რომლის უდიდესი ნაწილი ნავთობის და გაზის სექტორს უჭირავს.  სწორედ ეს სექტორებია რუსეთის ეკონომიკის ბირთვი და საჯარო დანახარჯების უმნიშვნელოვანესი წყარო. ჯერ კიდევ 2002 წლიდან, როცა ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდებოდა, რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებში აღნიშნული სექტორის წილი მკვეთრი ზრდით ხასიათდებოდა. მაგალითად, 2004 წელს რუსეთის ბიუჯეტის 19.1% სწორედ ნავთობისა და გაზის სექტორიდან იყო, რომელიც 2021 წლის მონაცემებით, 40%-ს ფარგლებშია. ამ პერიოდში რუსეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. 1998-2008 წლებში რუსეთის რეალური ეკონომიკა 83.2%-ით გაიზარდა, რაც მომდევნო ათწლეულში 7.9% იყო.  შედარებისთვის, ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 82.9%-ით გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის კი  - 255.8%-ით. მომდევნო, 2008-17 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 40.6% იყო, რაც აზერბაიჯანში - 23.1%-ს აღწევდა. 

 

ფიგურა 6: რუსეთის სავაჭრო კალათის განაწილება, ქვეყნების მიხედვით, 2019 წელი (%)

წყარო: The Observatory of Economic Complexity

 

რუსეთის სექტორულ განაწილებაში ბუნებრივი რესურსები და წიაღისეულის მოპოვება გამოკვეთილია, რაც არა მხოლოდ ნავთობსა და გაზს, არამედ სხვა ენერგო რესურსებს (ქვანახშირი) და მეტალის მადნებს მოიცავს.  თუმცა, ძირითადი ნაწილი სწორედ ნავთობი და გაზის მოპოვება. აღნიშნულის წილი რუსეთის ეკონომიკაში მზარდია. მაგალითად, 2016-20 წლებში რუსეთის ეკონომიკაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში წიაღისეულის მოპოვების წვლილი საშუალოდ 11.3%-ია, რაც წინა პერიოდში, 2011-15 წლებში, 9.4% იყო. ეს არა სხვა სექტორების კლების, არამედ წიაღისეულის მოპოვების დარგის რეალური ზრდის ტემპის შედეგია. თუმცა, უშუალოდ მოპოვებული რესურსების გადამუშავება ადგილზე არ ხდება. მაგალითად, 2016-20 წლებში ნავთობპროდუქტების (გადამუშავებული) წილი დამატებულ ღირებულებაში 2.4%-ია, რაც წინა ხუთწლიან პერიოდში 2.7% იყო. ეს კი უფრო მეტად ადგილობრივი მოხმარებისაა, ხოლო რესურსების უდიდესი ნაწილი ექსპორტია, რომლის ბაზარი გამოკვეთილად ევროპის კავშირის ეკონომიკური ზონაა.   

 

ფიგურა 7: რუსეთიდან ენერგიის ექსპორტი, ძირითადი წყარო (ტერა ჯოული) 

წყარო: ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია, ენერგეტიკული ბალანსი

 

რუსეთის ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის წვლილი თვალსაჩინოა. საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბი მთლიანი ეკონომიკის 1/2 -ია, ხოლო ცალკე ექსპორტი კი თითქმის 1/3. შესაბამისად, საჯარო ფინანსებში ვაჭრობის როლი გამოკვეთილია. ექსპორტის დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები საგადასახადო შემოსავლების საშუალოდ 20%-მდე აღწევს. ხსენებულ მაჩვენებლებში ევროპის ერთიანი ზონის წილი მაღალია, რადგან სწორედ ევროპის საერთო ბაზარია რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ენერგო რესურსების მთავარი საექსპორტო ადგილი. თავად ევროპა კი მძიმედაა რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე დამოკიდებული. განსაკუთრებით გაზის ნაწილში, რასაც მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც ხელს უწყობს. შესაბამისად, რუსეთი ევროპისთვის კავშირისთვის რიგით მესამე საიმპორტო ეკონომიკაა. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის ღირებულება 108.0 მლრდ დოლარი იყო, რაც ამავე პერიოდში მთლიანად ამგვარი ექსპორტიდან შემოსავლების 45.8%-ია. ეს კი ასახავს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ენერგო რესურსების ძირითადი მომხმარებელი სწორედ ევროპაა.

ამდენად, რუსეთის ეკონომიკის შემდგომი განვითარება, დიდწილად, ევროპის კავშირზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ევროპა უარი თქვას რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე და კერძოდ, რუსეთიდან ენერგო რესურსების იმპორტზე. თუმცა, თავად ევროპის კავშირის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ არის, რადგან ვაჭრობაზე უარი ორმხრივ დანაკარგებს უკავშირდება. მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით გაზის ნაწილში, სხვა ექსპორტიორ ქვეყნებზე გადაწყობა ნაკლებად შესაძლებელია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Sabitova, N. and Shavaleyeva, C. (2015). Oil and gas revenues of the Russian federation: Trends and Prospects. Procedia Economics and Finance, 27, 423-428. https://doi.org/10.1016/S2212-5671(15)01016-3

Bloomberg News. (2022, April). Putin May Collect $321 Billion Windfall If Oil and Gas Keep Flowing. მოძიებულია: https://www.bloomberg.com/news/articles/2022-04-01/putin-may-collect-321-billion-windfall-if-oil-gas-keep-flowing 

International Monetary Fund. (1980–2026). World Economic Outlook Database, April 2022 (1.0) [World Economic Outlook Database]. მოძიებულია:  https://www.imf.org/en/publications/weo

Bank of Russia. (2022, April). Bank of Russia’s medium-term forecast. მოძიებულია: https://www.cbr.ru/Collection/Collection/File/40965/forecast_220429_e.pdf

World Bank. (2022, April). Europe and Central Asia Economic Update, Spring 2022 : War in the Region. Europe and Central Asia Economic Update;13. Washington, DC. მოძიებულია: http://hdl.handle.net/10986/37268

EBRD. (2022, March). EBRD sees war on Ukraine causing major growth slowdown. მოძიებულია: https://www.ebrd.com/news/2022/ebrd-sees-war-on-ukraine-causing-major-growth-slowdown.html

Bown, C. P. (2022). Russia’s war on Ukraine: A sanctions timeline. PIIE. მოძიებულია: https://www.piie.com/blogs/realtime-economic-issues-watch/russias-war-ukraine-sanctions-timeline

Eurostat. (2022, March ). Energy represented 62% of EU imports from Russia. მოძიებულია: https://ec.europa.eu/eurostat/en/web/products-eurostat-news/-/ddn-20220307-1

IEA (2021). World Energy Balances: Overview. მოძიებულია: https://www.iea.org/reports/world-energy-balances-overview


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია