პუბლიკაციები

მედია წიგნიერება - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი

ფოტო: iThrive Games

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო წყაროებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება მედია წიგნიერება. 1990-იან წლებში, შეერთებულ შტატებში მედია განათლების ხელშეწყობისთვის სამოქალაქო მოძრაობა დაიწყო. 1992 წლის დეკემბერში ასპენის ინსტიტუტის საზოგადოებრივი კომუნიკაციების პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა ეროვნული ლიდერობის კონფერენცია (National Leadership Conference on Media Literacy), სადაც მედია წიგნიერების ამჟამად ყველაზე გავრცელებული განმარტება აღიარეს, როგორც ინფორმაციაზე წვდომის, მისი ანალიზისა და სასურველი მიზნებისთვის შექმნის უნარი.  საზოგადოების ნაწილი მედია წიგნიერებას აღიქვამს, როგორც ტრადიციული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უნარს. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს, იგი ყველა საკომუნიკაციო არხით გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასაც გულისხმობს.

მედია, ინფორმაციის მისეული პერსპექტივით გავრცელებისას, მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესზე. იმისთვის, რომ ინდივიდი არაზუსტი ან დამახინჯებული ინფორმაციის ზეგავლენის მსხვერპლი არ გახდეს, საჭიროა კრიტიკული განსჯისა და სწორი ანალიზის უნარების გამომუშავება. მედია წიგნიერება მნიშვნელოვანია მოქალაქის ინფორმირებულობის ზრდისთვის, რათა მან შეძლოს დასაბუთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მასზე პასუხიმგებლობის აღება. სხვადასხვა ქვეყანაში ამომრჩევლების მედია წიგნიერების დონე განსხვავდება, რასაც, მეტწილად, ამ კუთხით ჩატარებული რეფორმებისა და აქტივობების სიმრავლე განაპირობებს. ქვეყანაში მაცხოვრებელთა მედია წიგნიერების დონეს მედია წიგნიერების ინდექსის გამოთვლით ადგენენ, რომელიც საზოგადოების ყალბი ინფორმაციის მიმართ რეზისტენტულობის ზოგად სურათს ასახავს.

 

მედია წიგნიერების ინდექსი და მისი დათვლის მეთოდოლოგია

მედია წიგნიერების ინდექსი (MLI) არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მედეგია ქვეყნის საზოგადოება ყალბი ინფორმაციის მიმართ. MLI ემყარება შემდეგ ძირითად კომპონენტებს: ზოგადი განათლების ხარისხი და მედია წიგნიერების დონე საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მედია წიგნიერების ინდექსი არაა უნივერსალურად აღიარებული საზომი და სხვადასხვა ორგანიზაცია და ინსტიტუტი შესაძლოა იყენებდეს განსხვავებულ მეთოდსა და ინდიკატორს მის გამოსათვლელად. ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ MLI შეიძლება არ აჩვენებდეს ქვეყნის მედია წიგნიერების სრულ და ამომწურავ სურათს, ვინაიდან ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მონაცემების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხსა და დაფარვის არეალზე. თუმცა, მსგავსი ტიპის შეფასებები მაინც ღირებულია იმ სფეროების აღმოსაჩენად, რომლებიც ყველაზე მეტად პრობლემურია.

ევროპის მასშტაბით, მედია წიგნიერების ინდექსს ბულგარეთის ღია საზოგადოების ინტიტუტი ადგენს. უფრო კონკრეტულად, იგი ქვეყნის განვითარების დონეს იკვლევს შემდეგ საკითხებში:

• პრესის თავისუფლების ინდექსი, რომელიც მომზადებულია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ (Reporters Without Borders – RSF) მიერ;

• PISA-ს ქულა წიგნიერების დონეში;

• PISA-ს ქულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნის დონეში;

• PISA-ს ქულა მათემატიკური ცოდნის დონეში;

• ხალხის ნდობა მედიის, მთავრობისა და საჯარო თუ არასამთავრობო უწყებების მიმართ.

იმის გამო, რომ ზემოაღნიშნულ ინდიკატორებს სხვადასხვა სიდიდის გავლენა აქვს მედია წიგნიერების დონეზე, მათ მინიჭებული აქვთ შესაბამისი წონა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი პრესის თავისუფლებისა და ზოგადი წიგნიერების ინდექსებია, შესაბამისად, მათ ყველაზე დიდი წონა აქვთ მინიჭებული. მედია წიგნიერების ინდექსს აღნიშნული მონაცემები გადააქვს 1-100 -მდე შკალაზე (ყველაზე დაბალი ქულიდან, მაღალისაკენ) და ქვეყნებს განალაგებს 1-41 სიაში, სადაც 2022 წლის მონაცემებით, პირველ ადგილს ფინეთი იკავებს. მას, თანმიმდევრულად, ნორვეგია, დანია და ესტონეთი მოსდევენ.

 

ცხრილი 1: მედია წიგნიერების ინდექსი - 2022

წყარო: Marin Lessenski, how it started, how it is going: media literacy index 2022, Open society institute Sofia, 2022

 

მედია წიგნიერება და საქართველო

საკითხის აქტუალურობის და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ უკვე არაერთი დასავლური ქვეყანა მედია წიგნიერებას სკოლაში ასწავლის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მსგავსი რამ დანერგილი არ არის. მართალია, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა და ისტორიის საგაკვეთილო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა პროპაგანდისტული კამპანიების სწავლებას, ვიზუალური წყაროს ისეთი სახეობების განხილვასა და ანალიზს, როგორებიცაა - პოლიტიკური კარიკატურები და სააგიტაციო პლაკატები, მაგრამ ეს ინფორმაცია განხილულია ზედაპირულად, როგორც ისტორიის ნაწილი, ხოლო სასწავლო პროცესის დროს, დღევანდელ რეალობაში მსგავსი კამპანიების პრევენციის ინსტრუმენტებზე და მისი გავლენისგან თავის დაცვის საშუალებებზე საუბარი არ მიმდინარეობს. 2022 წელს ბულგარეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში პირველად გამოჩნდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რომელიც 41 ქვეყანას შორის, 41-ე ადგილზეა. მედია წიგნიერების ინდიკატორებში საქართველოს საშუალო შედეგები აქვს. მაგალითად, პრესის თავისუფლების 100 ბალიანი სისტემაში საქართველოს შედეგი 59.3-ია, PISA-ს წიგნიერების დონეში კი საქართველომ 500 ქულიდან 380-ის მოგროვება შეძლო, თუმცა ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეს ქულები ბევრად დაბალია და შესაბამისად, საქართველო მედია წიგნიერების ინდექსის სიაში ბოლო ადგილს იკავებს.

მედია წიგნიერების დონის გაზრდა საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე პრიორიტეტად 2017 წლის ბოლოს დაისახა. „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედია წიგნიერების განვითარება გახდა კომუნიკაციების კომისიის ვალდებულება. დამტკიცდა მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამწლიანი სამოქმედო გეგმა, მედია წიგნიერების საკითხებზე მუშაობა დაევალათ საჯარო უწყებებსაც. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წელს დამტკიცებული 2021-2024 წლების კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესახებ დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ერთ-ერთ საფრთხედ საინფორმაციო ომი დასახელდა, ხოლო მისი აღმოფხვრის ინსტრუმენტად ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბება.

ამჟამად, მედია წიგნიერების სასკოლო სწავლებაში ინტეგრირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კომუნიკაციების კომისიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო პროექტი, რომელიც მედია წიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას გულისხმობს. ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს მედია წიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება, ხოლო შემდგომში მასწავლებელთა გადამზადებასთან ერთად შემუშავდება სასწავლო მასალა და სახელმძღვანელო, ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის. თუმცა, რა ეტაპზეა  პროექტი, ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი რთულია.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია, 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, არაფორმალური გზით ახალისებს ახალგაზრდებში მედია წიგნიერების განვითარებას. კომისია ატარებს სემინარებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი,“ რომელში მონაწილეობაც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, მათი დავალება კი ქართულ საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაა (რომელიც არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია). გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ქვეყანის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მედია წიგნიერების დონის ამაღლება საზოგადოებაში და შესაბამისად, უმჯობესია, თუ ზემოაღნიშნული გეგმები სწრაფად, უფრო მასშტაბურად და ეფექტიანად განხორციელდება. მით უმეტეს, რომ ასეთი რეფორმების წარმატებული მაგალითები არსებობს, რომლებსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ.

 

ბრძოლა ყალბ ინფორმაციასთან - მედია წიგნიერების სწავლების წარმატებული პრაქტიკები

ფინეთი

ფინეთში მედია-განათლების საწყისები 1950-იანი წლებიდან ჩნდება. იმ დროისათვის ფინურ სკოლებში დაინერგა აუდიოვიზუალური განათლება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ფილმების კრიტიკულ ანალიზს ასწავლიდნენ. სწავლების ამ მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ფილმის, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტის გამოყენება. 1990-იანი წლებიდან მედია-განათლება შეიცვალა ე.წ. კომუნიკაციური განათლებით, რომელმაც სწავლების პროცესში უკვე დამატებით ინტერაქციული ელემენტები, მედია პროდუქტის შექმნა და გადმოცემა შემოიტანა. რაც შეეხება რეფორმირებული მედია წიგნიერების დანერგვას სკოლებში, იგი 2000-იანი წლებიდან იწყება.

2010-იანი წლებიდან ფინეთში გახშირდა ყალბი საინფორმაციო კამპანიები იმიგრაციაზე, ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანებაზე. აღნიშნულის საპასუხოდ, ფინეთის მთავრობას არ დაუწყია მედიის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ მათ მედია წიგნიერების უფრო აქტიურად სწავლება დაიწყეს. ფინური განათლების ძლიერი მხარე ისიცაა, რომ მედია განათლების პროცესი სკოლამდელ პერიოდში იწყება, როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს: „დაცვის მთავარი ხაზი საბავშვო ბაღის მასწავლებელია“. სასწავლო მასალის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ, მათ შორის Faktabaari (Fact Bar) რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.

დღეისთვის, ფინურ სკოლებში მედია წიგნიერება გაერთიანებულია რამდენიმე საგანში, როგორებიცაა ფინური ენა, რომელშიც მოსწავლეები სიტყვებით მანიპულირებასა და მათი მნიშვნელობებით დაბნეულობის გამოწვევას სწავლობენ, ისტორია, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ სხვადასხვა პროპაგანდისტულ კამპანიებს, ხელოვნება, რომელშიც სურათებს აანალიზებენ და ამავდროულად მედია წიგნიერებას დამოუკიდებელ საგნადაც სწავლობენ.

მედია განათლება ფინეთში კონსტრუქტივისტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში. მათ შეუძლიათ გაავლონ პარალელები ყოველდღიურად მედიაში მიმდინარე პროცესებსა და იმ სასწავლო მასალას შორის, რომელსაც სკოლაში ეცნობიან. ეს მეთოდი მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, რომ მედიის მისეული გაგების უნარი გამოიმუშაოს და მხოლოდ მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ზედაპირულად არ დაისწავლოს.

ფინეთში დანერგილი მედია განათლების სასწავლო პროცესის დროს, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მედიის ეთიკის განხილვას. ეს მოიცავს მოსწავლეებისთვის სწავლებას, თუ როგორ იპოვონ მედიის წყაროები, როგორ ამოიცნონ და თავიდან აიცილონ დეზინფორმაცია და როგორ გამოიყენონ მედია პასუხისმგებლიანად. მეტიც, მედია განათლების საგნების სწავლებისას, მოსწავლეებს ასწავლიან როგორც მედია პროდუქტის მოხმარებას, ასევე წარმოებას, რაც გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობებით ვიდეოების, პოდკასტებისა და ვებ-გვერდების შექმნას. დამატებით, ფინური სკოლების ნაწილი აღჭურვილია მედია განათლების კაბინეტებით, რომლებსაც გააჩნია მედია პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული რესურსი.

 

გაერთიანებული სამეფო

მედია წიგნიერების განათლების სისტემაში იმპლემენტაცია ბრიტანეთში თანმიმდევრული პროცესი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. მედია განათლების დანერგვა თავდაპირველად ინგლისში დაიწყო, რომლის ეროვნული სასწავლო პროგრამა მედია წიგნების ელემენტებს 1980-იანი წლებისთვის უკვე შეიცავდა - სასკოლო საშუალო საფეხურზე ფილმების ანალიზის სახით.  დღეს, გაერთიანებული სამეფოს სრული მასშტაბით, სასწავლო გეგმაში უკვე მკაფიოდაა გამოხატული მითითებები მოსწავლეებისათვის მედიის ანალიზისა და კრიტიკის უნარის მისაცემად. ციფრული მედია წიგნიერება კი, ეროვნული პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს 2014 წლის შემდეგ შეუერთდა.

დასაწყისისთვის მედია განათლება ფოკუსირებული იყო მედიის ტრადიციულ ფორმებზე, როგორებიცაა ტელევიზია და ბეჭდური მედია. ინგლისური ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებს სთხოვდნენ სტატიებისა და რეპორტაჟების ლინგვისტურ ანალიზს. მას შემდეგ, რაც მედიის სამოქმედო არეალი ბეჭდურიდან ციფრულ სივრცეში გადავიდა, მედია წიგნიერების სწავლების მიზანიც შეიცვალა. სკოლებმა დაიწყეს ციფრული წიგნიერების განათლების ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში, რითაც მოსწავლეებს ციფრული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას მედიის შექმნისა და კომუნიკაციისთვის ასწავლიდნენ.

დიდ ბრიტანეთში მედია წიგნიერების ეროვნული პროგრამა 4 ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

1. წყაროები და მედია კონსტრუქციების წარმომავლობა, ანუ ვინ ქმნის მედიას?

2. დომინანტი ტექნიკები, რომელსაც მედია იყენებს იმისათვის, რომ დაგვაჯეროს საკუთარი წარმოდგენების სისწორე. როგორ იყენებს მედია ტექნოლოგიას, იმისთვის, რომ დაარედაქტიროს და წარმოადგინოს ინფორმაცია ისე, რომ იგი ძლიერად და დამაჯერებლად წარმოჩნდეს? როგორი გავლენა აქვს მასმედიის მიერ ინფორმაციის მისეული ხედვის გავრცელებას თვითონ ინფორმაციაზე - იცვლება იგი რამენაირად და თუ იცვლება - როგორ?

3. როგორია მედიის მიერ წარმოდგენილი რეალობის ბუნება? რა ღირებულებებია ნაგულისხმევი მედიის წარმომადგენლობაში და როგორ წარმოაჩენს იგი მსოფლიოს მახასიათებლებს.

4. როგორ იღებს და ესმის საზოგადოებას მედიის მიერ წარმოჩენილი რეალობა.

ბრიტანელებისთვის მთავარი მიზანი ის კი არ არის - ასწავლონ ბავშვებსა და ზრდასრულებს როგორ ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია, არამედ ხელი შეუწყონ ე.წ. „კრიტიკული ავტონომიის“ დამკვიდრებას - ინდივიდის უნარს კრიტიკულად განსაჯოს ნებისმიერი სახის მედია პროდუქტი (ბეჭდური თუ ციფრული).

ეროვნული სასწავლო პროგრამის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც მუშაობენ მედია განათლების სფეროში, ატარებენ პროგრამებს მასწავლებლების გადამზადებისათვის. ეს ორგანიზაციებია: Media Education Association (MEA), The Centre for the study of children, youth and Media (CCJM) და Centre for Literacy in Primary Education (CLPE). ისინი აქტიურად ამარაგებენ სკოლებს საჭირო მასალებითა და ინფორმაციით, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა მედია განათლების უახლეს წყაროებთან.

 

ესტონეთი

ესტონეთში მედია წიგნიერების, როგორც სასწავლო პროგრამის დანერგვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2007 წელს განხორციელდა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების ტალღა რუსეთის მიერ ესტონურ სამთავრობო, საბანკო და მედიის ვებ-გვერდებზე. აღნიშნულის პასუხად ესტონელებმა გააძლიერეს კიბერუსაფრთხოება, მედია წიგნიერების სწავლება კი სკოლებში დაიწყეს.

2010 წლის შემდეგ, ესტონურ საჯარო სკოლებში (საბავშვო ბაღიდან სკოლის დამთავრებამდე) ისწავლება მედია წიგნიერება სხვა საგნებთან, ძირითადად ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან და ისტორიასთან ინტეგრირებულად. მე-10 კლასში მოსწავლეები გადიან ასევე 35 საათიან სავალდებულო კურსს „მედია და გავლენა“. ესტონური განათლების პროგრამის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კრიტიკული განსჯა სხვადასხვა წყაროს საიმედოობასა და უტყუარობის შესახებ, მათ უნდა შეძლონ ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების ისე მოხმარება, რომ შექმნან, კომუნიკაცია ჰქონდეთ და გაიგონ ციფრული მედიის ეთიკური და მორალური არსი.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტრატეგიის გარდა, ესტონეთის მთავრობა აქტიურად აფინანსებს „მედია განათლების“ პროექტს, რომელიც მასწავლებლების გადამზადებას ითვალისწინებს, ასევე, ოქტომბერი მედია განათლების თვედაა გამოცხადებული, რომლის მიზანიც სხვადასხვა პროგრამებითა და აქტივობებით საზოგადოებაში მედია წიგნიერების დონის ამაღლებაა. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩართულია მედია წიგნიერების ინიციატივებში, რომლებიც, თავის მხრივ, ახალგაზრდებისათვის მედიისა და ჟურნალისტიკის როლის სწავლებას ითვალისწინებს.

ესტონეთის განათლების სისტემა ასევე ცნობილია ელექტრონული სწავლების ინიციატივებითა და ინოვაციებით, რომლის ხელშეწყობაც ესტონეთის განათლების 2021-2035 სტრატეგიაშიც შედის. შესაბამისად, ბევრი სკოლა იყენებს ციფრულ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც ხელს უწყობს მოსწავლის ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, ეს კი ასევე ციფრული წიგნიერების წამახალისებელი ფაქტორიცაა. 

 

შვედეთი

შვედურ სკოლებში მედია წიგნიერების სწავლების ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა მთავრობამ მოსწავლეებისთვის მედიის კრიტიკული ანალიზის უნარის მნიშვნელობის გაანალიზება დაიწყო. ეს ქმედება მეტწილად ტელევიზიისა და მასმედიის სხვა საშუალებების გავლენის ზრდით იყო განპირობებული.

1980 და 1990-იან წლებში, მედია წიგნიერება უკვე ინტეგრირებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში. შვედეთის განათლების ეროვნულმა სააგენტომ (Skolverket) შეიმუშავა მედია წიგნიერების სწავლების ინსტრუქცია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, რაც მოიცავდა სწავლებას სხვადასხვაგვარი გადასახედიდან თითოეული კლასისთვის. მედია წიგნიერების სწავლება ინტეგრირებული იყო ისეთ საგნებში, როგორებიცაა მხატვრული ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ძირითადად იმისკენ იყო მიმართული, რომ მოსწავლეების ჩართულობა მედიაში გაზრდილიყო და მათ მედიის წარმოების უნარების გამოემუშავებინათ. 2000-იანი წლების შემდეგ, მედია წიგნიერების სწავლების მეთოდები იცვლებოდა, რათა ახალ მედიასივრცეს მორგებოდა, რაც სოციალური მედიის გამოჩენამ და მოსახლეობის მიერ ინტერნეტის აქტიურმა მოხმარებამ განაპირობა.

შვედეთის მთავრობის დირექტივა „პოლიტიკა ცოცხალი დემოკრატიისათვის“ ამტკიცებს, რომ ციფრული მედიის ხშირი გამოყენება მედიის ლოგიკისა და ფუნქციის გააზრების საჭიროებებს ბადებს. ეს ეხება იმ უნარების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება და ასიმილაცია, შინაარსის ანალიზი და მედიის პროდუქტის შექმნა. შვედეთის განათლების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების განვითარების სტრატეგიის შემუშავება,  რაც იმისკენაა მიმართული, რომ მოსწავლეებს ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი მოხმარების უნარი გამოუმუშავოს, ეს კი თავის მხრივ, პირადის სივრცის უსაფრთხოების დაცვის, წყაროების კრიტიკისა და საავტორო უფლებების დაცვის ცოდნას გულისხმობს.

 

***

განათლების რეფორმაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რთულია მასში განხორციელებული ცვლილებების შედეგის მოკლევადიან პერიოდში დანახვა. მედია წიგნიერების, როგორც თითოეული მოქალაქისათვის უაღრესად საჭირო უნარის სერიოზულად აღქმა, ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში დაიწყო. ეს უკანასკნელი კი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მედია წიგნიერების მიმართულებით განათლებას თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს მოცული. დღეისთვის საქართველოს მოსახლეობაში დეზინფორმაციის საფრთხის წინაშე დაუცველია საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ფენა, ვინაიდან განათლების არცერთ საფეხურზე არ მიგვიღია საჭირო ცოდნა მედია განათლების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება იმ თაობაში, ვინც საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს, მაშინდელ პროპაგანდას ყოველდღიურ რეჟიმში იღებდა. მედია წიგნიერების საკითხი პრობლემაა ახალგაზრდებშიც, ასევე ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთა უმრავლესობაც, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, რუსული პროპაგანდისტული მედიის გავლენის ქვეშ უფრო მარტივად ექცევა. აღნიშნულ გამოწვევებს ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ინდექსიც ადასტურებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა ყველა ასაკობრივ ჯგუფთან მიდიოდეს და რა თქმა უნდა, მოხდეს მისი ინტეგრირება სწავლების ყველა საფეხურზე.

როგორც ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებულ დასავლურ პრაქტიკებში ვხედავთ, მედია წიგნიერების სწავლების პროცესის ორგანიზებაში დიდ როლს თამაშობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ქართული არასამთავრობოების შეფასებით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის გარეშე, რთულია მოხალისეობრივად მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიზიდვა მათ ტრენინგ პროგრამებზე. ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობდეს ყველა არსებული რესურსის გამოყენებას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაზრდას მედია წიგნიერების სწავლების სკოლებში დანერგვის პროცესში.

დეზინფრომაციასთან ბრძოლის დროს, მედიის თავისუფლების ნაწილობრივ შეზღუდვის პრაქტიკა ევროპული ქვეყნების მიერ უკიდურეს სიტუაციებში გამოიყენება. მაგალითად, 2022 წლის მარტში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ სამთავრობო არხებს მათ ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება შეუჩერეს. თუმცა, ამ ქვეყნებისთვის ბრძოლის მთავარ და ყველაზე ეფექტურ საშუალებად მედია წიგნიერების სწავლება რჩება, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების გარანტირებულობას და ამავდროულად, ხელს უწყობს საზოგადოების მედეგობის ამაღლებას ყალბი ინფორმაციის მიმართ.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

გიორგი ბაწაშვილი