პუბლიკაციები

რატომ არ წარმოადგენს ბანკების გაკოტრება საფრთხეს ეკონომიკური სტაბილურობისთვის

ფოტო: Asian Development Bank

2023 წლის დასაწყისი საბანკო სექტორისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკები - Silicon valley Bank და Signature Bank, რომელთაგან პირველი - 4, ხოლო მეორე - 2 ათწლეულის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ და შეერთებული შტატების ბაზრის დაახლოებით 1.5%-იანი წილი ეკავათ, გაკოტრდნენ, ხოლო შვეიცარული ბანკი - Credit Suisse კოლაფსის წინაშე დადგა. შეერთებული შტატების ბანკებისაგან განსხვავებით, Credit Suisse შვეიცარიის მთავრობისაგან მიღებული გარანტიების შემდეგ, შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBS-მა იყიდა. ამ მოვლენების კვალდაკვალ, საზოგადოებაში გამძაფრდა ფიქრი იმაზე, რომ ბანკების კოლაფსის თავიდან აცილება აუცილებლობას წარმოადგენს ეკონომიკის მდგრადობისათვის და თანაც, ხელისუფლება ვალდებულია შესაბამისი ინტერვენციით შეაჩეროს იგი. თუმცა არამხოლოდ საზოგადოებაში, მეინსტრიმულ ეკონომიკურ თეორიებშიც დომინირებს აზრი, რომ ბანკების გაკოტრება არსებითად ცუდი მოვლენაა. ეს აზრი ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ბანკები ფინანსური სისტემის ფუნქციონირების პროცესის განუყოფელი ნაწილია და მათ გაკოტრებას, დომინოს ეფექტით, ეკონომიკის ჩამოშლა მოჰყვება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბანკების გაკოტრებას ფინანსური სისტემის სიჯანსაღისათვის დადებითი ეფექტის მოტანაც შეუძლია.

ბანკები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი, ბაზრის ძალაუფლების გავლენის ქვეშ არიან და ცხადია, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში გაკოტრდებიან. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნულ პროცესს მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური გავლენის მოტანა შეუძლია, იგი სწრაფი ზრდისა და კლების ციკლის ბუნებრივი ნაწილია (Boissay et al., 2016), რაც ძირითად შემთხვევაში, საბაზრო ეკონომიკებს ახასიათებს. არასწორად მართული და შემოსავლების არმქონე ბანკების გაკოტრებაში ჩაურევლობა, თავისთავად ათავისუფლებს ადგილს უფრო წარმატებული ინსტიტუტების გამოსაჩენად. საბანკო სექტორის დანარჩენ ნაწილს კი ეძლევა შესაძლებლობა შესწორება შეიტანოს მის მიერ განსაზღვრულ საბაზრო პოლიტიკაში, რაც ბაზარზე არსებული რესურსების უფრო პროდუქტიულ გამოყენებას უწყობს ხელს.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის განმარტებით, ფინანსური სტაბილურობა არ გულისხმობს გაკოტრების თავიდან აცილებას და ადამიანებისათვის ფულის გამომუშავებისა თუ დაკარგვისთვის ხელის შეშლას - „ფინანსური სტაბილურობა ნიშნავს ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელსაც ფუნქციონირება შეეძლება კარგ და ცუდ პირობებში. იგი არ გულისხმობს გაკოტრების თავიდან აცილებას და ადამიანებისათვის ფულის გამომუშავებისა თუ დაკარგვისთვის ხელის შეშლას“.  საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსურ სტაბილურობას შემდეგნაირად განმარტავს: „ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას შესწევს უნარი ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება როგორც კარგ, ასევე სტრესის პირობებში“. მიუხედავად განმარტებაში იმის აღნიშვნისა, რომ მდგრადი ფინანსური სისტემა არ გამორიცხავს ფინანსურ სირთულეებს რომელიმე ცალკე აღებულ ინსტიტუტში, ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკა საბანკო კოლაფსის დროს ინტერვენციასთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული არ არის.

თუ სახელმწიფოს მიერ არჩეული ეკონომიკური კურსი ეფუძნება საბაზრო პრინციპებს, მაშინ ბიზნესს გადაწყვეტილებების მიღება კონკურენტუნარიან გარემოში უნდა უწევდეს, სადაც გაკოტრება ბუნებრივი მოვლენაა. თავის მხრივ, ეს იმასაც გულისხმობს, რომ კომერციულმა ბანკებმა დამოუკიდებლად შეძლონ რისკების აღმოჩენა და შეფასება, რათა თავიდან აიცილონ საბანკო კოლაფსი. თუ ბაზარზე არსებული მოთამაშეებიდან გრძელვადიან პერიოდში არცერთი არ კოტრდება, ბანკები იწყებენ  რისკების ნაკლები სიმკაცრით შეფასებას, რაც მაგალითისათვის მეტი სარისკო სესხის გაცემით გამოიხატება. ასეთ დროს, პოლიტიკოსები და ფინანსური რეგულატორები საბანკო სექტორში კოლაფსის არ არსებობას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ და საზოგადოების ყურადღებას მიმართავენ მათი არასწორი დასკვნისკენ, რომ საბანკო სექტორის სიჯანსაღის გამო, კაპიტალისა და რისკის მართვის პროცესი ნაკლებად მკაცრი უნდა გახდეს, რასაც, საბოლოოდ, ერთის ნაცვლად ბევრი ბანკის გაკოტრებამდე მივყავართ, ისევე როგორც ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა.

როდესაც ცენტრალური ბანკი ახორციელებს ინტერვენციას ფულადი დახმარებებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით, იზრდება საფრთხე იმისა, რომ წახალისდეს საბანკო სექტორის  მიერ სარისკო ქმედებების გაძლიერება მომავალში (Wall, L. D. 2012). გაკოტრების პირას მყოფი ბანკებისთვის ხელის შეწყობით ცენტრალური ბანკი ბადებს მორალურ საფრთხეს (ოპორტუნიზმი). თუ ბანკმა იცის, რომ მთავრობა, კრიზისის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას, მათი პოლიტიკა შეიცვლება რისკების სიჭარბისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გახშირებისკენ. ეს არა მხოლოდ უსამართლოა მოსახლეობის უმეტესობის მიმართ, რომელთაც საბოლოოდ უწევთ ბანკებისათვის გაწეული ფინანსური დახმარების ფასის გადახდა, არამედ იკვრება ციკლი, სადაც ცენტრალურ ბანკს მოუწევს ბანკებისათვის ფინანსური დახმარების მუდმივად გაწევა. ამას კი ეკონომიკისათვის ბევრად უფრო დამანგრეველი ეფექტის მოტანა შეუძლია, ვიდრე რომელიმე ბანკის გაკოტრებას (European Central Bank, 2017).

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის დახმარებით, დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ბანკებს შორის ურთიერთკავშირი რეგულაციების მეშვეობით კონტროლდება, რომლებიც ხელს უწყობენ ერთი ინსტიტუტის გაკოტრების შედეგად სისტემური კოლაფსის თავიდან აცილებას. ასევე, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გატარებული ბაზელის რეფორმების შედეგად, აღნიშნული რეგულაციები დაიხვეწა და ითვალისწინებს მეტად შორსმჭვრეტელი, გამჭვირვალე და  რისკებისაგან თავის არიდების პოლიტიკის დანერგვას, რაც წინასწარ უზრუნველყოფს სისტემური კოლაფსის აცილებას ცენტრალური ბანკის მხრიდან დამატებითი ჩარევის გარეშე (Wall Street Reform: The Dodd-Frank Act, n.d.). ბოლოს კი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ კონკურენციის ახალი წყაროს გაჩენას შეუწყო ხელი, რაც კიდევ უფრო ამცირებს სისტემური რისკების წარმოქმნის შანსებს (World Bank Group, 2023).

საბოლოო ჯამში, ბანკების ბანკროტზე გასვლა, არაა ისეთი მოვლენა, რომელიც შიშს და მისი თავიდან არიდების გზების ძიების სურვილს უნდა ბადებდეს. იგი თანამედროვე ბიზნეს ციკლის ბუნებრივი ნაწილია და დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია ფინანსური სისტემის სიჯანსაღისათვის, რაც მის ერთგვარ მარეგულირებელ ფუნქციაში გამოიხატება, რომ ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრება ბაზარზე არსებულმა მოთამაშეებმა აღიქვან, როგორც გამოსაფხიზლებელი შეტყობინება რისკების ხელახლა შესაფასებლად და გადაწყვეტილებების სწორად მისაღებად, აღნიშნული კი, თავისთავად, გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

გიორგი ბაწაშვილი