პუბლიკაციები

შიშის პოლიტიკა - საქართველოს ხელისუფლების მთავარი საყრდენი

ფოტო: Getty Images - iStockphoto

ავსტრიელი ლინგვისტი, კრიტიკული დისკურს-ანალიზის ერთ-ერთი გამორჩეული კონტრიბუტორი რუთ ვოდაკი პოლიტიკაში დაშინების სტრატეგიის გამოყენებას აღწერს. თავის წიგნში „შიშის პოლიტიკა“ (The Politics of Fear, 2015), რომელიც პოპულისტი პოლიტიკოსების საჯარო კომუნიკაციას და მათ დისკურსებს ეხება, ვოდაკი გვაჩვენებს, თუ როგორ აშინებენ ისინი საზოგადოებას სხვადასხვა უმცირესობებით, როგორიცაა მაგალითად ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და ა.შ. პოპულისტები ამ უმცირესობებს წარმოაჩენენ კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემის სათავედ და საფრთხედ „ჩვენთვის“, „ჩვენი ერისთვის“, „ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის“. სწორედ ამ გზით ფორმირდება „შიშის პოლიტიკა“.

ვოდაკის თქმით, მემარჯვენე პოპულიზმი არ გულისხმობს მხოლოდ რიტორიკის ფორმას, არამედ მის სპეციფიკურ შინაარსს: პოპულისტური პოლიტიკური პარტიები წარმატებით აყალიბებენ შიშს, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა რეალურ ან წარმოსახვით საფრთხესთან - სთავაზობენ საზოგადოებას „განტევების ვაცებს“, რომლებსაც დაადანაშაულებენ ქვეყნისთვის ზიანის მოტანაში. ამისთვის, საჭიროა ისეთი სუბიექტები -„სხვები“ - რომლებიც უნდა გარიყო, მათი განსხვავებულობის, დევიანტობის გამო. პოპულისტი ლიდერები მარტივ, მკაფიო და მზა პასუხებს გვთავაზობენ საზოგადოებაში არსებულ ყველა შიშსა თუ გამოწვევაზე შემდეგი პრესპექტივით - უნდა შექმნა განტევების ვაცები, მტრის ხატები და ტრადიციულ-კოლექტივისტური სტერეოტიპების გამოყენებით უნდა ებრძოლო მათ. განტევების ვაცები სხვადასხვა საზოგადოებასა და კონტექსტში სხვადასხვაა - „ხანდახან ისინი არიან ებრაელები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები ან სხვა უმცირესობები, ხან კაპიტალისტები, სოციალისტები, კარიერაში წარმატებული ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, აშშ ან კომუნისტები, მმართველი პარტიები, ელიტები, მედია და ა.შ. „ისინი“ არიან უცხოები, განსაზღვრული რასით, რელიგიით ან ენით... სტრატეგიები, როგორიცაა „მსხვერპლი-მოძალადის შებრუნება“, „განტევების ვაცების“ ძიება და „შეთქმულების თეორიების შეთხზვა“, პოპულისტური დისკურსის აუცილებელი მდგენელია. მოკლედ, ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება პოტენციურად იყოს წარმოჩენილი როგორც სახიფათო „სხვა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვოდაკის ინტერპრეტაციით, ტერმინი მემარჯვენე პოპულიზმი გულისხმობს ისეთ პოლიტიკურ სტილს, რომელიც მოიაზრებს არა ერთ, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას - ვხვდებით როგორც მემარცხენე პოპულისტურ, ისე მემარჯვენე პოპულისტურ პოლიტიკურ პარტიებს.

ევროპაში პოპულიზმის პრობლემაზე 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობდა ნიდერლანდელი სოციოლოგი და პოლიტიკური მიმომხილველი დიკ პელსიც. მისი თქმით, „ზოგიერთი ევროპული დემოკრატიაც კი, ავლენს პრო-ტოტალიტარულ ტენდენციებს, რომელიც აღარ იკვებება შიშველი რეპრესიებით, არამედ დემოკრატიული უმრავლესობის რბილი ძალადობით. იტალია ბერლუსკონის დროს, უნგრეთი ორბანის ლიდერობით, სლოვაკეთი ფიცოს მეთაურობით, პოლონეთი 2005-2007 წლებში და ისევ 2015 წლის ბოლოდან, გვთავაზობენ არალიბერალური „სამთავრობო პოპულიზმის“ მაგალითებს, რომელიც ძირს უთხრის ძალაუფლების დანაწილებას, საფრთხეს უქმნის პრესისა და სასამართლოს თავისუფლებას და ზიზღით ეპყრობა უმცირესობებსა თუ მიგრანტებს“. ეს ავტორიც ხაზს უსვამს „უცხოთა“ შიშის კულტივირების, ანუ საზოგადოების შიშებით მართვის საკითხს.

ჯავანბახტი შიშის პოლიტიკას ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან მიმოიხილავს. მისი თქმით, შიში, ფაქტობრივად, ისეთივე ძველია, როგორც სიცოცხლე დედამიწაზე. ის ღრმად არის ფესვგადგმული ცოცხალ ორგანიზმებში, რომლებიც გადაურჩნენ გადაშენებას ევოლუციის შედეგად. მისი ფესვები ღრმაა ჩვენს ძირითად ფსიქოლოგიურ და ბიოლოგიურ არსებაში. დემაგოგები ყოველთვის იყენებდნენ შიშს ქვეშევრდომების დასაშინებლად. შიში არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ლოგიკის დაბინდვა და მათი ქცევის შეცვლა.

ჯავანბახტის თქმით, „ჩვენსა“ და „მათ“ შორის მკაფიო საზღვრის გავლებით ანუ წინააღმდეგობრივი მხარეების შექმნითა და ტომობრივი კედლის აგების გზით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ძალიან კარგად მოახერხა ადამიანთა ვირტუალური ჯგუფების შექმნა, რომლებსაც ხშირად არ აქვთ უშუალო კონტაქტი, თუმცა სძულთ ერთმანეთი. „სხვების“, „განსხვავებულის“ მიმართ შიშის ადამიანური მიდრეკილება კარგი ნიადაგია პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც საზოგადოების დამორჩილება უნდათ. „თუ გაიზარდე მხოლოდ შენნაირი ადამიანების გარშემო, მოუსმინე მხოლოდ ერთ მედიასაშუალებას და გაიგე მოხუცი ბიძისგან, რომლის აზრითაც, ვინც სხვანაირად გამოიყურება ან ფიქრობს, სძულხარ და შენთვის საშიშია, მაშინ ბუნებრივი შიში და სიძულვილი იმ უხილავი ადამიანების მიმართ გასაგები (მაგრამ სახიფათო) შედეგია... როდესაც დემაგოგები ახერხებენ ჩვენი შიშიების მართვის მექანიზმის ხელში ჩაგდებას, ჩვენ ვუბრუნდებით ალოგიკურ, ტომობრივ და აგრესიულ ადამიანურ ცხოველებს და თავად ვხდებით იარაღები, რომლებსაც პოლიტიკოსები იყენებენ საკუთარი დღის წესრიგისთვის“ - წერს ჯავანბახტი.

საზოგადოების შიშით მართვის პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, დღეს უპრეცედენტოდ აქტუალურია ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ავტორთა მიგნებებში მკითხველი, ალბათ, ბევრ სახასიათო მსგავსებას აღმოაჩენდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიტორიკასთან. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, შიშის პოლიტიკის ქართული ვერსიისა და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ცხადი მაგალითის განხილვა, რათა ერთ დღესაც, სწორედ შიშის მზაკვრული ბუნებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ჭეშმარიტებად არ იქნას მიღებული ისეთი აბსურდული დისკურსები, როგორიცაა „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“, „გლობალური ომის პარტია“, „სატანისტი“ მომიტინგე ახალგზარდები, „ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა“ და ა.შ. ყველა მათგანი შიშის პოლიტიკის მკაფიო პრაქტიკული გამოვლინებაა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაარსობრივად ახლოს დგას ან ზუსტად იგივეა, რასაც წლების განმავლობაში საქართველოში რუსული პროპაგანდა და მისი გამხმოვანებელი სუბიექტები აკეთებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შეჭრისა და საერთაშორისო კონიუნქტურის შეცვლის შემდეგ, მსგავსი რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.

უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში გაჩნდა და სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, არასაკმარისია. ამავდროულად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკის ვექტორის თანდათანობითი ცვლილება, რაც დასავლეთთან დისტანცირებასა და რუსულ ორბიტასთან დაახლოებაში გამოიხატება. საქართველოს მთავრობის საუბრის ტონი და ქცევა სულ უფრო მისაღები ხდება რუსეთის ფედერაციისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ამ ტენდენციის გადასაფარად, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებში გამოჩნდა იარლიყი „ომის პარტია“, რომელიც პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანის, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ რიტორიკის თანახმად, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულმა საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს, ყველას „ომი და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდა“.

საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლების მსგავსი პოზიციონირებისა და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ კრიტიკის მოსმენა უწევს დასავლელი პარტნიორებისგან. ამის საპასუხოდ კი, იგი მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გატარების ან თუნდაც კრიტიკაზე თავდაცვის რეჟიმში ყოფნის ნაცვლად, თავს ესხმის ქვეყნის მეგობრებს - აშშ-სა თუ ევროკავშირის ცალკეულ წარმომადგენლებს. მას შემდეგ, რაც 2022 წელს საქართველომ (განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვასგან) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამნაშავეს ეძებს ყველგან, გარდა საკუთარი თავისა. მას სურს დაგვაჯეროს, რომ სტატუსის ვერ მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების, დემოკრატიის დაბალი ხარისხის ან არაფორმალური მმართველობის ბრალი კი არაა, არამედ დასავლეთის ერთგვარი სასჯელია საქართველოსთვის, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთო. ამის ნათელი მაგალითია ის არაეთი განცხადება თუ ირიბი მინიშნება, თითქოს „გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა უნდათ“. ეს აბსურდული თეორია კი, რომლის მიზანია მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აარიდოს და „მშვიდობის დამცველად“ წარმოაჩინოს, თავიდან ბოლომდე ომის შიშზეა დაფუძნებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ დასავლელი მეგობრების კრიტიკა უსამართლოა და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარი თქვეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ტერმინი „გლობალური ომის პარტია“, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ჩვენი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს. შეიძლება სასაცილოდაც კი ჟღერდეს იმის სერიოზულად მტკიცება, რომ სინამდვილეში „გლობალური ომის პარტია“ არ არსებობს. ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც კი, მასზე დეტალურ საუბარს ერიდებიან. ამის მიზეზი მარტივია, მათ არ შეუძლიათ დაასახელონ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია“? ვინ მართავს მას? რატომ მოქმედებს ის მაინცდამაინც საქართველოს წინააღმდეგ? ცალსახაა, რომ ეს უბრალოდ პროპაგანდისტული ტერმინია, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა და რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების რუსეთთან ომით შეშინებაა. მიუხედავად მისი აბსურდულობისა, ამ კონსპირაციის გამავრცელებლებს სწამთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მსგავსი რიტორიკით შეაშინებენ, ასევე დასავლურ ორგანიზაციებს შეაძულებენ და ხალხიც, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი ამჟამად პრო-დასავლურია, ომის შიშით ხელისუფლების ყველა არადემოკრატიულ თუ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დუმილით შეხვდება.

უნდა ითქვას, რომ ომის შიში საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად ბუნებრივია, რადგან კარგად გვახსოვს ჯერ 1990-იანი წლები, ხოლო შემდეგ 2008 წელი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამ შიშის გაღვივებას და მისით საზოგადოების მანიპულირებას ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა მოქალაქეებმა ვერ გაიაზრონ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის განზრახვა სრულებით არ აქვს (რაც არაერთხელ, სრულიად ცალსახად დაადასტურა ჩვენი ქვეყნის არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა) და მეტიც, არც არაფერში სჭირდება.

შიშის პოლიტიკის ნათელ გამოვლინებად იქცა 2023 წლის მარტში, შინაარსობრივად რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების „სატანისტებად“ წარმოჩენის მცდელობა. საპროტესტო აქციების კომენტირებისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ მსგავს „საფრთხეზე“ გაამახვილა ყურადღება. „ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. სწორედ აქ ვლინდება საზოგადოების „უცხოებით“, „სხვებით“ დაშინების მცდელობა, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები „სატანისტები“ იყვნენ, რეალურად კი, არავინ იცის რა შინაარსია ამ იარლიყის უკან.  პრემიერის ამავე განცხადებაში, რომლის გზავნილებს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სახელისუფლებო პროპაგანდა თვეების განმავლობაში იმეორებს, ფიგურირებენ „ფრანკლინის კლუბის“ ახალგზარდები, რომელთა მიზანი თითქოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და ანარქიაა. ესეც, იმ ნაცადი სტრატეგიის ნაწილია, რასაც მოქალაქეების „ჩვენიანებად“ და „უცხოებად“ დაყოფა ჰქვია, როდესაც იმ „უცხოების უნდა გეშინოდეს“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები სულ უფრო ემსგავსება წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების გზავნილებს იმის შესახებ, რომ უმცირესობები, განსაკუთრებით კი სექსუალური უმცირესობები, საფრთხეს წარმოადგენენ „ეროვნული იდენტობისთვის“, „ქართული ტრადიციებისთვის“, „ეკლესიისთვის“ და ა.შ. ამ პოპულისტურ მიდგომას და „განტევების ვაცის“ ძიებას სახელისუფლებო პროპაგანდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიუბრუნდა და ამ ყველაფერს ის ირიბად დასავლეთთან აკავშირებს. ის დასავლეთს წარმოაჩენს ლგბტქ+ „პროპაგანდის“ მხარდამჭერად და გამავრცელებლად. ამ ყველაფრის მიზანი კი, ერთგვარი ნიადაგის შემზადებაა იმისთვის, რომ თუ წლის ბოლოს საქართველო (ზემოთ ნახსენები არაერთი პრობლემის გამო, რაც ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებას აშორებს) ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ქართულ საზოგადოებაში პროტესტი არ გაჩნდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებში იმდენად მოახდინოს ევროპისა და ევროკავშირის დისკრედიტაცია, რომ ხელიდან გაშვებული ისტორიულ შესაძლებლობაზე აღარ იღელვონ. სწორედ ამისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იპოვა ე.წ. „განტევების ვაცი“ - სექსუალური უმცირესობები, რომლებიც საქართველოში (და არა მხოლოდ) ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და მათ წარმოაჩენს უდიდეს საფრთხედ ქვეყნისთვის. ისე, როგორც ზემოთ მოხმობილი ავტორები აღწერენ, „ქართული ოცნების“ რიტორიკა საზოგადოებას ჰყოფს „ჩვენიანებად“ და „სხვებად“. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაიცულად, პროპაგანდისტილი მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო ყველანი უნდა დავემოჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული რომ ამას ანგარიაში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს, ისე აღარ იქნება როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრაველობის ბედს, როცა ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყველტილებას იღებდენ საქართველოში“.

ზემოაღნიშნულის კიდევ ერთი გამოვლინებაა სულ ახლახან  „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც ერთი წინადადების გამო აგორდა და გარკვეული პერიოდით ქვეყნის მთავარ დღის წესრიგად იქცა. კერძოდ, „მაკდონალდსის“ ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ბედნიერი მკითხველების“ პროგრამის ფარგლებში, Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუში ბავშვებს სთავაზობს „პატარა ადამიანები, დიდი ოცნებები“ სერიის წიგნებს, რომლებიც გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ბროშურა მუსიკოსებს - არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს - ეძღვნება. ამ უკანასკნელის ბიოგრაფიაში წერია, რომ „დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“. სწორედ ეს უკანასკნელი ფრაზა იქცა „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარ მაშველ რგოლად და დამატებით „არგუმენტად“ იმ პოპულისტურ კამპანიაში, რომელიც ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურია - თითქოს დასავლური ქვეყნების ახალგაზრდები „ლგბტ კამპანიის მსხვერპლნი“ არიან. „მაკდონალდსის“ ამ ბროშურას გამოეხმაურა ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, მისი მხარდამჭერები, სახელისუფლებო მედია და ა.შ. მათი გზავნილების ძირითადი კონტექსტი კი, სწორედ მსგავსი ინფორმაციისგან ბავშვების დაცვის ვალდებულებასა და „სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის“ გამავრცელებელი სუბიექტებისგან თუ სახელმწიფოებისგან დისტანცირებას გულისხმობდა.

მაგალითად, ზემოაღნიშნულ ფაქტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასე გამოეხმაურა: „გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა და იმედია, გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები“. თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი, განაცხადა, რომ „ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ პროპაგანდის შესაძლებლობა“.

შეჯამებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „შიშის პოლიტიკა“, რომელიც 2022 წლამდე ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით ზემოქმედებდა საზოგადოებაზე, ახალ საფეხურზე გადავიდა. „ქართული ოცნების“ რიტორიკაში დამკვიდრდა „შიშის პოლიტიკის“ ახალი ინსტრუმენტები. კერძოდ, ის, რომ „დასავლეთს და გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა სურს“; ქვეყნის შიგნით, ხელისუფლების წინააღმდეგ „სატანისტები“, „ანარქისტები“ და „ომის პარტიის მხარდამჭერები“ იბრძვიან; ქართული ტრადიციები კი, მიზანმიმართულად ზიანდება „ლგბტ პროპაგანდის“ გამავრცელებელთა მიერ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანა უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა, მაგალითად, სიღარიბე, ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება, განათლების დაბალი დონე, რუსული ოკუპაცია და ბევრი სხვა. ამ ყველაფრის პასუხად კი, ხელისუფლება ქვეყნის მთავარ პრობლემად „სექსუალური უმცირესობების პროპაგანდას“ წარმოაჩენს. ეს მიდგომა ნათლად გამოვლინდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, დღეს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს ლიბერალიზმი წარმოადგენს“.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე