პუბლიკაციები

ყარაბაღის კონფლიქტის ანატომია (ნაწილი 2): რატომ არ დგება ზავი?!

ფოტო: Associated Press

2020 წლის 9 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მე-13 დღეს, ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხური მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში და განაცხადა, რომ ამ მოვლენებიდან ზუსტად ერთი წლით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღს სომხეთი უწოდა. მისივე მოსაზრებით, ამით ფაშინიანმა გაანადგურა დავის გადაწყვეტის მშვიდობიანი მექანიზმი და საფუძველი აბსოლუტურად გამოაცალა მადრიდის პრინციპით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. ალიევმა იქვე დასძინა, რომ მიუხედავად სომეხ კოლეგასთან არაერთი შეხვედრისა, რაც, გარკვეული თვალსაზრისით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის იმედს აჩენდა, უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ისინი (სომხური მხარე) ყარაბაღის დათმობას არ აპირებდნენ, შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას აზრი ეკარგებოდა. კითხვაზე აპირებს თუ არა აზერბაიჯანი გაჩერებას, ალიევმა უპასუხა: „მიმდინარე წელს სომხეთი 3-ჯერ დაესხა ჩვენს ტერიტორიებს - ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში, მას შემდეგ რაც ჩვენ ვუპასუხეთ ბრძოლის ველზე, მათ დაიწყეს ყველგან დარეკვა თხოვნით - „შეაჩერეთ აზერბაიჯანი“… ჩვენ გვინდა შეჩერება, მაგრამ, ამავდროულად, გვინდა შეჩერდეს ოკუპაციაც... ჩვენ არ ვიბრძვით სომხურ მიწაზე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს მიწაზე. უკვე 27 წელია ვიბრძვით“. ამავე ინტერვიუში ალიევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მიემგზავრებოდა ჟენევაში მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ალიევის ინტერვიუ არ ჰგავდა იმ ლიდერის პათოსს, რომელიც „დანებებას“ ან მოლაპარაკებებს აპირებდა.

არც სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს დაუხევია უკან იმავე გადაცემაში ევრონიუსთან საუბრისას. თავის მხრივ, ფაშინიანმაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი ომის დაწყებაში და ამავდროულად, ხაზი გაუსვა თურქეთის ბრალეულობასაც. პრემიერის განცხადებით, მათ წინააღმდეგ იბრძოდა არამხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ ტერორისტული დაჯგუფებებიც, რომლებიც იმართებოდნენ თურქეთის მხრიდან. ფაშინიანის პოზიციით, აზერბაიჯანული მხარისთვის კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობისგან გაწმენდა და მისი სრული კონტროლია. აქვე ფაშინიანმა დასძინა, რომ თუ აზერბაიჯანს და საერთაშორისო საზოგადოებას სურს შეჩერდეს შეტევები და რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, ერთადერთი გამოსავალი მათი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაა. კითხვაზე აპირებს თუ არა სომხური მხარე გაჩერებას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაველოდებით როდის მოახდენენ ისინი სომხების ეთნიკურ წმენდას ყარაბაღში... ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ რათა დავიცვათ სომეხი ხალხი მორიგი გენოციდისგან“. როგორც ვხედავთ, არც ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ჰგავდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მსურველის სიტყვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომის დასრულების მთავარ წინაპირობად ყარაბაღისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭებას არ განსაზღვრავდა, რასაც, მშვენივრად იცის, რომ აზერბაიჯანი მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე არ დათანხმდება.

საერთაშორისო საზოგადოებაში ამ ინტერვიუებით გაჩენილი პესიმიზმი, მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, ოპტიმისტურმა განწყობამ ჩაანაცვლა, როცა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შუამავლობით, მოლაპარაკებებისთვის და დროებითი საზავო ხელშეკრულების დადებისთვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი ერთმანეთს შეხვდნენ. სამმხრივმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო - მოლაპარაკებები შედგა და ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მხარეები ჰუმანიტარული მიზნებით (ტყვეთა და გარდაცვლილთა გაცვლა) წყვეტენ ცეცხლს და მოლაპარაკებებს ძველ ფორმატში, მინსკის ჯგუფის ჩართულობით განაგრძობენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10 ოქტომბრის 12:00 საათზე ამოქმედდა. თუმცა, ნაადრევი აღმოჩნდა პოზიტიური მოლოდინები. მიუხედავად შეთანხმებისა, შეტაკებები და ურთიერთბრალდებები არ შეჩერებულა. 10-11 ოქტომბერს აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა, რომ სომხეთი განაგრძობდა ქალაქი ტერტერის დაბომბვას, ხოლო სომხეთის მტკიცებით, აზერბაიჯანული ძალები ქალაქ სტეპანაკერტს ბომბავდნენ. თუ მოლაპარაკებებიდან ორი დღის განმავლობაში მხარეები ურთიერთდარტყმებს „ჩუმად“ ახორციელებდნენ, ორ დღეში ისევ ხმამაღლა დაიწყეს საუბარი კონვენციური ომის შესახებ. ლავროვმა სიტუაცია ვერ განმუხტა, ფრონტის ხაზზე მდგომარეობა კვლავ მძიმე დარჩა, ნაადრევი აღმოჩნდა იმის თქმა, რომ „დიდი არეულობა“ რეგიონში სტაბილიზაციისკენ მიდოდა. მეორე სამშვიდობო შეთანხმება ჰუმანიტარული მიზნებით, მხარეებს შორის 17 ოქტომბერს შედგა, ამჯერად მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების ამერიკის, რუსეთისა და საფრანგეთის აქტიური ჩართულობით. შეთანხმება ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა შეთანხმება დაირღვა და ცეცხლი არ შეწყვეტილა, მხარეებმა, რა თქმა უნდა, ერთმანეთი დაადანაშაულეს საზავო პირობების დარღვევაში. მესამე ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 24 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩართულობით შედგა. შეთანხმება 26 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სომხური მხარის განცხადებით, 26 ოქტომბერს აზერბაიჯანმა სამხრეთ - აღმოსავლეთის მიმართულებით 5 საარტილერიო ჭურვი ისროლა, ხოლო აზერბაიჯანის მტკიცებით, სომხურმა სამხედრო ძალებმა ქალაქ ტერტერსა და მის მიმდებარე სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. დაზავების მესამე მცდელობაც კრახით დასრულდა.

ამ ფონზე მთავარი შეკითხვა არის ის თუ რატომ არ დგება ზავი? - ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, თუმცა რამდენიმე მინიშნების გაკეთება მაინც შეგვიძლია. პირველ რიგში კვლავ მხარეთა ლიდერების განცხადებები უნდა გავიხსენოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ 9 ოქტომბერს აშკარა იყო, რომ დაზავება მარტივი არ იქნებოდა. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ ისინი ვერ შეთანხმდებოდნენ, რადგან ერთს ამ ომით 27 წლიანი კონფლიქტის საბოლოო დასრულება უნდა, მეორეს კი არ აღიარებული რეგიონის საერთაშორისოდ აღიარება. არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს რეალური მზაობა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის. მართალია ფორმალურად შეთანხმების სურვილი განაცხადეს, მაგრამ ამ შეთანხმებას ისეთი წინაპირობები დაურთეს, რომ მისი მიღწევა ჩანასახშივე შეუძლებელი გახადეს. აქედან გამომდინარე, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც არ დგება შეთანხმება, ალბათ, არის ის, რომ მეომარი მხარეები არ არიან მზად დაასრულონ შეტაკება. როცა ამის შიდა მზაობა ორივე მხრიდან დაბალია, გარე ინტერვენცია, როგორც წესი, უძლურია ხოლმე.

რაც შეეხება შიდა მზაობის არარსებობის მიზეზებს, ამ საკითხზეც მოსაზრებები განსხვავებულია, თუმცა ამ განსხვავებებში რამდენიმე მათგანი დომინანტურია: აზერბაიჯანს 1994 წლის შემდგომ დამარცხებულის იმიჯი ჰქონდა, ეკონომიკური გაძლიერებით და შემოსავლების სამხედრო სფეროში აკუმულირებით, მან შეიქმნა მდგომარეობა, რითიც შესაძლოა დამარცხებულის პოზიცია ამ ომით რამდენადმე შეცვალოს და ბრძოლის გზით დაიბრუნოს მინიმუმ ის ხუთი რეგიონი მაინც, რომელიც მადრიდის პრინციპის მიხედვით სომხეთს მისთვის უნდა გადაეცა და რეალურად არ გადასცა. ნათელია, რომ ვიდრე აზერბაიჯანს აქვს სამხედრო უპირატესობა და გარე ზეწოლას ნაკლებად განიცდის, ის შეეცდება სამხედრო გზით რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს, რათა შემდგომი მოლაპარაკებისთვის პოზიციები მეტად მყარი ჰქონდეს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი, როგორც წესი, შიდა პოლიტიკის გაგრძელებაა ხოლმე, ამ ეტაპისთვის ალიევი კარგად ახერხებს საკუთარი მოსახლეობის გამარჯვების იმპულსებით კვებას, ყოველი ახალი დაკავებული ოლქი, მას ახალ ქულებს აძლევს და მისი როგორც ძლიერი ლიდერის იმიჯს აყალიბებს. ამ არგუმენტის მხარდასაჭერად იმის გახსენებაც კი საკმარისია, რომ ამ დღეების განმავლობაში ილჰამ ალიევის ყოველ მიმართვაში (აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ) ვისმენთ: „ვერც ერთი ძალა ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას. გავათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და ამის შემდეგ შეგვეძლება გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“. რაც შეეხება სომხურ მხარეს, მას ცეცხლის შეწყვეტის არჩევანის ფუფუნება არ გააჩნია, ის ვერ დათმობს ნებით ტერიტორიებს, რომელიც სომხური იდენტობისა და ნაციონალიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად მიიჩნევა და წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მოსახლეობაში ღრმად გამჯდარ აზრს, რომ სრული განადგურების ფასადაც დაიცავენ ყარაბაღს. ამავდროულად, ის ვერ შეეწინააღმდეგება სამხედრო ელიტას, რომელთა უმრავლესობა ყარაბაღის ომის ვეტერანია. ლიდერის იმიჯის შენარჩუნება ფაშინიანის შემთხვევაშიც ცენტრალურ როლს ასრულებს. 2018 წელს ფაშინიანის გაპრემიერება ხომ იმ ნაციონალური მუხტის გაგრძელება იყო, რომლის მიხედვითაც სომხეთი კვლავ უნდა აღორძინებულიყო. დამარცხება და „დამთმობი ზავი“ კი ფაშინიანს ამ იმიჯს უნადგურებს. შესაბამისად, ის ალიევის მსგავსად, დიპლომატიას უკუაგდებს და საკითხის გადაწყვეტას ომის გზით აპირებს: „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყარაბაღის საკითხს, მინიმუმ ამ ეტაპზე მაინც, დიპლომატიური გადაწყვეტა არ გააჩნია... რჩება მხოლოდ საკითხის ომის გზით გადაწყვეტა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლა“ - განაცხადა ფაშინიანმა 22 ოქტომბერს.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მთიანი ყარაბაღის დღევანდელ ომს თან სდევს მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ/ვერ ახერხებს რუსეთის ფედერაცია სიტუაციის ნორმალიზებას?

როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას და ამ სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, დიდი ძალის უმოქმედობაც ან მხოლოდ ფორმალური აქტივობაც მოქმედებაა. შესაბამისად, მსჯელობა, რომ რუსეთს მთიან ყარაბაღზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია, იმთავითვე, მცდარია. რუსეთს აქვს პოზიცია და ეს პოზიცია მის „უმოქმედობაში“ საუკეთესოდ იკითხება. განსხვავებით პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სხვა ტერიტორიული კონფლიქტებისგან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ფედერაციას არ აქვს ე.წ. ცენტრალური როლი. ამ კონფლიქტის კვალდაკვალ, მოსკოვი ახერხებს ჰქონდეს კარგი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. სომხეთთან მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო კავშირის ფონზე, რუსეთი ასევე ინარჩუნებს ძლიერ ბილატერალურ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. რაც შეეხება „ფორმალურ“ დიპლომატიას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან ერთად, „გაყინულ კონფლიქტში“ რუსეთმა 1997 წელს მედიატორის როლი შეითავსა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარე გახდა. ამ ნაბიჯით რუსეთმა ერთი მხრივ, შეტყობინება გაუგზავნა კონფლიქტის მონაწილეებს რომ ის ვერ იქნებოდა ამ დაპირისპირებაში რომელიმე მხარე, მეორე მხრივ კი, სხვა დიდ ძალებს ამცნო, რომ საკუთარი გავლენის სივრცეში მის გარეშე ვერც ომი და ვერც ზავი ვერ შედგებოდა. ამავდროულად, ამ პოზიციით რუსეთმა გაიმყარა, ჯერ კიდევ კოზირევის დოქტრინით ნაკარნახევი იმიჯი, რომ ის პოსტსაბჭოთა სივრცეში არა რომელიმე კონფლიქტის მხარე, არამედ მომლაპარაკებელი და სტაბილიზაციის გარანტია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის ინიციატივითა და ეგიდით 1992 წელს შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო), რითიც პოსტსაბჭოთა სივრცის ექვსმა ქვეყანამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულება აიღეს, რუსეთის მოთხოვნითვე, ეს ვალდებულება არ გავრცელდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ანუ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ყარაბაღის ომი დასრულდებოდა, რუსეთმა ღიად უთხრა სომხეთს, რომ ამ ომში მასთან ერთად არ იბრძოლებდა და ამ ნაწილში აზერბაიჯანისგან „ვერ დაიცავდა“. ეს აზრი კიდევ უფრო გამყარდა 2016 წლის 4-დღიან ომში, სადაც სომხეთმა კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ რუსეთის და კუხო-ს გარანტიებს თავისი შეზღუდვები რეალობაში მართლაც აქვს და ყარაბაღში ის მარტოა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1988-1991 წლებში, დემორალიზებული საბჭოთა ხელისუფლება და ძალაუფლება დაკარგული ცენტრი მოსკოვის სახით, იარაღით ამარაგებდა კონფლიქტის ორივე მხარეს და ფინანსურ სარგებელს იღებდა ყარაბაღის კონფლიქტის ხარჯზე. რა შეუშლის რუსეთს ხელს, რომ ეს კარგად აპრობირებული პრაქტიკა 21-ე საუკუნეშიც აქტიურად გამოიყენოს?!

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული კოზირევის დოქტრინა და მისი საფუძვლით წარმოებული საგარეო პოლიტიკური კურსი, 1996 წელს პრიმაკოვის დოქტრინამ - ევრაზიონისტულმა, პრაგმატულ ნაციონალისტურმა ხედვამ ჩაანაცვლა, რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის მიმართ დიდად არ შეცვლილა. რუსეთი კვლავ ორივე მხარესთან ინარჩუნებდა კეთილმეგობრულ ურთიერთობებს, კვლავ აწვდიდა მხარეებს შეიარაღებას და აზერბაიჯანისა და თურქეთის ბლოკადაში მყოფ სომხეთს, უფრო და უფრო მასზე დამოკიდებულს ხდიდა. აქვე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ რუსეთი კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმყოფელებით არ არის წარმოდგენილი. 1994 წელს მოსკოვს მცდელობა ჰქონდა ყარაბაღში განლაგებულიყვნენ მისი სამშვიდობოები, თუმცა ეს ერთადერთი საკითხია, რაზეც კონფლიქტის ორივე მხარე შეთანხმდა და ცალსახა უარი განაცხადა - როგორც აზერბაიჯანმა, ისე სომხეთმა სასაზღვრო ხაზზე არ შეუშვა რუსეთი. ამ საკითხის გამო რუსეთი ხშირად საყვედურობს ორივე ქვეყანას (განსაკუთრებით სომხეთს) და კონფლიქტის ყველა გააქტიურებისას ყარაბაღის რეგიონში მშვიდობისმყოფელების განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიმდინარე ომშიც რუსეთს ძველი ხედვა და გზა არ მიუტოვებია და მისი „უმოქმედობა“ 1990-იანი წლებიდან დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ის მომლაპარაკებელია, როგორც ამერიკა ან/და საფრანგეთი, თუმცა იქამდე, ვიდრე ოფიციალური ბაქო და მისი დამხმარე თურქეთი წითელ ხაზებს არ გადაკვეთენ. წითელი ხაზი კი კორიდორებია, მაგალითად ლაჩინის კორიდორი. ლაჩინის ხეობის სომხურ ნაწილში, ტეღში უკვე გამოჩნდნენ რუსული სამხედროები და თავისი გამოჩენით ცალსახა შეტყობინება გაუგზავნეს აზერბაიჯანს, რომ ამის იქით ვეღარ წავიდოდნენ. მანამდე კი, ვიდრე აზერბაიჯანული მხარე კორიდორების ხელში ჩაგდებას განიზრახავს, რუსეთს პრობლემას არ უქმნის მხარეებმა იბრძოლონ რეგიონებისთვის, რომლის მიმართ მას ისედაც არ ჰქონია დიდი ინტერესი. მით უმეტეს, რომ ამ ფორმით კარგათ სჯის ფაშინიანს, რომელმაც სომხეთის საგარეო პოლიტიკაში დასავლური ორიენტალიზმის იმპულსები შეუშვა.

რაც შეეხება საერთაშორისო სისტემის სხვა წევრებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, მათ არ სცალიათ ყარაბაღის კონფლიქტისთვის. მსოფლიო ვირუსს ებრძვის, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს არჩევნები მოადგა კარს და ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოება გადაღლილია სხვის ომში ინტერვენციებით. იქამდე კი, ვიდრე რეგიონული ომის (ერაყი ან/და სირია) საფრთხე არ დადგება, მანამდე, სავარაუდოდ, არც მოიცლიან ყარაბაღისთვის. აშკარაა, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ომისთვის კარგი დრო შეირჩა.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი