კომენდანტის საათი - ევროპაშიც ხომ ასეა?!
ფოტო: რადიო თავისუფლება
ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ განუცდია თუ რა გრძნობაა, როცა სახლში გარბიხარ იმის შიშით, რომ 21:00 საათს არ გადააცილო. რაც უფრო უმატებ ნაბიჯს, მით უფრო ბრაზდები ამ სიტუაციაზე და უფრო თვალნათლივ ხედავ ამ ყველაფრის აბსურდულობას. ხვდები რომ ეს არ და ვერ იქნება ნორმალური, მაგრამ ვერც ნაბიჯს უკლებ, რადგან თვალწინ გიდგას 2 000-ლარიანი ჯარიმა და რაც ყველაზე მთავარია, ზუსტად იცი, რომ სულაც რამდენიმე წუთითაც რომ გადააცილო კომენდანტის საათს, ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, მის გასაჩივრებას აზრიც არ აქვს, რა არგუმენტებიც არ უნდა ამართლებდეს შენს „გადაცდომას“. თუკი, გაგიმართლა და „დარღვევა“ დაუსჯელი დარჩა, შემდეგ უკვე საამაყოდ გაქვს საქმე და შვილიშვილებისთვის მოსაყოლად ინახავ ისტორიას, თუ როგორ იყავი ქუჩაში 10-ის 20 წუთზე. ამ სურათს ყველაზე მეტად ამძიმებს იმის გააზრება, რომ პატარა ბავშვებმაც კი იციან რას ნიშნავს კომენდანტის საათი და მეტიც, მათ მძიმე დანაშაულად მიაჩნიათ მისი დარღვევა. ფორმალურად თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები, იზრდებიან იმ აზრით, რომ შესაძლოა მათი კარის ზღურბლს მიღმა ფეხის გადადგმით დამნაშავეებად იქცნენ. მათ არც იციან რატომ ემორჩილებიან ამ წესს, რატომ აშინებთ მისი დარღვევა, თუმცა ამაზე პასუხი არც არავის აქვს. ეს გამონაკლისი კი დროის სვლასთან ერთად, ნორმად იქცევა და თითქოს ადამიანებში პროტესტის განცდაც ქრება. მეტიც, სულ უფრო ხშირად გვესმის გამამართლებელი არგუმენტებიც. რომ თითქოს, მშობლებმა დაისვენეს, რადგან ზუსტად იციან სად არიან მათი „ბავშვები“. კრიმინალმაც იკლო, ზოგმა ძილი მოიწესრიგა, ზოგიც უფრო მეტ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს ერთი დიდი „მაგრამ“. მაშინ როცა შენ სახლში ხარ გამოკეტილი, ამ დროს კი ხედავ თუ სულ უფრო როგორ იზრდება „საშვიანი“ ადამიანების რიცხვი გარეთ, ან ტელევიზორით ისმენ თუ როგორ აგრძელებენ შენთვის უკვე დავიწყებულ ნორმალურ ცხოვრებას პრივილეგირებული ჯგუფები, ისინი, რომლებიც გარწმუნებენ რომ ჩვენი ხსნა 21:00 საათის მერე სახლში გამოკეტვაშია, გიჩნდება უსამართლობის გრძნობა, რაზეც თვალის დახუჭვა სულ უფრო რთულდება.
საქართველოს კანონმდებლობა კომენდანტის საათის გამოყენების შესაძლებლობას საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს იძლევა. თავის მხრივ, კომენდანტის საათი გულისხმობს მოქალაქეებისთვის დაწესებულ აკრძალვას კონკრეტულ დროს ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იმყოფებოდნენ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. ამ წესის დამრღვევ პირების მიმართ შეიძლება ამოქმედდეს შესაბამისი ზომები, მათ შორის კანონის მიხედვით პოლიციას ან პატრულს, მათი დაკავება შეუძლია (კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არ აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა). შესაბამისად, მართალია საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ამ ტერმინის ხსენებისას, ბევრს სხვა ემოციები შეიძლება უჩნდებოდეს, ცხადია რომ შეზღუდვა რომელიც დღესაც მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და რომელიც პირველ რიგში, გადაადგილების თავისუფლების ინტენსიურ შეზღუდვას გულისხმობს, რასაც გვერდით ეფექტად, ასევე არაერთი უფლების შეზღუდვა ახლავს თან, თავისი არსით სხვა არაფერია თუ არა კომენდანტის საათი.
თავის მხრივ, იმისათვის რომ ამ შინაარსის შეზღუდვა დაწესდეს და არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დავარქმევთ მას, სწორედაც, ქვეყანაში უნდა იყოს საგანგებო რეჟიმი, რაც არა მხოლოდ ამ მდგომარეობის გამოცხადების კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური, არამედ შინაარსობრივი წინაპირობების არსებობას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოყენება ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურად. ის თუ რამდენად შეიძლება ქვეყანაში არსებული სიტუაცია საგანგებო რეჟიმად შეფასდეს, რამდენად არსებობს ამ ზომის გამოყენების აუცილებლობა, რამდენად გამოსადეგია კონკრეტულად კომენდანტის საათი არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და რამდენად პროპორციულ ზომას წარმოადგენს, სადაოა და პირველ რიგში, სათანადო მტკიცებულებების არსებობას საჭიროებს, რაც ამ დრომდე შესაბამის ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. ამ ღონისძიების გამოსადეგობასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვების დასმის საჭიროებას ის ფაქტიც მოწმობს, რომ მთავრობა ამ ზომას 4 თვეა მიმართავს და მის გადახედვაზე ჯერჯერობით არც ფიქრობს, თავს კი იმით იმშვიდებს და მოსახლეობასაც იმ აზრით კვებავს, რომ მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასე და რომ ევროპაშიც ასეა.
„ევროპაშიც ასეა“ - ეს არის სიტყვები, რომელიც, თავისთავად, ძალიან შორსაა იმისგან, რომ იყოს თვითკმარი არგუმენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბევრი გაუმართლებელი ღონისძიების ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად გვევლინება. ეს განსაკუთრებით ირონიულია, მაშინ, როცა ევროპისგან და, ზოგადად, დასავლეთისგან იმის გადმოსაღებად, რაც მართლა ღირებულია, არ გვყოფნის არც გამბედაობა, მოტივაცია, უნარები და არც სურვილი. ის, რომ ევროპაში ასეა, a prior სისწორესა და მიზანშეწონილობას არ ნიშნავს. Covid-19-თან ბრძოლის პროცესმა ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში. ამ პერიოდში არაერთმა ქვეყანამ მიმართა ექსტრაორდინალურ ზომებს, რომელთა გამოყენებაც არ ეფუძნებოდა ემპირიულ მტკიცებულებებს და, ხშირად, საზოგადოების პანიკაზე ნაჩქარევ პასუხს წარმოადგენდა, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა ძალაუფლების გაფართოების სურვილით იყო ნაკარნახევი. კომენდანტის საათი ერთ-ერთი ის ღონისძიებაა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ნაკლებად საუბრობენ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე ამ ზომის რეალურ მნიშვნელობაზე, გამოსადეგობასა და ეფექტურობაზე.
გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებებში ამ სახის ინტენსიური ჩარევა თუნდაც სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ბევრ კითხვის ნიშანს შეიძლება აჩენდეს, თუკი საქართველოს კონტექსტსა და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს გავითვალისწინებთ, ვნახავთ რომ ჩვენი მხრიდან ამ სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული კომენდანტის საათის გასამართლებლად ევროპულ პრაქტიკაზე აპელირება, მით უფრო არასწორია. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში, ერთი მხრივ, ეს ღონისძიება მეტწილად უკიდურეს საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სიმწვავეზე, მეორე მხრივ, საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნების უმრავლესობაში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია და, შესაბამისად, ასე თუ ისე არის განცდა კომენდანტის საათის დროებითობის შესახებ.
საქართველოს შემთხვევაში, Covid-19-თან ბრძოლის სახელით დაწესებული ზოგიერთი ღონისძიების მიმზიდველობა ხელისუფლების წარმომადგენლებს არც დაუმალავთ, მის ნორმად ქცევაზე სერიოზულად დაფიქრდნენ და მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან უკლებლივ ყველა იმას გაიძახის, რომ კომენდანტის საათი აღმოჩნდა ეფექტური და შესაბამისად მისი მოხსნა ყველაზე გვიან განიხილება, დროებითობის განცდა მით უფრო დაბალია. რა იგულისხმება ყველაზე გვიანში ამის ამოცნობა კი ძალიან რთულდება, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.
დროებითობაზე და კომენდანტის საგამონაკლისო ხასიათზე როცა ვსაუბრობთ, საინტერესოა გერმანიის გამოცდილება, სადაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ (ბადენვიურტემბერგის მიწის) ამ ღონისძიების გაუქმების არგუმენტად, გამოსწორებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელა, რის შესაფასებლადაც ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი განიხილა. ერთი მხრივ დასაფასებელია სასამართლოს მცდელობა განსაზღვროს რამდენად არსებობს ამ ზომის გამოყენების უკიდურესი საჭიროება, თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემურია ამ პროცესში მხოლოდ სტატისტიკის იმედად ყოფნა, რადგან ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ თავად ინფიცირების მაჩვენებელთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, რაც ბევრი გარემოებით არის განპირობებული. ისეთ ქვეყნებში კი სადაც ზოგადად ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია, უფლების ჩარევის ინტენსიურობის განსასაზღვრად მხოლოდ ინფიცირებულთა სტატისტიკის მოხმობა მით უფრო პრობლემურია. როდესაც მთავრობა ზომების გამკაცრებაზე იწყებს მსჯელობას, ალბათ, ამოსავალი ჯანდაცვის სისტემის უნარიანობის შეფასება უნდა იყოს, ის, თუ რამდენად შეუძლია ვითარების ეფექტიანად მართვა და გართულებების შემთხვევაში, დროული რეაგირება. თუმცა, თავის მხრივ, სისტემის უუნარობა ვერ იქნება გამამართლებელი განუსაზღვრელი დროით ადამიანის უფლებების მასშტაბური შეზღუდვის. ეპიდემიის დაწყების დღიდან მთავრობის რესურსები სწორედ ამის გაუმჯობესებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სახის უმკაცრესი ზომების გატარებისას, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც არა მხოლოდ ფორმალურ ხელმისაწვდომობას - კანონისმიერ გარანტიას რომ შესაძლებელია აღნიშნული ზომების სასამართლოში გასაჩივრება, არამედ ეფექტურ სასამართლო კონტროლს გულისხმობს. თუ გავიხსენებთ გერმანიისა და ჰოლანდიის პრაქტიკას, ვნახავთ, რომ მაგალითად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, სასამართლოებმა არა თუ იმსჯელეს, არამედ შემჭიდროებულ ვადებში მიიღეს გადაწყვეტილებები. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პანდემიის მართვის სახელით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არაერთი სარჩელი მიიღო, მათ შორის კომენდანტის საათთან დაკავშირებითაც, თუმცა სასამართლომ არც უშუალოდ საგანგებო მდგომარეობის დროს ამ ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციურობაზე იმსჯელა და არც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორდინალური კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ზომის კონსტიტუციურობა შეაფასა. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ კომენდანტის საათის შესახებ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი იმ არგუმენტით თქვა, რომ გასაჩივრებული ნორმა, რომელიც შინაარსობრივად იგივე იყო, როგორიც ამჟამად მოქმედი და მეტიც, მოქმედი ნორმა უფრო მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მოდიფიცირდა, შესაბამისად, იმ სახით რა სახითაც გასაჩივრებული იყო აღარ არსებობს და ამიტომ ძალადაკარგულ ნორმაზე შეუძლია აღარ იმსჯელოს. სამწუხაროდ, სასამართლოს მხრიდან დროული რეაგირების არ არსებობა და სადავო საკითხზე მსჯელობის იქამდე არ დაწყება სანამ სადავო ნორმა ძალადაკარგულად არ იქნა ცნობილი, შეიძლება ტოვებდეს სასამართლოს მხრიდან მიზანმიმართული ქმედების განცდას, ერთგვარ სტრატეგიას, რომლითაც თავიდან აირიდებს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობის შემოწმების გზით, მის საქმიანობაში რაიმე სახის ჩარევას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის მხრიდან კომენდანტის საათის, როგორც უკიდურესი ღონისძიების ნორმად ქცევა, მისი გამოცხადებისა თუ გაუქმების ნათელი და განჭვრეტადი კრიტერიუმების არ არსებობა, დროებითობის კომპონენტის გაქრობა და ამ ღონისძიების პრაქტიკულად სასამართლო კონტროლის გარეშე დატოვება არის ის გარემოებები, რომლებიც განსაკუთრებით პრობლემურს ხდის კომენდანტის საათს საქართველოს კონტექსტში. მთავრობისთვის, რომელიც ზოგადად მიდრეკილია საკუთარი ძალაუფლების გაზრდისკენ, ამ სახის უკონტროლო ძალაუფლების მინიჭებით, არა მხოლოდ არსებული კრიზისის პირობებში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკები, რაც სულ უფრო ამოკლებს გზას ავტორიტარიზმამდე.
შესაბამისად, პარადოქსულია, მაგრამ ერთი შეხედვით კომენდანტის საათია ის, რაც ამ ეტაპზე ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან საერთო აქვს საქართველოს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომელიც სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, კიდევ უფრო დაგვაშორებს ევროპას და ე.წ. დასავლურ ღირებულებებს.