Back In The USSR (უკან, საბჭოთა კავშირში)
ფოტოები: iai news; EU vs Disinfo
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს „კარგად აპრობირებული საბაბით“ ომის დაწყებამ მწყობრიდან გამოიყვანა სრულიად მსოფლიო. 13 დღის განმავლობაში არაერთი ქვეყნის ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან, ხელოვანებისა თუ სპორტსმენებისგან, და რაც მთავარია ზოგადად ევროპის მოქალაქეებისგან ვისმენთ რუსეთის მთავრობის ქმედებების, ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების დაგმობის შესახებ ხმამაღალ და ხისტ პოზიციებს. ისინი ემიჯნებიან არა მხოლოდ რუსეთის მთავრობის ქმედებებს, არამედ მთლიანად რუსეთს, მათ შორის რუსეთის „მშვიდობიან მოქალაქეებსაც“, რამდენადაც რუსეთის სრული იზოლაცია და დისკომფორტის შექმნა ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავლად არის მიჩნეული მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის.
იმ ფონზე, როცა თითქმის მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი უკრანელი ხალხის უფლებების მასობრივი დარღვევის დროული აღმოფხვრაა, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ავტორი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განსაკუთრებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დისკრიმანიციით არის შეწუხებული და ამ ურთულეს პერიოდში, დაკავებულია კანონის გამკაცრებით, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ დროისთვის, კანონპროექტი ჯერ არ შემუშავებულა, შესაბამისად, უცნობია თუ რას უმზადებს პარლამენტი იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლოა რუსეთსა და რუსებზე აუგი წამოსცდეთ.
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისა და მოსაზრებების გაჟღერების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტთან შედარებით, ბევრად სწრაფი აღმოჩნდა რუსეთის დუმა. კერძოდ, 4 მარტს ფორსირებული წესით ჩატარდა კანონში ცვლილებების მისაღებად ყველა საჭირო პროცედურა და ერთხმად იქნა მიღებული ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსებში. ყურადღების გამახვილებაც კი უხერხულია იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, უყოყმანოდ, იმავე დღეს მოაწერა ცვლილებებს ხელი.
შედეგად, ისევ და ისევ „მოქალქეებისა და ქვეყნის სიცრუისგან დაცვის მოტივით“ განხორციელებული ცვლილებებით, დასჯადი გახდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯარო გავრცელება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული საჯარო ქმედებები, მათ შორის საჯარო მოწოდებები შეიარაღებული ძალების გამოყენების აღკვეთის შესახებ.
ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, მრავალი ალტერნატივიდან, ყველაზე მკაცრი რაც შეიძლება გამავრცელებელ პირს დაეკისროს, არის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით ან 1.5 მლნ რუბლამდე ოდენობის ფულადი ჯარიმა. ამასთან, თუ დანაშაული ჩადენილია ისეთ დამამძიმებელ გარემოებებში, როგორიცაა მაგალითად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ანგარებით, ჯგუფურად, პოლიტიკური და იდეოლოგიური მოტივით და სხვ. მაშინ განსაზღვრულია უფრო მკაცრი სასჯელი: 5-დან 10-წლამდე თავისულების აღკვეთა ან ფულადი ჯარიმა 5 მლნ რუბლის ოდენობით. ხოლო, თუ ცრუ ინფორმაცია (Fake) გამოიწვევს მძიმე შედეგებს, თავისუფლების აღკვეთის ვადა განისაზღვრება 10-დან 15 წლამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის რა შეიძლება მიჩნეულ იქნას ცრუ ინფორმაციად, ან მისი გავრცელებით გამოწვეულ მძიმე შედეგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუკი, რუსეთის მოქალაქეების ინფორმაციულ ვაკუუმში შეაღწევს რაიმე სახის ინფრომაცია, რომელიც კრემლისგან განსხვავებულად წარმოაჩენს რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ამ ინფორმაციის გამავრცელებლ პირს შეიძლება Fake-ის გავრცელებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ეს დაშვება ერთი მხრივ იმდენად რეალისტურია, მეორე მხრივ კი იმდენად შემაძრწუნებელი, რომ დიდი ალბათობით, ადამიანები, Fake-ის გავრცელების შიშით, შეწყვეტენ ალტერნატიული ინფორმაციის მოძიებისაც კი. სწორედ ეს არის საბოლოო მიზანი ამ ცვლილების და არა მაინცდამაინც ვინმეს ციხეში გამოკეტვა (თუმცა, არც პერსონალური სამიზნეების არსებობა არის გამორციხული), განსაკუთრებით კი ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის მოტივი ჟღერს სასაცილოდ, მაშინ როცა ქვეყნის პირველი პირი, თავად არაერთხელ არის Fake-ის გავრცელებაში მხილებული.
ამავე მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, სავარაუდოდ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობაში „ჩაგრული“ რუსების დაცვის საბაბით შესატანი ცვლილებები, რომლებიც „რუსების არგაღიზიანების პოლიტიკის“ გაგრძელებაა. კერძოდ, როგორ ცხადადაც არ უნდა ეცადოს კანონმდებელი ნორმის გაწერას, შეუძლებელია მას არ ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე, უფრო ზუსტად, მიმდინარე ომის შესახებ ემოციების გამოხატვასა და პოზიციების ხმამაღლა დაფიქსირებაზე. კობახიძის მიერ დაანონსებული ცვლილებები შესაძლოა აღმოჩნდეს ზოგადად რუსეთის ქმედებებისათვის საკუთარი სახელის დარქმევის შესაძლებლობის მოსპობა.
ვლადიმერ პუტინის ომისწინანდელი გაცხადებული სურვილი, რომელიც უმრავლესობამ საბჭოთა კავშირის აღდგენის ანონსად მიიღო, მართლაც აქტიურ ფაზაშია. იმის მიუხედავად თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, ან ვინ გაიმარჯვებს ამ ომში, შედეგი უკვე სახეზეა. რუსეთის სრული იზოლირება დანარჩენი მსოფლიოსგან, რუსეთში დარჩენილ მოქალაქეთა სრული სიჩუმე და მორჩილება, ამის დასტურია. ახლა გადამწყვეტია, ვინ აპირებს „ერთმორწმუნე ძმასთან“ ერთად უკან, საბჭოთა კავშირში დაბურნებას.