2022 წელი - ქართული მედია და საზოგადოება მზარდი პრობლემების პირისპირ
ფოტო: Electronic Frontier Foundation
2022 წლის მთავარ მოვლენად უკრაინაში რუსეთის ხელახალი ინტერვენცია იქცა. პუტინის რუსეთის ამ, ბევრისთვის წარმოუდგენელმა, თავზეხელაღებულმა აგრესიამ სრულიად შეცვალა თანამედროვე მსოფლიო. ამასთან, მან ცხადად წარმოაჩინა ბევრი ისეთი საკითხი, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო. მსგავს გამოწვევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად გამოიკვეთა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომი მრავალი განზომილებით შეეხო საქართველოსაც, ქვეყანას, რომლის 20% ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და არსებობს სრულიად ლეგიტიმური შიში, რომ შესაბამისი ვითარების დადგომის პირობებში ოკუპანტი მხოლოდ ამას არ დასჯერდება. ამის გათვალისწინებით, თითქოს აშკარა უნდა ყოფილიყო, თუ ვის გამარჯვებას ისურვებდა ოფიციალური თბილისი ამ ომში. თუმცა, დემოკრატიიდან ავტოკრატიის გზაზე დამდგარი საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, თავისი რიტორიკითა თუ ქმედებებით, უფრო სწორად, უმოქმედობით, არ ტოვებს უკრაინის გულშემატკივრის (განსხვავებით ქართველი ხალხის უმრავლესობისგან) შთაბეჭდილებას. ამ ქცევის ახსნა კი, სწორედ საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ მიდრეკილებებში უნდა ვეძებოთ, რადგან, განსხვავებით დასავლეთისგან, თუ რუსული რეჟიმი ვინმესთან „მეგობრობს“, ეს სწორედ არადემოკრატიული მმართველებია. რაში გამოიხატება დღევანდელი ხელისუფლების კურსი დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ? შეიძლება ითქვას, მრავალ ასპექტში, თუმცა, ყველა მათგანის ანალიზი ძალიან შორს წაგვიყვანს და მათი ერთი ავტორის მიერ შეფასებაც არ იქნება სწორი. წინამდებარე დოკუმენტში 2022 წელს მედიის მდგომარეობასა და გარე თუ შიდა პროპაგანდის აღწერით შემოვიფარგლებით. დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროს, საინფორმაციო სივრცის მდგომარეობის აღწერის საფუძველზე ცხადად შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ ძირითად გამოწვევებს, რაც 2022 წელს ქართულ მედიასა და მის მომხმარებლებს დაუდგათ (ან ბოლო წლებში დაგროვდა და მიმდინარე წელს მძაფრად გამოვლინდა).
მედიის მდგომარეობა
საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ გაუარესებული მდგომარეობა ნათლად აისახა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ იდექსებში. რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა. ამასთან, ქვეყნების რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიცია მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილამდე გაუარესდა.
გრაფიკი 1: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში (2013-2022 წლები)
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
ანალოგიურ ტენდენციას აჩვენებს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭოს (IREX) ინდექსიც. ამ წყაროს მიხედვით, ქართული მედიის თავისუფლების ქულა 17-ს შეადგენს (მაქსიმალური 40 ქულიდან). მსგავსი დაბალი შეფასება საქართველოს ოცი წლის წინ, 2002 წელს ჰქონდა.
გრაფიკი 2: საქართველოს მაჩვენებლები IREX-ის ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრში (2001-2022)
წყარო: საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX)
ორივე ზემოთხსენებულ წყაროსთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ კონკრეტული წლის მაჩვენებელი ასახავს ქვეყანაში მის წინა წელს განვითარებულ მოვლენებს (მაგ. 2022 წლის ქულა მიღებულია 2021 წლის მოვლენების შეფასების შედეგად), მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ ანგარიშებში აღწერილი პრობლემები არსად გამქრალა და მეტიც, მათ მიმდინარე წელს ახალი ნეგატიური ფაქტებიც დაემატა. კვლავ პრობლემად რჩება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების არასათანადო გამოძიება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ დღეს პრო-რუსულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას. ასევე, მათ ფიზიკურად იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, რომლებიც ადგილზე აღნიშნული მოვლენის გასაშუქებლად იყვნენ მისულნი. დაშავებული ჟურნალისტების სიმრავლიდან და ადგილზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა კონკრეტულად მედიის წარმომადგენლები ამოიღეს მიზანში. ეს ძალადობა სახელმწიფომ დროულად ვერ აღკვეთა, არ მოახდინა შესაბამისი ძალების მობილიზება. რამდენიმე დღის შემდეგ, 5 ივლისის მოვლენების დროს ნაცემი ოპერატორი (ტელეკომპანია „პირველი“) ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც 5 ივლისამდე აქტიურად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მსგავსი ქმედებებისკენ, დღემდე არ დასჯილან. მედიის სფეროს წარმომადგენლები და დამკვირვებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა ქართული მედია გარემო მკვეთრად გააუარესა, ქვეყანაში ჟურნალისტის პროფესია კი უფრო სახიფათო გახადა. ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები 2022 წელსაც გამოვლინდა. ამასთან, კვლავ გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების ფაქტები, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი 2021 წლის სექტემბერში გახდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მაუწყებლების მიერ გავრცელებული მასალების შინაარსში ჩარევის მცდელობები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამ ცვლილებების მიღებით, კომუნიკაციების კომისიას გაუმარტივდება ის, რასაც ბოლო წლების მანძილზე აქტიურად ცდილობს - მაუწყებელთა მიერ გავრცელებული პროდუქტის შინაარში ჩარევა. კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. პროექტის შესწავლამ აჩვენა, რომ ინიცირებული ცვლილების ყველაზე უფრო ბუნდოვანი და სადავო ნაწილი სიძულვილის ენის დარეგულირების საკითხია. სიძულვილის ენა, უმეტესწილად, სუბიექტური აღქმისა თუ შეფასების საგანია და არ არსებობს მისი საერთაშორისოდ აღიარებული, საზოგადოებასა თუ მედია ინდუსტრიაში თანაბრად გაზიარებული დეფინიცია. მისი რეგულირება საკმაოდ დიდი რისკის შემცველია, რადგან შესაძლოა მივიღოთ გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული დათრგუნვა. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ მედიის შინაარსში ჩარევა და იმის დადგენა, დაირღვა თუ არა რეგულაცია სიძულვილის ენასთან მიმართებით, ადმინისტრაციული ორგანოს, კომუნიკაციების კომისიის პრეროგატივა ხდება. ეს კი, იმ ფონზე როცა უცნობია, თუ ვინ და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს კომისიაში ამა თუ იმ ფაქტზე მსჯელობისას. ამასთან, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერმა (სასამართლოს არსებითი განხილვის გარეშე) აღსრულებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სიტყვის თავისუფლებას და შესაბამისად, ჟურნალისტურ საქმიანობას. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიღება გაზრდის რისკს, რომ აღნიშნული რეგულაციები შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული მოქმედი (ან, თუნდაც, ნებისმიერი მომდევნო) ხელისუფლების მიერ.
მედიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენა 16 მაისს „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება იყო. მის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და საქმე გვარამიას „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდს შეეხება. ამ საქმის პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩულზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 7 დეკემბერს, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგები, სადაც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ნიკა გვარამიას დაკავებაში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება. ანგარიშის თანახმად, „ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს“.
2022 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, რამაც მაუწყებლების შემოსავლები მკვეთრად შეამცირა და ისედაც მცირეშემოსავლიანი სექტორი ფინანსურად კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ანგარიშების თანახმად, აღნიშნულმა რეგულაციამ მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები შეამცირა. მაგალითად, 2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. დღეისთვის, ორი ეროვნული ტელემაუწყებელი - „მთავარი არხი“ და „კავკასია“ ფინანსური პრობლემების გამო საზოგადოებას, ფულადი შემოწირულობების სახით, მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ზემოთ მოცემული ფაქტების პარალელურად, 2022 წელს გაგრძელდა და შეიძლება ითქვას კიდევ უფრო გამწვავდა ხელისუფლების აგრესიული, პროპაგანდისტული რიტორიკა მთავრობისადმი კრიტიკული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ.
დეზინფორმაცია და პროპაგანდა
ქართული ტრადიციული თუ ონლაინ მედია სივრცისთვის რუსული პროპაგანდა ახალი არ არის. უკვე მრავალი წელია, ის აქტიურად ცდილობს ქართული საზოგადოების დასავლური არჩევანისთვის ძირის გამოთხრას. დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით რუსეთი არაერთ განსხვავებულ ხერხს იყენებს, თუმცა მათ უმეტესობას ერთი რამ აერთიანებთ, ისინი დაფუძნებულნი არიან ნეგატივზე. რუსეთის ფედერაცია, რომელიც ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ცხოვრების დონითა და კეთილდღეობით საგრძნობლად ჩამოუვარდება დასავლეთს მუდმივად ცდილობს ევროპისა და აშშ-ის დისკრედიტაციას სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნილებით და ამ გზით მანიპულირებს მეზობელი ქვეყნების საზოგადოებების განწყობებით. ეს რუსეთისთვის დამახასიათებელი ნეგატიური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც შემდეგ იდეას ასაზრდოებს: „შეიძლება რუსეთში ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ დასავლეთში უარესია“. ბუნებრივია, ახალი და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსული საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაში შეიჭრა, დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება უკრაინის წინააღმდეგაც, რაც კიდევ უფრო ართულებს ქართულ საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდის კუთხით არსებულ გამოწვევებს.
განსხვავებით ამ ნაჩვევი და მეტ-ნაკლებად შესწავლილი მანკიერებისგან, მიმდინარე წელს სიახლეს წარმოადგენს ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაცია ხშირად არათუ უკრაინის მხარდამჭერი (რასაც, ალბათ, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოელოდა), არამედ საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანი იყო. ამის შემდეგ კი, დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია იმის შესახებ, რომ ქართულ ოპოზიციას, მედიას, ხელისუფლების ორმაგი სტანდარტებით შეწუხებულ მოქალაქეებსა თუ დასავლელი პარტნიორების დიდ ნაწილს საქართველოს „ომში ჩართვა“ და აქ „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ. „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებში გამოჩნდა იარლიყი „ომის პარტია“, რომელიც პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად ყველა იმ ადამიანის, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს. მოგვიანებით, „ოცნებას“ „გამოეყო“ რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც დააფუძნეს პარტია „ხალხის ძალა“ იმ მიზნით, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას და „საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას“. აღსანიშნავია, რომ ის ცხრა პარლამენტარი, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად გამოეყო, კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება. ეს დეპუტატები გამოირჩევიან ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკით და უფრო მკაფიოდ აჟღერებენ ხელისუფლების ანტიდასავლურ, მანიპულაციურ ნარატივს იმის შესახებ, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) ვერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან პრო-სახელისუფლებო ტელევიზია Pos TV „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა გახდა. კომპანიის 52%-იანი წილი პარლამენტის წევრმა, მმართველი პარტიიდან „ხალხის ძალაში“ ფორმალურად გადასულმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა.
უკრაინის ომთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროპაგანდისტული კამპანია სულ ახლახანს აგორდა. დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ რაც უკრაინაში ბახმუტთან ბრძოლაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, საინფორმაციო სივრცეში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების საკითხი გააქტიურდა. ეს კამპანია უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციას და მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებას ისახავს მიზნად. მისი პროპაგანდისტული გზავნილები გაჟღერდა პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიერ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის ახლაც ეს, სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში“... 6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ომში თავიანთი ნებით წასული მებრძოლების გარდა „არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან“ და რომ „სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების“. 8 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების შესახებ თქვა, რომ ისინი იქ ფულის სანაცლოდ მიდიან - „თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა - „დათა თუთაშხიაში“ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ“. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული ქართველების დისკრედიტაციის კამპანია პრო-სახელისუფლებო მედიამ და ხელისუფლებასთან აფილირებულმა ე.წ. ექსპერტებმაც აიტაცეს.
იმ ყველაფრის ფონზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რაც მხოლოდ მცირე ნაწილია ხელისუფლებისა თუ მასთან აფილირებული პირების რიტორიკიდან, იკვეთება ძალიან საშიში ტენდენცია, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის მხოლოდ რუსეთიდან ტირაჟირებას კი არა, უკვე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გავრცელებასაც გულისხმობს. მსგავსი კამპანიები ამზადებს ნიადაგს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს ჩავარდნა საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულობას კი არ დაბრალდეს, არამედ თავად ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებიც, სახელისუფლებო პროპაგანდის თანახმად, საქართველოს „ომში ჩართვას“ სთხოვენ.
***
ამ დოკუმენტში შევეცადეთ მოკლედ აღგვეწერა ის ძირითადი შემაშფოთებელი ტენდენციები, რომლებიც ქართულ საინფორმაციო სივრცეს მიმდინარე წელს ახასიათებდა. ბუნებრივია, ეს აღწერა არ არის ყოვლისმომცველი, რადგან ამას სიღრმისეული კვლევა სჭირდება. თუმცა, ზემოთ მოცემული ფაქტების ანალიზი მაინც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მიმდინარე წელს გაუარესდა მედიის მდგომარეობა და გაძლიერდა რუსული პროპაგანდა (პირველ რიგში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე). რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში თავისი წვლილი შეაქვთ იმ უაღრესად შემაშფოთებელ ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი რუპორები აჟღერებენ. ეს კამპანია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩავარდნების სხვებზე გადაბრალებას ცდილობს, დიდწილად იმეორებს რუსული პროპაგანდის მეთოდებს და არის უკიდურესად ნეგატიური, რაც ხელს უწყობს საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩას. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტში ხაზგასმული, 2022 წელს გამოვლენილი ტენდენციები არათუ გვაალხოვებს დასავლურ ცივილიზაციასთან, არამედ სწრაფი ტემპებით გვაშორებს მას.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.