რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა - რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისთვის
შესავალი
დეზინფორმაცია, გამოგონილი ახალი ამბები და საზოგადოების აზრით მანიპულირების მცდელობები, შეიძლება ითქვას, ყველა ეპოქაში არსებობდა, თუმცა, თანამედროვე სამყაროში, ინფორმაციის გავრცელების გამარტივებამ ეს პრობლემა ბევრად უფრო მწვავედ წარმოაჩინა. დასავლური საზოგადოებისთვის ეს გამოწვევა განსაკუთრებით ცხადი გახდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სადაც რუსული პროპაგანდის მანქანის აქტიური ჩარევა გამოვლინდა. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, თანამედროვე რუსული პროპაგანდის სამიზნეა საქართველოც. ბოლო ათწლეულში ამ საფრთხის შესახებ უამრავი ნაშრომი გამოქვეყნდა, ძირითადად არასამთავრობო სექტორის მიერ. როგორც შესაბამისი წყაროების ანალიზი აჩვენებს, ამ საკითხზე კარგადაა ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლებაც. ეს ვლინდება მთავრობის სხვადასხვა უწყების არაერთ სტრატეგიასა თუ ანგარიშში. 2018 წელს კი, სამინისტროებში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობასაც რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, როგორც აღნიშნული სტრატკომების საჯარო კომუნიკაციასა და პოზიციონირებაზე დაკვირვებამ აჩვენა, ისინი არა რუსულ დეზინფორმაციას, არამედ, უმეტესად, ქვეყნის შიგნით მოქმედ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიას ებრძვიან. ამ დროს კი, დასავლურ დემოკრატიებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ, რა პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდნენ ხელისუფლებები კრემლის დეზინფორმაციას.
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც სხვადასხვა მკვლევარის მიერ რუსული პროპაგანდის ანალიზის შედეგად დაგროვდა. ბუნებრივია, ყველა მათგანის ქართულ რეალობაში პირდაპირ გადმოტანა არასწორი იქნება, თუმცა, ეს დოკუმენტი ერთგვარი ფართო ხედვაა იმისა, თუ რა მიმართულებით შეიძლება წარიმართოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შესაბამისი ნების არსებობის პირობებში.
პროპაგანდა როგორც რუსული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი და მასთან გამკლავების გზები
რუსულ პროპაგანდაზე საუბრისას უნდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც მას საკმაოდ რთულ გამოწვევად აქცევს. პირველ რიგში, ეს არის ინფორმაციის იარაღად გამოყენება. პომერანცევი და ვაისი აღწერენ რუსეთის მიერ ინფორმაციის, კულტურისა და ფულის იარაღად გამოყენების (weaponization) მეთოდებს. მათი თქმით, კრემლი იყენებს ინფორმაციის თავისუფლების იდეას საზოგადოებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად. რუსული პროპაგანდის ეფექტი არ არის დარწმუნება ან ნდობის მოპოვება, არამედ, მისი მიზანია, შეთქმულების თეორიებით დათესოს დაბნეულობა და გაავრცელოს სიცრუე. კრემლი იყენებს ლიბერალური დემოკრატიების ღიაობას, მართლმადიდებლურ ეკლესიას და ფსევდო, მეტწილად მისივე დაფინანსებულ და მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი აგრესიული პოლიტიკური მიზნებისთვის, ანგრევს საგამოძიებო და პოლიტიკური ჟურნალისტიკის ავტორიტეტს და ცდილობს გააღვივოს უნდობლობა მედიისადმი. ინფორმაციის იარაღად გამოყენება არის თანამედროვე რუსეთის „ჰიბრიდული ომის“ სასიცოცხლო ნაწილი.
პროპაგანდის მკვლევარის, იაკუბ იანდას თანახმად, რუსული „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია პოლიტიკური ექსტრემიზმის მხარდაჭერა. დემოკრატიულ ქვეყნებში დესტაბილიზაციის მიზნით, ის ხელს უწყობს ექსტრემისტულ განწყობებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს, აფინანსებს როგორც უკიდურესად მემარცხენე, ისე ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს და ეხმარება მათ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიით ე.წ. პოლიტიკური ელიტების წინააღმდეგ. ამას ემატება საკმაოდ მასშტაბური კიბერშეტევები და პროპაგანდისტული კამპანიები სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო ერთიანობისა და დემოკრატიული პროცესების (არჩევნები, რეფერენდუმი) წინააღმდეგ. გარდა ამისა, იანდას თქმით, რუსეთი ახდენს „კორუფციის ექსპორტს“ - უკანონოდ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ქვეყანაში და ამ გზით ცდილობს გავლენების გამყარებას.
RAND Corporation-ის მკვლევარების თანახმად, რუსული პროპაგანდის მთავარი მახასიათებლებია სისწრაფე, განგრძობადობა (მუდმივ რეჟიმში გავრცელება) და ის, რომ სრულებით არ ცდილობს იყოს თანმიმდევრული, მოქმედებს რა კონკრეტული რეალობიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნული გზავნილები, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას, ვრცელდება მრავალი სხვადასხვა არხით, რის საშუალებასაც თანამედროვე მედია და სოციალური ქსელები იძლევიან. შეიძლება ითქვას, რუსული პროპაგანდა მოქმედებს უწყვეტი ომის მდგომარეობაში, რა დროსაც არ ერიდება ყველაზე გაუგონარი კონსპირაციის თეორიების შექმნასა და გავრცელებას.
ზემოაღნიშნული მეთოდების კვლევის საფუძველზე, დასავლურ აკადემიურ სივრცეში ჩამოყალიბდა არაერთი რეკომენდაცია დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობების მიმართ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ რუსულ საინფორმაციო ომს. ქვემოთ სწორედ ამ ძირითად რეკომენდაციებს წარმოვადგენთ.
RAND Corporation-ის კვლევის (რომელიც რუსულ თუ სხვა ტიპის პროპაგანდასთან დაკავშირებული ლიტერატურის სისტემურ მიმოხილვას გვთავაზობს) ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ პროპაგანდასთან გამკლავების ყველაზე ხშირად რეკომენდირებულ გზად მთავრობების პოლიტიკის ცვლილება სახელდება. ამავე კვლევაში საუბარია იმ ზოგადი რეკომენდაციების შესახებ, რაც სხვადასხვა ავტორის აზრით, რუსული პროპაგანდის სამიზნე ქვეყნებს მისგან თავის დაცვაში დაეხმარებათ. უპირველესად, ამ კონტექსტში ნახსენებია დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა მსოფლიოში (Fly, Rosenberger, and Salvo, 2018). უფრო კონკრეტულად, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა შესაბამისი შიდა და გარე აქტორების მიერ. ამგვარი ძალისხმევის მიზანი უნდა იყოს პროპაგანდის სამიზნე ქვეყნების ინსტიტუციური გაძლიერება და რუსეთისთვის განხეთქილების დათესვის შესაძლებლობების შეზღუდვა. გარდა ამისა, რუსული მავნე გავლენების განეიტრალების ერთ-ერთ სასიცოცხლო გზად კორუფციასთან ბრძოლა სახელდება. აღნიშნული რეკომენდაციის ავტორის თქმით, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოწვევაა შიდა მდგრადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა, რადგან კორუფციამ და კანონის უზენაესობის ნაკლებობამ ეს ქვეყნები უფრო სუსტი გახადა. მართლაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კორუფცია რუსული „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმ მიგნების აღნიშვნაც, რომლის თანახმადაც, რუსეთი, უმეტესწილად, ნულიდან კი არ ქმნის რაიმე ტიპის სისუტეებს სხვა ქვეყნებში, არამედ იყენებს უკვე არსებულს. ეს შეიძლება იყოს როგორც სუსტი, კორუფციისკენ მიდრეკილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე ამა თუ იმ ხელისუფლების ნაკლები ლეგიტიმაცია. ამდენად, დემოკრატიული მმართველობისა და ინსტიტუტების გაძლიერება რუსული „ჰიბრიდული ომის“ სამიზნე ქვეყნების არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოების საკითხიცაა.
რაც შეეხება იმ პირდაპირ ინსტრუმეტებს, რაც პროპაგანდის წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული - სფეროს მკვლევართა აზრით, მთავრობების პირველი ნაბიჯი რუსული დეზინფორმაციის, როგორც დემოკრატიისთვის მთავარი საფრთხის აღიარება უნდა იყოს. ამავდროულად, უნდა შემუშავდეს საერთო ეროვნული სტრატეგია, რომელშიც ნათლად იქნება გაწერილი მოქმედების გეგმა, ინსტრუმენტები და პერიოდი. თავად სამოქმედო ინსტრუმენტების შესახებ მკვლევართა რეკომენდაციები მრავალფეროვანია და აერთიანებს ხისტ და რბილ ზომებს. კერძოდ, არაერთ ავტორი აღნიშნავს, რომ საჭიროა ზუსტი და კონკრეტული გაფრთხილებები რუსული პროპაგანდის შემქმნელებისთვის, რომ მათი ეს საქმიანობა დაუსჯელი არ დარჩება. არსებული მოსაზრებით, გერმანიის მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების მიერ გავრცელებულმა საჯარო გაფრთხილებამ შესაძლოა როლი შეასრულა იმაში, რომ რუსეთმა გადაწყვიტა არ გამოეყენებინა 2016 წელს გერმანიის პარლამენტზე კიბერ-შეტევის დროს მოპოვებული ინფორმაცია. გალიოტის თქმით, მოსკოვში, მათ ქმედებებზე მკაფიო და ძლიერი პასუხების არარსებობას უკიდურესი სისუსტის ნიშნად თვლიან და ეს მათთვის ერთგვარი „მწვანე შუქია“. ამდენად, მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციული კამპანია შეიძლება დაისაჯოს პოლიტიკური ლიდერების სანქცირებით, ან თუნდაც დიპლომატების გაძევებით. ეს რეკომენდაცია უმეტესად ეხებათ ისეთ საერთაშორისო აქტორებს, როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირის დიდი ქვეყნები ან თავად ევროკავშირი. იმავე ავტორის რეკომენდაციით, გარდა ზოგადად კრემლისთვის დაწესებული სანქციებისა, მნიშვნელოვანია ღიად გამოვლინდნენ დეზინფორმაციული კამპანიების კურატორი კონკრეტული პირები - გამოყენებულ იქნას ე.წ. name and shame მიდგომა და ამავდროულად, პირადად დაისაჯონ ისინი სხვადასხვა სანქციით. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელმაც თანამედროვე საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან ბევრი რამ შეცვალა, სანქციები პერიოდულად ცხადდება პროპაგანდის კონკრეტული გამავრცელებლების წინააღმდეგ. შედარებით ხისტ მეთოდებს შორის შეიძლება ასევე მოვიაზროთ რეკომენდაციები სხვადასხვა ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების შესახებ, რუსული პროპაგანდის მასშტაბების შესამცირებლად. მსგავსი ქმედების გასამართლებლად კი, სრულიად ლოგიკური არგუმენტი იკვეთება. კერძოდ, თუ ინფორმაცია გამოიყენება როგორც იარაღი კონკრეტული ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში ჩარევის, მასში არგუმენტების განადგურების, მისი უზურპაციისა და დეგრადაციისთვის, მაშინ რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული ყველა ხერხი ინტერნეტში, სოციალური სივრცეში და სხვა მედიუმებში, რომ ეს მცდელობები როგორმე განეიტრალდეს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს იარაღად გამოყენებული ინფორმაციის ბლოკირება. შეიძლება ითქვას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამ მიდგომას უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცა, რაც შესაბამის ქმედებებშიც გამოიხატა. კერძოდ, ევროკავშირში დაიბლოკა რუსული პროპაგანდის მთავარი რუპორები, RT და Sputnik, რასაც მოჰყვა მათი ბლოკირება ინტერნეტშიც, Google-ის მიერ.
სოციალურ ქსელებსა თუ ტრადიციულ მედიაში პროპაგანდის მაქსიმალურად შეზღუდვას შეიძლება მართლაც ჰქონდეს ხელშესახები შედეგები. თუმცა, მეორე მხრივ, რუსული სახელმწიფო კომპანიების, RT-ისა და Sputnik-ისგან განსხვავებით, რომელთა მიზნები აშკარაა, რთულია ყველა დეზინფორმაციული წყაროს გამოვლენა და შეზღუდვა. მსგავს პროცესში ურთულესია იმ ოქროს შუალედის პოვნაც, რომელიც მკვეთრად გამიჯნავს ინფორმაციას როგორც რუსული „ჰიბრიდული ომის“ იარაღს და უბრალოდ განსხვავებულ აზრს. ამდენად, მხოლოდ შეზღუდვებით რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება არ იქნება მართებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელების ბევრი ალტერნატივა არსებობს და დეზინფორმაციული გზავნილები ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებს მაკონტროლებელს. ამდენად, საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის კომპლექსური მეთოდები, რაც, პირველ რიგში, მის კარგად შესწავლას გულისხმობს. ამისთვის, აუცილებელია რუსული პროპაგანდისტული გზავნილების მუდმივი კვლევა. მათ შორის, უნდა ტარდებოდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევები (შესაბამისი პერიოდულობით, რომ უკეთ გამოჩნდეს ტენდენციები), რათა დადგინდეს, თუ სად აქვთ რუსულ გზავნილებს ყველაზე დიდი მიღწევები. მნიშვნელოვანია დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელ დემოგრაფიულ ჯგუფებს სჯერათ კრემლის დეზინფორმაციის, რა ახდენს გავლენას მათ რწმენებზე და ა.შ. ასევე, საჭიროა მედია გარემოს, განსაკუთრებით კი რუსული მედიის ანალიზი დეზინფორმაციული კამპანიების გამოსავლენად და იმის გასაგებად, თუ რა წყაროები აყალიბებს საზოგადოების ცნობიერებას. სხვადასხვა მკვლევარის რეკომენდაციით, დეზინფორმაციის სიღრმისეული შესწავლის პროცესში ჩართული უნდა იყვნენ პროპაგანდის სამიზნე ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებიც, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდგომი რეაგირება. მსგავსი მიდგომით მუშაობისას ასევე გამოვლინდებიან დეზინფორმაციის კამპანიის უკან მდგომი კონკრეტული პერსონები. მათი სახელების სააშკარაოზე გამოტანა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლაში.
ზემოაღნიშნული რეკომენდაცია - დეზინფორმაციის კამპანიის ადრეული ეტაპზევე შესწავლა და გამოვლენა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია შემდეგი მიზეზის გამო: სხვადასხვა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, თანამედროვე რუსული პროპაგანდის მოდელს აქვს პოტენციალი იყოს ძალიან ეფექტური. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი აუდიტორიას წარუდგენენ მოვლენის პირველად ვერსიას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმართლეს წინ უსწრებენ. გარდა ამისა, ამა თუ იმ სიყალბის შეთხზვას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე პასუხისმგებლიანი ჟურნალისტების მიერ მის გადამოწმებასა და ზუსტი ფაქტების გავრცელებას. ამდენად, ყალბი ინფორმაციის პირველადი ეფექტი მიმღები ინდივიდის გონებაში საკმაოდ დიდია, ხოლო მის ჩანაცვლებას სწორი ინფორმაციით, მეტი ძალისხმევა სჭირდება. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ასპექტიც, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანებს უჭირთ გაიხსენონ, ამა თუ იმ მოვლენაზე მიღებული ინფორმაციიდან რომელი იყო სწორი და რომელი - არა. მართალია, დეზინფორმაციაზე სიმართლით რეაგირება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ამ მეთოდმა შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს. ამიტომ, საჭიროა აუდიტორიის წინასწარ გაფრთხილება მოსალოდნელ დეზინფორმაციულ კამპანიებზე. პროპაგანდის შესახებ შემუშავებული არაერთი რეკომენდაციის თანახმად, საზოგადოება მკაფიოდ და პერმანენტულად უნდა იქნას გაფრთხილებული როგორც ზოგადად კრემლის პროპაგანდის, ისე კონკრეტული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. მსგავსი გაფრთხილებები კი, ყველა შესაძლო არხით - მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, ან თუნდაც პირადი შეტყობინებების გამოყენებით უნდა მივიდეს მოქალაქეებამდე. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე მედიასა და სოციალური ქსელების მმართველ კომპანიებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რეგულარულად და გამჭვირვალედ ქვეყნდებოდეს სიახლეები პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების და მიღწევების შესახებ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეზინფორმაციის გადამოწმება არ არის ერთადერთი გამოსავალი კრემლის სიცრუის მანქანის წინააღმდეგ, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ის ამ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. კერძოდ, ყალბი ამბების დეკონსტრუქცია, მათში ფაქტებისა და მოსაზრებების მკაფიოდ გამიჯვნა, მითების რღვევა, სიცრუესთან გადამოწმებული ფაქტებით დაპირისპირება, სწორი კონტექსტის ჩვენება და ტროლების გამოვლენა აუცილებელი აქტივობაა. სხვადასხვა რეკომენდაციის თანახმად, ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს როგორც კონკრეტული ოფიციალური უწყების მიერ, ისე ფართო თანამშრომლობით ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან, მედიასთან, სოციალურ ქსელებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მათ შორის, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციის საფრთხეებზე წინასწარ ინფორმირების პრაქტიკასაც, რადგან მკვლევართა აზრით, მნიშვნელოვანია გადამოწმებული, ალტერნატიული ინფორმაციის რეგულარული მიწოდება საზოგადოებისთვის. მსგავსი სტრატეგიით მოქმედებისას ცალკე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ისტორიული მითების კვლევა. კერძოდ, სამუშაო ჯგუფების შექმნა ისტორიულ ტრავმებზე. როგორც ცნობილია, კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროპაგანდიტული გზავნილი იყენებს მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობას. კერძოდ: „სტალინი ებრძოდა ნაცისტებს, ამიტომ ყველა, ვინც სტალინს ებრძოდა, ნაცისტი იყო“ და შემდეგ მათ აკავშირებს დღევანდელთან: „ყველა, ვინც ახლა რუსეთს ეწინააღმდეგება, არის ფაშისტი“. ამდენად, ფსიქოლოგთა, ისტორიკოსთა, სოციოლოგთა და მედია სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფმა უნდა შექმნას ერთგვარი „იდეების ქარხანა“, რათა შეიმუშაოს გზები ისტორიულ და ფსიქოლოგიურ მითებთან საბრძოლველად.
კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი უჭირავს თავისუფალი, დაბალანსებული მედიის მხარდაჭერასა და განვითარებას, რადგან რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ე.წ. მეინსტრიმული მედიის დისკრედიტაცია და მისი როლის დაკნინებაა. ამ გზით პროპაგანდა ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განწყობა, რომ მედია „ელიტებს ემსახურება“, მისი ნდობა არ შეიძლება და საჭიროა ალტერნატივების ძიება. ალტერნატივად კი, კრემლი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი პროპაგანდის რუპორებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს მკვლევართა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მედიის მხარდაჭერაა. პირველ რიგში, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი მედია გარემო, სადაც ჟურნალისტები არ განიცდიან რაიმე სახის ზეწოლას ან ცენზურას. ამასთან, საჭიროა პროდასავლური წყაროების ფართოდ გავრცელების უზრუნველყოფა. ასევე, ზოგიერთი მკვლევარი პრიორიტეტულად მიიჩნევს ადგილობრივი (რეგიონული) და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხარდაჭერას, რადგან მათ შესაძლოა უფრო მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეთ ლოკალურ დონეზე, ვიდრე ეროვნულ მაუწყებლებს. მედიის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ჟურნალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგების გზით დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების ამაღლებაც.
მკვლევარები მიუთითებენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლზეც. ამისთვის კი, რიგ ქვეყნებში, საჭიროა მათი გათავისუფლება სამთავრობო გავლენებისგან და მეტი აქცენტი პროდასავლური იდეების მხარდაჭერაზე. სხვადასხვა რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელახლა გადააზრებაც. პოლარიზებულ მედია გარემოში ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება გახდეს სანდო წყარო, რომელიც არა მხოლოდ აწესებს ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ უზრუნველყოფს სოციალურ და სამოქალაქო ჩართულობას. ამის მაგალითად მოყვანილია უკრაინული Hromadske TV, რომელიც 2013 წელს დაარსდა და წარმოადგენდა ამბიციურ მცდელობას ნულიდან შემდგარიყო ყოველგვარი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან, ან მთავრობის გავლენისგან საზოგადოებრივ მაუწყებელად. ის ფინანსდებოდა მხოლოდ დონორებისა და საჯარო შემოწირულობებით. ტელეარხი, სადაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო მხოლოდ 20 ჟურნალისტი, ცდილობდა ეკეთებინა მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში უნდა ვახსენოთ გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ისეთ ქვეყნებსა თუ რეგიონებში, რომლებიც ინფორმაციას რუსულ ენაზე იღებენ. ასეთ დროს, უმეტესწილად, მათ არ აქვთ ალტერნატივა გარდა რუსული პროპაგანდისტული წყაროებისა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მკვლევარის რეკომენდაციით, საჭიროა ეთნიკური უმცირესობების ენაზე გასაგები ტელეარხებისა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებების შექმნა და მხარდაჭერა.
სოციალური ქსელების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ კონკრეტულ პერსონებს - ე.წ. „ინფლუენსერებს“, ბლოგერებს და ა.შ. ისეთ ადამიანებს, რომლებიც პოპულარულნი და მიღებულნი არიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ და მათ აზრებს პატივს სცემენ. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ პოლარიზაციის შემცირებას, სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნდობის აღდგენას და საზოგადოების კონსოლიდაციას, რასაც რუსული პროპაგანდა გამალებით ებრძვის. ამ გაერთიანებაში შეიძლება ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და წარსულის მქონე ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური, სწორი გზავნილების აუდიტორიამდე მიტანა შეუძლიათ. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ერთგვარი ბლოგერთა ქარტიის შექმნის იდეაც, რომლის ხელმომწერები დაიცავენ ეთიკურ სტანდარტებს და ხელს შეუწყობენ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ მედიაში.
პროპაგანდის საფრთხეებზე მსჯელობისას, გარდა ინფორმაციის წყაროებისა, ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს ინფორმაციის მიმღებს - აუდიტორიას. ამ მხრივ, მართალია დროში გაწელილი და რთულად მიღწევადი, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი საზოგადოების განათლებაა. მისი უნარი, მიღებული ინფორმაცია კრიტიკულად გააანალიზოს და არ გახდეს ყალბი ახალი ამბებით მანიპულირების ობიექტი. შესაბამისად, მთავარი რეკომენდაციაა, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა „ვებძროლოთ გულუბრყვილობას“... არანაირი „მითების დამსხვრევა“ ან თუნდაც კონტრპროპაგანდა არ შეიძლება იყოს ისეთი ეფექტური როგორც წიგნიერება“. ამდენად, მნიშვნელოვანია მედია წიგნიერების დანერგვა ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში. ახალი ამბის შინაარსის, წყაროების ანალიზისა და შეფასების უნარი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ მედიის როლი საზოგადოებაში, კრიტიკულად იფიქრონ მედიის გზავნილებზე და გაარჩიონ ფაქტი გამოგონილი ამბისგან.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპლექსური რეკომენდაციების პრაქტიკაში გადატანა საკმაოდ რთული გამოწვევაა. მეორე მხრივ, თანამედროვე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნაში უკვე საკმაოდ ბევრი ხერხი გამოიცადა. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებისა და უკეთ გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოთა მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობა. უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტურ კოორდინაციას რუსულ პროპაგანდაზე საპასუხოდ. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის გაცვლა კონკრეტული საფრთხეების შესახებ, ერთსულოვანი და მკვეთრი გზავნილები მოქალაქეებისთვის, საერთაშორისო სასწავლო პლატფორმები პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის, მედიისთვის და ა.შ. ის გამოცდილება, რაც, მაგალითად, ამ კუთხით ჩეხეთსა თუ ესტონეთს აქვთ, მნიშვნელოვანი იქნება საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში მნიშვნელოვანია NATO-სა და ევროკავშირის ე.წ. სტრატკომების გაძლიერება და მათი მჭიდრო თანამშრომლობა დემოკრატიულ მთავრობებთან.
დასკვნა
დოკუმენტში განხილული რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც ძირითადად დასავლურ აკადემიურ სივრცეში ჩამოყალიბდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რუსული პროპაგანდის სამიზნე ქვეყნების მთავრობებმა კარგად გაიაზრონ და ხმამაღლა აღიარონ ამ საფრთხის არსებობა. საქართველოს მთავრობის მიერ ეს პრობლემა აღიარებულია. თუმცა დღეს, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული ძალების რიტორიკაში ანტიდასავლური (რუსული პროპაგანდის მსგავსი) გზავნილები ჭარბობს, ძალიან საეჭვოა, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება რუსულ პროპაგანდასთან რაიმე ფორმით ბრძოლისთვის. ამის მიუხედავად, საფრთხე არსად წასულა და კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზების ჩვენება თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გამოჩნდეს, რას ვერ თუ არ აკეთებს მოქმედი მთავრობა.
რეკომენდაციები რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკისთვის:
• დემოკრატიული ინსტიტუტების - კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერება;
• კორუფციასთან ბრძოლა - რადგან კრემლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ „კორუფციის ექსპორტია“;
• რუსული პროპაგანდისტული წყაროებისა და ყალბი ამბების შეზღუდვა/ბლოკირება;
• პერსონალური სანქციები კრემლის პროპაგანდის კოორდინატორებისა და გამავრცელებლებისთვის;
• ყალბი ამბების დეკონსტრუქცია, მითების რღვევა, სიცრუესთან გადამოწმებული ფაქტებით დაპირისპირება, სწორი კონტექსტის ჩვენება და ტროლების გამოვლენა;
• ადგილობრივი თუ რუსული პროპაგანდისტული მედიის სიღრმისეული კვლევა და არსებული ტენდენციების გამოვლენა;
• საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები იმის გასაგებად, თუ რა ტიპის დეზინფორმაციული გზავნილები ახდენენ გავლენას მოქალაქეებზე;
• საზოგადოების მუდმივი და სწორი ინფორმირება როგორც ზოგადად რუსული პროპაგანდის, ისე კონკრეტული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რაც იძლევა არა მხოლოდ სიყალბეზე რეაგირების, არამედ მის გავრცელებამდე პრევენციის შესაძლებლობას;
• მედიის მხარდაჭერა და გაძლიერება, რადგან კრემლის სამიზნე სწორედ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ზოგადად, ხარისხიანი ჟურნალისტიკაა;
• საზოგადოებრივი მაუწყებლების ჩართვა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, რომლებმაც, დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებით ხელი უნდა შეუშალონ საზოგადოების გახლეჩას, რასაც რუსეთი ყველა სამიზნე ქვეყანაში განსაკუთრებით ცდილობს;
• ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე მომუშავე მედიასაშუალებების არსებობა, რომლებიც დაუპირისპირდებიან კრემლის პროპაგანდას და გაავრცელებენ ფაქტებზე დაფუძნებულ ახალ ამბებს. განსაკუთრებით, რუსულენოვანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნებში ან რეგიონებში;
• სოციალური მედიის ე.წ. „ინფლუენსერების“ ჩართვა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, რათა მათ შეძლონ სწორი გზავნილების საზოგადოებამდე, განსაკუთრებით ახალგზარდებამდე მიტანა;
• განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინფორმაციის მიმღებ აუდიტორიას. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი საზოგადოების განათლებაა. კერძოდ, კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები;
• რეკომენდაციების პრაქტიკაში გადატანისთვის აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს შეიძლება იყოს გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა კონკრეტული საფრთხეების შესახებ, ერთსულოვანი და მკვეთრი გზავნილები მოქალაქეებისთვის, საერთაშორისო სასწავლო პლატფორმები პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, მედიისთვის და სხვა პროაქტიური ქმედებები.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველა გზა სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირად ეფექტური ვერ იქნება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთი ზომების გატარებისას (კერძოდ, ყალბი ამბებისა და მათი წყაროების ბლოკირება), რომლებმაც პოტენციურად შეიძლება შეზღუდონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამგვარი რისკები მწვავედ იჩენს ხოლმე თავს მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. ამდენად, რომ არ მოხდეს ერთგვარი უკუეფექტი, აუცილებელია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება და მოსალოდნელი შედეგების მაქსიმალურად გათვლა.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.