საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის რეფორმა: სრული ინსტიტუციონალიზაცია და სისტემური მიუკერძოებლობა
საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური იურისდიქციის განსაზღვრისა და მოწყობის შესახებ მომზადებული წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, წარმოადგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის კონცეფცია და შესაბამისი წინადადებები.
დოკუმენტის პირველ ნაწილში, შედარებითი განხილვის საფუძველზე, გამოკვლეულია საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის სფეროში დაკვირვებადი გლობალური ტრენდები, განსაკუთრებით კი - საქართველოს მსგავს პოლიტიკურ რეჟიმებში, რომლებიც არ მიეკუთვნება კონსოლიდირებულ კონსტიტუციურ დემოკრატიებს. ავტორები საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუციონალიზაციის პრობლემებს აკავშირებენ შესაბამის გლობალურ პრობლემებთან და ტრენდებთან.
ამ ნაწილში, ასევე გაანალიზებულია საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის დამკვიდრებისა და მუშაობის თითქმის ოცდაათწლიანი პერიოდი. ანალიზით გამოიკვეთა, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის უფლებამოსილება სრულყოფილად არასდროს იყო ინსტიტუციონალიზებული და ეს გახლდათ პოლიტიკური ხელისუფლებების სტრატეგიული და მიზანმიმართული არჩევანი.
იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის სპეციალიზებულ, ცენტრალიზებული მართვის მოდელის ინსტიტუტში კონცენტრაციაც იყო სტრატეგიული არჩევანი, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების აქტორებს უხსნიდა სასამართლოს სისტემური მიუკერძოებლობის ხელყოფისა და მასზე ხანგრძლივი გავლენის დამყარების გზებს.
აღნიშნულის განხილვის საფუძველზე, დოკუმენტის მეორე ნაწილში, ავტორები წარმოგვიდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმის მთავარ ნორმატიულ მიზნებსა და მათ საფუძველზე შემუშავებულ სპეციფიკურ წინადადებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.