პუბლიკაციები

Gnomon Wise-ის საქმიანობის ანგარიში 2022

2022 წელი განსაკუთრებით დაძაბული იყო როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მსოფლიო წესრიგისა და მშვიდობისთვის. რუსეთის ფედერაციის აგრესიული შეტევის განახლებამ უკრაინის სუვერენიტეტზე და მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ, მძიმედ შეარყია არსებული მსოფლიო წესრიგი და საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დააყენა ყველა ის საზოგადოება და სახელმწიფო, რომლისთვისაც დემოკრატია და ლიბერალური განვითარება მნიშვნელოვანია. რუსეთის დამანგრეველი ომი უკრაინაში კვლავ გრძელდება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ბრძოლისუნარიანობამ გააერთიანა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება საერთო მტრის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო სისტემაში და 21-ე საუკუნის მსოფლიოში ავტორიტარიზმისა თუ ტოტალიტარიზმის ადგილი არ არის.

2022 წელი მნიშვნელოვანი იყო ევროპული განვითარების პერსპექტივისთვისაც. ევროპული კავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ფარგლებში, საქართველოს ორმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო საქართველომ 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების პირობებშიც ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

2022 წელს ცეცხლი განახლდა ყარაბაღის რეგიონშიც, თუმცა დასავლური საზოგადოების ჩართულობამ და თავად მეომარ მხარეთა მხრიდან მშვიდობის სურვილმა, წლის ბოლოსთვის შედარებითი სტაბილურობა და ზავი მოიტანა.

ამ მოვლენების ფონზე, ბუნებრივია, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, არასტაბილური რეგიონი და საერთაშორისო წესრიგი, ბევრ სირთულეს გვიქადის მომავალშიც. შესაბამისად, ყველა პასუხისმგებლიანი ძალა საქართველოში უნდა ჩაერთოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევასა და წარმატებით გადალახვის პროცესში.

Gnomon Wise მთელი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა სანდო და კვალიფიციური კვლევებით, საჯარო დისკუსიებით, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე ჩართულობით - მრავალმხრივი აქტივობებით ეპასუხა ქვეყნის თუ რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და წვლილი შეეტანა პროცესების პოზიტიურ ტრანსფორმაციაში.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ჩვენს აქტივობებში და გვეხმარებოდა საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველს, რომელთა აქტიურობაც განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს.

წინამდებარე დოკუმენტში, მოკლედ წარმოგიდგენთ იმ ძირითად აქტივობებს, რომელიც 2022 წლის განმავლობაში Gnomon Wise-ის გუნდმა განახორციელა.

ჩვენი გუნდი რჩება დემოკრატიული ღირებულებების ერთგული და მზად არის 2023 წელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს უკეთესი მომავალის ფორმირებაში.

მიმაგრებული ფაილი


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise