საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა და მიმდინარე რეფორმების ანალიზი
წინამდებარე კვლევის ფარგლებში განხორციელებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კომპლექსური ანალიზი. პირველ რიგში, განხილულია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე გატარებული რეფორმები. ნაჩვენებია, თუ რამდენი განსხვავებული მოდელი იყო დანერგილი სულ რაღაც 25 წლის მანძილზე და რა პრობლემები წარმოქმნა თითოეულმა მათგანმა. თეორიული კვლევების და სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე მოხდა ჯანდაცვის სისტემის პრობლემების გამოვლენა, რომლებიც ტიპურია რეფორმების განსხვავებული მოდელებისთვის. ყურადღება გამახვილებულია ე.წ. DRG-ის სისტემის დანერგვაზე, რომელიც ხშირად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად მოიხსენიება.
ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა 537 909 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, დარეგისტრირებული საქართველოში 2018-2019 წლებში, საიდანაც ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შევარჩიეთ 126 248 შემთხვევა.
შედეგებმა აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე კერძო დაფინანსების პირობებში, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კვლევიდან გამოვლინდა, რომ საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალიზაციის ხელოვნურად გახანგრძლივებას სისტემური ხასიათი აქვს და მთავრობის ბიუჯეტის ხარჯზე კლინიკების მოგების ზრდის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.