პუბლიკაციები

Covid-19 და პრო-სახელისუფლებო მედია - კორონავირუსის გაშუქება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ

დღის წესრიგის თეორიის თანახმად, მედიას შეუძლია წინ წამოსწიოს კონკრეტული საკითხები და ამ გზით "უკარნახოს" საზოგადოებას, თუ რაზე იფიქროს. მედიის მიერ გაშუქებულ საკითხთა წყება სხვადასხვა აქტორის ინტერესებისგანაც შედგება. მაგალითად, პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების მიერ სუბსიდირებული კომპონენტებით. ამავდროულად, ამა თუ იმ პოლიტიკური მხარისადმი მიკერძოებული მედია უფრო დიდი დოზით ხდება კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მედიის როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ნაშრომის ძირითადი კითხვაა, თუ როგორ გააშუქა ყველაზე რეიტინგულმა პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებამ კორონავირუსი საარჩევნო პერიოდში და რამდენად დაემთხვა მისი დღის წესრიგი ხელისუფლების პრიორიტეტებს (სტაბილურად მძიმე ეპიდემიოლოგიურ პირობებში). დაკვირვების ობიექტად ტელეკომპანია "იმედი" შეირჩა, კონკრეტულად, მისი მთავარი საინფორმაციო გამოშვება - "ქრონიკა". დაკვირვება განხორციელდა 2020 და 2021 წლების არჩევნების წინა და შემდგომ თვეებში. მედიასაშუალების დღის წესრიგის გამოვლენა მოხდა "ქრონიკაში" კორონავირუსისთვის დათმობილი დროისა და პრიორიტეტულობის მიხედვით. კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღემდე, როცა მძიმე ეპიდ-ვითარებაზე საუბარი ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი იყო, კორონავირუსის გაშუქებას ტელეკომპანია "იმედმა" გაცილებით ნაკლები პრიორიტეტი და დრო დაუთმო, ვიდრე არჩევნების შემდგომ. არჩევნების წინა კვირაში, პანდემიის შესახებ სიუჟეტები ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებიდან ერთი საათის შემდგომ გადიოდა. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, "იმედზე" კოვიდ-19 -ის გაშუქება შესამჩნევად გააქტიურდა, ხოლო არჩევნების მეორე ტურის (21 ნოემბერი) შემდგომ, კორონავირუსი "იმედის" ნომერ პირველი საკითხი გახდა. მედიის დღის წესრიგის ასეთ რადიკალურ ცვლილებას ხელისუფლების მიერ კოვიდ-რეგულაციების გამკაცრება მოჰყვა. რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს, აქაც გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ კოვიდ-19 "იმედის" პრიორიტეტებში ვერ ხვდებოდა. მეტიც, მონიტორინგის 27 დღიდან, 10 შემთხვევაში ამ თემაზე სიუჟეტი საერთოდ არ გასულა. არჩევნების შემდეგ პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებაში კოვიდ-19 -ის თემის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად და სწრაფად (როგორც ეს 2020 წელს მოხდა) არ შეცვლილა, თუმცა, მისდამი მედიის ყურადღება მაინც შესამჩნევად გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენი წინასწარი დაშვებები პრო-სახელისუფლებო მედიაში კოვიდ-19 -ის გაშუქებასთან დაკავშირებით ცალსახად დადასტურდა, რამდენადაც, "იმედი" მიჰყვებოდა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ  დღის წესრიგს.

კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე