პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუარესებული მაჩვენებლების მიმოხილვა და ანალიზი
2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 70%-ით შემცირდა. მეორე კვარტალში მცირედით, 10%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში ის კვლავ 55%-ით შემცირდა. ჯამში, 9 თვის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებელი 40%-ით დაეცა, რაც მკვეთრ კლებას ნიშნავს და ქვეყნის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს. იმისათვის, რომ გარკვეული დასკვნები გაკეთდეს, აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებული ოდენობის შესწავლა როგორც ნომინალში, ისე მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით და ამავე დროს, წლების, ქვეყნებისა და სექტორების მიხედვით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებლის განხილვა გავრცელებული პრაქტიკაა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში, თუმცა ხშირად, ნომინალური მაჩვენებელი მანიპულირების საშუალებას იძლევა და მისი წარმოდგენა მშპ-სთან მიმართებით უფრო ზუსტ სურათს გვაძლევს. მაგალითად, სახელისუფლებო პროპაგანდა ხშირად იმეორებდა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა 2017 წელს, შემდეგ კი - 2022 წელს, მაგრამ ინვესტიციების სხვა თანაბარ პირობებში, მუდამ მზარდია. იზრდება ქვეყნის ეკონომიკაც და ყოველ მომდევნო წელს, იმავე ეფექტის მისაღებად, იმაზე მეტი ინვესტიციაა საჭირო, ვიდრე წინა წელს იყო. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ზემოთ ნახსენები წლებია, როცა 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებელი 300 მლნ დოლარით მეტი - 2.3 მლრდ დოლარი იყო, თუმცა, მშპ-სთან მიმართებით, 13%-დან 9%-მდე შემცირდა. ამდენად, განცხადებები „ეკონომიკური მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა“ და მაგალითად, „სამყაროს ასაკი ისტორიულ მაქსიმუმზეა“ ერთმანეთის ტოლფასია. სხვა თანაბარ პირობებში, მსგავსი ეკონომიკური მაჩვენებლები მუდამ მზარდია, თუ ფორს-მაჟორთან არ გვაქვს საქმე (ომი, პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და სხვა).
არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, ნომინალშიც და ეკონომიკასთან მიმართებითაც მუდმივად არასახარბიელო ნიშნულზე იყო. შეიძლება ითქვას, განსხვავებული ნომინალური მაჩვენებლები დაფიქსირდა 2022 და 2023 წლებში, შესაბამისად, 2.3 მლრდ და 1.9 მლრდ აშშ დოლარი. თუმცა, ეკონომიკასთან მიმართებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. იგივე ტენდენცია გრძელდება 2024 წელსაც. ცხრა თვის ჯამური მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა, თუმცა, მშპ-ის მესამე კვარტლის მონაცემების ამჟამად არარსებობის გამო, შეუძლებელია ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის დათვლა. შესაძლებელია დავითვალოთ 2024 წლის 6 თვის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნომინალში 33%-ით, ხოლო ეკონომიკასთან მიმართებით, 8%-დან 5%-მდე შემცირდა. ეს კი მიუთითებს, რომ 2024 წელს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მეტად გაუარესდა.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი ფარდობა მიმდინარე მთლიან შიდა პროდუქტთან. 2014-2024 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ არ არის მიმართული, რადგან ხშირია მაჩვენებლების გაუარესება და 2022 და 2023 წლების სტატისტიკა, როგორც გამონაკლისი, წესს ადასტურებს. 2022 და 2023 წლებში საქართველოში მეტი ფულის შემოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდებოდა, რა დროსაც ასიათასობით ადამიანი, მათ შორის, რუსეთიდან და ბელარუსიდან, საქართველოში შემოვიდა სანქციებისა თუ გაწვევისგან თავის არიდების მიზნით. 2023 და 2024 წლები კი ამ დროებითი ეფექტის მილევად ტენდენციას კარგად ასახავს.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა. რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი, 3%-ია.
დიაგრამა 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით. 2014-2023 წლები, დაჯამებული
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
2024 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 22%-მდეა შემცირებული, თუმცა შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ამას მარტივი ახსნა აქვს - რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც შესაბამისად აისახება მის ნებისმიერ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. 11%-მდეა გაზრდილი ინვესტიციების წილი იაპონიიდან, ხოლო 23%-მდე - გაერთიანებული სამეფოდან. აღსანიშნავია, რომ შეიძლება გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ხშირად მოცემული ქვეყნის ბიზნესის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია კი არ იყოს, არამედ უკავშირდებოდეს ე.წ. ოფშორული ზონებიდან საქართველოში რესურსების სხვადასხვა მიზნით გადმოტანას. აქვე აღსანიშნავია, რომ მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები შეზღუდა და გააჩერა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. იგივე გააკეთა შვედეთმაც და ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ყველა დასავლელ პარტნიორ ქვეყანასთან, რაც რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე.
ინვესტიციების განხილვისას, ასევე აუცილებელია სექტორული ანალიზი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერობდა, რასაც მოჰყვებოდა საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. სოფლის მეურნეობა კი მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 0% იყო, რაც ე.წ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის განუსაზღვრელად დიდ წარუმატებლობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება 2024 წლის 9 თვის შედარებას 2023 წლის 9 თვესთან, ორივე წელს სოფლის მეურნეობა კვლავ ყველაზე წარუმატებელ სექტორად რჩება და მისი წილი 0%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი 41%-იანი წილით, რასაც ენერგეტიკის სექტორი (16%), დამამუშავებელი მრეწველობა (15%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოჰყვება (14%).
გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი სექტორების მიხედვით. 2014-2023 წლები, დაჯამებული
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მუდამ პრობლემები იყო და ის ხშირად არა მხოლოდ ეკონომიკასთან მიმართებით, არამედ ნომინალური მაჩვენებლებითაც კი მცირდებოდა, რაც არამიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს. ამ ყველაფრის დასტური კი ქვეყნის ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ინვესტიციებზე გავლენას, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობა და შესაბამისად, საკუთრების დაცულობა ახდენს. ამ მხრივ კი, საქართველოში სავალალო მდგომარეობაა. ამ ყველაფერს ემატება მაღალი საგადასახადო წნეხი, სუსტი მაკროეკონომიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. საქართველოს ხელისუფლებამ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გადაუხვია პროდასავლური გეოპოლიტიკური კურსიდან და მკაცრად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება დაიწყო. ასეთ დროს კი საბაზრო მოწყობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ამ ტიპის ქვეყნებში ავტორიტარი ხელისუფლება თავად განკარგავს თითოეულ ეკონომიკურ აქტივობას და ეკონომიკური სტიმულების ნაცვლად, პოლიტიკური არგუმენტებით ხელმძღვანელობს.
სწორედ ამიტომ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია და ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა. მეორე მხრივ კი, ეკონომიკური გადაწყვეტილებები საბაზრო პრინციპებთან შესაბამისი უნდა იყოს და არა - პოლიტიკურად მოტივირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიციები ისევ ავტორიტარული ქვეყნებიდან პოლიტიკური დანიშნულებით შემოვა და ისიც - მცირე მასშტაბით, რადგან, როგორც ვნახეთ, რუსეთი და ჩინეთი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინვესტორები არ ყოფილან და მათი ჯამური წილი 7%-ის ფარგლებშია.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.