პუბლიკაციები

საგარეო რესურსები საქართველოს ბიუჯეტში

იმ შემთხვევაში, როცა მთავრობის ხარჯი შემოსავლებს აჭარბებს, ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტის დაფინანსების წყაროა ვალი,  რომელის მოზიდვაც შესაძლებელია შიდა ან/და გარე სესხების სახით. შიდა ვალი, რომელიც, ძირითადად, ადგილობრივ ვალუტაშია ნომინირებული, ნასესხებია სახაზინო ვალდებულებებისა და მთავრობის ობლიგაციების საშუალებით, ხოლო საგარეო ვალი აღებულია  უცხოურ ვალუტაში როგორც მრავალმხრივი კრედიტორებისგან, ისე - ცალკეული უცხოური მთავრობებისგან. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო საგარეო სესხებია და შესაბამისად, მაღალია უცხოურ ვალუტაში დომინირებული ვალის წილი.

I. მთავრობის ვალი 

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდის დაბალი ფისკალური დეფიციტი იყო. კერძოდ, ბოლო ათწლეულში, პანდემიის ეფექტის გარეშე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 1.7%-ს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი, ამ უკანასკნელის კუმულაციურ მაჩვენებელში, მთავრობის ვალზე აისახება. შესაბამისად, ვალის დონეც დაბალია. კერძოდ, ბოლო ათწლიან პერიოდში, მთავრობის ვალი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, საშუალოდ 39.8%-ია (პანდემიის ეფექტის გარეშე).

გრაფიკი 1: მთავრობის ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, % 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფისკალური დისციპლინის მიზეზია კონსტიტუციურად გარანტირებული ფისკალური წესები. ასეთი შეზღუდვებიდან, მნიშვნელოვანია დეფიციტს 3%-იანი, ხოლო ვალის 60%-იანი ჭერის არსებობა. ფისკალური წესების მოქმედება კი გრძელვადიან ფისკალურ სტაბილურობაში აისახება.

გრაფიკი 2: ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდო, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, %

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო ათწლეულში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები მთავრობის ვალზე 3.5% იყო, რაც ომის შემდეგ პერიოდში 4.9%-მდე გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კონსტიტუციურად გარანტირებული ფისკალური წესები არსებობს, რისკის პრემიაც უფრო დაბალია, რაც სესხზე უფრო დაბალ ხარჯებში აისახა. თუმცა რუსეთის ომმა უკრაინაში და  მას შემდეგ შექმნილმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რისკები გაზარდა. 

გრაფიკი 3: საშუალო განაკვეთი სესხზე, %

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მთლიანი ვალის მოცულობა 34.2 მლრდ ლარი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის  36.1%-ია. აქედან, 10.9 პროცენტული პუნქტი შიდა ვალის კონტრიბუციაა, რომელიც ამ პერიოდისთვის 10 მლრდ ლარს აღწევდა. მთლიან ვალში, შიდა ნასესხები საშუალებები, რომელთა ძირითადი წყაროც 1-5 წლამდე სახაზინო ობლიგაციებია, 1/3-ზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფო ვალის კომპოზიციაში, შიდა ვალის წილი იზრდება, ხოლო საგარეო - მცირდება. 

გრაფიკი 4: მთავრობის ვალი წლის ბოლოს, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მთლიან სახელმწიფო ვალში, საგარეო ვალის წილი 2/3-ს აღემატება. 2024 წლის ბოლოს საგარეო ვალის მოცულობა 24.1 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 25.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელები, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია (ბოლო ათწლეულის საშუალო 30.8%).  

საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი, 75.9%-ზე მეტი, მულტილატერალური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული სესხებია. საგარეო ვალის 6.1% ფასიანი ქაღალდებით, კერძოდ, ევრობონდებიდან მიღებული რესურსებია, ხოლო დანარჩენი 18% ორმხრივი კრედიტორების ვალია. ორმხრივ მოვალეებს შორის, ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან საფრანგეთი და გერმანია, რომელთა წილი მთლიან საგარეო ვალში 9.3% და 6.8%-ია. 

გრაფიკი 5: მრავალმხრივი კრედიტორებისგან მთავრობის ვალი წლის ბოლოს, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მრავალმხრივი კრედიტორების ვალი 17.6 მლრდ ლარი იყო. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან უმსხვილესი მსესხებელია აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულება 2024 წლის ბოლოს, ჯამში, 6.4 მლრდ ლარი იყო. მრავალმხრივ კრედიტორებს შორის, აზიის განვითარების ბანკისადმი არსებული ვალი 36.3%-ია. მულტილატერალური კრედიტორებიდან, საქართველოს მთავრობისთვის მსესხებელთა შორის, აზიის განვითარების ბანკის წამყვანი პოზიცია ორმაგ კრიზისს უკავშირდება (2008-2009 წლები - გლობალური ფინანსური კრიზისი და ომი). ამ პერიოდში, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობას შორის, დაიდო ფართო სასესხო ჩარჩო ხელშეკრულება, მდგარდი ზრდის აღდგენის, ურბანული განვითარების, კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებისა და  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მომდევნო წლებში მთავრობამ, ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით (ძირითადად, 1%-იანი საპროცენტო განაკვეთი), გრძელვადიანი სესხები მიიღო.  

რიგით მეორე მრავალმხრივი კრედიტორია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომლის წილი მულტილატერალურ ვალდებულებაში 26.2%-ია. 2024 წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობის ვალი  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიმართ, 4.6 მლრდ ლარი იყო. ბანკთან არსებული ვალდებულება კი შედეგია ჯერ კიდევ 2009 წლიდან იაფი და გრძელვადიანი სესხების, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკის წილი მრავალმხრივი კრედიტორებისადმი სასესხო ვალდებულებებში 17.3%-ია.  2024 წლის ბოლოს, ბანკისადმი ვალი 3 მლრდ ლარს შეადგენდა. ბანკისადმი არსებული ვალდებულებები კი არის 2007 წელს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხები, ენერგეტიკის, წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.  

II. ბოლო ათწლეულის სესხის ნაკადები 

ბოლო ათწლეულში ევროპის საინვესტიციო ბანკი ყველაზე მსხვილი მრავალმხრივი კრედიტორია. 2015-2024 წლებში საქართველოს მთავრობამ ამ ფინანსური ინსტიტუტისგან, 11 სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, დაახლოებით 3 547.3 მლნ ლარი ისესხა. ბანკისგან ნასესხები თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა (ძირითადი - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს). ამ პერიოდის სესხის ნაკადებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის წილი 69%-ია. 

გრაფიკი 6: 2015-2024 წლებში მრავალმხრივი კრედიტორებისგან მიღებული სესხის ჯამი, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რიგით მეორე უმსხვილესი მრავალმხრივი კრედიტორი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. ხსენებული ფინანსური ინსტიტუტიდან საქართველოს მთავრობამ, 2015-2024 წლებში,  6 ხელშეკრულების საშუალებით, დაახლოებით 943.8 მლნ ლარი ისესხა. მესამე უმსხვილესი კრედიტორი, 2015-2024 წლებში დადებული 6 ხელშეკრულებით,  აზიის განვითარების ბანკია. ამ პერიოდში ბანკიდან ნასესხები სახსრები დაახლოებით 624.5 მლნ ლარს შეადგენს.  დანარჩენი ორი ხელშეკრულებით ნასესხებია დაახლოებით 23.6 მლნ ლარი, რომლის მრავალმხრივი კრედიტორი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. 

გრაფიკი 7: მრავალმხრივი კრედიტორებისგან მიღებული სესხი წლების მიხედვით, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო ათწლეულში მრავალმხრივი კრედიტორებისგან ნასესხები სახსრების უმეტესი ნაწილი (82%) არის 2015-2017 წლებში აღებული ვალი. ბოლო ორ წელს, კერძოდ, 2023-2024 წლებში, მრავალმხრივი კრედიტორებისგან საქართველოს მთავრობას სესხი არ აუღია.  

III. შეჯამება

საქართველოში არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ფისკალური წესრიგი, რომლის საფუძველი ძირითად ფისკალურ პარამეტრებზე დაწესებული კონსტიტუციური შეზღუდვაა. კერძოდ, დადგენილია ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის ზედა ჭერი, რამაც ხელი შეუწყო გრძელვადიან ფისკალურ სტაბილურობას. წლების განმავლობაში, საქართველო ნაერთი ბიუჯეტის დაბალი დეფიციტით გამოირჩეოდა, რაც მთავრობის ვალის შედარებით დაბალ დონეზე აისახა.

მთავრობის ვალში ძირითადია საგარეო წყაროებიდან ნასესხები ფინანსური საშულებები. თუმცა ბოლო წლებში შიდა ვალის წილი გაიზარდა. შიდა ვალი ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოზიდული რესურსებია. საგარეო ვალი კი მოიცავს როგორც ცალმხრივ კრედიტორებს, ისე მულტილატერალურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ეს უკანასკნელი მთავრობის საგარეო ვალში დომინანტია. ასეთ კრედიტორებს შორისაა განვითარებაზე ორიენტირებული ბანკები, რომელთა სესხები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მოზიდული იაფი და გრძელვადიანი ფინანსური რესურსებია. მრავალმხრივი კრედიტორებისადმი არსებული ვალია ადრეულ წლებში ნასესხები ფული, რადგან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალმხრივ კრედიტორებთან სასესხო ხელშეკრულება არ დადებულა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია