პუბლიკაციები

კორონავირუსის შესახებ "დეზინფორმაციასთან ბრძოლის" საბაბით დაწყებული სამთავრობო ცენზურის პანდემია

ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულმა პანდემიამ თანამედროვე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. პანდემიის შედეგად მიღებულ ზარალზე საუბრისას, უპირველესად აღსანიშნავია მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი და ეკონომიკის გაჩერების შედეგად გამოწვეული კრიზისი. ამ უმწვავესი პრობლემების გარდა, არსებობს საკითხები, რომლებიც ამჟამად, გარკვეულწილად, მეორე პლანზე არიან, თუმცა მათი უგულებელყოფა პერსპექტივაში ძალიან ცუდი შედეგების მომტანია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლების დაცვაა, რადგან სიტყვის თავისუფლება ის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებების რეალიზაციასთან. სწორედ ის არის საუკეთესო ინსტრუმენტი ინდივიდისთვის, ხმა მიაწვდინოს ფართო საზოგადოებას. სამწუხაროდ, კოვიდ-19 -ის პანდემიის ფონზე, აღნიშნული უფლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მკვეთრად შეიზღუდა. 

შეიძლება ითქვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ ერთგვარად ხელიც კი შეუწყო კორონავირუსის ფართო მასშტაბებით გავრცელებას, რადგან რომ არა ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება, რომელიც ვირუსის თავდაპირველი აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მკაცრი ცენზურით პასუხობდა, შესაძლოა, მსოფლიოს პანდემიის თავიდან არიდება მოეხერხებინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებისთანავე (2020 წლის 11 მარტი), მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფომ გაატარა უკიდურესად მკაცრი ღონისძიებები თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch -ის თანახმად, არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა ჟურნალისტების დაპატიმრებისა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები; გააქტიურდა ტრადიციული და სოციალური მედიის ცენზურა; სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აეკრძალათ ვირუსის და მასზე მთავრობების რეაგირების შესახებ თავისუფლად საუბრის საშუალება; შემოღებულ იქნა სხვადასხვა შემზღუდავი საკანონმდებლო ნორმები დამოუკიდებელი წყაროების გასაჩუმებლად და ა.შ. სიტყვის თავისუფლების ამა თუ იმ ფორმით შეზღუდვის მცდელობები სულ მცირე 83 ქვეყანაში გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებისთანავე, ვირუსის შესახებ დეზინფორმაციის (რომელიც ნამდვილად წარმოადგენს დიდ პრობლემას თანამედროვე მსოფლიოში) წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ათობით ქვეყანამ შემოიღო ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ან უფრო ინტენსიურად გამოიყენა მანამდე არსებული შემზღუდავი ნორმები. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს საკანონმდებლო ნორმები და მთავრობების ქმედებები არა დეზინფორმაციასთან ბრძოლას, არამედ კრიტიკული აზრის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. ავტოკრატიულ ქვეყნებში „ყალბი ამბების“ (რომლებიც, შესაძლოა სულაც არ იყვნენ ყალბი, არამედ - უბრალოდ კრიტიკული) კრიმინალიზაცია გამოიყენეს იარაღად, რომლითაც ინფორმაციის კონტროლი და მედიის გაჩუმება ხდებოდა.  იყო რამდენიმე ისეთი ქვეყანაც, რომელთა ცალსახა მიზანს არ წარმოადგენდა კრიტიკული ხმების ჩახშობა, თუმცა, მათ მიერ ნაჩქარევად და ბუნდოვანი ფორმულირებებით მიღებული კანონებიც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. 

წინამდებარე მიმოხილვაში, 40-ზე მეტი ქვეყნის მაგალითზე, შევეცდებით ავსახოთ კოვიდ-19 -ის კონტექსტში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით მიღებული ის რეგულაციები (მათი რეალური მიზნები და პრაქტიკული აღსრულება), რომლებმაც დამატებითი პრობლემები შეუქმნეს პანდემიისგან ისედაც დაზარალებულ მოქალაქეებს. ქვეყნები, რომლებსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ, სიტყვის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით შეირჩა. მათი შერჩევის მთავარი პრინციპი კი, დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან ბრძოლის საბაბით მიღებული რეგულაციები ან/და პრაქტიკული ზომები გახდა, რომელთა აღრიცხვაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი. მიმოხილვას ჩინეთით დავიწყებთ, რომლის მთავრობის ქმედებებმაც, როგორც აღვნიშნეთ, ხელი შეუწყო ეპიდემიის ფართოდ გავრცელებას. ასევე მიმოვიხილავთ ამ მხრივ საქართველოში და მის სამეზობლოში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე კი, ვეცდებით გამოვკვეთოთ ის ძირითადი მიზეზები და საერთო მიდგომები, რაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნა გამოყენებული.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.

 

ფოტო: PaintingValley


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე