პუბლიკაციები

"სტრასბურგის" სასამართლოსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები - რა უნდა ვიცოდეთ, რათა სტატისტიკით მანიპულირების მსხვერპლი არ გავხდეთ?

2024 წელი საქართველოსთვის მრავალი გამოწვევის წელია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მას შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს. საარჩევნო წლისთვის დამახასიათებელია, გარკვეულწილად, ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარება, არსებული ვითარების გაცნობა და დაპირებების გაცემა. ამისთვის პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ სტატისტიკურ მონაცემებსა და სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის მიხედვით, მათ შედარებებს.

სტატისტიკური მონაცემები, მართალია, ხშირად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მოვლენათა შესაფასებლად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი ისინი სწორად და კეთილსინდისიერად გამოიყენება და არა - მანიპულაციურად. მონაცემებით მანიპულირება განსაკუთრებით მარტივია მაშინ, როდესაც საკითხი, რომელზე მსჯელობისასაც ის გამოიყენება, ფართო საზოგადოებისთვის არ არის კარგად ცნობილი. ასეთი ვითარება ზრდის პოლიტიკოსების სტიმულს, გამოიყენონ მონაცემები ისე, როგორც მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება და საზოგადოებას რეალობის დამახინჯებული სურათი მიაწოდონ. 

სტატისტიკური მაჩვენებლებით მანიპულაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა გამოიკვეთა Gnomon Wise-ის კვლევითაც, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა. კვლევა ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობასთან დაკავშირებულ მრავალწლიან რიტორიკას. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან შედარებით,  რადიკალურად შემცირდა (ხშირად ამ განცხადებებში ფიგურირებდა 11-ჯერ შემცირების ფაქტი). ამასთან, მათივე მტკიცებით, აღნიშნული უტყუარად უკავშირდება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეროვნული სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას. 

წინამდებარე სტატია განიხილავს სწორედ ხსენებული კვლევით გამოვლენილი მანიპულაციის შემთხვევას, როგორც მაგალითს იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საგამონაკლისო შემთხვევების არასწორი, მანიპულაციური გამოყენებით, რეალური სურათის მაქსიმალურად დამახინჯება. ამასთან, განხილულია ამ მონაცემებით მანიპულაციისთვის კიდევ ერთი, კარგად აპრობირებული ხერხი - შესადარებელი პერიოდების შერჩევა.

სტატიაში, ამასთანავე, წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დკავშირებული არაერთი მონაცემი. კერძოდ, განხილულია ის მონაცემები, რომლებიც ხშირად გვხვდება პოლიტიკოსთა განცხადებებში, ასევე ის მონაცემები, რომლებიც ხშირად საჯარო ინტერესის მიღმა რჩება, თუმცა მნიშვნელობით არათუ ჩამოუვარდება მათ, არამედ უფრო ღირებულიც კი შეიძლება იყოს სხვადასხვა დასკვნის გამოსატანად. ერთ-ერთ ასეთ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს მთავრობის მიერ კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევის სტატისტიკა წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ამ მონაცემების განხილვა უფრო გვაახლოებს ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, მათ შორის, სასამართლოს მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან, ვიდრე პროცედურულ ლაბირინთებში დაკარგული რიცხვები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, პირდაპირი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია