პუბლიკაციები

2024: სამომხმარებლო ფასების დინამიკა

ინფლაცია პოპულარული მაკროეკონომიკური ფენომენია, რომელიც მთლიან ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდას აღნიშნავს. ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ცვლილების აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის უამრავ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. მათი დიდი ნაწილი მოკლე დროში ქრება და ახალი ჩნდება მანამ, სანამ დაკვირვებისთვის საკმარისი დრო გაივლის. მართალია, ყველა საქონელზე დაკვირვება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის საქონელზე ფასების ცვლილების დაკვირვება და ჩაწერა. სწორედ ასე იქცევა ის ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკაში ფასების დონეს ზომავს. ამისთვის ის აკვირდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი, ყველაზე ხშირად მოხმარებადი, საქონლისა და მომსახურების ფასებს. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის ფასების ცვლილებით, კერძოდ, ზრდით, ხდება ინფლაციის შეფასება. ინფლაცია უარყოფითი გავლენის მქონე ეკონომიკური მოვლენაა, რომლის შედეგები უფრო მძიმეა ღარიბი ადამიანებისთვის. ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა კი შემოსავლების თვითნებურ განაწილებას იწვევს, რაც მიმართულია ღარიბებიდან მდიდრებისკენ და ხელს უწყობს უთანასწორობის გაღრმავებას.

ვინაიდან სამომხმარებლო კალათა აერთიანებს რამდენიმე ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას, ის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. კალათაში წარმოდგენილი საქონელი და მომსახურება გაერთიანებულია რამდენიმე სასაქონლო ჯგუფში. სამომხმარებლო ფასების ინდექსში სასაქონლო ჯგუფების წონა შინამეურნეობების მთლიან მოხმარებაში მათ პროპორციას ეფუძნება.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო კალათის განაწილება 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამომხმარებლო კალათის ძირითადი კომპონენტი სასურსათო საქონლის ჯგუფია, რომელსაც ფასების ინდექსში 1/3 -ზე მეტი წონა აქვს (სამომხმარებლო ფასების ინდექსში სასაქონლო ჯგუფების განაწილება იხ. გრაფიკ 1-ში).

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოსტპანდემიურ პერიოდში სამომხმარებლო ფასების დონე მკვეთრად გაიზარდა, რასაც პანდემიის დროს ეკონომიკის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის მასშტაბური შემსუბუქება უძღოდა. ინფლაციამ მაღალ ნიშნულებს 2022 წელს მიაღწია.

სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მაღალ ტემპს ადამიანები საქართველოშიც განიცდიდნენ. თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, წლიური ინფლაციის დონე ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა, რაც ჩავარდნილი მონეტარული პოლიტიკის შედეგი იყო. თუმცა, მოგვიანებით, მონეტარული პოლიტიკა შედარებით გამკაცრდა და 2023 წლიდან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი შენელდა. მაგალითად, თუკი 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 11.9% იყო, 2023 წელს სამომხმარებლო ფასების დონე საშუალოდ 2.6%-ით იზრდებოდა (სურსათზე ზრდა საშუალოდ 3.7% იყო).

საქართველოში გასულ წელს სამომხმარებლო ფასების ზრდა საშუალოდ 1.1% იყო, ხოლო წლის დასაწყისში უფრო დაბალ ნიშნულს იკავებდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ინფლაციის დონე საშუალოდ 0.3% იყო, რაც წლის ბოლო კვარტალში საშუალოდ  1.1%-მდე აჩქარდა. გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების დონე 1.9%-ით გაიზარდა. წლის ბოლოს ინფლაციის აჩქარება წინა პერიოდში გატარებული ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მომავალში უფრო მაღალი ინფლაციის მოლოდინის საფუძველს ქმნის. ექსპანსიური მიდგომა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა, რაც ინფლაციის მიზეზია.

გრაფიკი 2: საქართველოში სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება, %

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაში მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა სურსათი, რომლის წონა ფასების ინდექსში 30.4%-ია. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდაში სურსათის წვლილი საშუალოდ 0.4 პროცენტული პუნქტი იყო, ხოლო 0.1 – 0.1 პროცენტული პუნქტები - ტრანსპორტისა და ჯანდაცვის შემთხვევაში (იხ. გრაფიკი 2).

ფასების დონის ცვლილება განსხვავებული იყო სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფში (იხ. გრაფიკი 3).

გრაფიკი 3: სამომხმარებლო კალათის ძირითადი სასაქონლო ჯგუფების ფასების დონის ცვლილება, %

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ყველაზე დიდი წონის მქონე სასაქონლო ჯგუფში - სურსათზე - ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, მაგრამ წლის მიწურულს იზრდებოდა. 2024 წლის დეკემბერში სურსათის სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა 3.3%-ს აღწევდა, რაც ნოემბერში 2.7%-ს შეადგენდა. სამომხმარებლო კალათაში სურსათი უმეტესობისთვის, განსაკუთრებით, შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტია. ღარიბი შინამეურნეობის მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს, ვიდრე შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე  ოჯახის შემთხვევაში. ამიტომ სამომხმარებლო ფასების ზრდას და განსაკუთრებით, სასაქონლო ჯგუფში ფასების მატებას გაცილებით უარყოფითი გავლენა აქვს შედარებით ღარიბ ოჯახებზე, რადგან მათი მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვან საქონელზე ხელმისაწვდომობა მცირდება. 

სამომხმარებლო კალათაში რიგით მეორე მსხვილი სასაქონლო ჯგუფია პირადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, რომელშიც ფასების დინამიკა განსხვავდებოდა. წლის პირველ ნახევარში სატრანსპორტო ჯგუფის ფასების დონე საშუალოდ 11.6%-ით იზრდებოდა, რაც წლის მეორე ნახევარში, საშუალოდ, 2.3% იყო. ეს კი ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებას უკავშირდება. ამავე პერიოდში კომუნალურ სერვისებში, როგორებიცაა ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, კლება დაფიქსირდა.  2024 წლის განმავლობაში, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ფასები საშუალოდ 5.3%-ით მცირდებოდა.  

გრაფიკი 4: ფასების დონის ყველზე სწრაფად მზარდი სასაქონლო ჯგუფი, 2024 წლის მიხედვით, ცვლილება % 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასულ წელს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამორჩეოდა საცხოვრებლის მოვლა-შენახვის, საფინანსო მომსახურებებისა და განათლების სექტორები (იხ. გრაფიკი 4). ფასების დონე ყველაზე სწრაფად იზრდებოდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების სასაქონლო ჯგუფში. 2024 წელს ამ ჯგუფში, რომლის წილიც სამომხმარებლო კალათაში 0.8%-ია,  ფასების ზრდის სიჩქარე საშუალოდ 12.4% დაფიქსირდა. საცხოვრებლის შენახვის ფასების ზრდა წინა წელსაც მაღალი, საშუალოდ 9.8% იყო.  ამ პერიოდში საცხოვრებელი ბინის დაქირავების ღირებულებაც სწრაფად იმატებდა. 2023 წელს ქირა საშუალოდ 18.1%-ით იზრდებოდა, ხოლო გასულ წელს საშუალოდ 0.3%-ით მცირდებოდა.

მეორე ჯგუფი, რომელიც ფასების ყველაზე სწრაფი ზრდით გამოირჩევა, საფინანსო მომსახურებაა, რომელსაც სამომხმარებლო კალათის 1.3% უჭირავს. 2024 წელის განმავლობაში, საფინანსო მომსახურების ფასების დონე საშუალოდ 10.8%-ით იმატებდა. მესამე, ფასების სწრაფი ზრდით გამორჩეული, მომსახურება იყო სკოლამდელი განათლება. გასულ წელს საბავშვო ბაღის გადასახდელი საშუალოდ 7.8%-ით გაიზარდა. 

 

***

საქართველოში, ხანგრძლივ პერიოდში, სამომხმარებლო ფასების დონის მაღალი ზრდის ტემპის შემდეგ, 2024 წელს ინფლაციის დონე შედარებით დაბალი იყო.  წლის განმავლობაში, ფასების დონე სამომხმარებლო კალათის სასაქონლო ჯგუფებში არაერთგვაროვნად იცვლებოდა. ყველაზე დიდი წონის მქონე სასაქონლო ჯგუფში - სურსათში - ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, ხოლო წლის ბოლოს სწრაფად იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით აისახება დაბალშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაზე, რადგან მათ მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს. ყველაზე მაღალი ზრდით კი  საცხოვრებლის, ფინანსური მომსახურებებისა და სკოლამდელი განათლების სასაქონლო ჯგუფების ფასების დონე გამოირჩეოდა, ხოლო კლების კუთხით - ელ. ენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

მომავალში სავარაუდოა ფასების საერთო დონის უფრო სწრაფი ზრდა. ეს მოლოდინი  გატარებულ პოლიტიკასა და გასული წლის მიწურულს ინფლაციის ტემპის აჩქარებას ეფუძნება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია