პუბლიკაციები

ჩინური მანიპულაციური გზავნილები გლობალურ საინფორმაციო სივრცესა და საქართველოში

ილუსტრაცია: Tyler Comrie/The Atlantic

ჩინეთი საერთაშორისო სისტემაში სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო გაძლიერებით. პოლიტიკურ თუ აკადემიურ წრეებში აქტიურად საუბრობენ ჩინეთის სტრატეგიულ მიზანზე - მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც პეკინი ერთ-ერთ მთავარ ძალად გვევლინება. ამ კონტექსტში, ჩინეთი აქტიურად იყენებს საინფორმაციო კამპანიებს - სახელმწიფო მედიას, სოციალურ ქსელებსა და კულტურულ დიპლომატიას - საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად, რომელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, აშშ-სა და ევროპასთან შედარებით, მისი უპირატესობების წარმოჩენა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა და ქართულ საინფორმაციო სივრცეში, არცთუ იშვიათად, ისმის მსგავსი ხასიათის გზავნილები. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2023 წლის შემდეგ, როცა საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

საინტერესოა, თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. Freedom House-ის თანახმად, ჩინეთში, სადაც მმართველი კომუნისტური პარტია ინარჩუნებს მკაცრ კონტროლს ცხოვრებისა და მმართველობის ყველა ასპექტზე, მათ შორის, სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, მედიაზე, ონლაინ სივრცეზე, რელიგიურ ორგანიზაციებზე, უნივერსიტეტებზე, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ავტორიტარიზმი და რეპრესიები წლიდან წლამდე მზარდია. ხოლო, მეორე მხრივ, სხვადასხვა მანიპულაციური და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიით, ჩინეთი გლობალურ აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამდენად, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის სტრატეგიაა ქვეყნის შიგნით ინფორმაციის მკაცრი კონტროლი და რეპრესია, ხოლო ქვეყნის გარეთ - მანიპულაციური საინფორმაციო აქტივობები. ამ გამოწვევაზე საუბრობს ევროპის კავშირიც, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით. კერძოდ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ანგარიშების თანახმად, ჩინეთი მიზნად ისახავს, შეცვალოს გლობალური ნარატივები და შეუსაბამოს ისინი თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ამ პროცესში კი იგი მიმართავს საინფორმაციო ჩარევებსა და მანიპულაციებს, წარმოაჩენს თავს სანდო პარტნიორად, ხოლო, ამავდროულად, სამიზნე საზოგადოებებში ძირს უთხრის ნდობას ევროკავშირისა და მისი მოკავშირეების მიმართ. ჩინეთის საინფორმაციო მანიპულაციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია. ძირითად ანტიამერიკულ სტრატეგიულ ნარატივებში კი შემდეგი საკითხები დომინირებს: „აშშ საშიში ჰეგემონია და ცდილობს, ზიანი მიაყენოს ჩინეთს და სხვა ქვეყნებს; ამერიკა განიცდის მორალური და სოციალური ღირებულებების ნაკლებობას; მისი ძალაუფლება და გავლენები სუსტდება, შედეგად, მას სულ უფრო ნაკლებად შესწევს უნარი, გაუმკლავდეს შიდა და გარე პრობლემებს“.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ გლობალურ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს აღწერს სპეციალური ანგარიში, რომელიც Freedom House-მა 2020 წელს გამოქვეყნა. ანგარიში იწყება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ 2016 წელს წარმოთქმული სიტყვის ციტირებით: „ყველგან, სადაც მკითხველია, ყველგან, სადაც მაყურებელია, სწორედ იქ უნდა მიწვდეს პროპაგანდის საცეცები“. აღნიშნული ანგარიში, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს, ჩინეთის მთავრობამ დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი გამოყო სახელმწიფო მედიის გლობალური გაფართოებისთვის. ამასთან, სხვადასხვა შეფასებით, ჩინეთის სახელმწიფო ყოველწლიურად 10 მილიარდს ხარჯავს საკუთარი „რბილი ძალის“ გასავრცელებლად, რომლის ნაწილსაც, ბუნებრივია, საინფორმაციო აქტივობებიც შეადგენს. ამასთან, ჩინეთის ყველა ძირითად სახელმწიფო მედიაგამოცემას აქვს საერთაშორისო აუდიტორიაზე წვდომა. ეს მედიასაშუალებებია: ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელი (CGTN), ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის (CCTV) გლობალური სამსახური, ინგლისურენოვანი გაზეთი China Daily, People’s Daily, ჩინეთის საერთაშორისო რადიო (CRI), ასევე საინფორმაციო სააგენტოები - Xinhua და China News Service. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობა აქტიურად იყენებს უცხოურ მედიასაშუალებებს, გავლენიან პერსონებსა და სოციალური მედიის ე.წ. „ინფლუენსერებს“, საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად. პეკინი აყალიბებს „მეგობრულ“ ურთიერთობებს ჟურნალისტებთან და მედიამფლობელებთან, სთავაზობს მათ სარგებელს და მოუწოდებს, შექმნან ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის სასურველი შინაარსი. გარდა ამისა, აქტიურად ფინანსდება ჟურნალისტების, აკადემიური პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლების ტურები ჩინეთში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის მეტად გავრცელების მიზნით.

ზემოთ აღწერილ მცდელობებსა და დახარჯულ რესურსს ჩინეთის მთავრობისთვის შესაბამისი შედეგებიც მოაქვს. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივები საკმაოდ ძლიერად მოქმედებს სამიზნე აუდიტორიაზე. ეს დაადასტურა ჰარვარდის, იელისა და გრონინგენის უნივერსიტეტების პოლიტიკის მკვლევართა ერთობლივმა კვლევამ. კვლევის ფარგლებში, ავტორებმა გამოკითხეს 19 ქვეყნის დაახლოებით 6 000 მოქალაქე. მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყო. პირველს აჩვენეს ჩინური პროპაგანდა, მეორეს აჩვენეს აშშ-ის მთავრობის გზავნილები, მესამემ კი, გარკვეული დოზით, ინფორმაცია მიიღო ორივე მხრიდან, მეოთხე ჯგუფი პლაცებო ჯგუფს წარმოადგენდა. აღნიშნული გზავნილების გაცნობამდე და მის შემდგომ, მონაწილეებს ჰკითხეს ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელების შესახებ. ჩინეთის მოდელის მხარდაჭერა არსებითად გაიზარდა მათ შორის, ვინც უყურებდა ჩინეთის სახელმწიფო მედიას. კვლევის ბოლოს, ადამიანების უმეტესობამ, რომლებმაც მოისმინეს მსგავსი გზავნილები, თქვა, რომ ამერიკულთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებდა ჩინეთის მმართველობის ფორმას. ხოლო ჯგუფში, რომელიც უყურებდა ვიდეოებს ორივე ქვეყნიდან, მონაწილეთა უმეტესობა ჩინეთის ეკონომიკური მოდელისკენ გადაიხარა. აღსანიშნავია, რომ ჩინური ნარატივი არ ცდილობს აუდიტორიის დარწმუნებას, რომ ჩინეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ის ხელს უწყობს იმ წარმოდგენების გაზრდას, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია უზრუნველყოფს განვითარებას, სტაბილურობასა და კომპეტენტურ ლიდერობას, რაც, მკვლევართა დასკვნით, საკმაოდ ძლიერი და ამავდოულად, საშიში გზავნილია „დემოკრატიული უკუსვლის ერაში“.

ჩინური მანიპულაციური საინფორმაციო ჩარევების ზემოაღნიშნული მთავარი მახასიათებელი - დასავლურ დემოკრატიულ სისტემებთან შედარებით, ჩინეთის უპირატეობის წარმოჩენა - სხვა არაერთი კვლევითაც დასტურდება, რაც მას, გარკვეულწილად, განასხვავებს 21-ე საუკუნის „კლასიკური,“ რუსეთის მიერ დამკვიდრებული, დეზინფორმაციული მანქანისგან, რადგან, როგორც ცნობილია, რუსული პროპაგანდა უფრო მეტად ორიენტირებულია არა სამიზნე აუდიტორიის დარწმუნებაზე, არამედ მათში შიშის, ეჭვის, განხეთქილების დათესვაზე, ქაოსის შეტანაზე და ამ გზით აღწევს საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს. რუსულ და ჩინურ ნარატივებს შორის ამ მნიშვნელოვან სხვაობას წარმოაჩენს მათი საერთაშორისო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების - RT-სა და CGTN-ის - შედარებითი კვლევაც, რომლის შედეგების ინტერპრეტირებისას, ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძირითადი მიზნები უფრო ორიენტირებულია სხვა პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზაციასა და დელეგიტიმაციაზე, ხოლო ჩინეთი, მეტწილად, საკუთარი სისტემის უპირატესობების წარმოჩენას ცდილობს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მკვლევარის აზრით, ბოლო წლებში არსებობს ნიშნები, რომ ჩინური პროპაგანდის მეთოდები გარკვეულწილად „რუსიფიკაციას“ განიცდის და რუსულ მოდელს ემსგავსება. თუმცა ამ თეორიის დამტკიცება ან უარყოფა მომავალი კვლევების საგანია.

 

ჩინური საინფორმაციო გზავნილები საქართველოში

საქართველოსთან მიმართებით, ჩინეთის საინფორმაციო მანიპულაციის პირველი მნიშვნელოვანი კამპანია თბილისში არსებულ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ე.წ. „ლუგარის ლაბორატორიას“ უკავშირდება. 2020 წელს, მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების პარალელურად, დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა დაუდასტურებელი, თუმცა ყურადსაღები ცნობები იმის შესახებ, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი პირველად სწორედ ჩინეთიდან, ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის საწინააღმდეგოდ, რუსული პროპაგანდის მსგავსი მეთოდებითა (გამოძიებაზე უარის თქმით, პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებითა და დეზინფორმაციული გზავნილებით) და კრემლის წყაროების დახმარებით, ჩინეთმა წამოიწყო საინფორმაციო კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, აშშ-ის ფინანსური დახმარებით შექმნილ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება და შესაძლოა, ეპიდემიის გავრცელების მიზეზიც გახდეს. მსგავს დეზინფორმაციულ ვიდეოებს ჩინეთის სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებდა.

ForSet-ის მიერ გასული წლის იანვარში ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში, კერძოდ, Facebook-ში ათეულობით ისეთი გვერდი და პირადი ანგარიში აღმოჩნდა, რომლებიც, პროჩინურთან ერთად, ანტიდასავლურ გზავნილებსაც ავრცელებდა. ასევე, კვლევამ გამოკვეთა ოთხი ძირითადი ნარატივი: 1. „ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება: პროპაგანდის თანახმად, ჩინეთს შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე და დაგვეხმაროს ქვეყნის გაერთიანების საკითხში.  დასავლეთი რუსეთს ეკეკლუცება - კონფრონტაციის არიდების მიზნით, მხოლოდ სიტყვით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქმე კი სულ უკან და უკან მიდის და, რეალურად, დასავლეთი საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, არ/ვერ ეხმარება... 2. ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობა - ჩინეთი არ შეჭრილა სუვერენულ ქვეყანაში და არც ბომბებით გაუნადგურებია, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე. შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ მიდის“ და მხოლოდ ჩინეთის პრეზიდენტის მსგავსი ძლიერი ლიდერი შეძლებს მის გადარჩენას. აშშ, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 5% ცხოვრობს, მოიხმარს მსოფლიო ნარკოტიკების 80%-ს - ე.ი. აშშ და მისი კულტურა მავნეა... 3. პროჩინურ-პრორუსული: ჩინეთი იქნება ერთ-ერთი გამაწონასწორებელი ძალის ცენტრი, რუსეთთან ერთად, ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის განმახორციელებელი ძალის ცენტრებთან მიმართებით. ასევე, ჩინეთი და რუსეთი ერთად დაამარცხებენ დოლარს/დოლარის ჰეგემონიას მსოფლიოში... 4. პროპაგანდისტების მიერ საქართველოს ხელისუფლების დაახლოება ჩინეთთან, როგორც ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეფასებულია პოლიტიკურ ნოუჰაუდ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩინეთთან პარტნიორობის გაფორმებით, უარი თქვა ბატონყმურ ურთიერთობებზე და თავს აღარავის უხრის“.

2024 წლის აპრილში საქართველოში, ე.წ. „აგენტების კანონის“ ხელმეორედ ინიციირების პარალელურად, თბილისში ჩინეთის საელჩომ გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება, მანიპულაციური და პროპაგანდისტული ხერხებით, წარმოჩენილია ნეგატიურ ჭრილში. დასკვნის სახით კი, ნათქვამია, რომ „აშშ განიხილავს საგარეო დახმარებას, როგორც ჰეგემონური პოზიციის შესანარჩუნებისა და გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვის ინსტრუმენტს. დახმარების სახელით, აშშ იქცეოდა უგუნურად, ჰქონდა არაერთი გადაცდომა და ჩაიდინა არაერთი დანაშაული. არაერთხელ გამოვლინდა აშშ-ის ფარისევლური ბუნება, რამაც მსოფლიოს ღრმა კატასტროფა მოუტანა“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკისგან განსხვავებით, ჩინეთის საგარეო დახმარების „ოქროს სტანდარტია“ ბენეფიციარი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობა, პარტნიორი ქვეყნის ხალხის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა და საერთაშორისო საზოგადოების კმაყოფილება.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ვებგვერდზე ზემოაღნიშნულის მსგავსი პროპაგანდისტული პუბლიკაცია გამოქვეყნდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) საქმიანობის შესახებაც. მასში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ, შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა NED-ი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის. ამან უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, ასევე, დაარღვია მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთ არაპოპულარულ და საზიზღარ ქმედებებს მტკიცედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოება“. აღსანიშნავია, რომ ეს პუბლიკაცია ფართოდ გაშუქდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული წყროებით.

საქართველოში ჩინური საინფორმაციო გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყაროა ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემა „ჩინური პანორამა“. გადაცემა ეთერში 2023 წლიდან გადის, მისი ავტორი და წამყვანია კონფლიქტოლოგი და ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტის მიწვეული ექსპერტ-კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია. პირველ გადაცემას საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი სტუმრობდა. სტუმრობისას ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ სატელევიზიო პროგრამით, ქართველი მაყურებელი მეტს შეიტყობს მათი ქვეყნის განვითარებისა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ თაობაზე, საზოგადოებაში კი ჩინეთ-ქართული ურთიერთობებისა და საერთო მომავლის შესახებ, მეტი ნდობა და სურვილი გაჩნდება. ამასთან, სხვადასხვა დროს, გადაცემაში მონაწილეობდნენ სტუმრები აკადემიური თუ მედიის სფეროდან, რომლებიც უშუალოდ ჩინური მხარის მიწვევით იმყოფებოდნენ ამ ქვეყანაში და მუშაობდნენ სხვადასხვა კვლევით პროექტსა თუ ჟურნალისტურ პროდუქტზე.

„ჩინური პანორამის“ სხვადასხვა გამოშვების მონიტორინგი აჩვენებს, რომ იგი, ძირითადად, მიჰყვება ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილ საინფორმაციო სტრატეგიას - ჩინეთისა და კომუნისტური მმართველობის უპირატესობების წარმოჩენას, დასავლურ, დემოკრატიულ სისტემებთან შედარებით. კერძოდ, ისმის გზავნილები „ველური კაპიტალიზმის“ მავნებლობის შესახებ და ამ ფონზე, ხაზგასმულია კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკური წარმატებები. კომუნიზმი წარმოჩენილია, როგორც მართვის საუკეთესო მოდელი უბრალო ხალხისთვის. გარდა ამისა, ხშირად აღინიშნება, რომ ჩინეთში სრულიად აღმოფხვრილია სიღარიბე. თუმცა იგნორირებულია ის გარემოება, რომ აღნიშნული ეხება უკიდურეს სიღარიბეს (ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის მთავრობის მონაცემები მართალია), როცა ერთ ადამიანს დღეში მხოლოდ 2.15 დოლარის დახარჯვა შეუძლია, ხოლო ზოგად სიღარიბეში (6.85 დოლარი დღეში), 2021 წლის მონაცემებით, კვლავ მრავალი მილიონი ადამიანი, ჩინეთის მოსახლეობის 17% ცხოვრობდა.  ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, გადაცემა ხშირად წარმოაჩენს, რომ ჩინეთის ეკონომიკური კეთილდღეობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების. თუმცა „ჩინური პანორამის“ აუდიტორია აქაც ვერ მოისმენს იმის შესახებ, რომ ჩინეთის შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) დაახლოებით 13 ათას დოლარამდეა და იგი, ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 75-ე ადგილზეა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, იგივე მაჩვენებელი 80 ათას დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, კითხვები არსებობს, ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლების სანდოობასთან დაკავშირებითაც - Foreign Affairs-ი ჩინეთს „პოტიომკინის ეკონომიკად“ მოიხსენიებს და მოჰყავს სხვადასხვა არგუმენტი იმის შესახებ, რომ სი ძინპინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლები რეალობას არ ასახავს.

„ჩინური პანორამა“ ჩინეთის უპირატესობას წარმოაჩენს ისტორიულ და კულტურულ კონტექსტშიც - უძველესი ჩინური კულტურა ამერიკის რამდენიმესაუკუნოვანი ისტორიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, გადაცემის მნიშვნელოვანი გზავნილებია: პეკინი მხარს უჭერს სახელმწიფოთა შორის ურთიერთნდობას, პრაგმატულ მიდგომებს, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთპატივისცემას, რაც დასავლური სახელმწიფოების მიერ უგულებელყოფილი და დავიწყებულია; აშშ  მსოფლიოში ორმაგი სტანდარტებისა და დესტაბილიზაციის ხელშემწყობია, ხოლო ჩინეთი კი პირიქით, მშვიდობისა და სტაბილურობის.

რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, აქ შემდეგ ძირითად გზავნილებს ვისმენთ: დასავლეთი ზემოდან გვკარნახობს პირობებს, ჩინეთი პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს და არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში; ჩინეთს შეუძლია, გადაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა; ჩინეთთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, ამერიკასთან კი - არა; ჩინეთი „აგრესიული გლობალიზმის“ წინააღმდეგი ძალაა, რაც ნიშნავს პატარა ქვეყნების კულტურის დაცვასა და მულტიკულტურალიზმს; „აგრესიული გლობალიზმი“ პატარა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს დასასრულს ნიშნავს, პატარა ქვეყნებს ჩინეთის ეიმედებათ და მასში მხსნელს ხედავენ.

ზემოაღნიშნულის გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა „ჩინური და ქართული ოჯახური ტრადიციების მსგავსებას“. საბოლოოდ, „ჩინური პანორამის“ აუდიტორიისთვის ჩინეთი წარმოჩენილია, როგორც სტაბილური, მოწესრიგებული და საყოველთაო კეთილდღეობის მქონე ქვეყანა და ბუნებრივია, არაფერია ნათქვამი კომუნისტური პარტიის ტოტალიტარულ მმართველობაზე, ინფორმაციისა და თავისუფალი სიტყვის საყოველთაო კონტროლსა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე. მეტიც, გადაცემის ზოგიერთი სტუმრის მტკიცებით, ჩინეთის ტოტალიტარული სისტემის შესახებ ცნობები მითია.

 

***

შეჯამებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი საინფორმაციო მანიპულაციებით ცდილობს, ნეგატიურად წარმოგვიდგინოს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, ამავდროულად, წარმოაჩინოს საკუთარი ავტორიტარული სისტემა, როგორც ეფექტური მმართველობის მოდელი. პეკინი იყენებს სახელმწიფო მედიასაშუალებებს, სოციალურ ქსელებსა და კულტურულ დიპლომატიას, რათა შექმნას დადებითი იმიჯი და გააძლიეროს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები განსაკუთრებით ანტიამერიკულ ხასიათს ატარებს. ამ ნარატივების მიხედვით, აშშ წარმოდგენილია, როგორც ჰეგემონური, მაგრამ კრიზისში მყოფი და დაღმავალი ტრაექტორიით მოძრავი სახელმწიფო. გლობალურად, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალისტებთან, აკადემიურ წრეებთან და პოლიტიკურ ელიტებთან, რათა გაავრცელოს საკუთარი გავლენა და გააძლიეროს პროპაგანდისტული გზავნილები.

საქართველოში ჩინეთის გზავნილების ძირითადი ნაწილი ორიენტირებულია დასავლეთის დისკრედიტაციასა და ჩინეთის, როგორც სანდო პარტნიორის, წარმოჩენაზე. ერთ-ერთი მთავარი ნარატივი ამტკიცებს, რომ პეკინს შეუძლია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს, ხოლო დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავს. სხვა გზავნილების მიხედვით, აშშ აგრესიულია, ხოლო ჩინეთი – მშვიდობის მომტანი. ჩინეთის მიმზიდველობის აღსაწერად გამოყენებულია ფრაზები დასავლეთის „ველური კაპიტალიზმის“ მავნებლობის შესახებ და ამ ფონზე, შერჩევითადაა მოწოდებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური მიღწევები. ზემოაღნიშნულის გარდა, გვხვდება არაერთი ცრუ დილემა და მათზე დაფუძნებული შედარებები, თითქოს დასავლეთი ზემოდან გვკარნახობს პირობებს, ჩინეთი კი პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს და არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში; ჩინეთი „აგრესიული გლობალიზმის“ წინააღმდეგი ძალაა, რაც ნიშნავს პატარა ქვეყნების კულტურის დაცვასა და მულტიკულტურალიზმს. საბოლოო ჯამში, საქართველოს შემთხვევაშიც, პროჩინურ გზავნილებში, იკვეთება არა ჩინეთის დემოკრატიულობაში დარწმუნების მცდელობა, არამედ ის, რომ კომუნისტური პარტია უზრუნველყოფს განვითარებას, სტაბილურობასა და მშვიდობას, სხვა დანარჩენი კი მეორეხასიხოვანია, ზოგად საინფორმაციო სტრატეგიას მიჰყვება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე