პუბლიკაციები

"ფართოდ დახურული სასამართლო"

2025 წლის 26 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება შეიტანა, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირა მართლმსაჯულების საჯაროობის თეორიული გარანტიები, მათ შორის, სასამართლო სხდომების გაშუქების 2013 წლიდან არსებული, შედარებით პროგრესული, რეჟიმი თუ სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი.

კერძოდ, ეს ცვლილება ართულებს სასამართლოს საქმიანობაზე, განსაკუთრებით კი, სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას როგორც მედიისთვის (შესაბამისად, საზოგადოებისთვის), ისე, ზოგადად, ყველა დაინტერესებული პირისთვის და ხელს უწყობს სასამართლოს კიდევ უფრო ჩაკეტილ და არაანგარიშვალდებულ სისტემად ქცევას. 

მართალია, ცვლილებების ინიციატორებს არ მოსწონთ იმაზე აპელირება, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება წარსულის მძიმე გამოცდილების ანარეკლია და მსგავს შეფასებებს „პოლიტიკურ სპეკულაციად“ და „ტყუილის პროპაგანდად“ ნათლავენ, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის ის არაკომფორტული სიმართლე, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც წარსულში, მსგავსი მიდგომების წინააღმდეგ, ერთ-ერთ მთავარ ხმად გვევლინებოდნენ, ხოლო დღეს იმავე სიტუაციას დუმილით ეგუებიან.

ამ მდგომარეობას ზუსტად ეხმიანება ფრაზა - „ფართოდ დახუჭული თვალები“ - ერთი შეხედვით აბსურდული, თუმცა ზუსტი აღწერა იმ მოცემულობისა, როცა ადამიანი ყველაფერს ხედავს, მაგრამ არ უნდა, რომ დაინახოს; იცის, მაგრამ არ უნდა, რომ აღიაროს. 

წინამდებარე სტატიის სათაური - „ფართოდ დახურული სასამართლო“ - სწორედ ქვეყანაში შექმნილ ამ პარადოქსულ რეალობას ეხმიანება. დღეს სასამართლო გახდა პოლიტიკური პროცესების მთავარი ადგილი და გადაიქცა უმთავრეს ინსტრუმენტად: აქტიური ფიგურების პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოთქმულ კრიტიკაზე უმკაცრესი პასუხის გაცემის გზა სწორედ სასამართლოზე გადის.

ამ პირობებში, სასამართლოს საჯაროობა, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურად დასწრებას, ისე მოსამართლის გადაწყვეტილების არგუმენტებისა და პოზიციების დასაბუთებასა და ნებისმიერი დაინტერესებული, ობიექტური დამკვირვებლისთვის ხელმისაწვდომობასა და გასაგებობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელსაც დემოკრატიული პრინციპებით მართვაზე პრეტენზია აქვს. მით უმეტეს, თუკი „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

ამის საპირისპიროდ, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მოსამართლეებიც კი, კანონის ფორმალური ჩანაწერით თუ მის გარეშე, უფრო და უფრო ინტენსიურად ცდილობენ სასამართლო გახადონ საზოგადოებისთვის მიუწვდომელი, დახურული და გაუმჭვირვალე (განსაკუთრებით, თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთების ნაწილში). საზოგადოებრივი ნდობა და პატივისცემა კი, რომელიც სასამართლომ და მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ღიაობით, გამჭვირვალობითა და სამართლის განუხრელი და სამართლიანი აღსრულებით უნდა მოიპოვოს, შეიცვალა იძულებითი მექანიზმით, როცა მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, არათუ კრიტიკა, კითხვის დასმაც კი, მკაცრ სანქციას ითვალისწინებს.

სწორედ ეს აყალიბებს სასამართლოს „ფართოდ დახურულ“ ინსტიტუტად, რომელიც ფორმალურად არსებობს, მაგრამ არსობრივად მოწყვეტილია საზოგადოებრივ ინტერესებს. თეორიულად, სასამართლო უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივ ჩარჩოში დააბრუნებს (ან, სულ მცირე, დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პროცესები ამ ჩარჩოს არ გასცდენია). თუმცა პრაქტიკაში ეს ინსტიტუტი უარს ამბობს ამ როლის შესრულებაზე: აიგნორებს საკუთარ ძალაუფლებას, თვალს ხუჭავს დემოკრატიული საზოგადოების საჭიროებებზე და არც სურს, რომ საზოგადოებამ დაინახაოს ის, რაც პროცესებზე და პროცესებს მიღმა რეალურად ხდება. 

ეს სტატია იმ გზის ანალიზს წარმოადგენს, რომელიც გაიარა ქართულმა მართლმსაჯულებამ 1997 წლიდან დღემდე, სასამართლო სხდომების საჯაროობის, მედიის დაშვებისა და პროცესების გამჭვირვალობის თვალსაზრისით  და აღწერს იმ რისკებს, რომლებიც ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს ახლავს და რეალურად, სასამართლოს, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ დემოკრატიული მნიშვნელობითაც დახურულ ინსტიტუტად აქცევს.

 

სასამართლოს ღიაობის გარანტიები (1997 წლიდან 2013 წლამდე)

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღიდანვე, კანონის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპს, რაც გამოხატული იყო სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვაში (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა); სასამართლოს გადაწყვეტილებების საქვეყნოდ გამოცხადებასა და სასამართლო სხდომაზე კინო- და ფოტოგადაღების, აუდიო- და ვიდეოჩაწერის შესაძლებლობაში. 

ეს უკანასკნელი შესაძლებლობა გამომდინარეობდა ნორმიდან, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს პროცესების გადაღება-ჩაწერის უფლების შეზღუდვის საგამონაკლისო - მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით - შესაძლებლობას. თუმცა მოცემული ნორმა და, ზოგადად, კანონი არაფერს ამბობდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რა ფორმით შეეძლო სასამართლო სხდომების გადაღება და ჩაწერა, ან რა საფუძვლითა და რომელი ინტერესების დაცვის მომიზეზებით შეეძლო მოსამართლეს ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. 

ასევე, კანონით არ იყო პირდაპირ გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულება, თავად განეხორციელებინა ყველა პროცესის აუდიო-/ვიდეოჩაწერა და უზრუნველეყო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა პროცესის მხარეებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ იმ დროისთვის, არც ამის ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობა არსებობდა.

მოცემულ ნორმაში ცვლილება 2005 წლის ნოემბერში განხორციელდა. კანონით დაზუსტდა, რომ სასამართლო სხდომაზე ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების, აუდიოჩაწერის, სტენოგრაფირების, აგრეთვე, რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის წესს თავად სასამართლო (მოსამართლე) განსაზღვრავდა, მოტივირებული გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც შეზღუდვის მიზანშეწონილობას.

2007 წლის გარდამტეხი ცვლილება - სასამართლოს ფაქტობრივი ჩაკეტვა

ყველაზე გარდამტეხი ცვლილება 2007 წლის ივლისში განხორციელდა, რაც პასუხი იყო აღნიშნული უფლების რეალურ გამოყენებასა და ამ გარანტიის პრაქტიკაში ფუნქციონირებაზე - კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესების გაშუქებამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. 

კანონში შეტანილმა ცვლილებამ მკაცრად აკრძალა საქმის განხილვის სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, სასამართლოს სხდომის დარბაზში საქმის მიმდინარეობისას, აგრეთვე, სასამართლოს შენობაში მსგავსი აქტივობების განხორციელება. 

ამგვარი შესაძლებლობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ახორციელებდა თავად სასამართლო ან სასამართლოს „უფლებამოსილი პირი“, თუმცა კანონი არც ამ ცნებას განმარტავდა.

ამასთან, კანონი მხოლოდ უფლებას ანიჭებდა სასამართლოს, მის ხელთ არსებული, სასამართლო პროცესის ამსახველი ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების მასალების გავრცელებაზე, მაგრამ არ ადგენდა ვალდებულებას, არ აზუსტებდა გავრცელების წესს, ვადებს, ადრესატს ან მასალის მახასიათებლებს.

ამასთან, ცვლილება სასამართლო სხდომის სტენოგრაფირებისა და აუდიოჩაწერის შესაძლებლობას იძლეოდა სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. კანონი არც ამ შემთხვევაში აზუსტებდა სუბიექტსა და იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული წესი უნდა დადგენილიყო. სასამართლოს (მოსამართლეს) შეეძლო, ეს უფლებაც შეეზღუდა, მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონი, ასევე, არ ადგენდა სასამართლოს ვალდებულებას, თავად განეხორციელებინა აუდიო-/ვიდეოჩაწერა.

სახალხო დამცველისა და საზოგადოების კრიტიკული შეფასება

ამ სახის პოლიტიკურად მოტივირებული ცვლილებები, საზოგადოების მხრიდან, კრიტიკის საგანი გახდა. სოზარ სუბარმა, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველის პოზიციას იკავებდა, ხმამაღლა გააკრიტიკა ცვლილებები როგორც სამართალიანი სასამართლოს უფლების, ინფორმაციის მიღებისა და გამოხატვის თავისუფლების, ისე დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული სასამართლოს პერსპექტვიდან. 

სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ცვლილება რეალურად ქმნიდა მექანიზმს, რომლითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზოგადება, როგორც „პასიური მომხმარებელი“, სრულად დამოკიდებული ხდებოდა სასამართლოს ნებაზე, გაავრცელებდა, თუ - არა სხდომის ჩანაწერებს.

ამასთან, სახალხო დამცველი პირდაპირ უთითებდა კონტექსტზე, რომელიც ქვეყანაში არსებობდა ცვლილებების განხორციელების დროს - სასამართლოს მიმართ ნდობის დეფიციტი და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება, სასამართლოს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების შესახებ, ასევე, ამ კონტექსტში, ერთ-ერთ გახმაურებულ  და საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის განხილვის სამართლებრივ ხარვეზებზე, რომელთა დაფარვის მცდელობაც, რეალურად,  სასამართლოს დახურვის მიზეზი გახდა.

„სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს კონცეფცია ეფუძნება პროცესის მონაწილის რწმენას, რომ მისი საქმის საჯაროდ, მედიის თანდასწრებით განხილვის შემთხვევაში, იგი დაცული იქნება მოსამართლის მხრიდან თვითნებობისგან. ამგვარი გარანტია რეალურია ისეთ გარემოში, როდესაც დამოუკიდებელი მედიის კამერები აფიქსირებენ მოსამართლის და მხარეების თითოეულ ქმედებას და ასრულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ნაკლები გარანტია არსებობს იმ დროს, როცა კამერა წარმოადგენს მოსამართლის კონტროლის ობიექტს და შეუძლებელია თავად მოსამართლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფიქსაცია. 

საინტერესოა, წარმოდგენილი ნორმის მოქმედების პირობებში, რამდენად გაავრცელებდა მოსამართლე გიორგი ჩემია [სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე] ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი განსასჯელისათვის მობილური ტელეფონის გადაცემის ფაქტი, მოსამართლემ კი რეაგირება საერთოდ არ მოახდინა. არ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც მედიას ამგვარი შემთხვევების გადაღების უფლებას აუკრძალავს“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2007 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში. 

პრაქტიკულად დახურული სასამართლო (2009-2013)

მართალია, 2009 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი სრულად ძალადაკარგულად გამოცხადდა და ძალაში ახალი კანონი შევიდა, თუმცა პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი და შეზღუდვები უცვლელად გადმოვიდა ახალ კანონშიც. აღნიშნული აკრძალვების ფონზე, 2007-2010 წლებში სასამართლოებზე, პრაქტიკულად, არანაირი ჩანაწერი არ კეთდებოდა. 

ვითარება მცირედით შეიცვალა 2010-2011 წლებში, როდესაც სასამართლოებში, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, აუდიოჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟდა. თუმცა სისტემის მუშაობა და ჩანაწერების ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა. სასამართლოზე დამსწრე პირები ალტერნატიულად, საკუთარი რესურსით, სასამართლოს ნებართვის გარეშე, ცდილობდნენ პროცესების ჩაწერას, რაც ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონს. საზოგადოების მოთხოვნას, მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე ინფორმაციის მიღების შესახებ, სასამართლო ხელისუფლებამ უპასუხა არა მეტი ღიაობის უზრუნველყოფით, არამედ - შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებით. 

შედეგად, 2012 წლის ივნისიდან, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ზოგადად, სასამართლოში - სასამართლოს ეზოსა და შენობაშიც კი, განსაკუთრებით, სხდომათა დარბაზში) ტელეფონისა და სხვა ჩამწერი საშუალებების შეტანა აიკრძალა. ეს ხისტი მიდგომა, უფლებადამცველთა შეფასებით, უკავშირდებოდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ოპოზიციაში მყოფი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებს. მათივე აზრით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან სიფრთხილის, სისტემისა და უკანონობის ლუსტრაციის თავიდან არიდებისა და საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის მცდელობა. „სასამართლო ცდილობს, საკუთარი კარი საზოგადოებას მიუხუროს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სასამართლოში უნდა განხორციელდეს უკანონობა, რომელიც საზოგადოებისგან დამალული და მედიისგან მიყრუებული უნდა იყოს“, - ეჭვებს გამოთქვამდნენ ადვოკატები. 

სახალხო დამცველმა აღნიშნული პრაქტიკა მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა სამართალთან შეუსაბამოდ, რამდენადაც, კანონით, კონკრეტული ფორმის აკრძალვა (ჩანაწერის თვითნებურად, სასამართლოს ნებართვის გარეშე გაკეთება), იმპლიციტურად, ამგვარი ჩანაწერის განმახორციელებლი მოწყობილობის პროცესზე შეტანის დაუშვებლობას არ გულისხმობდა. მეტიც, სახალხო დამცველის შეფასებით, ეს საკითხი უფრო პრობლემურად წარმოჩინდებოდა იმ ფონზე, როდესაც ამგავრი ჩანაწერისათვის გამოსაყენებლი დანადგარი, თანამედროვე ტექნიკური განვითარების გათვალისწინებით, ორმაგი ფუნქციის მატარებელი იყო, მათ შორის, კომპიუტერი შეიძლება აუცილებელი ყოფილიყო დაცვის უფლების განსახორციელებლად. 

შესაბამისად, ამ სახის აკრძალვა არა - კანონის განსაკუთრებით მკაცრ წაკითხვას (როგორც ამას თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავდა), არამედ უკანონო შეზღუდვას წარმოადგენდა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პროცესის მონაწილეთა მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე, სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ეფექტურ ინფორმირებულობაზე. მართალია, ზოგადად, პროცესზე დასწრება არ იზღუდებოდა (ბუნებრივ შეზღუდვას წარმოადგენდა დარბაზის ზომა), მაგრამ შეიძლება ამგავრ რეგულაციას, რომელიც მონაწილეების პირადი ნივთების ჩამორთმევას გულისხმობდა, გარკვეულწილად, გადათქმევინების ეფექტი ჰქონოდა სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველებზე. ამ პრაქტიკის ხანგრძლივად მოქმედების შემთხვევაში, ის ირიბად შეზღუდავდა ღიაობის იმ კომპონენტსაც, რომელიც კანონით ნებადართული იყო. 

 

სასამართლოს ღიაობის გარანტიები (2013 წლიდან  2025 წლამდე)

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და სასამართლო სისტემის გახსნილობას ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ დაპირებად ასახელებდა.

„უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა. დადგინდება საქმის განხილვის ღიაობის მკაფიო წესი და პროცესის გაშუქების უფლება. მოწესრიგდება სასამართლოში დაცული მასალების დამუშავებისა და დაუბრკოლებლად გაცემის წესი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით. განისაზღვრება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ღიაობა“, - ვკითხულობთ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში.

მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სასამართლოსთან მიმართებით, ერთ-ერთ პირველ რეფორმას (შესაბამისი კანონპროექტი 2012 წლის ნოემბერში დაინიციირდა) სწორედ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების გზით, საჯაროობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 

2013 წლის 6 მარტის რეფორმა: ღიაობის ახალი სტანდარტი

ამ ცვლილებების შედეგად,  კანონიდან გაქრა სასამართლოს ფოტო-, კინო-, აუდიოგადაღების ამკრძალავი ნორმა და მის ნაცვლად, სრულიად ახალი - მე-131 მუხლით - დაწესდა სასამართლო სხდომებისა და საჯაროობის დეტალური წესრიგი.

ცვლილებებით განისაზღვრა:

  • სასამართლოს ვალდებულება, უზრუნველყოს ყველა პროცესის აუდიო- და ვიდეოჩაწერა;
  • სასამართლოს ვალდებულება, მოთხოვნისთანავე გადასცეს ჩანაწერები პროცესის მხარეებს ან სხვა პირებს (გარდა ნაწილობრივ ან სრულად დახურული სხდომებისა); 
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა (გარდა ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შემთხვევებისა). 
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულება, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის, მათი მოთხოვნისთანავე.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ უფლებით არსარგებლობის შემთხვევაში, საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი სხვა პირისთვის ამ უფლებამოსილების გადაცემის წესი;
  • სხვა მედიასაშუალებების, მხარეთა ან დაინტერესებულ პირთა უფლება, დასაბუთებული შუამდგომლობისა და სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, განახორციელონ სხდომის ფოტოგადაღება, კინო- და ვიდეოჩაწერა. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლებოდა სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით;
  • ფოტოგადაღება, კინო- და ვიდეოჩაწერა და ეთერში გადაცემის შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან;
  • დარბაზში მყოფი ნებისმიერი პირის უფლება, თავისი ადგილიდან განახორციელოს სხდომის აუდიოჩაწერა;
  • ნაფიცი მსაჯულების  მონაწილეობით მიმდინარე სხდომის გადაღების წესი;
  • სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერისა და ეთერში გადაცემის უფლება;

ეს რეფორმა, სასამართლოს გამჭვირვალობის მიმართულებით, იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი,  რომელიც სამართლებრივი მექანიზმების დონეზე აუქმებდა წინა ხელისუფლების დროს დაკანონებულ სრულ მედიაბლოკადას. ცვლილებებს, საერთო ჯამში, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ვენეციის კომისიის მიერაც. სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცვლილებების გრძელვადიან პერსპექტივაზე, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის კუთხით. 

ვენეციის კომისიისთვისაც მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გააზრება: როგორ რეალობაში მიიღეს ცვლილებები, როგორი იყო წარსული გამოცდილება და რა საჭიროების წინაშე იდგა სასამართლო სისტემა. თუმცა, საინტერესოა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შეფასებები, გარკვეულწილად, საჯაროობის გვერდით ეფექტებზეც ამახვილებდა ყურადღებას და გონივრული ბალანსის საჭიროებაზე აპელირებდა. 

2013 წლის მაისის კორექტივები

  • 2013 წლის 1 მაისს მიღებულმა ცვლილებებმა დააკორექტირა ზოგიერთი წესი:
  • სასამართლოს მიერ წარმოებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერის გაცემის ვალდებულება მხოლოდ პროცესში მონაწილე მხარეებით შემოიფარგლა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებიდან ამოიშალა ეთერში გადაცემის უფლება;
  • ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც სხვა მედიასაშუალებებსა და პირებს აძლევდა გადაღების უფლებას, სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში;
  • ნებისმიერი პირის მიერ აუდიოჩაწერის უფლება განისაზღვრა მხოლოდ სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან;
  • დაემატა რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებდა გადაღების შეზღუდვას, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • პირველად, კანონის დონეზე, დადგინდა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, დაეწესებინა წესები, რომლებიც მობილური ტელეფონების ან სხვა ტექნიკური საშუალებების ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

მედიისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, სასამართლო სხდომების ღიაობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები გაჩნდა გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების ცენტრალიზებული ორგანოს - საქმიანობის კუთხითაც.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განსაკუთრებით ამაყობდა. თუმცა მათ პრაქტიკაში განხორციელებაზე ეტაპობრივად თქვა უარი, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალშისაცემია. რაც შეეხება საკანონმდებლო შეზღუდვებს, ცვლილებები ასევე ეტაპობრივად ითვალისწინებდა ღიაობისა და გამჭვირვალობის გარანტიების შემცირებას, რაც საბოლოოდ 2025 წლის ივნისის ცვლილებით დაგვირგვინდა.

 

2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებები - სასამართლოს საჯაროობის მკაცრი რეგულირება და სამართლებრივი გამოწვევები

რაც შეეხება 2025 წლის 26 ივნისს, სამი მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რადიკალურად იცვლება 2013 წლიდან მოქმედი წესი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა და სასამართლო სხდომების მიმდინარეობის ხელშეშლის თავიდან არიდება. 

შეზღუდვების ხარისხისა და ბუნების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, იმ კონტექსტის მხედველობაში მიღებით, რომელიც საფუძვლად უდევს ამ სახის დაჩქარებული ცვლილებების განხორციელებას, საზოგადოებას სრულიად სამართლიანად უჩნდება განცდა, რომ სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იმ სცენარს ემსგავსება, რომელიც 2007 წელს დაფიქსირდა. თუმცა კანონპროექტის ავტორები კატეგორიულად გამორიცხავენ რაიმე სახის მსგავსებას და ამ ტიპის შეფასებებზე უარყოფითი რეაქციით (დეზინფორმაციის გავრცელების დადანაშაულებით) გამოხატავენ უკმაყოფილებას.

სამი მოსმენით დამტკიცებული და მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ცვლილებით (რომელიც, წინამდებარე სტატიაზე მუშაობის დროს, საკანონმდებლო მაცნეზე სათანადოდ ჯერაც არ იყო ასახული), სასამართლოში მიმდინარე მოვლენებისა და სხდომის გაშუქების სტანდარტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლოს სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით“ (მუხლი 131, პუნქტი 2).

აღნიშნული ჩანაწერი, წინა რედაქციასთან შედარებით, ბევრი მიმართულებით ამცირებს სასამართლოს პროცესების საჯაროობას, შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და გარკვეულწილად, ემსგავსება 2007 წლიდან  2013 წლამდე მოქმედ რეჟიმს, ზოგ ნაწილში კი უფრო მკაცრ რეგულირებასაც იძლევა. ამის საილუსტრაციოდ, მნიშვნელოვანია, მე-2 პუნქტი ცალკეულ დებულებებად (სამ წინადადებად) დავყოთ. 

 

1. პირველი წინადადება:

„სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლოს სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“. 

  • 2025 წლის რედაქცია არსებითად იმეორებს 2007 წლის ცვლილებების შინაარსს და ადგენს ზოგად აკრძალვას გადაღებაზე, აუდიო-, ვიდეოჩაწერასა და ტრანსლაციაზე. დაშვების საფუძველი განსაზღვრულია, როგორც გამონაკლისი, რომელსაც ახორციელებს სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება 2013 წლიდან მოქმედი წესისგან, რომელიც თავიდან ადგენდა გადაღება/ჩაწერის უფლებას და მხოლოდ გამონაკლისის წესით აწესებდა შეზღუდვას - როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. 
  • 2007 წლის ვერსიის მსგავსად, ჩანაწერი კვლავ ბუნდოვანია იმ თვალსაზრისით, ვინ შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს მიერ „უფლებამოსილ პირად“. განსხვავებით 2013 წლის რედაქციისგან, სადაც ეს სუბიექტი (პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი უარის შემთხვევაში - სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი) პირდაპირ იყო განსაზღვრული, ახალ რედაქციაში სუბიექტი იდენტიფიცირებული არ არის და არც მისი შერჩევის კრიტერიუმებია მოცემული. ამასთან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ მოსამართლის ნაცვლად, მითითებულია სასამართლო, რაც შეიძლება გამორიცხავდეს მოსამართლის პირდაპირ მონაწილეობას და სავარაუდოდ, შესაბამისი პირის განსაზღვრის უფლებამოსილებას გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს ან სხვა თანამდებობის პირს. 
  • განსხვავებით წინა რედაქციისგან (2013 წ), რომლითაც შეზღუდვები ვრცელდებოდა მხოლოდ უშუალოდ სასამართლო დარბაზში საქმის განხილვის გადაღება/ჩაწერაზე, ახალი რედაქცია აკრძალვას ავრცელებს ნებისმიერ ფოტოგადაღებაზე ან ვიდეოჩაწერაზე არა მხოლოდ დარბაზში, სხდომის მიმდინარეობისას და შენობაში, არამედ, პირველად, სასამართლოს ეზოშიც (ნებისმიერი მიზნით), რაც მნიშვნელოვნად აფართოებს აკრძალვის საზღვრებს და ართულებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.
  • 2007 წლის ვერსიის მსგავსად, იკრძალება სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის ცვლილებით, ერთი მხრივ, აკრძალვა გავრცელდა სასამართლოს ეზოზეც და, მეორე მხრივ, აკრძალვა ითვალისწინებს ზოგადად გადაღებას და არ არის მიბმული საქმის განხილვაზე.
  • ამასთან, მნიშვნელოვანია, ეს ჩანაწერი (მე-2 პუნქტის პირველი წინადადება) განვიხილოთ ამ პუნქტის ბოლო წინადადებასთან ერთობლივად. კერძოდ, ბოლო წინადადების მიხედვით, „სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით“. პირველი წინადადებით არ იკვეთება ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვინ ავალებს სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ამ უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო ბოლო წინადადება არ იძლევა დაზუსტებას, თუ ვინ არის სუბიექტი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მისცეს ამ უფლებამოსილებით სარგებლობის უფლება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება განცდა და ნორმის იმგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი სახის გადაღება და ჩაწერა აკრძალულია და გამონაკლისის დაწესება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება. ამ გამონაკლისის შემთხვევაში კი, გადაღება/ჩაწერას ახორცილებს მხოლოდ სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

2. მეორე წინადადება:

„სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს“.

  • ჩანაწერი არ განსაზღვრავს მექანიზმს, სტანდარტს - როგორი ფორმით უნდა გავრცელდეს, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ სასამართლომ ეს ჩათვალოს მიზანშეწონილად და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი.
  • ჩანაწერი განსაზღვრავს სასამართლოს უფლებამოსილებას, რაც კიდევ ერთხელ უთითებს, რომ პროცესიდან შესაძლოა ჩამოაშორონ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე. კერძოდ, სავარაუდოდ, გავრცელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს თავმჯდომარე ან სხვა თანამდებობის პირი  და მიზანშეწონილობასაც ის განსაზღვრავს. 
  • არ არის ზუსტი საზღვრები, შეუძლია, თუ - არა სასამართლოს მასალის რედაქტირება და მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მისი გამოქვეყნება (თუ ვალდებულია, რომ სრული და დაუმუშავებელი მასალა გაავრცელოს), რაც ქმნის სერიოზულ საფრთხეს, საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებისთვის და აძლევს სასამართლოს საშუალებას, ინფორმაცია შერჩევით, მანიპულაციურად გაავრცელოს.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩანაწერი ადგენს მხოლოდ შესაძლებლობას და არა -  ვალდებულებას. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, არ განსაზღვრავს ამ მასალების გაუვრცელებლობის დასაბუთების ვალდებულებას. ერთი მხრივ, ჩანაწერი ადგენს, რომ სასამართლოს არ შეუძლია კანონით დადგენილ შემთხვევებში გავრცელება, მაგრამ არ განსაზღვრავს სხვა შემთხვევებს, რაც შეიძლება პოტენციურად გახდეს გაუვრცელებლობის საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, სასამართლოს ანიჭებს ფართო დისკრეციას, თავად განსაზღვროს, როდის გაავრცელებს და როდის - არა. შესაბამისად, ეს ჩანაწერი სასამართლოს ღიაობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიად ვერ ჩაითვლება.

 

3. მესამე წინადადება:

„სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით“.

  • ეს ჩანაწერი არსებითად ცვლის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 2013 წლიდან მოქმედ წესს და პრაქტიკულად, აუქმებს იმ სტრანდარტს, რომელიც ნებისმიერ პირს აძლევდა ჩაწერის შესაძლებლობას, მოსამართლის მიერ წინასწარ განსაზღვრული ადგილიდან. 
  • რაც შეეხება სხდომის ტრანსლაციასა (რომელსაც არ იცნობდა წინა რედაქცია, თუმცა ითვალისწინებდა 2007 წლის რედაქცია) და ვიდეოგადაღების უფლებამოსილებას, ის წარმოადგენს სამართლებრივ გამონაკლისს, რომელიც მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი ნებართვით დაიშვება. საინტერესოა, რომ 2025 წლის ცვლილებების ინიციირებული ვერსია, იუსტციის უმაღლესი საბჭოს მაგივრად, ამ უფლებამოსილებას ანიჭებდა მოსამართლეს, რომელსაც, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, შეეძლო გაეცა ნებართვა, მოტივირებული გადაწყვეტილებით. თავის მხრივ, ეს ჩანაწერიც ბუნდოვანი იყო, რამდენადაც არ იძლეოდა იმის გარკვევის შესაძლებლობას, თუ ვისი შუამდგომლობის საფუძველზე უნდა ემსჯელა მოსამართლეს, ან რომელი კრიტერიუმები უნდა გაეთვალისწინებინა უარის თქმისას. ამასთან, არ ადგენდა სუბიექტს, რომელსაც შეეძლო, ამ უფლებამოსილებით ესარგებლა. როგორც ზევით ვახსენეთ, ეს ჩანაწერიც ტოვებდა იმგვარად ინტერპრეტირების სივრცეს, თითქოს ის ებმის მხოლოდ ამ პუნქტის პირველ წინადადებას და გულისხმობს ამ სახის უფლებამოსილების მინიჭებას მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოსთვის ან სასამართლოს უფლებამოსილი პირისთვის. 
  • ეს ჩანაწერი, გამორიცხავს რა საქმის გამხილველი ინდივიდუალური მოსამართლის დისკრეციას და ანაცვლებს რა მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული სხდომის საჯაროობის საკითხს ერთი ორგანოს ხელში აქცევს. ეს კი ზრდის ცენტრალიზებულ კონტროლს. 
  • ამასთან, ჩანაწერი აჩენს აბსურდულ ბიუროკრატიულ ბარიერებს. მექანიზმი, რომელიც გულისხმობს საბჭოს მხრიდან თითოეულ საქმეზე ნებართვის გაცემას,  როგორც მინიმუმ, მოუქნელი, დროში გაწელილია (განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ, არსებულ კონტექსტში, დღის განმავლობაში, სასამართლოში განიხილება მრავალი საქმე, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია). ამასთან, კანონი არ ადგენს წესებს, როგორ და როდის უნდა მიმართონ საბჭოს, საბჭოს მიერ საკითხის განხილვისა და ნებართვის გაცემის ვადებს, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ნებართვების შეფერხებას და შესაძლებელია პროცესი ნებართვის გარეშეც კი დასრულდეს.
  • ამავე დროს, არ არსებობს არანაირი ჩარჩო ან კრიტერიუმი იმისა, თუ რის საფუძველზე წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტული სხდომის გადაღება/ჩაწერა/ტრანსლაციის საკითხს.

ამ სამ წინადადებაში მოცემული არაერთი ბუნდოვანების გარდა,  უნდა აღინიშნოს, რომ: 

  • ნორმიდან ამოღებულია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული პროცესების და მოწმეთა, დაზარალებულთა გადაღების წესები. 
  • გაქრა საკანონმდებლო შეზღუდვა სასამართლოს მიერ იმგვარი წესების დადგენაზე, რომლებიც ითავლისწინებს სასამართლოში შესულ პირთა პირადი ნივთების ჩამორთმევის შესაძლებლობას. ეს მნიშვნელოვანი გარანტია იყო, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და კანონიდან მისი ამოღების შემთხვევაში, ჩნდება სივრცე ამ რეგულირების დასაბრუნებლად, რომელიც შეიძლება თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის ნება-სურვილს დაექვემდებაროს. აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობითაც, უკვე დაფიქსირდა სამწუხარო პრეცედენტები სასამართლოს ეზოსა თუ შენობაში შესვლის მსურველთა შეზღუდვაზე (მაგალითად, 2025 წლის 22 მაისს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, სრულად ჩაკეტეს სასამართლოს ეზო და შენობაში იმ პირებსაც უჭირდათ შესვლა, რომლებსაც ამ დროს სასამართლოში ვიზიტი ან პროცესი ჰქონდათ ჩანიშნული). ეს შეზღუდვა კი, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე პირადი ნივთების ჩამორთმევა, მსგავსი მანკიერი პრაქტიკის დაბრუნების შესაძლებლობას არც თუ ისე წარმოუდგენლად წარმოაჩენს.
  • აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის რედაქციისგან განსხვავებით, მოქმედ რედაქციაში (წინა რედაქციის მსგავსად) კვლავ არის განსაზღვრული სასამართლოს ვალდებულება, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის  ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის. მხარეები არ არიან შეზღუდული, გაავრცელონ აღნიშნული ჩანაწერები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება, სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე.
  • აღნიშნული ჩანაწერი, ზემოთ განხილული აკრძალვის ფონზე, ერთი შეხედვით, ერთგვარ გარანტიად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მხარეებს და მათი გავლით, საზოგადოებას სრულად არ წაერთვას სხდომის მიმდინარეობის გაცნობის შესაძლებლობა. თუმცა ეს ჩანაწერი ვერ მიიჩნევა იმ მასშტაბური შეზღუდვების დამბალანსებლად, რომლებიც, ახალი რედაქციით, მკაცრად კრძალავას პროცესების ფოტოგადღებას, ადუდიო- და ვიდეოჩაწერას, ტრანსლაციას და მათი განხორციელების შესაძლებლობას მთლიანად დამოკიდებულს ხდის სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებაზე. ეს რეგულირება განსაკუთრებით ზღუდავს მედიას და, შესაბამისად დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ თვალყური ადევნოს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო სხდომებს, ზოგადად, პროცესების მიმდინარეობას და მიიღოს დროული და სრული ინფორმაცია მათ შესახებ.
  • აღნიშნულ ცვლილებებს ასევე ემატება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება იმაში, რომ გადაწყვეტილებების საჯაროობა მიბმულია კანონიერ ძალაში შესვლასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედი რედაქცია ზღუდავს სასამართლოს აქტის გამოქვეყნებას (ნებისმიერი პირის მიერ), მისი სრული დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთან, მართალია კანონი განსაზღვრავს, რა სახის მონაცემების დეპერსონალიზაცია უნდა მოხდეს, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე უფლებამოსილებას უტოვებს, კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სხვა სახის მონაცემების დეპერსონალიზების ვალდებულებაც.
  • თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვრივალობის მოთხოვნები მნიშვნელოვნად არის შემცირებული: გაუქმებულია ვალდებულება, გამოაქვეყნოს გადაწყვეტილებები, ოქმები, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. ასევე, ინფორმაცია მოსამართლეთა ვაკანტური პოზიციების შესავსები კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ. ერთადერთი ვალდებულება, რომელიც საბჭოს რჩება, არის მომდევნო სხდომის შესახებ ინფორმაციის (თუმცა არ არის მითითებული, რა ვადაში, რაც შეიძლება სხდომამდე 10 წუთით ადრეც მოხდეს) და ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნება, ისიც, 3 დღით ადრე, რაც რეალურად ამცირებს საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შესაძლებლობას. ეს კი ხდება მაშინ, როცა განუზომელი ძალაუფლების საბჭო, რომელიც შექმნილია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, კიდევ უფრო დიდი ძალაუფლებით აღიჭურვება. მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, მას ემატება ინსტრუმენტები, რომლებითაც პირდაპირ ერევა ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობაში, რაც ამცირებს სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 2 ივლისს სამი მოსმენით მიიღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებების შესახებ ორგანული კანონი, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდა შეზღუდვები და საერთო აკრძალვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებასთან და ტრანსლაციასთან დაკავშირებით, დაემატა აუდიოჩაწერის აკრძალვაც. შესაბამისად, აუდიოჩაწერაზეც გავრცელდება ის წესები, რომლებიც დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს. ასევე, კანონი აქამდე ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვას სასამართლო სხომაზე გადაღება/ჩაწერა/ტრანსლაციასთან დაკავშირებით, ეს დაზუსტდა და მიეთითა ზოგადად სასამართლო, რაც მათ შორის, მოიცავს სასამართლოს ეზოსაც. 

 

გამჭვირვალობა, როგორც საფრთხე: რატომ იხურება სასამართლო?

ამ ცვლილებების ფონზე, დღევანდელი სურათი ყურადღებიან დამკვირვებელს სრულიად სამართლიანად აგონებს სასამართლო სისტემაში 2007 წელს განვითარებულ მოვლენებს. კიდევ უფრო თვალშისაცემია კონტექსტების მსგავსება - მაშინ და ახლაც, საკანონმდებლო  ცვლილებები ინიციირებული და მიღებულია დაჩქარებული წესით, მკვეთრად პოლიტიკური პროცესების ფონზე, გამჭვირვალობისა და სიმართლის გამჟღავნების შიშით. სწორედ ეს კონტექსტი გამორიცხავს ნებისმიერ ეჭვს, რომ ცვლილებების მიზანი მართლაც იყო სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაზრდა.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების ინიციატორებიც არ ცდილობენ, დაფარონ ამ ცვლილებების ნამდვილი მოტივები. ერთ-ერთმა ავტორმა არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე პირდაპირ განაცხადა, რომ წინა რედაქციით გათვალისწინებული საჯაროობის ფართო გარანტიები „ბოროტად” გამოიყენებოდა, რაც პროცესის “შოუს” ფორმატში გადაყვანას და, საბოლოოდ, სასამართლოს პოლიტიზაციას იწვევდა. ასეთ ვითარებაში, მისი განმარტებით, საჯაროობა „არ ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ - დეზინფორმაციას [მათ შორის, პოლიტიზირებასთან დაკავშირებით]”. 

მისი „წუხილები“ ნიშანდობლივია, რადგან ის გამოწვევები, რომლებსაც ინიციატივის გამხმოვანებელი გულისხმობს, რეალურია - საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობაა, ან იმდენად მყიფე და არასწორ ფუნდამენტზე დაფუძნებული, რომ ნებისმიერი რამ, რასაც აქვს პოტენციალი, დაუპირისპირდეს ამ აღქმებს და გააჩინოს კითხვები საზოგადოებაში, სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლოს მიმართ ნდობას, მისი დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის თავსმოხვეულ სურათს. მაღალი ღიაობის პირობებში, სასამართლოს ქმედებები და მისი გადაწყვეტილებები ვერ უზურნველყოფს ნდობის დაბრუნებას, არამედ აღრმავებს უნდობლობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცვლილებების ძალაში შესვლამდე, სასამართლო სხდომების ამ დოზით გაშუქებამ (რამაც საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდა საქმის დეტალებს, მათ შორის, დაკვირვებოდა, ერთი მხრივ, მოწმეების, პროკურატურის მტკიცებულებებისა და არგუმენტების უსაფუძვლობას და მეორე მხრივ, პატიმრების პოზიციებს, მათ პიროვნებებს), სწორედ ის პრობლემა გააჩინა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია: სასამართლო პროცესების აბსურდულობის ლუსტრაცია.

ეს ლუსტრაცია უკვე არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის, არამედ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც აჩენს კითხვებს. სწორედ ამიტომ, პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესების დახურულ კარს მიღმა გადატანა, რათა, რაც შეიძლება, ნაკლებად გამოჟონოს სიმართლემ უსამართლობის შესახებ.

მთავარი არგუმენტი, რომ სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა, თითქოს, დეზინფორმაციის წყაროა, თავისთავად აბსურდულია. თუკი „ქართული ოცნება“ მართლაც ფიქრობს, რომ საზოგადოება არასწორად არის ინფორმირებული და მანიპულაციის მსხვერპლია, ამ პრობლემის პასუხია არა დახურვა, არამედ მეტი გახსნა - დაუმახინჯებელი სურათის მოწოდება, ყველა არგუმენტისა და პოზიციის მკაფიოდ ჩვენება.

ამასთან, დაცვის მხარის, ოპოზიციისა თუ მედიის დადანაშაულება საქმეების პოლიტიზებაში, საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.  დღეს, როდესაც პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, სასამართლო არის ინსტიტუტი, რომელიც, ფაქტობრივად,  „ქართული ოცნების“ 2024 წლის წინასაარჩევნო დაპირებების - ოპოზიციის გაუქმება, არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა, კრიტიკული მედიის გაჩუმება - ასრულების მექანიზმად იქცა, თავად საქმეებია პოლიტიკური სარჩულის მქონე და უზრუნველყოფს პოლიტიზებას. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ბუნებრივია განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი სასამართლოს პროცესისა და მისი გადაწყვეტილებების მიმართ. 

სასამართლოს ინტერესშიც უნდა იყოს, რაც შეიძლება, მაქსიმალურად ამოწუროს კითხვები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეიძლება უჩნდებოდეს. ასევე, „გამჭვირვალობისთვის მებრძოლი“ ქართული ოცნება თავად უნდა იჩენდეს ინიციატივას  ამ პროცესების ღიაობის თაობაზე, რადგან ეს უნდა იყოს მისთვის ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულების ეფექტიანი საშუალება. მეტიც, პოლიტიკურად ასეთი სენსიტიური საქმეების გათვალისწინებით, საჯაროობის შესაბამისი სამართლებრივი წესრიგი რომც არ არსებულიყო, გამჭვირვალობის გაძლიერებული რეჟიმი, გამონაკლისის სახით, სწორედ ახლა უნდა მიეღოთ. 

მეტიც, თუკი მართლა დავუშვებთ, რომ ასეულობით საქმეზე ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების მიზანი პრევენციაა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, მაშინ რეჟიმის პასუხი, პირველ რიგში, სწორედ გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. პროცესები და გადაწყვეტილებები, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოადგენს „სიმართლეს“, ბევრად უფრო გავლენიანია, ვიდრე ის ჯარიმები, რომლებსაც რეჟიმი დღეს სისტემურად და შერჩევითად იყენებს. 

ის, რომ ასე არ ხდება, ლოგიკურ კითხვას აჩენს - რა აქვს დასამალი პარტიასა და  სასამართლოს და რისი გამჟღავნების ეშინია? ის, რაც უკვე იხილა საზოგადოებამ - მოსამართლეების, პროკურორების, მოწმეებისა და პოლიციის წარმომადგენლების უხერხული და აბსურდული გამოსვლები - გვაძლევს მყარ საფუძველს, ვიფიქროთ, რომ არა - ბრალდებულთა შოუს, არამედ „ქართული ოცნებისა“ და სასამართლოს მიერ ორკესტრირებული ფარსის გამჟღავნების ეშინიათ. მათ ეშინიათ ადამიანური ემოციების - გულწრფელი სიტყვების, ცრემლების, გააზრებული პროტესტის, რომელიც ვერ ტოვებს გულგრილს ვერცერთ ობიექტურ დამკვირვებელს.

ამ ფონზე, განსაკუთრებით საყურდღებოა 2007 წლის მოვლენები და სოზარ სუბარის სახალხო დამცველობისდროინდელი ანგარიში, რომელშიც ის პირდაპირ აფიქსირებდა, რომ საჯაროობის შეზღუდვა განპირობებული იყო მხოლოდ პოლიტიკური რეზონანსის შიშით. თუმცა მაშინდელი სახალხო დამცველი ნიშნისმოგებით აღნიშნავდა, რომ ჩაკეტილი კარი მაინც ვერ გააჩუმებდა საზოგადოებას, ვერ მოსპობდა დისკუსიას და ვერ შეაჩერებდა სასამართლოს კრიტიკულ შეფასებებს, რომლებიც მაინც გავრცელდებოდა საზოგადოებრივი ტრიბუნის საშუალებით, ხაზს უსვამდა, რომ მოსამართლეებს ამ კრიტიკის თმენის ვალდებულება ჰქონდათ: „საზოგადოებასა და პოლიტიკოსს შეუძლია, თვალი მიადევნოს მოსამართლის მიერ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის განხორციელების პროცესს... მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ დაჭკნენ მწვავე და ცხელი კრიტიკისგან“. 

2007 წლისგან განსხვავებით, როცა სახალხო დამცველი ამის სივრცეს ხედავდა, დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 2025 წელს განხორციელებული ცვლილებები მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს „ნაზ ყვავილებად“ წარმოაჩენს და განსაკუთრებული მონდომებით იცავს მათ ნებისმიერი კრიტიკისგან. 

მოსამართლეები, რომელთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმსაც ზეგავლენის მიმართ მედეგობა და პიროვნული სიმტკიცე, ემოციების მართვის უნარი წარმოადგენს, არ უნდა უშინდებოდნენ საზოგადოებრივ დისკუსიას, ვინაიდან მათ ხელშია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმი - გადაწყვეტილება - რომლითაც შეუძლიათ პასუხი გასცენ ყველა უსამართლო ბრალდებას. და თუ სასამართლოს მართლაც სურს საზოგადოების ნდობაზე ზრუნვა და თავისი დამოუკიდებლობის აღქმების განმტკიცება, ამის ერთადერთი გზა არა - ჩაკეტვა, არამედ სიმართლის ნათლად და ხმამაღლა თქმაა.

 

***

ბოლო ცვლილებები და სასამართლოს ღიაობის დღეს მოქმედი წესი, არის ნაბიჯი უკან, წარსულში დაბრუნება, როგორ ძლიერაც უნდა უარყოფდეს ამას „ქართული ოცნება“ და რამდენად მონდომებულადაც უნდა ცდილობდეს საზოგადოების ნაწილი ამ რეალობის იგნორირებას. 

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, რომელიც სასამართლოს ღიაობას, გახსნას და საზოგადოების წინაშე ანაგრიშვალდებულ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუციად ქცევის პირობასაც დებდა, დღეს მას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის, საზოგადოებაზე სრული კონტროლის მისაღწევად და თავისუფალი საზოგადოების მოსაშლელად იყენებს.

2025 წლის 26 ივნისის ცვლილებები როგორც შინაარსობრივად, ისე პოლიტიკური მიზნებით, მკაფიოდ იმეორებს 2007 წლისას. სასამართლოს საჯაროობის გარანტიები, რომლებიც 2013 წლის შემდეგ შეიქმნა, მნიშვნელოვანწილად გაუქმდა, ან ისეა რეგულირებული, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა მათი გამოყენება. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესების გაშუქებასა და სასამართლოდან ინფორმაციის გამოსვლაზე კონტროლის დაწესება გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - სასამართლოზე პოლიტიკური ზემოქმედების მთავარ ინსტრუმენტს. 

ამ პირობებში, სასამართლოს ღიაობა დასულია ფიზიკურად დასწრების დონემდე - რამდენ ადამიანსაც დარბაზი დაიტევს. მეტიც, ხშირად პროცესები განზრახ იმართება პატარა დარაბაზებში, ან დარბაზები გადავსებულია სისტემის მსახურებით, ან სრულად იკეტება სასამართლოს კარი, დაუსაბუთებელი საბაბით, რათა, რაც შეიძლება, ნაკლებმა თვალმა ნახოს და ნაკლებმა ყურმა მოისმინოს. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ნაკლებმა პირმა გაავრცელოს. ხოლო, ის ვინც გაავრცელებს, ყოველთვის დაშინებული იქნება, რადგან მისი ნებისმიერი  სიტყვა, შეიძლება მოსამართლის უპატივცემულობად ან მასზე გავლენის მოხდენად მიიჩნიონ. 

ამ ყოველივეს  გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ეს არ არის მხოლოდ მედიის შეზღუდვის საკითხი და არასწორი იქნებოდა ამ საკითხის მხოლოდ ისე წარმოჩენა, თითქოს მთავარი მანკიერება მედიის დარბაზიდან გაძევებაა. ცვლილებების სისტემური გააზრება და კონტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს კონსტიტუციური წესრიგის სერიოზული მორღვევაა. სასამართლოს ღიაობის გარანტიის მოშლა იწვევს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის იზოლაციას, ეს კი, თავის მხრივ, რეჟიმს ემხარება, მარტივად აქციოს სასამართლო ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების ამსრულებელ მექანიზმად.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია