პუბლიკაციები

უდანაშაულობის პრეზუმფციის გამოწვევები საქართველოში - როცა სასამართლოზე ადრე, "პარტია" აცხადებს ვერდიქტს

შესავალი

„უმჯობესია, ათი დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაიტანჯოს“, - ეს ფრაზა მე-18 საუკუნის ინგლისელ იურისტს, უილიამ ბლექსთოუნს, ეკუთვნის და აღნიშნული პრინციპი სისხლის სამართლის ლიტერატურაშიც „ბლექსთოუნის თანაფარდობის“ (Blackstone Ratio) სახელით დამკვიდრდა. 

თუმცა იდეა, რომ ერთი უდანაშაულოს დასჯა იმდენად დიდი ბოროტება და იმ სახის გამოუსწორებელი შეცდომაა, რომელსაც ათობით თუ ათასობით დამნაშავის დასჯის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ვერ გაამართლებს, ბევრად ადრეც არსებობდა როგორც სამართლებრივ, ისე რელიგიურ და ეთიკურ ტრადიციებში.

სამართლებრივად, ამ პრინციპის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციას გვთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი, რომელმაც 1770 წელს, „ბოსტონის ხოცვა-ჟლეტის“ საქმეში, ხუთი ბოსტონელი კოლონისტის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანელი ჯარისკაცების დაცვა იკისრა. კონტექსტისა და საზოგადოების ემოციური ფონის გათვალისწინებით, ბრიტანელ ჯარისკაცთა დაცვა იყო უკიდურესად არაპოპულარული, შესაბამისად, თამამი ნაბიჯი და ამავე დროს, წარმოადგენდა უდანაშაულობის პრეზუმფციის, სამართლიანი სასამართლოსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პრინციპების გამოცდას. სწორედ ეს საქმე გახდა მაგალითი იმისა, რომ ინდივიდის დასჯა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ მტკიცებულებებს და არა - ეჭვებს, ემოციებს ან საზოგადოებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის მიერ ნაკარნახევ შეფასებებს.

„ფაქტები ჯიუტი რამ არის და რაც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები ან ჩვენი ვნებების კარნახი, მათ არ შეუძლიათ ფაქტებისა და მტკიცებულებების შეცვლა“, - უთითებს ჯონ ადამსი (რომელმაც შეძლო ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცის გამართლება განზრახ მკვლელობის ბრალდებაში) და საზოგადოების წინაშე, თავის ეთიკურ მოტივებს მარკიზ ბეკარიას სიტყვებით ხსნის: „თუ მე შემიძლია, ერთი სიცოცხლის გადარჩენის იარაღად ვიქცე, მისი კურთხევა და ცრემლები საკმარისი ნუგეში იქნება ჩემთვის, რომ კაცობრიობის ზიზღი გადავიტანო“.

საინტერესოა, რომ ადამსი არა მხოლოდ იმეორებს ბლექსტოუნისა და დიდი ინგლისელი მოსამართლეების მიერ დამკვიდრებულ პრინციპს, არამედ ამ პრინციპის ეკონომიკურ რაციონალსაც ხსნის - თუ კანონმორჩილება არ არის დაცულობის გარანტია, ადამიანები კარგავენ მოტივაციას, იყვნენ ღირსეულები და კანონით შებოჭილები. როგორც თავად აღნიშნავს:

„...მსოფლიოში იმდენად ხშირი მოვლენაა დანაშაული და დანაშაულებები, რომ ყველა მათგანის დასჯა შეუძლებელია. ხშირად ისინი იმგვარად ხდება, რომ საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მოჰყვება, თუ - არა მათ სასჯელი, მაგრამ როცა თავად უდანაშაულობაა გამომწყვდეული და სასამართლოს წინაშე წარდგენილი, მით უფრო,  თუ სიკვდილით ისჯება, სიუბიექტი წარმოთქვამს: ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ვიქცევი, თუ - ცუდად, რადგან თავად სათნოება უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს. და სუბიექტის გონებაში ასეთი გრძნობის გაჩენა იქნება ყოველგვარი უსაფრთხოების დასასრული“.

ამგვარად, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც საზოგადოებას იცავს ისეთი ტიპური შეცდომის (უდანაშაულოს დასჯა) დაშვებისგან, რომელიც წარმოშობს არა მხოლოდ პიროვნულ ტრაგედიას, არამედ სისტემურ უნდობლობას სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების მიმართ. უნდობლობა კი გაცილებით მეტად აზარალებს სახელმწიფოსა და მართლმსაჯულებას, ვიდრე თუნდაც ერთი დამნაშავის დაუსჯელობა.

და ვინაიდან ხელისუფლება არა მხოლოდ დაზღვეული არ არის მსგავსი შეცდომისგან, არამედ, ბუნებრივად, მიდრეკილია ძალაუფლების თვითნებურად, ბოროტად გამოყენებისკენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია ინდივიდის სახელმწიფოსგან დამცავ მექანიზმსაც წარმოადგენს. შესაბამისად, ის არა მხოლოდ პროცედურული გარანტიაა, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი. 

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის გამოწვევა საქართველოში

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციას გამოცდის დრო დაუდგა, სწორედ მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. დღევანდელი ქართული რეალობა აჩვენებს, რომ საერთო სასამართლოები განიხილავენ არაერთ საქმეს, რომელთა ინიციირება, მიმდინარეობა და შედეგები მჭიდროდ უკავშირდება „ქართული ოცნების“ ინტერესებს და გამოიყენება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, ისე კრიტიკულად განწყობილთა გასაჩუმებლად.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა: რამდენად არის დაცული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და რეალურად იცავს, თუ - არა ის იმ ინდივიდებს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებრივ მანქანასთან უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან?

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის ძირითადი ელემენტები

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი -  ბრალდებულის უფლება, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ, სანამ კანონით დადგენილი წესითა და სასამართლოს გამამტყუნებლი განაჩენით, საპირისპირო არ დამტკიცდება - არ წარმოდგენს მხოლოდ აბსტრაქტულ პრინციპს. იგი შედგება რამდენიმე კონკრეტული სამართლებრივი გარანტიისგან, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ადამიანის სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უდანაშაულობის პრეზუმციის ორი ასპექტი გამოიკვეთება:

  • პირველი ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე სასამართლო განხილვის პროცედურულ გარანტიებს. 
  • მეორე - იმ პირების დაცვის გარანტიას, რომელთა მიმართ არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი წარმოება. კერძოდ, გარანტიას, რომ საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მხრიდან, არ დაექვემდებაროს იმგვარ მოპყრობას, თითქოს ის დამნაშავეს წარმოადგენდეს.

ამ უკანასკნელის გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფცია შესაძლოა იქცეს თეორიულ და ილუზორულ პრინციპად, რადგან სისხლის სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგაც, კვლავ სასწორზე დევს პირის რეპუტაციის საკითხი, რაც გავლენას ახდენს მის სოციალურ სტატუსსა და უფლებრივ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება საქმის განხილვისას პროცედურულ გარანტიებს, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, სასამართლო არ უნდა მოქმედებდეს წინასწარი  ვარაუდით, ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ; შესაბამისად, არც მოსამართლის ქმედებები, გამონათქვამები ან შუალედური გადაწყვეტილებები არ უნდა გამოხატავდეს მის მოსაზრებას, ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ;  
  • სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და იყოს დასაბუთებული;
  • ბრალდების მხარეს ეკისრება დამნაშავეობის დამტკიცების სრული ტვირთი; ბრალდბული არ არის ვალდებული, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდებულს აქვს დუმილის უფლება და უფლბა, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. შესაბამისად, განაჩენი, რომელიც ეფუძნება ბრალდებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობას, შესაძლოა  ეწინააღმდეგებოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციას; 
  • ყოველგვარი ეჭვი, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;  
  • ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდებულს სრულად და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით; 
  • ბრალდებულს უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება, მოამზადოს თავისი დაცვის პოზიცია. 

ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არის პრინციპი, რომლის მოქმედების არეალიც მხოლოდ სასამართლოს კედლებით არის შემოსაზღვრული. ის იცავს ინდივიდს სხდომის დარბაზს მიღმა, საჯარო სივრცეშიც. კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია გამორიცხავს საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბრალდებულის იმგვარად მოხსენიებას ან საქმესთან დაკავშირებული ისეთი განცხადებების გაკეთებასა და პოზიციების გამჟღავნებას, რომლებიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას უბიძგებს, დაიჯეროს პირის ბრალეულობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ წინასწარი მოსაზრებების ჩამოყალიბების ან მასზე ზემოქმედების რისკებს შეიცავს.

ცხადია, ეს არ გამორიცხავს მათი მხრიდან კომენტირებას მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე. თუმცა ვალდებული არიან, იყვნენ წინდახედულები და სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის დამტკიცებამდე, აკონტროლონ ბრალდებულის მისამართით გაკეთებული განცხადებები, ფრთხილად და სწორად შეარჩიონ სიტყვები. მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა არ ჩაითვლება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, მტკიცებითი ფორმით გაკეთებული შეფასებისგან განსხვავებით. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ ტერმინოლოგიას, განცხადების ფორმულირებას, გარემოებებსა და საერთო კონტექსტს.

რაც შეეხება პროკურატურას, როგორც ბრალდების მხარეს და მის წარმომადგენლებს, მათ შედარებით თავისუფლად შეუძლიათ სასამართლოში, პირის ბრალეულობის შესახებ, საკუთარი პოზიციის გამოცხადება. თუმცა მათაც აქვთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განცხადებებს აკეთებენ სასამართლოს გარეთ - პრესკონფერენციაზე ან სატელევიზიო ინტერვიუში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ ფაქტების მიწოდება (თუმცა არა - მანიპულაციურად). პროკურატურამ თავი უნდა შეიკავოს დასკვნების გაკეთებისგან.

 

უდანაშაულობის პრეზუმფცია პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეებზე

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებზე მედიასაშუალებები ხშირად ავრცელებენ პროცესის ამსახველ ვიდეომასალასა და ინფორმაციას, რაც მინიმუმ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მტკიცებებს და ართულებს იმის დაჯერებას, რომ პირის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცდება. მიუხედავად ამისა, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, შევაფასოთ, რამდენად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე. დიდი ალბათობით, ამ კითხვებს პასუხს გასცემს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ის ქმედებები და განცხადებები, რომელთა სამიზნე აუდიტორიასაც, პირველ რიგში, საზოგადოება წარმოადგენდა. შესაბამისად, მოცემულ სტატიაში მთავარი აქცენტები გაკეთდება იმაზე, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბრალდებული პირის დამნაშავედ გამოცხადება, მისი, როგორ დამნაშავის, პორტრეტის შექმნა.

 

გისოსებს მიღმა მყოფი ბრლადებული სახელისუფლებლო პროპაგანდის წინააღმდეგ

პროევროპულ აქციაზე დაკავებულთა საქმეების განხილვისას, ბრალდებულები სასამართლო დარბაზებში ხშირად მოუწოდებენ როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების, ისე, უშუალოდ, სასამართლოს, რომ მათ პატივი სცენ და დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.

როგორ უიმედოდაც უნდა იყვნენ განწყობილი  სისხლის სამართლის პროცესისა და მისი საბოლოო შედეგის მიმართ, ბრალდებულებისთვის უმნიშვნელოვანესად რჩება ის, რომ პროცესის მიმდინარეობისას, მინიმუმ, დაცული იყოს მათი ღირსება და რეპუტაცია. მეტიც, შეიძლება ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთის მოლოდინი იმაზე ნაკლებად აწუხებდეთ, ვიდრე ის, თუ როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება, როგორ შეილახება მათი სახელი, როგორ გაუმკლავდებიან ციხის გარეთ მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყოველდღიურ ზეწოლას.

ნებისმიერი ქმედება ან განცხადება, რომელიც საზოგადოებაში წინასწარ ქმნის დამნაშავის იმიჯს, არღვევს ამ ფუნდამენტურ პრინციპს და უთანასწორო პირობებში აყენებს გისოსებს მიღმა მყოფ ბრალდებულებს, რომლებსაც, საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე საკუთარი სიმართლის მტკიცებისთვის, არც თანაბარი პირობები აქვთ და არც რესურსი, რათა ძალაუფლების მქონე აქტორების სისტემურ საინფორმაციო კამპანიას შეეწინააღმდეგონ.

ამ კუთხით, გასათვალისწინებელია სასამართლო სხდომების გაშუქების საკანონმდებლო შეზღუდვა, რამაც „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციისთვის კიდევ უფრო მეტი სივრცე გაუჩინა, ხოლო ბრალდებულებს წაართვა შესაძლებლობა, ებრძოლონ პროპაგანდის მანქანას და ჰქონდეთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ამის საპირისპიროდ, ვხედავთ საზოგადოების აზრზე მანიპულირებისა და ბრალდებულების დისკრედიტაციის, მათი საშიშ დამნაშავეებად, უცხოური ძალის მიერ მართულ, ქვეყნის მტრებად წარმოჩენის სისტემურ მცდელობებს. მეტიც, ეს ტენდენცია უკვე დასრულებულ საქმეებზეც კი შესამჩნევია.

2025 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციის მონაწილე საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო პილიციელზე თავდასხმაში და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სწრაფად გამოეხმაურნენ სამთავრობო მედიები. ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ პლატფორმაზე ბრალდების მხარის ვიდეო გამოაქვეყნა, წარწერით: „საბა ჯიქიას, რომელიც დანით შეიარაღებული პოლიციელს თავს დაესხა, 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა“.

„POSTV ანალიტიკამ“ ფეისბუქის საკუთარი გვერდზე სპეციალურად, ხელოვნური ინტელექტის მიერ, შექმნილი ილუსტრაცია გამოაქვეყნა, სათაურით: „ოპოზიციისთვის „სინდისის პატიმარი - სინამდვილეში მოძალადე კრიმინალი საბა ჯიქია“. ილუსტრაციაში წინა ფონზე მყოფ ბიჭს (რომელიც, მათი გათვლით, საბა ჯიქიაა) დანა უჭირავს, ხოლო უკანა ფონად ჩანს ცეცხლში გახვეული პარლამენტის შენობა, ევროკავშირის დროშა და ძირს დავარდნილი პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდები ფიზიკურად უსწორდებიან.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბა ჯიქიას უფლებადამცველისა და პროცესზე დამსწრე პირების მტკიცებით, დანა, რომელიც სამთავრობო მედიებმა საბა ჯიქიას, როგორც სასტიკი მოძალადის, პორტრეტის შესაქმნელად გამოიყენეს, ბრალის დადგენილებაში არ ფიგურირებდა და საქმეზე კვლევის საგანი არც გამხდარა. შესაბამისად, სასამართლომ არ განიხილა, იყო, თუ - არა საბა ჯიქია შეიარაღებული, მით უფრო, იყო, თუ - არა ეს ნივთი დანა.

ეს მაგალითი ნათლად ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ პროევროპული აქციებისა და აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდის მასშტაბურობას, რასაც ხელს უწყობს ფართო საზოგადოებისთვის სასამართლოს ფაქტობრივი დახურვა.

პროპაგანდის მიზანია, დააჯეროს საზოგადოებას, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მეტიც, ლოიალურიც კი იყო მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც სასტიკი დამნაშავეები არიან და გარე ძალების მიერ იმართებიან. ამ მიზნით, ხალხის გონებაზე ხდება მანიპულირება, ფაქტების დამახინჯება, მათ შორის, არსებითი საკითხიდან აქცენტების გადატანა ნაკლები მნიშვნელობის მქონეზე ან საერთოდაც, გამოგონილზე.

ვიდეო, რომელიც ბრალდების მთავარ მტკიცებულებად ითვლება და უტყუარად უნდა ამტკიცებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, უთუოდ გამოიწვევდა კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში, რადგან მასში ბრალდებული მხოლოდ წამიერად ჩანს და მისი მხრიდან პოლიციელთან ფიზიკური კონტაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. ამასთან, აჩენს კითხვებს,  საკმარისია, თუ - არა იმ დანაშაულის ჩამდენად პირის ცნობისთვის, რომელსაც მას ედავებიან და რამდენად პროპორციულია ამ ქმედებისთვის გამოყენებული სასჯელი. ამ კითხვების თავიდან არიდების მიზნით, პროპაგანდას სჭირდება განსხვავებული აქცენტების შემოტანა (ფაქტების კიდევ უფრო დამძიმება) და მტკიცებულებების და ფაქტების სხვა ინფორმაციით გადაფარვა.

ასეთია, მაგალითად, პროპაგანდის ხაზი - გარე ძალებისგან მართული პროცესი - რომელიც კარგად ჩანს ზემოთ ხსენებულ ილუსტრაციაში, როცა ცეცხლში გახვეული პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშაა გამოსახული. თუმცა ეს ნარატივი განსაკუთრებულ წონას იძენს, როდესაც საზოგადოებას ამის შესახებ ყურადღებას უმახვილებენ პოლიტიკური თანამდებობის პირები.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მზია ამაღლობელის საქმეზე (რომელიც მიმდინარეა) შეინიშნება ამგვარი განცხადებების სიმრავლე. აღნიშნულზე პასუხად, ბრალდებულის ადვოკატებმა არაერთხელ - თუმცა უშედეგოდ - მოითხოვეს იმ პოლიტიკოსების დაკითხვა, რომლებიც მზია ამაღლობელის ქმედებებს მართულს და დაფინანსებულს უწოდებენ.

შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან მიმართებით, სახეზეა უდანაშულობის პრეზუმფციის სისტემატური უგულებელყოფა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების, ისე სასამართლოს მხრიდან. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და მის წინააღმდეგ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ არ მიუღია. მიუხედავად ამისა,  პერიოდულად  ტელევიზიით ისმის მითითებები, მზიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ. ეს მითითებები ფორმულირებულია იმგვარად, რომ, ჯერ ერთი, მიზნად ისახავს თავად მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას და მეორეც, ტოვებს  სასამართლოზე ზემოქმედებისა და განაჩენის კარნახის მცდელობის შთაბეჭდილებას.

შეგვიძლია მაგალითად, ქრონოლოგიურად, მოვიყვანოთ რამდენიმე განცხადება, რომლებიც აშკარად წარმოაჩენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის სისტემატურ ხასიათსა და ზემოთ თქმული მოსაზრებების საფუძვლიანობას.

13 იანვარი 

„ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში უტყამს ხელს ქალბატონი. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, ეს მარტივია. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? - თუ კითვხაა - კი. მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად - დამთავრდა!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

15 იანვარი

„ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს ყველა ზომას, ყველა ფაქტთან მიმართებით. არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში ეს ადამიანი არის არა ჟუნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით, განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

29 იანვარი

„მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს უტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია, დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია ამდენი ხნის განმავლობაში თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

30 იანვარი

„...როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები ორგანიზაციები არიან პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიუტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის...“.

„...ამ შემთხვევაში [მზია ამაღლობელის], საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე, ანუ აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული...“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

3 თებერვალი

„პოლიციის უფროსს სპეციალურად ამიტომ დაარტყა ხელი, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი, რომ მის ხელქვეით, მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან მართლაც გმირ პოლიციელს რომ შეელახოს რეპუტაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

16 აპრილი

„მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 მაისი

„ასეთი განცდა მაქვს ახლაც. როგორც სხვა მათი ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, სამწუხაროდ, ყველა სხვა დანარჩენი ადამიანიც დავალებით მოქმედებს.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წრმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. განცდებზეც ვსაუბრობ, ფაქტებზეც და აღქმებზეც. კონკრეტული ინფორმაცია ზოგადად, ამ ჯგუფებზე გვაქვს. ფაქტია, რომ მზია ამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობდა საერთო ჯამში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პოლიციის უფროსს ხელი დაარტყა. სხვა დანარჩენი არის შეფასების, აღქმის, განცდის და ემოციების საკითხი“.

„მზია ამაღლობელი არის სავარაუდო დამნაშავე, რაც საბოლოოდ, განაჩენით დადასტურდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

26 ივნისი

„კაცისა და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში. განსაკუთრებით, როდესაც მეორე ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელი, რომელმაც ზუსტად იმ მოქალაქის უფლებები და მისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და როდესაც ეს სახეში გარტყმა ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

10 ივლისი

„მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა, კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას, რა თქმა უნდა, ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიტიკოსთა გამონათქვამებისა, თუმცა სრულიად საკმარისია „ქართული ოცნების“ ერთიანი რიტორიკის და საზოგადოებისადმი თუ სასამართლოსადმი გზავნილების ამოსაკითხად.

სადავო ფაქტის დაფიქსირებიდან ორი დღეც არ იყო გასული, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მზია ამაღლობელის საქმეზე საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება დაიწყეს და ამას პერიოდულად იმეორებენ. განცხადების ავტორები მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, ისინი არ საუბრობენ მხოლოდ ხელის გარტყმის ფაქტზე, არამედ მას სამართლებრივ კვალიფიკაციასაც აძლევენ. ასევე საუბრობენ მოტივებზე, განზრახვაზე და მეტიც, წარმოაჩენენ, რომ ეს ქმედება იყო შეკვეთილი.

ამასთან, საინტერესოა, რომ იმ ნაწილშიც კი, რომელშიც ვხვდებით გარკვეულ მითითებას, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის პრეროგატივის შესახებ, შენარჩუნებულია რიტორიკა, რომ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მაინც არ და ვერ გამოიტანს. ამდენად, სამართლებრივი შედეგი უკვე ცნობილი და დაანონსებულია და მხოლოდ შესაბამისი გაფორმება აკლია.

სასამართლოს მიმართ ერთგვარ მითითებად უნდა მივიჩნიოთ ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლის ღია განცხადება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ამ ქმედებისთვის პასუხის გაცემას ალტერნატივა არ გააჩნია (მაგალითად, ირაკლი კობახიძის 10 ივლისის განცხადება) და მინიშნება, რომ სასამართლომ არა მხოლოდ ერთი ინდივიდის ქმედებას უნდა უპასუხოს, არამედ უნდა დაიცვას,  ზოგადად, პოლიციელის მუნდირი და  სახელმწიფო იხსნას გარე ძალების მიერ მართული გადატრიალებისგან.

მიმდინარე საქმეების შესახებ სასამართლოსადმი ამგვარი გზავნილების ფონზე, კიდევ უფრო ცინიკურად გამოიყურება 2025 წლის 26  ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა დეკლარირებულ მიზანსაც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენდა. სინამდვილეში, ამგვარი მინიშნებებით გავლენის მოხდენა სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს ხელეწიფებათ და არა, მაგალითად, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომელთა უკმაყოფილება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მაქსიმუმ, უარყოფითი კომენტარებით შემოიფარგლება ხოლმე.

მზია ამაღლობელი არ არის ერთადერთი, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ელიტამ მიზანში ამოიღო და ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას სურათი მისი დამნაშავეობის შესახებ. თუმცა განსხვავებით მზია ამაღლობელისგან, რომლის მიმართაც პირდაპირი და ხისტი კამპანია მიმდინარეობს, აქციებზე დაკავებულ სხვა პირებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები უფრო ირიბ განცხადებებს აკეთებენ და მათ უფრო ზოგად კონტექსტში მოიხსენიებენ.

 

ვიზუალური განაჩენი: როგორ იქმნება დამნაშავის იმიჯი სასამართლოში

საჯარო განცხადებებით საზოგადოების განწყობების ფორმირება არ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ერთადერთი გამოვლინება, რაც, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის საქმეზე, შეიძლება შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდეს.

კერძოდ, ამ საქმესთან მიმართებით, საინტერესოა, თუ როგორ არის წარმოდგენილი ბრალდებული პროცესის დროს. ეს კი ნიშანდობლივია, რადგან, გარდა აქტიური ქმედებებისა და გამონათქვამებისა, რომლებიც შეიძლება იძლეოდეს პირდაპირ მითითებას ბრალდებულის დამნაშავეობაზე, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც დამკვირვებლის ფსიქოლოგიაზე შეფარვითად მოქმედებს და უბიძგებს, ბრალდებული საშიშ დამნაშავედ დაინახოს.

პირის დამნაშავეობის შესახებ სურათის შექმნაში შეიძლება განსაკუთრებული როლი ითამაშოს მისმა მოთავსებამ სასამართლოს დარბაზის სპეციალურ იზოლირებულ სივრცეში, ბორკილებით შებოჭვამ ან, თუნდაც, იმ სახის ძალის მობილიზებამ, რომელიც არ წარმოადგენს უსაფრთხოების დაცვის მიზნის პროპორციულ საშუალებას და ქმნის გაზვიადებულ სურათს, ბრალდებულის მხრიდან მომავალი საფრთხის შესახებ. შესაბამისად, საზოგადოებას უბიძგებს, რომ მასში საშიში დამნაშავე დაინახონ. 

2009 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა დარღვევად შეაფასა საქართველოს სასამართლოებში საქმის განხილვის ამგვარი, ღირსების შემლახველი, პრაქტიკა საქმეში „რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ”. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს, ბრალდებულების გისოსებში მოთავსება და დამკვირვებლის თვალში ბრალდებულის ასეთი მტრული და უხეში წარმოჩენა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა ვერ დასტურდება, არა მხოლოდ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას და რიგით მნახველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასამართლოზე „უკიდურესად სახიფათო კრიმინალების” საქმე განიხილება.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მიერ 2013 წელს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა სასამართლო პროცესების მონიტორინგისას, კვლავ გამოვლინდა მსგავსი ფაქტები. 2014 წლის ანგარიშში ასახულია, რომ სასამართლო დარბაზებში (სადაც ეს შესაძლებელი იყო) ბრალდებულებს, მთელი სხდომის განმავლობაში, ათავსებდნენ შუშის კაბინებში, ზოგიერთ შემთხვევაში, საკნებში. სადაც მსგავსი სივრცეები არ იყო, პატარა, დაახლოებით, ერთმეტრიანი კედლით შემოსაზღვრულ სივრცეში. გარდა ამისა, ყველა დაკავებულ ბრალდებულს იცავდა ორიდან ხუთამდე უსაფრთხოების თანამშრომელი.

მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც, ის მოთავსებულია სპეციალურ, მინით შემოსაზღვრულ, სივრცეში, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში მისი საშიშ დამნაშავედ წარმოჩენაში.

საინტერესოა, რომ, მზია ამაღლობელის დაკითხვისას, მისმა ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს და ითხოვეს, ბრალდებულისთვის მოწმისთვის განკუთვნილ ადგილზე ყოფნის უფლება მიეცა და ისე გამოეკითხა. ადვოკატებმა ამ თხოვნაზე  უარი მიიღეს. „ამავე დარბაზში,  ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც კი გამოიყვანეს აქედან, როცა ისინი ჩვენებას აძლევდნენ“, - შეახსენა ადვოკატმა მოსამართლეს, რომელმაც ერთი წამითაც არ დაუშვა მზია ამაღლობელის მიერ შემინული სივცრის დატოვება, რაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს აღქმას, რომ მოსამართლე მას საშიშ დამნაშავედ მიიჩნევს, ან სურს საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი აღქმები.

ეს ტენდენცია არ შემოიფრაგლება მხოლოდ ამაღლობელის საქმით. იზოლირებული სივრცე არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი სხვა პირთა პროცესებზეც. მით უფრო, როცა ზოგიერთ მათგანზე რამდენიმე ბრალდებულია წარმოდგენილი და მათ უჭირთ საკუთარ ადვოკატებთან კომუნიკაცია, ასევე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ასეთ სიმჭიდროვესა და პირობებში ყოფნა მათთვის აუტანელი ხდება. 

 

წინასწარი პატიმრობის პრაქტიკა და მისი შესაძლო ეფექტი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე

საინტერესოა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების პრაქტიკაც, რომლის სიხშირეც, მიმდინარე პროცესებზე, თვალშისაცემია. სისტემამ გამონაკლისი მხოლოდ იმ პოლიტიკოსებზე დაუშვა, რომელთაც კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ და რომლებიც გირაოს გადახდას დასთანხმდნენ. დანარჩენ შემთხვევაში, გარემოებების განურჩევლად, სასამართლო შაბლონურად იყენებდა პატიმრობას.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც, რომელსაც კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ, გირაოს გადაუხდელობის გამო,  აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა გამოიყენა. მის მიმართ პატიმრობის გამოყენება კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს მაშინ, როდესაც პოლიტიკოსი ყოველდღიურად სასამართლოს შენობაში იყო, ესწრებოდა სხვადასხვა პროცესს, შესაბამისად, მისი ქცევით, მიმალვის საფრთხე არ იკვეთებოდა, ხოლო საქმის არსიდან გამომდინარე, რაიმე მტკიცებულებას ფიზიკურად ვერ გაანადგურებდა და მისი საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, სხვაგვარად ხელს ვერ შეუშლიდა. მით უფრო, როდესაც მისი აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ, გირაოს პატიმრობით, შეცვლის სხდომა უპრეცედენტო რაოდენობის ძალოვანების ფონზე მიმდინარეობდა და დაინტერესებულ პირებს შესვლა ეკრძალებოდათ არათუ სხდომის დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოშიც. ეს კი შეიძლება, მისი დამნაშავეობისა და მისგან მომდინარე საფრთხეების განსამტკიცებელად, დამატებით ტაქტიკურ ნაბიჯად ყოფილიყო გამოყენებული.

საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიების კიდევ ერთ საფუძველს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის არსებობა წარმოადგენს, რაც საფუძველშივე, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან კონფლიქტში მყოფად მოჩანს. მტკიცება, რომ პირი ჩაიდენს ახალ  დანაშაულს, გარკვეულწილად მისი დამნაშავეობის დაშვებას გულისხმობს,  მის წარმოჩენას საზოგადოებისთვის საფრთხისშემცველ პირად. ერთ-ერთ პროცესზე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, დაპატიმრებულმა რეზო კიკნაძემ (პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირი), მოსამართლეს ლოგიკური პრეტენზიით მიმართა, თუ რას ნიშნავდა, რომ არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, როდესაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მისი დანაშაულებრიობა ჯერ დამტკიცებული არ იყო (არ არსებობდა ძველი და შესაბამისად, ვერც ახალი იარსებებდა). მეტიც, საინტერესოა, რომ პოლიტიკოსთა პატიმრობით არათუ ზოგადად სხვა სახის დანაშაულის, არამედ იმავე დანაშაულის ჩადენის საფრთხეც კი ვერ აღიკვეთებოდა. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც  საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაპატიმრებული პირები ხელახლა გამოიძახა, პოლიტიკოსების მხრიდან კი გამოცხადებაზე უარი მიიღო.

დღემდე ამ სახის გახმაურებულ საქმეებზე არ ფიქსირდება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემთხვევა, რის შედეგადაც, პატიმრობის გაგრძელებას მიზანშეუწონლად მიიჩნევდა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბრალდებულს გაათავისუფლებდა. მეტიც, შესამჩნევია სასამართლოს მიერ ფორსირებული წესით საქმეების განხილვა, რაც, ბრალდებულთა ადვოკატების გადმოსახედიდან, აღიქმება სასამართლოს მცდელობად, ჩაეტიოს კონსტიტუციით დადგენულ ლიმიტში (9 თვეში) და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულების გათავისუფლება არ მოუწიოს.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თავისთავად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად არ ითვლება, თუმცა მნიშვნელობა აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, პატიმრობის საფუძველს, საფრთხეების დასაბუთებას, პატიმრობის ხანგრძლივობას.

იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმრობის საფუძველი არ არის დასაბუთებული და არ ჩანს, რომ ის ემსახურება კანონით დადგენილ მიზნებს და წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, სასამართლოს მხრიდან ამგვარი ღონისძიების გამოყენება აჩენს განცდას, რომ ის თვითნებურად არის გამოყენებული, ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებით.

წინასწარი პატიმრობა, ერთი მხრივ, ბრალდებულს კიდევ უფრო უზღუდავს საშუალებას, ეფექტურად დაიცვას თავი სასამართლო პროცესზე, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან მისი დამნაშავედ აღქმის რისკებს ზრდის, მით უფრო, თუ ბრალდებული მოთავსებულია იზოლირებულ სივრცეში და მას ისე ეპყრობიან, როგორც საშიშ დამნაშავეს.  შესაბამისად, ამ სახის პატიმრობა, სხვა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთობლიობით, შეიძლება განვიხილოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საფრთხის შემცველად.

 

***

საქართველოში, არსებული პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც ინდივიდის სახელმწიფოსგან დამცავი ინსტიტუტი, თავად აღმოჩნდა დასაცავი. წარმოდგენილი მაგალითები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“, როდესაც საქმე მის პოლიტიკურ ინტერესს ეხება, ფორმალურადაც არ ცდილობს ამ პრინციპის დაცვას და სასამართლოს პატივისცემას, გამოაქვს და აჟღერებს რა ვერდიქტს, რომლის მცდარობის მცირე შანსსაც არ განიხილავს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთი რიტორიკით, სახელმწიფო ინტერესების სახელით, მხოლოდ კონკრეტულ ბრალდებულებს არ წირავენ,  არამედ საბოლოოდ აზიანებენ სამართლებრივი სისტემის სანდოობასა და ინსტიტუციურ ავტორიტეტს. სასამართლო კი, რომელიც ამ გარემოებაში სამართლიანობის უკანასკნელი გარანტი უნდა იყოს, ამძაფრებს საზოგადოებაში ბრალდებულთა დამნაშავეობის აღქმებს და რეალურად, წინასწარ გაჟღერებული პოლიტიკური ვერდიქტის სამართლებრივ გაფორმებას უზრუნველყოფს. დღემდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესიჯისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

ამ კონტექსტში, უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა და სისტემური დარღვევის ფაქტები მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის უფლებების შელახვად არ უნდა განვიხილოთ. ეს საგანგაშო სიგნალია, რომელიც დემოკრატიული მართლწესრიგის აშკარა სტრუქტურულ რღვევაზე მიუთითებს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია