ფულადი გზავნილების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში
საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი უცხოეთიდან მიღებული ფინანსური ნაკადები იყო. უცხოეთიდან ფინანსური შემოდინებების მნიშვნელოვანი წყაროა ფულადი გზავნილები, რაც შრომით ემიგრაციას უკავშირდება. საქართველოში მთლიანი პერსონალური ტრანსფერების 2/3-ზე მეტი უცხოეთში დასაქმებულთა გზავნილებია. 2024 წელს ასეთი წყაროდან შემოსავალი 2 188.7 მლნ აშშ დოლარი იყო.
ქვეყანაში მიღებული გზავნილები ადგილობრივი მოხმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის არსებითი მამოძრავებელია. წმინდა ფულადი გზავნილები, უკრაინაში რუსეთის ომამდე, საშუალოდ, მთლიანი ეკონომიკის 3.2% იყო, ხოლო შინამეურნეობის მოხმარებაში წილი, საშუალოდ, 8.5%-ს შეადგენდა.
გრაფიკი 1: საქართველოს წმინდა ფულადი გზავნილების ფარდობა მშპ-სა და შინამეურნეობების მოხმარებასთან
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები
ომის შემდეგ, ფულადი გზავნილები ქართული ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ომის დაწყებიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, წმინდა ჩარიცხვები საშუალოდ, მთლიანი ეკონომიკის 5.2%-ს შეადგენდა. მათ შორის, რუსეთიდან გზავნილების მაჩვენებელი, საშუალოდ, 2.6% იყო (ომამდე - საშუალოდ, 0.6%).
სწორედ ფულადი გზავნილები იყო ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც, ომმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ააჩქარა. დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო დაწყებული მიგრაციული პროცესები, რასაც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება დაემატა, რუსეთიდან ადამიანური კაპიტალისა და შესაბამისად, ფულადი გზავნილების შემოდინების მიზეზი გახდა.
გრაფიკი 2: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, %
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წელს ეკონომიკა 10.4%-ით გაფართოვდა, ხოლო რუსეთიდან მიღებული წმინდა გზავნილების ოდენობა წინა წლის მაჩვენებელს 6.3-ჯერ აღემატებოდა. 2022 წელს რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების სახით მიღებულმა ფულადმა რესურსმა 2 026.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს რუსეთიდან წმინდა გადმორიცხვების მოცულობა 1 482.8 მლნ აშშ დოლარი იყო, მომდევნო წელს კი რუსეთიდან გზავნილები მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ომამდე ნიშნულს აღემატებოდა და 523.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გადმორიცხვების შემცირება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება: პირველია საქართველოდან რუსი მიგრანტების გადინება და მეორე - რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება.
წმინდა გადმორიცხვების კლება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან წმინდა გადმორიცხვებმა 196.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 34.8%-ით ჩამორჩება. თუმცა, ამ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპი 8.6%-ს აღწევს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებას ეკონომიკური გაფართოების ტემპი არ შეუნელებია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ფულადი ნაკადების ზრდამ ჩაანაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები შენელდა, ასეთი ფინანსური ნაკადების როლი არ შემცირებულა, რადგან, სხვა ქვეყნების კონტრიბუციის ზრდის გამო, მთლიანი წმინდა გზავნილების ნიშნული კვლავ მაღალია. 2025 წლის პირველ ნახევარში მთლიანი წმინდა გადმორიცხვები 1 524.5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8%-ით მეტია. ამ პერიოდში რუსეთიდან გზავნილები 34.8%-ით შემცირდა, რასაც წმინდა გადმორიცხვებში ამ უკანასკნელის წილის 7.4 პროცენტული პუნქტით შემცირება მოჰყვა.
გრაფიკი 3: საქართველოში წმინდა ფულადი გზავნილები, მლნ აშშ დოლარი
წყარო: ეროვნული ბანკი
რუსეთიდან გზავნილების შემცირების მიუხედავად, მთლიანი გადმორიცხვების მატება აშშ-დან ფულადი ნაკადების ზრდას უკავშირდება. 2024 წლის მეორე ნახევრიდან, ფულადი გზავნილების მთავარი წყარო აშშ გახდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამერიკიდან წმინდა გადმორიცხვები 314.7 მლნ დოლარია, რაც ამ პერიოდის გზავნილების 20.6%-ს შეადგენს. 2025 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის პირველ და მეორე კვარტლებთან შედარებით, აშშ-დან წმინდა გადმორიცხვები - 21.6%-ით, ხოლო წილი 3.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ამრიგად, რუსეთიდან, გზავნილების სახით შემოსული ფულადი ნაკადების შემცირების მიუხედავად, წმინდა გადმორიცხვები საქართველოში ადგილობრივი მოხმარებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. მიმდინარე წელს წმინდა ჩარიცხვები, რომელთა შორის მთავარი ადგილი აშშ-დან მიღებულ პირდაპირ ტრანსფერებს უჭირავს, მთლიანი ეკონომიკის 3.3%-ია, რაც ომამდე პერიოდის საშუალო ნიშნულს მცირედით აღემატება. ომამდე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკაში ამერიკიდან გადმორიცხვების წილი თითქმის გაორმაგებულია, ხოლო რუსეთის - თითქმის ორჯერ შემცირებული. საბოლოო ჯამში, ფულადი გზავნილები ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.