პუბლიკაციები

მთავრობის სტრატკომების საჯარო კომუნიკაცია - როცა სტრატეგია და პრაქტიკული საქმიანობა ერთმანეთს არ ემთხვევა

ფოტო: Futurist Society

თანამედროვე სამყაროში, საინფორმაციო წყაროებისა და ინფორმაციის მოცულობის  ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება. ბუნებრივია, ეს გამოწვევა ეხება საქართველოსაც. მეტიც, წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად დახვეწილი და მავნე პროპაგანდის პირდაპირი სამიზნეა. ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც თანამედროვე რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს გახდა. ამასთან, წლების მანძილზე, რუსეთთან აფილირებული წყაროებიდან მოდის უამრავი გამოგონილი, განზრახ დამახინჯებული და პროპაგანდისტული გზავნილებით გაჯერებული ისტორიები, რომელთა აშკარა მიზანი ანტიდასავლური (აშშ-ის, ევროპის და დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია) განწყობების გაღვივებაა, რითაც რუსეთი საქართველოს გაცხადებული არჩევანისთვის - დასავლეთთან ინტეგრაციისთვის - ხელის შეშლას ცდილობს.  აღნიშნული მცდელობები აღიარებული და ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად არის დასახელებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშებში. ამასთან, სუს-ი არ არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც თავის დოკუმენტებში რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბრობს. ამდენად, ქვემოთ მიმოვიხილავთ სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიებსა თუ ანგარიშებს, რომლებიც ამ გამოწვევაზე ამახვილებენ ყურადღებას და მასთან ბრძოლის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. ამის პარალელურად კი, შევეცდებით გავაანალიზოთ, თუ რამდენად სრულდება აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტები პრაქტიკაში.

 

რუსული ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების [აქ ქვეყანა არ კონკრეტდება, თუმცა შემდგომ წლებში, ამ კონტექსტში მოხსენიებულია რუსეთის ფედერაცია] ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია. საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ“.

მსგავს გამოწვევებზე საუბარია უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშიც. 2019 წელს კი, სუს-ი პირდაპირ ასახელებს სახელმწიფოს, რომელიც ე.წ. ჰიბრიდული ომის წყაროა: „საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფარგლებში იკვეთება ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი: საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია), ე.წ. საინფორმაციო ომი, ე.წ. „რბილი ძალა“, ეკონომიკური ბერკეტები, ფარული ოპერაციები“.

რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წყარო, მოხსენიებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში. საინფორმაციო საფრთხეების შესახებ საუბარია სუს-ის 2021 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ „დეზინფორმაციული კამპანიების მთავარ სამიზნეს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა. ყალბი ამბებისა და გამოგონილი ისტორიების გავრცელებით, მიმდინარეობდა საქართველოს მოსახლეობაში ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების დისკრედიტირების მცდელობები. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 2021 წელს კვლავ აქტუალური იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხებით მანიპულირება, რომელსაც აქტიურად აწარმოებდნენ ცალკეული სახელმწიფოები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირები“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, დამტკიცდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგია, რომელშიც ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან გამკლავება ერთ-ერთ გამოწვევად იქნა დასახული. სტრატეგიის ამოცანები იყო: 1. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით; 2. საერთო დასავლური ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება; 3. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; 4. საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა; 5. მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება; 6. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; 7. ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

რუსეთის ფედერაციიდან წამოსულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიაშიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება, მათი მზარდი მილიტარიზაცია, „მცოცავი ოკუპაცია“ და სხვა ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს რთულსა და არაპროგნოზირებადს ხდის. რუსეთის ფედერაცია მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის ხელსაყრელი საინფორმაციო გარემოს შესაქმნელად, მათ შორის, ცდილობს შეასუსტოს საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და გააღვივოს საზოგადოების მცირე ნაწილში ამ საკითხისადმი არსებული უთანხმოება... გარე და შიდა აქტორებისგან მომავალ საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებზე რეაგირება შესაძლოა ზოგჯერ დაგვიანებული ღონისძიება იყოს, ვინაიდან სენსაციური და, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის განწყობებზე მორგებული დეზინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის განწყობებზე გარკვეულ კვალს მაინც ტოვებს. თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებისთვის მუდმივ რეჟიმში ობიექტური ინფორმაციის მიზანმიმართულად და პროაქტიულად მიწოდება შეზღუდავს შესაძლო დეზინფორმაციების ეფექტური გავრცელების არეალს და შეამსუბუქებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედებას“.

ანალოგიურად, ანტიდასავლურ საინფორმაციო კამპანიებთან ბრძოლა ხაზგასმულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. „მნიშვნელოვნად გაზრდილია კიბერსაფრთხეები, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება „რბილი ძალის“ როლი, რისთვისაც გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებები... რუსეთის ფედერაცია თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის მეთოდებს და ცდილობს ბიძგი მისცეს ცალკეული ქვეყნების საზოგადოების ყველა ფენაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული დასავლური ღირებულებების გადახედვის პროცესს“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტრატეგიის მიზნებად განისაზღვრა „ქვეყნის მასშტაბით საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება... ასევე „საქართველოს მოსახლეობაზე მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“.

საინფორმაციო სივრცეში რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებთან გამკლავების აუცილებლობაზე საუბარია საქართველოს მთავრობის კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში: „საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცის დაცვასთან ერთად, ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დღის წესრიგში დაუდგა კიბერსაომარი მოქმედებებისგან საკუთარი კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გეოპოლიტიკური მდებარეობა, ქვეყნის პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა საქართველოს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდის პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევების, ინფორმაციული პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის, კიბერჯაშუშობისა და კიბერტერორიზმის სამიზნედ... რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მართული საინფორმაციო ომი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მაღალ ხარისხს, ქმნის ნიადაგს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, რაც, მიმდინარე სამხედრო ოკუპაციის კვალდაკვალ, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს... ქართული საზოგადოების არჩევანზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერებას, რუსული გავლენისგან გათავისუფლებასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ითვალისწინებს, ხდება მიზანმიმართული ზემოქმედება სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის სახეცვლილებისა და ერთგვარად ნეიტრალური საგარეო კურსის გატარების მიზნით“.

შეიძლება ითქვას, სწორედ ზემოთ აღწერილ საფრთხეებთან გამკლავებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოაგდენდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნა. ამ სამსახურების გაცხადებულ მიზანს ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ამასთან, 2018 წელს კომუნიკაციების კომისიას დაემატა ქვეყანაში მედია წიგნიერების განმავითარებლის ფუნქცია და კომისიაში შესაბამისი დეპარტამენტიც შეიქმნა.

ჩვენ მიერ განხილული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სტრატეგიებიდან თუ ანგარიშებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათლად ხედავდა და ხედავს იმ საფრთხეებს, რაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომის ფარგლებში მოდის. ფაქტობრივად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტში, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აღიარებულია რუსეთის მცდელობები, როგორმე შეცვალოს და ჩამოაყალიბოს ქართული საზოგადოების აზრი დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამასთან, როგორც ვნახეთ, სხვადასხვა უწყებას ჩამოყალიბებული აქვს ამ გამოწვევასთან ბრძოლის გზები. თუმცა, ერთია რა წერია პოლიტიკის დოკუმენტებში და მეორე - რა კეთდება პრაქტიკაში. ამის შესაფასებლად, გავაანალიზეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, კერძოდ მთავრობისა და ზემოთ აღნიშნული სხვა უწყებების სტრატეგიული დეპარტამენტების Facebook-ის გვერდები. ბუნებრივია, სტრატეგიული კომუნიკაცია და შესაბამისი სამსახურების საქმიანობა მხოლოდ Facebook-ში აქტიურობის მხრივ ვერ შეფასდება და ის მრავალი სხვადასხვა ასპექტისგან უნდა შედგებოდეს. თუმცა, საკვლევი საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამჯერად, მხოლოდ აღნიშნულ სოციალურ პლატფორმას (საქართველოში ყველაზე პოპულარულ) განვიხილავთ. კერძოდ, შევისწავლით საქართველოს მთავრობის სტრატკომის, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის Facebook გვერდებს.

 

მთავრობის სტრატკომი

მთავრობის სტრატკომის ამჟამად მოქმედი Facebook გვერდი 2021 წლის 5 ოქტომბერს შეიქმნა. 2023 წლის 25 იანვრის მონაცემებით, გამოქვეყნებული იყო 38 პოსტი, ხოლო გვერდს დაახლოებით 8 900 გამომწერი ჰყავდა. აღნიშნულ გვერდზე პირველი პოსტი 2021 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა - ეს იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას შეეხებოდა. წერილში საუბარია ჩამოსვლის მიზეზებზე და აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების გადატრიალების იმედით დაბრუნდა. ამის შემდგომ, რამდენიმე პოსტი მიეძღვნა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, 2021 წლის 10 ოქტომბრის პოსტში  მოკლედაა განმარტებული დეზინფორმაციის, მის-ინფორმაციისა და მალ-ინფორმაციის არსი. მთავრობის სტრატკომის 13 ოქტომბრის პოსტში საუბარია იმ მიზნებზე, რის გამოც დეზინფორმაცია ვრცელდება. ხოლო, ორი დღის შემდეგ გამოქვეყნებულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია. 2021 წლის 17 ოქტომბერს მთავრობის სტრატკომის გვერდზე გვხვდება ცდნობა მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ. 19 ოქტომბრის პოსტში მოცემულია სტრატეგიული კომუნიკაციების ერთგვარი განმარტება NATO-ს შესაბამისი პრინციპების მიხედვით. 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი, საუბარია დემოკრატიულ პროცესზე დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ. აღნიშნული ექვსი პოსტით, მთავრობის სტრატკომის გვერდმა დეზინფორმაციის არსის შესახებ განმარტებები ამოწურა. ამავდროულად, არაფერია ნათქვამი პროპაგანდის, „რბილი ძალის,“ ჰიბრიდული ომის და ამ კონტექსტში საქართველოს საფრთხეების შესახებ, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების მიერ მომზადებულ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკის დოკუმენტში წერია.

მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდის აქტივობებიდან გამოსარჩევია სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია კოვიდ-19 -ისა და ვაქცინაციის შესახებ. 2021 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც უარყოფდა რამდენიმე ონლაინ მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ვირუსის გავრცელების გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდებოდა. გარდა ამისა, გავრცელდა შემდეგი პოსტები კოვიდ-19 -ის შესახებ: რა არის ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი? (15.11.2021); წარმატებული ვაქცინაციის მაგალითები ევროპაში (16.11.2021); მოწოდება - არ ენდო კოვიდ-19 -თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. ის ოფიციალური წყაროები, საიდანაც საზოგადოებას შესაბამისი ცნობების მიღება შეუძლია (21.12.2021); ინფორმაცია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების მოქმედების ვადის შესახებ (22.12.2021); მითები და რეალობა კოვიდ-19 -ის შესახებ (11.01.2022); რა არის ვაქცინის ბუსტერ დოზა? (28.01.2021). იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19 -ისა და ვაქცინაციის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც სუს-ის ზემოთხსენებულ ანგარიშშიც აისახა, მთავრობის სტრატკომის ამ მიმართულებით აქტივობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. თუმცა, რამდენად საკმარისი იყო ამ თემის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია (შვიდი პოსტი), ეს ცალკე საკითხია.

მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდზე დაკვირვებამ გამოკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ის ყველაზე მეტ რესურსს ქართული მედიის, ძირითადად ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას უთმობს. მონიტორინგის პერიოდში ცხრა ასეთი შემთხვევა გამოვლინდა: 1. „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (არჩევნების მეორე ტურის წინ სპეცდანიშნულების რაზმების სავარაუდო მობილიზების შესახებ) უარყოფა და მისი დეზინფორმაციად შეფასება (23.10.2021); 2. „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (პრემიერ ღარიბაშვილის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბაკურიანში) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (04.02.2022); 3. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტის შესახებ) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (12.02.2022); 4. „ცალკეული მედია საშუალებების“ (დაკონკრეტებული არ არის) მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო ინტერესების შესახებ ნავთობის გადაზიდვის სექტორში) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (16.02.2022); 5. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (სანქცირებული რუსული ტვირთის, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შესახებ) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (03.05.2022); 6. „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ჯანდაცვის სექტორში პრემიერის სავარაუდო კორუფციული ინტერესების შესახებ) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (05.05.2022); 7. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (თითქოს ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გააუქმა) უარყოფა და დეზინფორმაციად შეფასება (20.07.2022); 8. ლარის კურსისი შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტის დეზინფორმაციად შეფასება (15.08.2022); 9. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების გაზიარება, რომელიც თავის მხრივ უარყოფს ერთ-ერთი ტელევიზიის (დაკონკრეტებული არ არის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (04.12.2022).

რაც შეეხება მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდის სხვა აქტივობებს, 2022 წლის თებერვალში აქ გავრცელდა პრემიერ ღარიბაშვილის სოლიდარობის გამომხატველი განცხადება უკრაინის მიმართ და რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარების დაგმობა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის შემდგომ ამ გვერდზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები აღარ გავრცელებულა, არც მაშინ, როცა რუსეთმა, სრულიად უკანონო და ყალბი რეფერენდუმის საფუძველზე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თავისად გამოაცხადა. გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილი სხვადასხვა დასავლელი ლიდერის წერილები და საქართველოს მიმართ გაკეთებული რამდენიმე პოზიტიური განცხადება. ამასთან, 22 თებერვალს ამავე გვერდზე გავრცელდა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის პოსტი, სადაც ის აჯამებს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის ერთ წელს და საუბრობს პრემიერის წარმატებებზე. წლის ბოლოს, 30 დეკემბერს კი, სტრატკომმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის უმაღლესი რანგის შეხვედრები.

როგორც მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდის მონიტორინგი გვიჩვენებს, განსხვავებით ხელისუფლების სხვადასხვა სტრატეგიის დოკუმენტისგან, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რუსულ ჰიბრიდულ ომს თვლიან და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ, პრაქტიკაში მსგავსი აქტივობები არ შეინიშნება. მთავრობის სტრატკომის გვერდი მეტწილად ფოკუსირებულია კრიტიკული ტელეარხების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფაზე. ამ დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს იმის შეფასება, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები მთავრობის არგუმენტირებული კრიტიკაა, დაბალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული პროდუქტი, თუ დეზინფორმაცია. აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ სტრატკომის მსგავსი ტიპის გამოხმაურებები ისეთ საკითხებზე ხდება, რომელიც მეტწილად, პრემიერისა და მთავრობის იმიჯს ეხება, რაც ნათლად აჩვენებს სტრატკომის ფუნქციის არასწორ აღქმას ხელისუფლების მხრიდან - პირად რეპუტაციაზე ზრუნვას. ის მართლაც კრიტიკული საფრთხეები კი, როგორიცაა რუსული ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა და რუსული წყაროებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლაა, მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდის ყურადღების მიღმა რჩება. ეს იმ დროს, როცა საქართველოში მოქმედებენ ღიად პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა გავლენის აგენტები. ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება კითხვა, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს მთავრობის სტრატკომი.

 

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი

სოციალურ ქსელ Facebook-ში აღნიშნული გვერდი 2020 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. 2023 წლის 25 იანვრის მონაცემებით, გვერდზე გამოქვეყნებული იყო 68 პოსტი, ხოლო მისი გამომწერთა რაოდენობა 10 ათასს შეადგენდა. გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პირველ პოსტში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის „ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დეზინფორმაციასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაა“.

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა დეზინფორმაციის განმარტებას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. გხვდება მოკლე ვიდეო-კლიპიც ინფორმაციის გადამოწმების ხერხების შესახებ, ასევე, პროპაგანდის, ჰიბრიდული ომისა და მედიაწიგნიერების განმარტების თითო-თითო პოსტიც.

რაც შეეხება სხვა ტენდენციებს, აქაც, ისევე როგორც მთავრობის სტრატკომის შემთხვევაში, გამოიკვეთა კონკრეტულ ტელევიზიებზე გამოხმაურებისა და მათი დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოხსენიების ფაქტები. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი პოსტების უმრავლესობა ეხება ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელეარხებს - „ტვ პირველს,“ „მთავარ არხს“ და „ფორმულას“. გვერდზე სულ გამოქვეყნებული 68 პოსტიდან, მსგავსი შინაარსის იყო - 25, საიდანაც 13 „ტვ პირველის“ ინფორმაციას ეხმაურებოდა, 10 „მთავარი არხის,“ ხოლო ორი „ფორმულას“. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი კიდევ ცხრა შემთხვევაში გამოეხმაურა სხვადასხვა მედიასაშუალებას, თუმცა, მათი სახელები არ დაუკონკრეტებია. სტრატკომი თითოჯერ გამოეხმაურა ონლაინ მედია საშუალება „ნიუპოსტისა“ და CNews-ის მიერ მომზადებულ მასალას და ხუთჯერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომლებიც უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრს ეხებოდა. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ძირითადად მსგავსი ტიპის სიახლეებზე რეაგირებდა.

რაც შეეხება რუსულ წყაროებს, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა მათ მიერ გავრცელებულ ცნობებზე რეაგირება ორჯერ მოახდინა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ეხებოდა რუსული გვერდის (Реалист-realtribune.ru) ცნობას. სამინისტროს განცხადებით, ეს გვერდი „ცდილობს გააცოცხლოს მრავალჯერ გაქარწყლებული დეზინფორმაციული ნარატივი და ამტკიცებს, თითქოს ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები უკავშირდება თურქული სამხედრო ბაზის განლაგებას“.

ზემოაღნიშნული ტენდენციების გარდა, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომზე ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის განცხადება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული ცნობები, რამდენიმე სიახლე სამხედრო სფეროდან, სიახლეები თავად სტრატკომის შესახებ და სხვადასხვა დასავლელი ლიდერის რამდენიმე ფრაზა.

როგორც თავდაცის სამინისტროს სტრატკომის Facebook გვერდის მონიტორიგმა აჩვენა, ის ძირითადად რეაგირებს სხვადასხვა მედიასაშუალების, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და მოიხსენიებს მათ „ანგაჟირებულებად,“ დეზინფორმაციული კამპანიისა და „ანტისახელმწიფოებრივი“ ინფორმაციის გამავრცელებლებად, „პარტიულ ტელევიზიებად“ და ა.შ. ეს იმ ფონზე, როცა თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიაში ხაზგასმულია მედიასთან თანამშრომლობის აუცილებლობა: „თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან და აზრის ლიდერებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათთვის სამინისტროს ხედვისა და პერსპექტივის გაზიარება, განსაკუთრებით საინფორმაციო სივრცეში არსებული გამოწვევების შესახებ. ვინაიდან, ჟურნალისტებს ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს რეგულარულად უწევთ საინფორმაციო ზეგავლენის ღონისძიებებთან შეხება, აუცილებელია ისინი ამ გამოწვევას მომზადებულები შეხვდნენ...“ რთული სათქმელია, რამდენად არის ზემოთ ჩვენ მიერ მოყვანილი ეპითეტები „ჟურნალისტებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება“.

მთავრობის სტრატკომის მსგავსად, არც თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი წარმოადგენს რუსულ/ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ წყაროებთან ბრძოლის განსაკუთრებულ მაგალითს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის Facebook გვერდიც, სტრატეგიით გაწერილ მიზნებსა და რეალურ აქტივობებს შორის აშკარა აცდენას ამჟღავნებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი

სოციალურ ქსელ Facebook-ში აღნიშნული გვერდი 2021 წლის 15 ივნისს შეიქმნა. 2023 წლის 25 იანვრის მონაცემებით, გვერდზე გამოქვეყნებული იყო 55 პოსტი, ხოლო მისი გამომწერთა რაოდენობა - 1 700. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის გვერდის პირველი პოსტი მისი შექმნიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. პოსტში აღნიშნულია, რომ „დეზინფორმაცია და Fake News-ი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის და საზიანოა, როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook პლატფორმის შექმნა ემსახურება ფაქტებზე დაფუძნებული, ზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ თემატიკაზე“.

სტრატკომის გვერდის შემდგი პოსტი კი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის (იმის შესახებ, რომ უცხოეთში არსებულ დიპლომატიურ მისიებში არაკვალიფიციური კადრები საქმდებიან) უარყოფას ეხებოდა. საერთო ჯამში, სტრატკომმა „ტვ პირველის“ ოთხ სიუჟეტზე მოახდინა რეაგირება, ხოლო ერთ შემთხვევაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოეხმაურა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის Facebook გვერდი რამდენჯერმე გამოეხმაურა კონკრეტული პერსონების, მათ შორის, პოლიტიკოსების განცხადებებს. სხვადასხვა სიახლეებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი ავრცელებდა მინისტრის სხვადასხვა განცხადებას (11 პოსტი).

ზემოაღნიშნულის გარდა, ამ პლატფორმაზე გვხვდება მთავრობის სტრატკომის გვერდიდან გაზიარებული პოსტი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებს ეხება. ასევე, გამოქვეყნებულია შვიდი ე.წ. ქარდი (პოსტი ფოტოს სახით) Facebook-ის გზამკვლევის რჩევები ყალბი ამბების ამოცნობის გზების შესახებ. რუსული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ საუბარია პოსტებში, რომლებიც NATO-სა და ევროპარლამენტის რეზოლუციებში გაჟღერდა. ამასთან, სხვადასხვა დროს, სტრატკომის გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტები კიბერ-უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებისა და სამინისტროში გამართული სემინარების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის საჯარო აქტივობებიდან ხაზგასასმელია რეაგირება სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს საქართველო ახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციას და ზღუდავდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის გარე სამყაროსთან კონტაქტს. კიდევ ერთი პოსტი კი, ეძღვნება სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის რეაგირებას სერბეთის ეროვნული ავიახაზების „Air Serbia“-ს ყოველთვიურ ჟურნალში „ELEVATE“ გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელშიც დაიბეჭდა მსოფლიო რუკა, რომელზეც საქართველო საერთოდ არ იყო აღნიშნული და საქართველოს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის საზღვრებში იყო მოქცეული. პოსტის განახლებაში კი აღნიშნულია, რომ  სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ისინი დაუკავშირდნენ „Air Serbia“-ს ოფიციალურ პირებს „უნებლიე შეცდომის“ გამოსასწორებლად.

ბუნებრივია, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომის მხრიდან ზემოთ მოცემული ან მსგავსი პოსტების გავრცელება მისასალმებელია, თუმცა, საკითხავია, რამდენად საკმარისია მსგავსი სახის რეგირებები მაშინ, როცა რუსეთიდან საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება.

 

***

როგორც მთავრობის, კონკრეტული სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური დოკუმენტების მიმოხილვამ აჩვენა, ხელისუფლება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის, ისეთ პროპაგანდისტულ კამპანიებსა და დეზინფორმაციაზე, რომლის ცალსახა მიზანი ქართველი ხალხის არჩევანისთვის - დასავლეთთან ინტეგრაციისთვის - ხელის შეშლა და საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ, 2018 წელს, სამინისტროებში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობასაც რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, მთავრობის, თავდაცვის სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომების Facebook (ამჟამად საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის) გვერდების მონიტორიგმა აჩვენა, რომ პრაქტიკა სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს. აღნიშნული გვერდები მეტწილად ისეთი ტიპის ინფორმაციაზე რეაგირებენ, რომელიც მინისტრისა თუ სამინისტროს რეპუტაციას ეხება. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა კი, მიუხედავად მისი სიჭარბისა ქართულ საინფორმაციო სივრცეში, იშვიათად გვხვდება. მართალია, სტრატკომებს გამოქვეყნებული აქვთ რამდენიმე პოსტი, ე.წ. ქარდი თუ ვიდეო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ, თუმცა მსგავს აქტივობებს არ აქვთ პერმანენტული და პროაქტიული ხასიათი. ამასთან, ძალიან იშვიათადაა ხაზგასმა იმაზე, რომ ძირითადი და ყველაზე მავნე პროპაგანდისტული კამპანიები რუსეთიდან უწყვეტად მოდის. სტრატკომების სიჩუმე იმ დროს, როცა შიდა თუ გარე ძალები აქტიურად ავრცელებენ კონსპირაციის თეორიას იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა და აქ მეორე ფრონტის გახსნა სურს, სხვა არაფერია თუ არა მათი ძირითადი ფუნქციის ვერ, თუ არ შესრულება. ეს კი, ანტიდასავლური დეზინფორმაციის მხოლოდ ერთი მაგალითია იმ უამრავთაგან, რომელიც საქართველოში ვრცელდება, ხოლო ის, თუ რატომ არ ხდება მსგავს საკითხებზე რეაგირება, ცალკე ანალიზის საგანია.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც ზემოხსენებული გვერდების მონიტორინგისას გამოიკვეთა, ისაა, რომ სტრატკომები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტ რესურსს ხელისუფლებისადმი კრიტკული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მათ დეზინფორმაციად მოხსენიებას უთმობენ (გამონაკლისია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი, სადაც მსგავსი სახის პოსტები უფრო ნაკლებად გვხვდება). ამ დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს იმის შეფასება, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები მთავრობის არგუმენტირებული კრიტიკაა, დაბალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული პროდუქტი თუ დეზინფორმაცია. აქ მთავარი საკითხია ის, რომ სტრატკომების ყურადღება ძირითადად კრიტიკულ მედიაზეა და „დეზინფორმაციის გამავრცელებლებადაც“ სწორედ ისინი იწოდებიან. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ გავიხსენებთ ბოლო წლებში გავრცელებულ ტენდენციას - მოქმედი ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას მედიის მიმართ. ამდენად, როცა სტრატკომები ქვეყნისთვის რეალურად მტრული რუსული დეზინფორმაციის ნაცვლად, „შიდა მტერს“ ებრძვიან, მათი თავდაპირველი ფუნქციების შესრულება დიდი ეჭვის ქვეშ დგება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე