პუბლიკაციები

"ქართული ოცნების" რეჟიმის ანატომია სასამართლოს დარბაზში

ფოტო: Diana Oganova

თბილისის საქალაქო სასამართლო, რუსთაველის გამზირის მსგავსად, იქცა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მთავარ ლოკაციად. სასამართლოს ეზოსა თუ დარბაზებში ყოველდღიურად იყრიან თავს დემონსტრანტები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოს „გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას“ ელოდებიან.

მათ უმრავლესობას არ აქვს ასეულობით საქმისგან განსხვავებული შედეგის მოლოდინი, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ესწრება ან მონაწილეობს პროცესში, რომელსაც ნდობას არ უცხადებს. მაშინ რატომ აკეთებენ ისინი ამას? 

მოტივაცია სხვადასხვა შეიძლება იყოს: ზოგისთვის სასამართლო წარმოადგენს ერთ-ერთ პლატფორმას საკუთარი აზრის გასაჟღერებლად, ან შესაძლოა ქვეყნის შიგნით ყველა სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვის ინტერესი ამოძრავებდეთ; ბევრი მათგანისთვის ეს ასევე არის შესაძლებლობა, შიგნიდან დააკვირდეს სისტემის ანატომიას, რეჟიმის მუშაობის პრინციპსა და მის მთავარ საყრდენებს, რომლებიც ყველაზე ნათლად სასამართლოს სივრცეში წარმოჩინდება.

მართლაც, სხდომაზე დამსწრეებს აქვთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, შეისწავლონ მასში მონაწილე პირების ქცევა და ფსიქოლოგია, მათ შორის,  დააკვირდნენ საკუთარ ქცევას, დამოკიდებულებასა და განწყობებს ამ ინსტიტუტის მიმართ.

ეს არის მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, გადაამოწმონ სასამართლოს მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების (მათ შორის, სასამართლოს ეფექტიანობასთან, დამოუკიდებლობასა თუ სამართლიანობასთან დაკავშირებული) საფუძვლები და თავად განსაჯონ, წარმოადგენს, თუ-არა რეალურ პრობლემას მართლმსაჯულების სისტემის ის გამოწვევები, რომლებზეც პროცესებზე მონიტორინგის განმახორციელებელი აქტორები და ამ სფეროს მკვლევრები წლების განმავლობაში საუბრობდნენ.

წინამდებარე მოსაზრებაში განხილულია ქცევითი პატერნები, რომლებიც ათეულობით მსგავს პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა და წარმოდგენილია მათი სავარაუდო ახსნა ავტორის, როგორც ერთ-ერთი მონაწილისა და დამკვირვებლის, პერსპექტივიდან. 

ამ ანალიზს არ გააჩნია ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. პირიქით, შესაძლებელია, ზოგიერთ მკითხველს (მათ შორის, პერიოდულად, ავტორსაც კი) სისტემის „გონიერების“ ასე წარმოჩენა - თითქოს ყოველი დეტალი წინასწარ არის გათვლილი და ინდივიდების ქცევა მკაცრად დეტერმინირებულია რეჟიმის მიერ - გადაჭარბებულად მოეჩვენოს. თუმცა, სწორედ ამ ორაზროვან შეგრძნებაში იკვეთება ის ძალა, რომელიც ავტორიტარულ სისტემებს ასე გამძლეს ხდის - რეჟიმი არის ყველგან და თან - არსად. 

პროცესის მონაწილე მოხელეების ქცევა მეტწილად აირეკლავს სისტემის ნებას, თუმცა ბოლომდე უცნობია, არის ყველა ქმედება წინასწარ გაწერილი ბრძანების შესრულება, თუ ისინი მართლა საკუთარი ნებით იქცევიან ასე; თუ ეს ერთგვარი მიმიკრიაა, იმ ფორმის გამეორება, რომელსაც რეჟიმი ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში განზრახ არ არის მითითებული მოსამართლისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სახელები, რადგან წინამდებარე მოსაზრების მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტული პირების კრიტიკა, მათი პიროვნული მახასიათებლების ან ინდივიდუალური სტიმულების გარჩევა. მოსაზრების მთავარი ხაზიც სწორედ ისაა, რომ მსგავსება მათ ქცევებს შორის, აქრობს პერსონიფიკაციის აუცილებლობას. ავტორის პერსპექტივიდან, თითოეული მათგანი წინასწარ და მკაცრად გაწერილი როლის შემსრულებელია (ოფიციალური სცენარის არარსებობის შემთხვევაშიც, ისინი ინტუიციურად მიჰყვებიან მას). მათი ბუნებრივი რეაქციებიც კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რეჟიმის მიერ წინასწარ გათვალისწინებული და გათვლილია.

 

„ყველა სკამი განსასჯელისაა“

სასამართლოს დარბაზში მყოფ დამკვირვებელს შესაძლოა გაუჩნდეს ძლიერი შეგრძნება, რომ ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, სამართალდამრღვევის სკამებზე სხედან, პროცესის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში არ არიან, რადგან ყველა დანარჩენი სკამიც განსასჯელისად აღიქმება.

კერძოდ, პროცესებზე დაკვირვებით, ჩნდება განცდა, რომ სხდომაში მონაწილე სხვა ნებისმიერი პირი, იქნება ეს მოსამართლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თუ მათი მოწმეები, ამ საქმეში მონაწილეობით ისჯება. თუნდაც ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, თითქოს ისინი რეჟიმის მიერ გამორჩეულები არიან, რადგან ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ჩაბარდათ, მალევე აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი პირიქითაა. ეს მოხელეები არ გრძნობენ თავს დაჯილდოებულებად და არც აქვთ ამის საფუძველი. ეს არის ანგარიშვალდებულების არა სტაფილო მექანიზმი, რომელსაც რეჟიმი სთავაზობს, არამედ - ჯოხი. 

ასეულობით საქმეზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რომლებსაც, თვეების განმავლობაში, ყოველდღე უწევთ მონაწილეობა ათეულობით პროცესში (მათ შორის, არასამუშაო საათებშიც კი). ასეთ პირობებში, კონვეიერულად მუშაობა იდენტურ საქმეებზე (მათი გადმოსახედიდან იდენტური, რადგან არ ითვალისწინებენ საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს), მარტივად რომ ვთქვათ, დამღლელია. თუმცა, დაღლასთან ერთად, შეიძლება დამაკნინებელიც აღმოჩნდეს იმის გააზრება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს „თავდადება“ ისევ მათ დააზიანებთ, რადგან თითოეულ საქმეზე არქივი სწორედ მათ სახელს, სიტყვასა და ხელმოწერას ინახავს. 

 

მოზომილი და მართვადი კონფლიქტები მოსამართლესა და შსს-ს წარმომადგენელს შორის

ზემოთ ხსენებული ფაქტორი თავად სხდომაზეც აისახება და ვლინდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ მოსამართლის თითოეულ ქმედებაში, რომლებსაც ერთმანეთის მიმართაც კი აგრესიული დამოკიდებულება აქვთ. ეს დამოკიდებულება ხშირად ხელოვნურად არის გათამაშებული, თუმცა ზოგჯერ სრულიად გულწრფელი და ლოგიკურია. 

მაგალითად, შეიძლება მოსამართლემ სხდომა დაიწყოს (ან პროცესის მიმდინარეობისას მოზომილად გამოიყენოს ეს მეთოდი) შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისადმი მკაცრი და უხეში მიმართვით და ისეთი ჟესტით, რომელიც მიზნად ისახავს მის მიმართ დომინანტური პოზიციის დემონსტრირებას. 

ეს შესაძლოა ტაქტიკის ნაწილი იყოს - ამ ფორმით მოსამართლე თავისი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს, თითქოს შსს-ადმი ასეთი მკაცრი მიდგომით მიანიშნებს, რომ  შეუძლია უფრო დაუნდობელი იყოს მის წინაშე წარმდგარი პოტენციური სამართალდამრღვევისა და დარბაზში დამსწრე ადამიანების მიმართ, რომლებიც სხდომის დასაწყისშივე გააფრთხილა, რომ ემოციების ნებისმიერი ფორმით გამოხატვა შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. ეს ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან „დამოუკიდებლობის“ ჩვენების მცდელობაა, რომელიც, ხშირად, ამ ერთჯერადი, საქმისთვის არაფრისმომცემი, აქტით ამოიწურება და პროცესის განმავლობაში, მათი იძულებითი ჰარმონიულობა სრულად შლის საზღვრებს ხელისუფლების ამ ორ შტოს შორის. 

დამამცირებელი ქმედება, რომელიც მოსამართლემ, მოწინააღმდეგე მხარისა და აუდიტორიის თანდასწრებით, განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ, მასზე მცირე, თუმცა ხანმოკლე, კვალს ტოვებს. თავად წარმომადგენლის მხრიდან, მაქსიმალური პატივისცემა, უმეტესად, მხოლოდ მოსამართლისთვის „ბატონო მოსამართლედ“ მიმართვაში ვლინდება. საქმის მასალებში არსებული გამოუსწორებელი შეცდომები იმდენად „ელემენტარულია“, რომ მოსამართლისთვის განზრახ დაგებულ ხაფანგს უფრო ჰგავს, ვიდრე შსს-ს უნიათობას. 

სწორედ მოსამართლეა ვალდებული, თვალი დახუჭოს: მტკიცებულებებში მითითებულ თარიღებს შორის შეუსაბამობაზე; იმაზე, რომ ოქმს შეიძლება ერთი პირი ადგენდეს და მეორე აწერდეს ხელს; ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობაზე; იმაზე, რომ საქმის შესახებ შსს-სთვის, ვიდეოს გარდა, არც ერთი დეტალი  ცნობილი და მნიშვნელოვანი არ არის (ეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზეა რელევანტური); იმაზეც, რომ ხშირად შეიძლება სრულიად სხვა ვიდეო წარმოადგინონ, ან - ისეთი ნაწყვეტი, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლო, თავისი სტანდარტითაც კი, საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევას ვერ დაიჩემებს;  პროცესზე გამოძახების შემთხვევაში, შსს-ს სხვა წარმომადგენლების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო და არასწორ ინფორმაციაზეც (რომლის შეთანხმებაც, მონდომების შემთხვევაში, სრულად შესაძლებელი იყო) უწევს მოსამართლის თვალის დახუჭვა და თავის მოჩვენება, თითქოს მას ეს უპასუხისმგებლობა და დამოკიდებულება არ აბრაზებდეს. 

სწორედ ეს შემთხვევაა ის გამონაკლისი, როცა მოსამართლე ბუნებრივად გამოხატავს წამიერ აგრესიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ, თუმცა მალევე ახერხებს ემოციების კონტროლს და დამაჯერებლად იმეორებს წარმომადგენლის განმარტებას, რომ საქმეში არსებული შეუსაბამობები და შეცდომები მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებია, რაც შსს-ს თანამშრომლების დატვირთულობასა და გადაღლას უნდა დავაბრალოთ. შესაბამისად, მოსამართლეზე პასუხისმგებლობის სრულად გადატანით, ამ პატარა, შეუმჩნეველ დაპირისპირებაში, გამარჯვებული შინაგან საქმეთა სამინისტრო რჩება. 

 

შსს-ს სტრატეგია: პროცესის დისკრედიტაცია

მართალია, შსს-ს წარმომადგენელი სიტყვიერად იშვიათად ესხმის თავს მოსამართლეს და ამგვარად, არ იჩენს მისადმი უპატივცემულობას, მაგრამ პროცესზე აგდებული ქცევითა და დამოკიდებულებით, მეორე მხარის მიმართ გამოთქმული რეპლიკებითა თუ სხეულის ენით, აბსოლუტურ უპატივცემულობას გამოხატავს მთლიანად პროცესისა და სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის მიმართ. 

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მთელი პროცესის განმავლობაში, მობილურ ტელეფონში იყურება, რამაც წამიერად შეიძლება გააჩინოს განცდა, რომ ის ამით უხერხულობას გაურბის და მოწინააღმდეგე მხარისთვის თვალის გასწორება არ შეუძლია. ეს შთაბეჭდილება, რამდენიმე პროცესზე დასწრების შემთხვევაში, აუცილებლად გაქრება. სინამდვილეში, ეს ქცევა ყველაფერია, გარდა უხერხულობის გამოხატულებისა. 

მობილური ტელეფონი საჭირო ინსტრუმენტია, რადგან წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეიძლება გარკვეული მითითებები დასჭირდეს. თუმცა მას სხვა დანიშნულებაც აქვს. ყურადღების მობილურზე გადატანით, სხვასთან კომუნიკაციის ჩვენებითა და პერიოდული ჩაცინებებით, წარმომადგენელი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პროცესი მისთვის უმნიშვნელოა (რადგან მოსამართლე მაინც მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ან თუნდაც იმიტომ, რომ, ამავე მიზეზით, მართლა უმნიშვნელოა) და მას შეუძლია პარალელურად გაერთოს. ეს კი, თავის მხრივ, მეორე მხარის ემოციურად გატეხას, მისი წყობიდან გამოყვანას ემსახურება. 

 

ფსიქოლოგიური ზეწოლა და ემოციური მახეები

ზოგიერთ პროცესზე მოსამართლესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობა ფამილარულ ფორმას იძენს (არის შემთხვევები, როცა შსს-ს წარმომადგენლები, პროცესის დაწყებამდე, საუბრობენ სხდომის მდივანთან, თავად მოსამართლესთან, ან პროცესის შემდეგ, რჩებიან მათთან). შესაძლოა წინასწარ ჩამოყალიბებულმა შიშმა ან თუნდაც, პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ქმედებებმა (მობილური ტელეფონის ერთდროულმა გამოყენებამ, გაცვლილმა მზერამ) გააჩინოს მათ შორის  კომუნიკაციის შთაბეჭდილებაც, თუმცა რადგან ამის დამტკიცება რთულია, პროცესის სხვა მონაწილეების მიერ ამ ეჭვების გაჟღერება უხერხულ მდგომარეობას მათვე შეუქმნის. შეიძლება ამის იმიტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თავად ქმნის, რათა მოწინააღმდეგე მხარე კიდევ უფრო მეტად გატეხოს  და ყველა დაარწმუნოს, რომ „მუსიკას სწორედ თვითონ უკვეთს“.

არიან წარმომადგენლები, რომლებიც მხარისა და აუდიტორიის დასანახადაც არ მალავენ საკუთარი როლისა და ძალაუფლების გაზვიადებულ აღქმას და მოსამართლეს პირდაპირ მითითებებს აძლევენ, ან ერევიან მის საქმიანობაში. მაგალითად, წარმომადგენელი, მოსამართლის ნაცვლად, აჩერებს მხარეს და განსაზღვრავს, როდის რა უნდა ილაპარაკოს, ან მოსამართლეს გრძელ ახსნა-განმარტებებს უწუნებს და მეტი ლაკონიურობისა და საქმეზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. ცხადია, ამ სახის ინტერვენციისთვის, ის სიტყვიერ გაფრთხილებასაც კი არ იღებს, რომ არაფერი ვთქვათ ჯარიმასა თუ დარბაზიდან გაძევებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ასეთი ქცევა აჩენს სიბრალულის განცდას, მათ შორის, მოსამართლის მიმართ, თუმცა, უპირველესად, საკუთარი თავის, როგორც მოქალაქის მიმართ, რომელიც ამ ძალაუფლებაგამოცლილი ინსტიტუტის იმედად არის დარჩენილი. შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი ხაფანგი, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირს მოსამართლის უპატივცემულობის გამოხატვისკენ უბიძგოს, რასაც, ცხადია, კიდევ უფრო მეტი სასჯელი მოჰყვება. 

საინტერესოა თავად შინაგან საქმეთა წარმომადგენლების შერჩევის კრიტერიუმიც, რაც შესაძლოა ასევე სტრატეგიის ნაწილია, რათა მოწინააღმდეგე მხარეს უსამართლობა მაქსიმალურად მწვავედ შეეხოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში თავის საუკეთესო რესურსს არ ხარჯავს. პირიქით, პროცესზე უშვებს ყველაზე გამოუცდელ კადრებს, ისეთებს, რომლებსაც ვერასდროს შეიტყუებთ კითხვა-პასუხის გრძელ ჯაჭვში, რაც ფარდას ახდიდა და გამოამჟღავნებდა სისტემის მთავარ საყრდენებს. ეს არ მოხდება, რადგან მათ ბუნებრივად უწევთ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასმულ კითხვაზე გაჩუმება (თუმცა, სავარაუდოდ, ეს ევალებათ კიდეც), რადგან პასუხი არ აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ხარჯავს არანაირ რესურსს იმაში, რომ სამართლებრივად წონადი რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება წარმოადგინოს და ამ ქმედებითაც ცდილობს იმის ჩვენებას, თუ როგორი არაეფექტიანია მოწინააღმდეგის ყველა ნაბიჯი, ამის საპირისპიროდ კი, როგორი ხარჯთეფექტიანია თვითონ.

მათი დუმილი ან თითოეული სიტყვა, რომლითაც საკუთარ პოზიციებს თვითონვე ანადგურებენ, ყველა ობიექტურ დამკვირვებელს არწმუნებს, რომ შეჯიბრებით პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო დამარცხდა. ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ სასამართლო, რომელსაც მხარე, პროცესის დაწყებამდე, სრულ უნდობლობას უცხადებდა, მისი პროცესის დროს განსხვავებულად მოიქცევა. ცხადია, გამონაკლისები გამორიცხულია, ამიტომ ეს მორიგი პროცესიც ზუსტად ისე დასრულდება (შესაძლოა უარესი შედეგითაც კი), როგორც სხვა დანარჩენები. ასეთ დროს, შედეგზე მეტად, ბრაზს იწვევს, ერთი მხრივ, გულუბრყვილობის განცდა, წამიერად იმის დაშვება, რომ ამ სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტები წყვეტს საქმეს, მეორე მხრივ, საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენების მცდელობა - აღქმა, რომ პრობლემა არა სასამართლოშია, არამედ იმ პირებსა და ადვოკატებში, რომლებმაც სათანადო არგუმენტების წარდგენა ვერ შეძლეს.

 

სიტყვიერი გაფრთხილებების პოლიტიკა - გარეგნულად „ჰუმანური“ ინსტრუმენტი, რეალურად - სისტემის სტრატეგიული იარაღი

მსგავს ფიქრებს პროვოცირებას უწევს სასამართლოს მიერ დადგენილი სიტყვიერი გაფრთხილებების პრაქტიკა, რომლის ლოგიკის ამოკითხვაც საკმაოდ რთულია, თუკი შეიძლება, რომ ის რაიმე ლოგიკას ეყრდნობოდეს. 

მას შემდეგ, რაც რეჟიმმა შეძლო იმ ფაქტის ნორმალიზება, რომ საქმის შეწყვეტა და შესაბამისად, პირის სამართალდამრღვევად არცნობა გამორიცხულია, მთავარი აქცენტი გადაიტანა იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მხარე სიტყვიერი გაფრთხილებით „გამოძრომას“. ამ „თამაშში“ ზოგიერთი ადვოკატიც ჩაერთო და წარმატების საზომად სწორედ სიტყვიერი გაფრთხილებების რაოდენობა გაიხადა. 

ამ უკანასკნელთა მცირე ნაწილის მოქმედებები ტოვებს განცდას, რომ დაახლოებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოსთან და შესაბამისად, მოქმედებს ერთობლივი (თუნდაც არა - შეთანხმებული) ტაქტიკით, რაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გარანტიას არ წარმოადგენს. ადვოკატები, რომლებიც ორიენტირებული არიან „კარგ სტატისტიკაზე“ და თითქოს, უტყუარად ელოდებიან „გამარჯვებას“, იმედგაცრუებულიც დარჩენილან, რადგან  მოსამართლემ მათი კლიენტის ბოდიში და აღიარება არასაკმარისი გულწრფელობის საფუძვლითაც კი დაიწუნა.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ცუდია, თუკი „რეჟიმს ჭკუაში ვაჯობებთ“ და ნაკლები დანახარჯით გამოვალთ ამ ისედაც წაგებული თამაშიდან? არა, ნაკლები დანახარჯით გამოსვლა სწორი ტაქტიკაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამით ჭკუაში კი არ ვჯობნით, არამედ მათ დაწერილ სცენარს მივყვებით. რეჟიმს კი ეს სცენარი სჭირდება: 1. სტატისტიკისთვის, რათა შექმნას სურათი, თუ როგორი „ჰუმანურია“ და როგორ ითვალისწინებს ინდივიდუალურ გარემოებებს; 2. აქციის მონაწილეებისგან მაქსიმალურად მეტი ბოდიშისა და აღიარების მოსაპოვებლად, რაც, თავის მხრივ, სხვა მონაწილეების „სიმართლეს“ კიდევ უფრო შეარყევს და მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობის განცდას გაამძაფრებს; 3. ამ სტატისტიკის გამოსაყენებლად ქვეყნის შიგნით თუ ევროპულ სასამართლოში პოზიციონირებისთვის.

მოსამართლე იმ მექანიზმსაც კი, რომელსაც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ჰქვია, იყენებს განუჭვრეტლად, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. ზოგჯერ შეიძლება შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასასჯელად, მასზე დომინანტობის საჩვენებლადაც კი. დიახ, ასეც შეიძლება მოხდეს, თუმცა რეჟიმისთვის ესეც განჭვრეტადია  და სასამართლოში დაგროვებული აგრესიისთვის, გათვალისწინებული აქვს „თავისუფლად მოქმედების ეს სივრცე“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პირის დასჯა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვიერი გაფრთხილება ალტერნატივას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მოსამართლის მიერ ამ ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენება არ უკავშირდება სამართლიან განხილვას ან მისი მხრიდან სისტემის მიმართ, ამ უკანასკნელისთვის საფრთხისშემცველ „ჩუმ ამბოხს“. 

 

შიდა კონკურენცია და სტიმულები

საინტერესოა, რომ მოსამართლეებს შორის (რომლებიც ამ სახის დავებისთვის არიან გამოყოფილი) შიდა კონკურენციაც არსებობს, რაც შეინიშნება საქმის განმხილველ მოსამართლესთან იმის ხსენებისას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მსგავს საქმეზე მისმა კოლეგამ ან როგორ წარმართა პროცესი. შესაბამისად, მხარის მიერ ამგვარი მითითებები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან შეიძლება ეს სწორი სტრატეგია არ იყოს.

მსგავსი სიტუაციაა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორისაც და უფრო ადვილად ასახსნელი, რადგან ისინი კარიერული კიბის მხოლოდ საწყის საფეხურებზე არიან. ამ კიბეზე დასაწინაურებლად, სჭირდებათ განსაკუთრებული სიმტკიცე, რომლის გამოვლენის შესაძლებლობა იზრდება ცნობილი ადამიანების ან გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობით და ამ პროცესებზე მაქსიმალური „სისასტიკისა“ და გულგრილობის ჩვენებით. 

თუმცა ეს არის ბეწვის ხიდი და დიდი ემოციური გამოცდა, ჯერ კიდევ „ნაკლები გამოცდილების“ ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის. უარგუმენტოდ ითხოვდე იმ პირის დასჯას, რომელიც შეიძლება ერთ დროს შენი საყვარელი მსახიობი, მუსიკოსი, მოცეკვავე, უბრალოდ, ცნობილი ადამიანი ან თუნდაც პოლიტიკოსი იყო, დიდ ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს. ამიტომ ასეთ განსაკუთრებულ პროცესებზე რეჟიმი მხოლოდ ერთ წარმომადგენელს არ ენდობა და რამდენიმეს ერთად უშვებს, მათ შორის, ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმიანი თანამშრომლების წარმომადგენლობა დარბაზშიც უზრუნველყოს. ამ  უკანასკნელის დანიშნულებაა, მაქსიმალურად გააკონტროლოს სიტუაცია, შსს-ს წარმომადგენლები, მოსამართლე და მათი „ადამიანური ბუნებისგან“ გამომდინარე, დააზღვიოს ისინი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. 

საინტერესოა, რომ პროცესზე შსს-ს „გასაძლიერებლად“ შესაძლოა ასევე ვიხილოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც (სასამართლოში წარმომადგენლები), რომლებიც დარბაზში მხოლოდ მაყურებლის როლში არიან. ეს შეიძლება თანამშრომლების გულწრფელ სოლიდარობადაც ჩავთვალოთ, თუმცა ესეც სისტემის გათვლაა, რადგან როგორც პროცესში უშუალოდ მონაწილე, ისე დამსწრე წარმომადგენლებს მუდამ ახსოვდეთ შიდა კონკურენციის შესახებ.

 

სისტემის „მსახიობები“, მათი შიში და მთავარი როლი

ნათელია, რომ ამ პროცესის მიკროსამყაროში, სადაც თითოეული დეტალი კარგად გათვლილია, ყველას თავისი, წინასწარ განსაზღვრული, როლი აქვს და ასრულებს მას, განურჩევლად იმისა, უყვარს, თუ-არა თავისი პერსონაჟი. შესაბამისად, ისინი, ვინც დღეს, თითქოს, უპირატეს პოზიციაში მყოფებად გამოიყურებიან, რეჟიმის ამსრულებლები და სიმბოლოები, სინამდვილეში ამავე სისტემის უპირველესი მსხვერპლნი არიან. ყველაზე მეტად რისიც მათ ეშინიათ, არის ამ სიმართლის დანახვა სხვების მიერ. მათ ურჩევნიათ, მთელ საზოგადოებაში სასტიკ პირებად ჩანდნენ, ვიდრე იგრძნონ შეცოდება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ისინი გადაწყვეტენ, რომ სისტემას რაიმე ფორმით ემსახურონ, მათ ფორმის არჩევის თავისუფლება არ გააჩნიათ. მათი უმთავრესი დავალებაა, მოიქცნენ ისე დემონსტრაციულად უსამართლოდ და არალოგიკურად, რომ სასამართლოს დარბაზიდან გასულმა ადამიანმა იქ ნებისმიერ როლში დაბრუნების სურვილი დაკარგოს, იგრძნოს, რომ მათთვის ქვეყნის შიგნით არ არსებობს ინსტანცია, სადაც საკუთარ სიმართლეს არა თუ დაამტკიცებენ, არამედ გააჟღერებენ. მათი მიზანია, მოქალაქემ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს და აღიაროს ავტორიტარიზმი, თვალი გაუსწოროს მას და შეწყვიტოს მის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, რეჟიმის განზრახვაა, პროტესტის მონაწილე დაიღალოს არა ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე, არამედ სასამართლოში, დანებდეს და დაკარგოს ნებისმიერი სახით ბრძოლის მცდელობის სურვილი.

 

სასამართლო, როგორც რეჟიმის შესწავლის იარაღი

სასამართლო დარბაზებში დანახული ეთნოგრაფიული სურათი ნათლად აჩვენებს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამართული პროცესები მოქცეულია სამართლებრივ შავ ხვრელში - სამართლებრივ დავას რეალისტური წარმატების შანსი არ გააჩნია. ამ კონტექსტში, ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, გადამწყვეტია რეჟიმის მიერ თავსმოხვეული ემოციური წაგების დინამიკის გარღვევა.

შესაბამისად, სასამართლოში ბრძოლის მიზანი (მათთვის, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობას გადაწყვეტს) უნდა იყოს არა სამართლებრივად გამარჯვება, რაც პრაქტიკულად მიუღწეველია და ემოციურად ასუსტებს ადამიანს, არამედ სასამართლო სივრცის გამოყენება რეჟიმის საყრდენებისა და ტაქტიკების შესასწავლად. ყველა სხდომის, გადაწყვეტილების, რეპლიკის, რეაქციის, მიმიკის, როგორც რეჟიმის მუშაობის მატერიალური მტკიცებულების, აღრიცხვა და თავმოყრა. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია იმის შენარჩუნება, რის განეიტრალებაზეც (ან ჩამოშლაზეც) რეჟიმი მთავარ იმედს ამყარებს - ემოციური კონტროლი და სანაცვლოდ, მათი სუსტი წერტილების მაქსიმალურად იდენტიფიცირება.

ამ სახის დაკვირვებები და ანალიზი საჭიროა არა მხოლოდ იმის დასანახად, თუ რა განაპირობებს ამ დრომდე რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას და შესაბამისად, როგორ უნდა მოირღვეს ეს საყრდენები, არამედ იმის განსასაზღვრადაც, რა უნდა იყოს დემოკრატიზაციის საწყისი ნაბიჯები და რა დაკვეთა უნდა მისცეს ხალხმა ნებისმიერ მთავრობას, მართლმსაჯულებასთან მიმართებით. 

შესაბამისად, სასამართლო სხდომებისა და მონაწილეთა ქცევების მონიტორინგის გზით დაგროვილი ინფორმაცია, ბრძოლის უფრო გრძელვადიანი სტრატეგიისთვის გამოდგება. თუმცა, თეოურიულად, არც იმის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს (რამდენად დაუჯერებლად და რთულადაც არ უნდა ჩანდეს), რომ თავად ამ პროცესების მეშვეობით მოხდეს რეჟიმის რღვევა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია