პუბლიკაციები

Gnomon Wise-ის საქმიანობის ანგარიში 2023

ძვირფასო მკითხველო,

2023 წლის მიწურულს უდიდესი შესაძლებლობების საზღვარი გადაკვეთა საქართველომ და დღეს იმაზე უფრო ახლოს ვართ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნების აღსრულებასთან - ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი - ვიდრე არასდროს. სწორედ ამიტომ გვინდა, წლის შეჯამება მოლოცვითა და საერთო დღესასწაულის გაზიარებით დავიწყოთ.

 

გილოცავთ ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას!

ევროპულ კავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ვულოცავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს. განსაკუთრებულ პატივისცემას ვაფიქსირებთ უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რომლის ბრძოლის, თავისუფლებისადმი თავდადებისა და სიყვარულის გარეშე, ევროპული პერსპექტივაც კი ძალიან შორეულ მომავლად გამოიყურებოდა.

გამოწვევებითა და შიდა თუ გარე ტექტონიკური ძვრებით სავსე იყო 2023 წელი. საზოგადოების თითოეულ წევრსა და აქტორს მნიშვნელოვანი როლი გვქონდა, გვემსახურა და დაგვეცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა და ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებები, რომელთა მიმართ ერთგულებაც საქართველოს საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა.

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise 2023 წელსაც იყო ამ ღირებულებების ერთგული და გულმხურვალე მხარდამჭერი. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვცდილობდით სანდო და კვალიფიციური კვლევებით, პოლიტიკის დოკუმენტებით, ანალიტიკური სტატიებით, საჯარო დისკუსიებით, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონფერენციებში ჩართულობით - მრავალმხრივი მიმართულებით გაგვეძლიერებინა საქართველოს სახელმწიფო და წვლილი შეგვეტანა მის დემოკრატიულ ტრანზიციაში, ევროპულ კავშირთან დაახლოებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაში.

ამ გზაზე განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევდა ჩვენი მკითხველი - ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები. Gnomon Wise მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანეს ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობაში.

წინამდებარე დოკუმენტში მოკლედ წარმოგიდგენთ იმ ძირითად აქტივობებს, რომლებიც Gnomon Wise-ის გუნდმა 2023 წლის განმავლობაში განახორციელა.

ჩვენ ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი და ვაგრძელებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას.

კეთილი სურვილებით,

Gnomon Wise-ის გუნდი

მიმაგრებული ფაილი


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise