Gnomon Wise-ის საქმიანობის ანგარიში 2024
ძვირფასო მკითხველო,
2024 წლის შეჯამება აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმ მშვიდობიან, სამოქალაქო პროტესტებზე გამოხმაურებით, რომელიც თითქმის მთელი წელია მიმდინარეობს და რომელმაც წლის მიწურულს განსაკუთრებით მასობრივი და განგრძობადი ხასიათი მიიღო. Gnomon Wise-ის გუნდის თითოეულ წევრს ღრმად გვწამს, რომ საქართველოს დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური მომავალი დღეს დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტით წყდება.
შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის პარალელურად, სხვა პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მსგავსად, მათ შორის, ქუჩაშიც ვიცავთ ამ ქვეყნის დემოკრატიას და წინააღმდეგობას ვუწევთ ავტორიტარიზმის საბოლოო გაფორმებას. გვჯერა, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით, საქართველოს კვლავ დემოკრატიულ, დასავლურ გზას დავუბრუნებთ და აღვასრულებთ მრავალი თაობის ურყევ ნებას, რომ ვიყოთ დასავლური ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
ამასთან, ამ პროცესებმა ხელახლა გაგვააზრებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხიდი აკადემიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ცოდნის შექმნასა და ამ ცოდნის გამოყენებას შორის. ამ ვითარებაში კიდევ უფრო ნათლად ჩანს ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევების სიღრმე, სიმძაფრე და მათი მჭიდრო კავშირი. სწორედ ამ პრობლემების გარშემო კონცენტრირდებოდა Gnomon Wise მთელი წელი, ვიკვლევდით მათ ბუნებას და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით, ანალიტიკური ნაშრომებით, მიმოხილვებით, მოსაზრებებით, საჯარო პრეზენტაციებით და დისკუსიებით ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებს გთავაზობდით.
იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც კი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი ხელახლა მიიღწევა, ჩვენ მიერ მომზადებული კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები ღირებულ წვლილს შეიტანს სისტემური პრობლემების გადაჭრის გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთად, საქართველოს მოქალაქეების, აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო პარტნიორების - ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევით, შესაძლებელია ის ცვლილებები, რომლებიც უკეთეს მომავალს მოგვიტანს.
ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ჩვენი მკითხველი განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევთ. Gnomon Wise მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობაში.
წინამდებარე დოკუმენტში მოკლედ წარმოგიდგენთ იმ ძირითად აქტივობებს, რომლებიც Gnomon Wise-ის გუნდმა 2024 წლის განმავლობაში განახორციელა.
ჩვენ ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებების, საქართველოს პროდასავლური არჩევანის ერთგულნი და როგორც ყოველთვის, ვაგრძელებთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ზრუნვას.
კეთილი სურვილებით,
Gnomon Wise-ის გუნდი