პუბლიკაციები

რუსეთი, ავტორიტარული პოპულიზმი და დემოკრატიული უკუსვლა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში

შესავალი

უკანასკნელ დეკადებში დემოკრატიის ხარისხი მსოფლიო მასშტაბით გაუარესდა. Freedom House-ის მიხედვით, უკვე მე-16 წელია, დემოკრატია გლობალურ კრიზისს განიცდის და ყოველწლიურად უფრო მეტი რეჟიმი უახლოვდება ავტორიტარიზმს, ვიდრე დემოკრატიას. ასევე, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობს თავისუფალ სახელმწიფოში (Sedaca, 2022). დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირშიც კი. ავტორიტარული, პოპულისტური პარტიები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და საკანონმდებლო ორგანოებში ადგილები დაიკავეს ისეთ ხანგრძლივ დემოკრატებში როგორიცაა ნიდერლანდები, შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, დანია და სხვა (Norris, Inglehart, 2019). ასევე, დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება პოსტ-სოციალისტური რეჟიმის შემდეგ დაბადებულ ახალბედა დემოკრატიებში - ჩეხეთში, უნგრეთსა და პოლონეთში. ეს ყოველივე კი დაგვირგვინდა 2016 წელს აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით. ამასთან, ავტორიტარული ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა და ავტორიტარული რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი დაპყრობითი ომის წამოწყება პრო-დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ამწვავებს დემოკრატიის გლობალურ მდგომარეობას.

დემოკრატიული რეჟიმების მასობრივი რღვევა გლობალური მოვლენაა, რომელზეც საერთაშორისო აქტორებიც ახდნენ გავლენას. რუსეთი, რომელიც Freedom House-ის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი (Freedom House, 2022), გარდა იმისა, რომ თავადაა ავტორიტარული რეჟიმი, ხელს უწყობს ავტორიტარიზმის გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით. ნაშრომის მიზანიც სწორედ ისაა, შეისწავლოს, როგორ უწყობს ხელს რუსეთი ავტორიტარიზმის გაძლიერებას ევროატლანტიკურ რეგიონში.

როგორც დემოკრატიას, ისე ავტორიტარიზმს, გადამდები ხასიათი აქვს და იგი მარტივად ვრცელდება და ანაცვლებს დემოკრატიულ რეჟიმს. რუსეთი ცდილობს გლობალურად შეეწინააღმდეგოს დემოკრატიზაციას და ხელი შეუწყოს სახელმწიფოთა ავტორიტარიზაციას. ამისთვის იგი იყენებს როგორც ბასრ, ასევე რბილ ძალას. კრემლის მიერ აპრობირებულ ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს შორისაა დეზინფორმაცია, ეკონომიკური ბერკეტები, საინფორმაციო და ტექნოლოგიური ოპერაციები, ავტორიტარული პოპულისტური ჯგუფების მხარდაჭერა და სხვა (IRI, n.d).

 

თანამედროვე ავტორიტარიზმი და პოპულიზმი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში

ტრადიციული ავტორიტარული მმართველები მასობრივად იყენებენ უსაფრთხოების აპარატს განსხვავებული აზრის მქონეთა ლიკვიდაციისა და თავისუფალი მედიის კონტროლისთვის, მასობრივად აყალბებენ არჩევნებს, უგულებელყოფენ კანონმდებლობას, ხურავენ სასამართლოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რათა გაანადგურონ ნებისმიერი შემოწმებისა და დაბალანსების ინსტიტუტი და მაქსიმალურად უზრუნველყონ თავიანთი ძალაუფლება (Varol, 2015). საბჭოთა კავშირის დაშლისა და დემოკრატიის ტალღის შემდეგ, დემოკრატია აღიარებული იქნა ყველაზე მისაღებ მმართველობის ფორმად, რაც „ისტორიის დასასრულსაც“ კი უქადდა მსოფლიოს (Fukuyama, 1989). ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულმა ყოფილმა სოციალისტურმა სახელმწიფოებმა, მათ შორის რუსეთმა დემოკრატიზაციის გზა აირჩიეს. ეკონომიკურად ძლიერი და პოლიტიკურად სტაბილური სახელმწიფოები დემოკრატიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. მაგალითისთვის, აშშ დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დემოკრატიის გზაზე დგანან. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დეკადების განმავლობაში, დემოკრატია ყველაზე მისაღებ რეჟიმად და „ქალაქში ერთადერთ თამაშად“ რჩებოდა (Democracy: the only game in town). თუმცა, დემოკრატიზაციის მასობრივმა ტალღამ ვერ შეაჩერა ავტორიტარული ტენდენციები, მაგრამ, ამავდროულად, მომავალ ავტორიტარებს დაანახა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების აშკარა ნგრევა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ქმნიდა - იქნება ეს ეკონომიკური სანქციები თუ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან გარიცხვა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ავტორიტარიზმი განსხვავდება ტრადიციული, როგორც შეპელი უწოდებს „მამების დროინდელი“ ავტორიტარიზმისგან (Scheppele, 2013). თანამედროვე ავტორიტარები ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმალურად შენარჩუნებას, ატარებენ არჩევნებს, პირდაპირ არ დევნიან ოპონენტებს და ღიად არ აკრიტიკებენ დემოკრატიას, თუმცა დემოკრატიულ ინსტიტუტებს იმგვარად გარდაქმნიან, რომ იგი არა ხალხის, არამედ ავტორიტარი მმართველის ინტერესების გამტარებელია. სწორედ ამიტომ, ვაროლი თანამედროვე ავტორიტარიზმს „შეფარვით“ ავტორიტარიზმს (Stealth Authoritarianism) უწოდებს (Varol, 2015), ხოლო შეპელი კი ასეთ სახელმწიფოებს „ფრანკენსტეიტებს“ (Frankenstate) (Scheppele, 2013).

შეფარვით ავტორიტარიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტში ნდობის მოპოვებას, რისთვისაც პოპულიზმი ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. სწორედ ამიტომ, პოპულიზმისა და ავტორიტარიზმის კომბინაცია თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ყველაზე დიდი საფრთხეა.

თავად პოპულიზმი რიტორიკაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლეგიტიმური ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა ელიტებს (Norris, Inglehart, 2019, 4). პოპულიზმი ეჭვქვეშ აყენებს ე.წ. „ისტებლიშმენტის“ ლეგიტიმურ ძალაუფლებას, ეწინააღმდეგება მის წარმომადგენლებს და მორალური მიუღებლობა აქვს მათი ღირებულებებისადმი (Norris, Inglehart, 2019, 4). პოპულისტი მმართველები ელიტას მტრის ხატად სახავენ და ამტკიცებენ, რომ მათთან ბრძოლით ხალხის - რეალური ძალაუფლების მქონეთა სურვილს აღასრულებენ. მაგ. ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ ლიდერი მარინ ლე პენისთვის საზოგადოების მტერი ელიტისტური ევროკავშირია, რომლის წარმომადგენლები არავის აურჩევია (Express, 2017). პოპულისტები ამტკიცებენ, რომ ისინი ხალხის სახელით საუბრობენ და მოქმედებენ. ტრამპის ინაუგურაციის მთავარი მესიჯიც პოპულისტური გამოძახილია „ჩვენ ვაშინგტონიდან გადავცემთ ძალას და გიბრუნებთ თქვენ, ამერიკელ ხალხს…“ (CNN, 2017).

ნორისის და ინგლეჰარტის მიხედვით, ავტორიტარიზმი რეჟიმის ტიპია, რომელშიც კონკრეტული ჯგუფის კოლექტიური უსაფრთხოებას ინდივიდუალური ავტონომია ეწირება (Norris, Inglehart, 2019, 7). ავტორიტარიზმი სამი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა. პირველ რიგში, უსაფრთხოების პრიმატი მუდმივი არასტაბილურობისა და უწესრიგობის აღმოსაფხვრელად (მაგ. გავრცელებული მტკიცებაა „უცხოელები ადგილობრივს სამუშაო ადგილებს ართმევენ,“ ამის აღმოსაფხვრელად კი ავტორიტარულ რეჟიმებში უსაფრთხოების ზომების მაქსიმიზაცია ხდება) (Norris, Inglehart, 2019, 7); შემდეგი მახასიათებელი კი აღიარებული ტრადიციების დაცვა და შენარჩუნებაა; ბოლოს კი, მორჩილება ძლიერი ლიდერის მიმართ, რომელიც იცავს „ხალხს“ და მის ადათებს (Norris, Inglehart, 2019, 7). ავტორიტარიზმის ფუნდამენტური ღირებულებების განხორციელებას პოპულიზმი ხელს უწყობს. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე ავტორიტარიზმი პოპულიზმისგან განუყოფელია.

ავტორიტარული პოპულისტური ლიდერები, პარტიები და ინტერესთა ჯგუფები განსაკუთრებით მომრავლდა ევროპაში, დემოკრატიის წიაღშიც კი. 2017 წლის მონაცემებით, 1960 წლის შემდეგ ევროპაში ავტორიტარული პოპულისტური პარტიების წილი საკანონმდებლო ორგანოში თითქმის გაორმაგდა (Norris, Inglehart, 2019).

იქნება ეს საფრანგეთში „ეროვნული ერთობა“ მარინ ლე პენის მეთაურობით, უნგრეთში „ფიდესი“ ვიქტორ ორბანით სათავეში, პოლონეთში „კანონის და სამართლიანობის პარტია,“ იტალიაში „Lega Nord,“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში და მრავალი სხვა. ზოგი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში მცირე გავლენით სარგებლობს (AFD), ზოგი ხელისუფლების სათავეშიც კია (ორბანი, ტრამპი 2016-20 წლებში), ზოგს კი ძალიან ცოტა დააკლდა ხელისუფლებაში მოსვლამდე (ლე პენი). ისინი ავტორიტარული პოპულიზმით ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ დემოკრატიას.

 

რუსეთის როლი ავტორიტარიზმის გავრცელებაში

საინტერესოა რა როლს თამაშობს გლობალური ავტორიტარიზმის გავრცელებაში კრემლი. Freedom House-ის მიხედვით, პუტინის რუსეთი კლასიფიცირდება როგორც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი (Freedom House, 2022), სადაც ძალაუფლება თავმოყრილია პრეზიდენტ პუტინის ხელში, რომელსაც ერთგული უსაფრთხოების ორგანოები უმაგრებენ ზურგს, მედია და საკანონმდებლო ორგანო მთლიანად მმართველი ორგანოს ინტერესებშია, განსხვავებულ აზრსა და პოლიტიკურ ოპონენტებს კი სასტიკად უსწორდებიან. გაყალბებული არჩევნებითა და მასიური კორუფციით დემოკრატიული ინსტიტუტები ირღვევა. პუტინის რეჟიმი დემოკრატიას არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ებრძვის, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რითაც შეიძლება ავხსნათ სრულმასშტაბიანი ომი დასავლური ინტეგრაციის მოსურნე უკრაინის წინააღმდეგ. ასევე, კრემლი ხელს უწყობს ავტორიტარიზმის საერთაშორისო დონეზე გავრცელებას ჰიბრიდული მეთოდებით. პირველ რიგში, რუსეთი ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში ავტორიტარი ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლას. საკმარისია გავიხსენოთ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

 

აშშ

2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. იგი საპრეზიდენტო კამპანიისა და ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყენებდა პოპულისტურ რიტორიკას ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიზნით და ამავე დროს ხელს უწყობდა ავტორიტარული ღირებულებების გავრცელებას ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რამაც ამერიკული დემოკრატიის დაკნინება გამოიწვია (Norris, Inglehart, 2019, 3).

FBI ადასტურებს, რომ კრემლი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია და გავლენა იქონია ტრამპის გამარჯვებაზე. საარჩევნო კამპანიის პერიოდში კრემლმა მრავალმხრივი კიბერ თუ ჯაშუშური ოპერაციები ჩაატარა ტრამპის გასამარჯვებლად. რუსმა ჰაკერებმა გატეხეს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის მეილები და მიღებული ინფორმაციით მანიპულირებდნენ; ასევე შეეცადნენ გაეტეხათ სხვა კანდიდატების ბაზებიც; მოიპოვეს წვდომა ამომრჩეველთა ბაზაზე და მათ პერსონალურ ინფორმაციაზე; ასევე გატეხეს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (Democratic National Committee) ბაზაც და მოპოვებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მიმოწერები WikiLeaks-ზე გაავრცელეს; ე.წ. ტროლები და ბოტები საზიანო ინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებდნენ სხვადასხვა სოციალური ქსელების Instagram-ის, Twitter-ის, Facebook-ისა და Youtube-ის მეშვეობით; ასევე აწყობდნენ აქციებს ფლორიდასა და პენსილვანიაში და შეხვედრებს ტრამპის ამომრჩევლებთან (Abrams, 2018). გამოძიება იმასაც ადასტურებს, რომ კრემლი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ერეოდა ტრამპის საკეთილდღეოდ (Barnes, 2021).

დემოკრატიის ბასტიონის, ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმიანობაში ასე აშკარად ჩარევა და ავტორიტარული ღირებულებების მატარებელი ლიდერის მხარდაჭერა სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ, ავტორიტარიზმის გავრცელებისა და საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით. ტრამპის გამარჯვებით მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიის დემოკრატიულობა საგრძნობლად შეირყა. ნაცვლად დემოკრატიის წახალისებისა, ტრამპმა იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩია, რამაც დემოკრატიის დასუსტებას და ავტორიტარიზმის გავრცელებას შეუწყო ხელი.

 

ევროპა

პუტინის რუსეთი ავტორიტარიზმის გასავრცელებლად და საგარეო მიზნების განსახორციელებლად მიმართავს როგორც ხისტ, ისე რბილ ძალას. მისი ინტერესის ობიექტი ევროპული ავტორიტარული, პოპულისტური, უმეტესად ულტრამემარჯვენე ჯგუფებია. კრემლი ასეთი ჯგუფების გაძლიერებასა და ხელისუფლებაში მოსვლას უწყობს ხელს და ასე ცდილობს დემოკრატიული ევროპაში ავტორიტარიზმის ტალღის გავრცელებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევრო-ატლანტიკური სივრცე ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიის ციტადელი და შესაბამისად ავტორიტარიზმის მთავარი ოპონენტია. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ დემოკრატიული სივრცის ავტორიტარიზებას ლამობს. ტრამპის არჩევნები დასტურია იმისა თუ როგორ იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს რუსეთი სასურველი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ავტორიტარული ღირებულებების გასავრცელებლად. გარდა ამისა, პუტინი აფინანსებს სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ავტორიტარულ პოპულისტურ ჯგუფებს ევროპაში და ხელს უწყობს მათი გავლენის ზრდას.

საკმარისია გავიხსენოთ საფრანგეთი, ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი. ავტორიტარული, პოპულისტური პარტია „ეროვნული ერთობა“ მარინ ლე პენის მეთაურობით, გამოირჩევა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლითა და ავტორიტარული ღირებულებების გავრცელებით. ლე პენის რიტორიკა ხასიათდება ანტიმიგრანტული, ისლამოფობიური, ქსენოფობიური გზავნილებით, მას სურს ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან საფრანგეთის გაყვანა, ასევე ეწინააღმდეგება LGBTQ+ თემის ემანსიპაციას. ლე პენის პოლიტიკური პროფილი კლასიფიცირდება როგორც ულტრამემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარული მმართველი. საფრანგეთის 2017 წლის და 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მეორე ტურში გადასვლა მოახერხა. მიუხედავად მარცხისა, აშკარა გახდა, რომ ევროპაში „აჩრდილი დაძრწის, აჩრდილი ავტორიტარული პოპულიზმისა“.

კრემლის რეჟიმი კი მაქსიმალურად ახალისებს ავტორიტარულ ტენდენციებს. 2014 წელს მარინ ლე პენმა სწორედ რუსეთთან აფილირებულ, მოსკოვში მდებარე ჩეხური ბანკიდან აიღო 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი (Sandford, 2022). რუსული ჰიბრიდული მეთოდები წარმატებით მოქმედებს და მარინ ლე პენიც დიდი სიმპათიებით გამოირჩევა პუტინის რეჟიმისადმი, მას ქრისტიანული მემკვიდრეობის მთავარ მხსნელად ასახელებს და უკრაინის კონფლიქტშიც სწორედ დასავლეთს ადანაშაულებს (Sandford, 2022). ლე პენსა და პუტინს შორის რამდენიმე კეთილმასპინძლური შეხვედრაც მოხდა, მაგალითად 2017 წლის ფრანგული არჩევნების წინ ლე პენი კრემლს ესტუმრა (Sandford, 2022). წარსულში „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი არც ცდილობს უარყოს საკუთარი იდეოლოგიური სიახლოვე პუტინთან - 2017 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „პოლიტიკა, რომელსაც მე ვაწარმოებ არის პოლიტიკა, რომელსაც ბატონი პუტინიც აწარმოებს“ (Sandford, 2022).

ამას გარდა, კრემლი აფინანსებს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად „Jobbik“-ს უნგრეთში; „ავსტრიის თავისუფლების პარტიას“ (FPÖ) ავსტრიაში და „თავდასხმას“ (“Атака”) ბულგარეთში (Polyakova, 2015).

გარდა იმისა, რომ რუსეთი ხელს უწყობს ავტორიტარული ძალების გავლენის ზრდას და ეხმარება მათ ხელისუფლებაში მოსვლაში, იგი ასევე მხარს უჭერს და აძლიერებს უკვე არსებულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ბელარუსი. ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პუტინის პროტეჟე და კრემლის პოლიტიკის გამტარებელია. სანაცვლოდ, პუტინი ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. 2020 წლის პროდემოკრატიული მასობრივი გამოსვლების დროს კრემლმა დასუსტებულ ლუკაშენკას დასახმარებლად მზაობა გამოაცხადა. ფულადი დახმარების გარდა მან სპეციალური საპოლიციო ძალებიც კი შეადგინა და ავტორიტარული რეჟიმი დაცემისგან იხსნა (Kudrytski, 2022). ამასთან, კრემლი ლუკაშენსკას დისიდენტებისა და ამბოხებულების დაპატიმრებაშიც ეხმარებოდა, 2021 წელს დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება ლუკაშენკას წინააღმდეგ სწორედ რუსული კონტრდაზვერვის დახმარებით იქნა აღმოჩენილი (Leukavets, 2022). ასევე, კრემლი ბელარუსს ნავთობსა და ბუნებრივ აირს აწვდის და ფინანსურ დახმარებასაც უწევს უკვე ორ ათწლეულზე მეტია.

კიდევ ერთი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კრემლთან პოზიტიური ურთიერთობებით გამოირჩევა ვიქტორ ორბანის უნგრეთია. უკანასკნელ დეკადაში უნგრეთი თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოდან ნახევრად თავისუფალ კონკურენტულ ავტორიტარიზმად გადაიქცა, სადაც დემოკრატიული უკუსვლა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგალურ საზღვრებში ექსპლუატაციით ხორციელდება (Freedom House, 2022). ერთი შეხედვით, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები ფუნქციონირებს, განსხვავებული აზრი, მედიის თავისუფლება და უმცირესობათა უფლებები დიდი გამოწვევის წინაშეა. უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლა იმდენად ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესია, რომ მას ევროკავშირის ღირებულებების რღვევაშიც სდებენ ბრალს და ორგანიზაციიდან მრავალი გაფრთხილებაც მიიღო (Szymanski, 2022). რუსეთის მიერ ორბანის მმართველობის ხელშეწყობა უმეტესად ეკონომიკური გავლენით ხასიათდება. 2014 წელს კრემლმა გამოყო 10 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი, რომლითაც უნგრეთის ქალაქ პაქსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა უნდა განახლებულიყო (Digges, 2014). აღნიშნული კრედიტი 30 წელზეა გაწერილი და უნგრეთის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხს ზრდის. ასევე, 2021 წელს უნგრეთსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის 15 წლიანი შეთანხმება დაიდო, რაც ანტიდემოკრატიული რეჟიმების პოზიტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს (PREUSSEN, 2022).

უნგრეთისა და ბელარუსის მაგალითი ადასტურებს რუსეთის მცდელობას მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს ავტორიტარული რეჟიმები ევროპაში.

გლობალური ავტორიტარიზმის ტალღამ ბუნებრივია საქართველოზეც იქონია გავლენა. საქართველო Freedom House-ის მიხედვით ნახევრად თავისუფალი ჰიბრიდული რეჟიმია, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება ავტორიტარიზმს (Freedom House, 2022). რუსეთთან აფილირებული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ინსტიტუტების ექსპლუატაციას ახდენს. ქვეყანაში კი ლიბერალური ღირებულებების ნაცვლად ავტორიტარული ტენდენციები ძლიერდება. სწორედ მწვავე პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება (რადიო თავისუფლება, 2022).

მმართველი პარტია კრემლისადმი მორჩილებით გამოირჩევა და ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც საქართველო არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და ცხადად ანტიუკრაინული პათოსი არჩია. პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა სერგეი ლავროვი საქართველოს მმართველი პარტიის ნაბიჯებით მოხიბლულია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული პოლიტიკური სპექტრისა და კრემლის იდეოლოგიური სიახლოვე. „ეკონომისტის“ მიხედვით, საქართველო კრემლის ორბიტისკენ მიიწევს (The Economist, 2023).

გარდა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთი ასევე მიმართავს ჰიბრიდულ მეთოდებს საქართველოში ანტიდემოკრატიული ტენდენციების გასაძლიერებლად და ავტორიტარიზმის გასაღვივებლად.

რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი გამოხატულება ქართული საეკლესიო სივრცე და საპატრიარქოა, რომელიც დასავლურ, დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებს აკრიტიკებს და გმობს, როგორც საზოგადოების გარყვნის ინსტიტუტს და ამავე დროს ხაზს უსვამს ერთმორწმუნე რუსეთთან, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე (ლომთაძე, 2017). გარდა ამისა, კრემლი იყენებს დეზინფორმაციასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რითაც ებრძვის ლიბერალურ ღირებულებებს და ახალისებს ავტორიტარულ, არაპლურალისტულ და მტრულ ნარატივს (IDFI, 2016). პუტინის რეჟიმი ახალისებს და ხშირ შემთხვევაში აფინანსებს ისეთ აქტორებს როგორიცაა „პრიმაკოვის ფონდი,“ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა,“ პარტია „პატრიოტთა ალიანსი,“ „ქართული მარში“ (კუნჭულია, 2022). ზემოთ ჩამოთვლილი ფიგურები გამოირჩევიან ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური გზავნილებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ დემოკრატიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, აღვივებენ ქსენოფობიურ, ანტიდასავლურ, ჰომოფობიურ და პრორუსულ ნარატივებს. აღნიშნული მეთოდებით საზოგადოებაში ღვივდება უნდობლობა ევროკავშირის, NATO-ს და ზოგადად ლიბერალური დემოკრატიისადმი, რაც საზოგადოების პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებს, დემოკრატიას ასუსტებს და საქართველოში ავტორიტარულ ტენდენციებს ზრდის. პოლიტიკური პოლარიზაცია კი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველ ამომრჩეველში პოლიტიკურ ნიჰილიზმს იწვევს და იგი იქცა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭების ერთ-ერთი მიზეზად.

 

ავტორიტარიზმის გავრცელების მოტივები

საინტერესოა, რისთვის სჭირდება რუსეთს ავტორიტარიზმის წახალისება ევრო-ატლანტიკურ რეგიონში. ამის ახსნა რამდენიმე არგუმენტით შეიძლება.

პირველ რიგში, რუსეთის მიერ ავტორიტარული ტენდენციების წახალისებას წმინდად პრაგმატული მოტივები აქვს. ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და ამით ერთის მხრივ რეჟიმის ლეგიტიმაცია და მეორე მხრივ პოლიტიკური მიზნების ერთობლივად განხორციელება. ზემოთ ჩამოთვლილი აქტორების მიერ გატარებული პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში ხელს აძლევს კრემლს. დონალდ ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩია და ნაკლებად ერეოდა სხვა სახელმწიფოთა საქმეებში, არც დემოკრატიის წახალისებას უწყობდა ხელს, რითაც რუსეთმა დიდი კონკურენტი ჩამოიშორა საერთაშორისო ასპარეზზე, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის ანტილიბერალურ რიტორიკაზე. საფრანგეთის შემთხვევაში, მარინ ლე პენის პარტია ევროკავშირისა და NATO-ს დესტაბილიზაციას ესწრაფვის, რაც ასევე კრემლის პოლიტიკას უწყობს ხელს. რაც შეეხება უნგრეთს, ორბანის ევროსკეპტიკური რიტორიკა და უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლა ევროკავშირში განხეთქილების შანსს აჩენს, მეორე მხრივ კი, ორბანისა და პუტინის იდეოლოგიური სიახლოვე კრემლისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ვინაიდან უკრაინის ომის დროს ორბანმა უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ასევე მის ტერიტორიაზე NATO-ს იარაღის გატარებაზე და მთლიანი ომის განმავლობაში მუდმივად ეწეოდა უკრაინული მხარისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას (Verseck, 2022), რაც ასევე პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს აძლიერებს. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, რომელიც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და უკრაინისადმი მიმართული ნეგატიური ბრალდებებით კრემლის პოლიტიკას შეუწყო ხელი. რაც შეეხება ბელარუსს, იგი ათწლეულებია რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და გასაკვირი არ არის, რომ უკრაინის ომშიც სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან მოხდა ომის წამოწყება. აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ ავტორიტარული რეჟიმების ხელშეწყობა თავად კრემლისთვისაა ხელსაყრელი, ვინაიდან ასეთი რეჟიმები უმეტესად რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებენ და ერთობლივად ასუსტებენ დემოკრატიულ დასავლეთს.

გარდა თანამშრომლობისა, ავტორიტარული პოპულისტური ჯგუფების მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სივრცეში განხეთქილებასა და პოლარიზაციას იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები პოპულისტური რიტორიკით ახალისებენ დაპირისპირებას განსხვავებული ღირებულებების მქონე საზოგადოებებში და დესტაბილიზაციას იწვევენ მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც ასევე პუტინისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

დამატებით, დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთში არ ომობენ, თუმცა განსაკუთრებული მტრობით გამოირჩევიან არადემოკრატიული სახელმწიფოებისადმი (Placek, 2012). აშშ და ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში აკრიტიკებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის მტრულ და ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, რაც პოლიტიკური იზოლაციითა და საერთაშორისო სანქციებით გამოიხატებოდა. 2022 წელს რუსეთის მიერ პრო-დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომსაც დასავლეთი მკაცრი სანქციებით შეხვდა. სწორედ ეს აიძულებს პუტინს ხელი შეუწყოს დემოკრატიის ნგრევას აღნიშნულ რეგიონში და იქ ავტორიტარიზმი გაავრცელოს, რათა თავიდან აირიდოს კრიტიკა, სანქციები და იზოლაცია რუსული იმპერიალიზმის საპასუხოდ.

და ბოლოს, ერიხ ფრომისა და თეოდორ ადორნოს მიხედვით, ავტორიტარიზმი არის თავდაცვითი მექანიზმი შფოთვის, დაუცველობისა და კომპლექსების წინააღმდეგ, რაც იწვევს მიუღებლობას განსხვავებულის, უცხოს მიმართ (Norris, Inglehart, 2019). ავტორიტარული რეჟიმები ხშირად ხასიათდებიან ანტიპლურალისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური, მიზოგინისტური პოლიტიკით. რუსეთი, მიუხედავად რესურსების სიუხვისა, ომამდეც კი, ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფო იყო, სადაც უთანასწორობა, სიღარიბე, კრიმინალის დონე მაღალია და ცხოვრების დონე კი მიზერულად დაბალი. 2017 წლის კვლევის მიხედვით, რუსეთში ცხოვრების ხარისხის ინდექსი 86.27-ია, რითაც ჩამორჩება მასზე ეკონომიკურად ნაკლებ განვითარებულ სახელმწიფოებს, მაგალითად მექსიკას (Rapoza, 2017). თუ ფრომსა და ადორნოს დავუჯერებთ, ცხადი ხდება, რომ კრემლი საკუთარი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კომპლექსებისა და insecurity-ების გადაფარვას ავტორიტარული მმართველობის ხარჯზე ცდილობს. სწორედ ამიტომ, ესწრაფვის ტოლერანტი და ლიბერალური დემოკრატიების ავტორიტარული რეჟიმებით ჩანაცვლებას მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი ევრო-ატლანტიკურ რეგიონში.

 

დასკვნა

როგორც მრავალჯერ აღინიშნა, თანამედროვე დემოკრატია გლობალური გამოწვევების წინაშე დგას. ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ჭიდილი ბრძოლის ველზეც გრძელდება, როცა უკრაინა არ ნებდება რუსულ ექსპანსიას და დასავლური ინტეგრაციისკენ ესწრაფვის. სწორედ რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მსოფლიო მასშტაბით ავტორიტარიზმის გავრცელებაში, განსაკუთრებით კი, ევროატლანტიკურ სივრცეში. კრემლი, ხისტი თუ რბილი ძალის მეშვეობით, უწყობს ხელს ავტორიტარული ძალების გაძლიერებას, რისი მაგალითიცაა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევა, ევროპული ულტრამემარჯვენე პოპულისტური ძალების დაფინანსება და წახალისება (საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთი, საქართველო და სხვა) და უკვე არსებული რეჟიმებისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მაგ. ბელარუსი. ამ ყოველივეს მიზეზი, ერთი მხრივ ავტორიტარულ რეჟიმებთან პრაგმატული თანამშრომლობა და კრემლისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებაა, მეორე მხრივ კი, რუსული შფოთვებისა და შიშისგან თავის დაღწევის საშუალება, რათა დემოკრატიულმა სამყარომ ვეღარ შეუშალოს ხელი რუსულ ექსპანსიასა და იმპერიალიზმს.

 

შენიშვნა: დოკუმენტი მომზადებულია Gnomon Wise-ის სტუდენტური ანალიტიკური ნაშრომების კონკურსისთვის: „ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები" ფარგლებში. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ინსტიტუტის პოზიციას.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ლეილა ჩხეტიანი