სასამართლოს მიმართ ნდობა
„სასამართლოს მიმართ ნდობა მაღალია/გაზრდილია!“ - ეს ფრაზა, ინდივიდუალური მოსამართლის, მოსამართლეთა ჯგუფის ან ზოგადად სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ ნებისმიერი სახის კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმის. კონტრგანცხადებებიც ხშირად გაგვიგონია - „სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმუმამდეა დასული!“
როცა ამ სახის განცხადებებს ვისმენთ, ერთი შეხედვით გვიყალიბდება შესაბამისი, დადებითი ან უარყოფითი განცდები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის მიხედვით, თუ რომელი განმცხადებლის გვჯერა და ხშირად არ შევდივართ განხილვაში თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ნდობის ცვლილება, თავის მხრივ, რა შედეგს იძლევა შეცვლილი ნდობა და რა გავლენა ექნება მომავალში სასამართლოს საქმიანობაზე. არც იმაზე ვფიქრობთ ნდობის თვალსაზრისით რა იქნებოდა არსებულთან შედარებით უკეთესი ან უარესი.
კერძოდ, რა არის მინიმუმი და როდიდან მიიჩნევა რომ ნდობა მაღალ ნიშნულზეა? ისევე როგორც რა კრიტერიუმით დგინდება რომ პირობითად 55% მაღალია ან 35% დაბალი? ყველაზე მთავარი, რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ რომ საზოგადოება ნდობას უცხადებს სასამართლოს და რატომ არის ნდობის საკითხი ამდენად მნიშვნელოვანი?
წინამდებარე სტატია, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობას წარმოადგენს, რისთვისაც პირველ რიგში განხილული იქნება აკადემიურ ლიტერატურაში არსებული მოსაზრებები სასამართლოს ნდობასთან დაკავშირებით, ის მეთოდები რომლებიც პრაქტიკაში სასამართლოს ნდობის გასაზომად გამოიყენება და ბოლოს, განხილული იქნება უშუალოდ საქართველოს სასამართლოების მიმართ არსებული განწყობები და გაანალიზებული იქნება თუ რას გვეუბნება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ.
სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა
სამართლის უზენაესობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლოს არა მხოლოდ რეალურად არსებობა, არამედ საზოგადოების მხრიდან მისი ასეთად აღქმა და ამ ორი ფაქტორის შერწყმის შედეგად სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის არსებობა. კერძოდ, ნდობაში, როგორც შემდგომ დეტალურად იქნება განხილული, ვგულისხმობთ საზოგადოების მხრიდან დარწმუნებულობის მაღალ ხარისხს, რომ ამ ინსტიტუტს ნამდვილად გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, გადაწყვიტოს მის წინაშე წამოჭრილი დავა და მოლოდინის არსებობას, რომ სასამართლო ამას გააკეთებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მარწმუნებლის მიერ გაზიარებული ღირებულებებისა და მისი ინტერესების შესაბამისად.
თავის მხრივ ეს ორი - ნდობა და რეალური მდგომარეობა - ერთმანეთთან დაკავშირებულია. ძნელად წარმოსადგენია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, მისი საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და არაეფექტიანობის პირობებში საზოგადობას მისდამი ნდობა გაუჩნდეს, ხოლო ნდობის გარეშე სასამართლოს ფუნქციონირებაც კი ეჭვის ქვეშ დადგება, სულ მცირე იმ მიზეზით, რომ მისი დეფიციტი სასამართლოსადმი მიმართვის, მასთან თანაშრომლობისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (რაც სასამართლოს როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ძალაუფლების განხორციელების ერთადერთი ინსტრუმენტია) ნებით შესრულების სტიმულზე ახდენს გავლენას. როდესაც ადამიანები ნდობას კარგავენ სასამართლოს მიმართ, ისინი მიმართავენ სხვა საშუალებებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც სათანადოდ და ისტორიულად სასამართლოს გამგებლობას არის მიკუთვნებული. ეს უკანასკნელი კი აუცილებლობით სამართლებრივი სისტემის ფარგლებში არსებული ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას შეიძლება არ გულისხმობდეს. ამის საშიშროება განსაკუთრებით იმ ქვეყნებს უდგას, რომლებმაც არც თუ ისე შორ წარსულში დატოვეს მსგავსი გამოცდილება.
სასამართლოს მიმართ ნდობის შემცირება განსაკუთრებით პრობლემურია მისი, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემკავებლისა და დამბალანსებლის, პერსპექტივიდან. პოლიტიკური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, რომელთა მიმართ ნდობა აგებულია და შენარჩუნებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, სასამართლოს შემთხვევაში ამომრჩევლის პირდაპირი კავშირი სასამართლოსთან არ არის და მისი ლეგიტიმაცია და შესაბამისად ძალა დამოკიდებულია საზოგადოების მიერ მისი როლის მიმღებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეული დონის ნდობას.
რაც უფრო გაწყვეტილია კავშირი საზოგადოებასა და მოსამართლეებს შორის, უფრო მარტივი ხდება მთავრობებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რამდენადაც სასამართლო უფრო მოწყვლადი ხდება. ამ გზით კანონის უზენაესობასთან ბრძოლა არაკონსოლიდირებული დემოკრატიებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, სადაც ხელისუფლების დანაწილების კულტურა არ არსებობს, რაც შეაკავებდა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირების მიდრეკილებებს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სუსტი, კომპრომატირებული, დამოკიდებელი სასამართლოს სისტემის არსებობა, რამდენადაც მოსამართლეს ასეთ სისტემაში არ ექნება ინდივიდუალირი თავისუფლების შეგრძნება და არც მოტივაცია, რომ მოემსახუროს საზოგადოების ინტერესებს. მისთვის როგორც „აგენტისთვის“, მთავარი „პრინციპალი“ ხდება არა ხალხი, არამედ კონკრეტული მთავრობები და სწორედ მათ თვალში ნდობის შენარჩუნება იქცევა მთავარ ამოცანად. შესაბამისად, სასამართლო არა დამოუკიდებელ შტოდ, არამედ დანარჩენი შტოების გაგრძელებად და მათ გადაწყვეტილებებზე ბეჭდის დამსმელ ორგანოდ იქცევა.
ამასთან, სასამართლოს მიმართ ნდობის დეფიციტი განუჭვრეტელს და არაპროგნოზირებადს ხდის ადამიანისთვის იმას, თუ მის კონკრეტულ ქმედებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თავის მხრივ, თეორიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, რაც ემპირიულადაც არის მხარდაჭერილი, ამ სახის სამართლებრივი განუსაზღვრელობა ზრდის ეკონომიკური აქტივობებისგან თავშეკავებას და შესაბამისად, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. ამ სახის გავლენებზე დისკუსია ახალი არც საქართველოს რეალობისთვის არის. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის მოსაზრება, რომელიც მან მის პუბლიცისტურ წერილში შემდეგნაირი ფორმულირებით შემოგვთავაზა:
„სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია - რომელიც სნთქავს ხალხის სიმდიდრესა, მახვილია - რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელთმოქმედებას და ეკონომიკურს წარმოებას. ფული ორმოში იმალება იქა, საცა იმედი გაწყვეტილია, რომ ჩემი ნაწარმოები ჩემი იქნება; თუ ვინმემ გაბედა და შემეცილებაო. და თუ ფული არ მუშაობს, თუ ხალხში თანხა უშიშრად არა ტრიალებს, თუ ხალხში მკვიდრი იმედი არ არის დამყარებული, რომ ყოველს ცილებას ადვილად გადამარჩენს სამართალიო. ყოველს დანაკარს ადვილად და სწრაფად დამიბრუნებსო, - მაშინ სიმდიდრე ხალხისა, და აქედამ სიმდიდრეც სახელმწიფოსი, ამაო ნატვრაა. მაშინ ურთიერთშორისი ყისტი, ეხტიბარი (კრედიტი), ნდობა გატეხილია და, საცა ეს არ არის ფრთაგაშლილი და ფეხადმგული, იქ ნიშადურიც რომ ამოსცხოთ ხალხის სიმდიდრეს და ხაზინისას, რომლის მხოლოობითი წყარო ხალხის სიმდიდრეა, - ერთს ნაბიჯსაც წინ ვერ წაადგმევინებთ“.
„ყველამ უნდა იცოდეს მეთქი გულდადებით, რომ მე ჩემი მალე დამიბრუნდება, მე ჩემი არ დამეკარგება, ერთის სიტყვით - სამართალი და კანონი უნდა ყველას სწამდეს თავის მფარველად, თავის სახსნელად. თუ სამართალი და კანონი ისეთია, რომ მისი არც კარგი სჯერათ და არც ავი, მაშინ, ვიმეორებთ, ყოველიფერი ამაოა...“ - ილია ჭავჭავაძე.
მართალია არადემოკრატიული რეჟიმებისთვის სასამართლოს მიმართ საზოგადოების ჭარბი ნდობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, გარკვეულ დონეზე ნდობის არსებობა მაინც მნიშვნელოვანია სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციისთვის. შესაბამისად, ასეთი რეჟიმები ერთი მხრივ, ცდილობენ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით რეფორმების გატარებას ე.წ. de jure გაუმჯობესებებს და საზოგადოების დარწმუნებას სასამართლოს სანდოობაში, თუმცა, პარალელურად, სწორედ მის საწინააღმდეგო პოლიტიკას ახორციელებენ და მხოლოდ დროდადრო ანიჭებენ მოსამართლეებს „მოზომილ თავისუფლებას“.
სასამართლოს სანდოობაში საზოგადოების დარწმუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ მუდმივი აპელირება მაჩვენებლებზე და იმაზე ხაზგასმა, რომ სასამართლოს მოსახლეობის გარკვეული პროცენტი სანდოდ მიიჩნევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინტერესოა ის თუ რის მიხედვით დგინდება ნდობის რა ნიშნული ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვითვლით სასამართლოს სანდოობას და როგორ ვიღებთ ამ ნიშნულს.
სასამართლოს მიმართ ნდობის გასაზომად გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. კერძოდ, გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ნდობის გაზომვა, რომელიც მეტწილად, ზოგადად ინსტუტების მიმართ ნდობის კვლევის ნაწილია და შესაბამისად, ამ მაჩვენებლების შედარებას გვთავაზობს. თავის მხრივ, ეს ინფორმაცია ძირითადად ერთ-ორ ზოგად კითხვაზე - ენდობით თუ არა/ან რამდენად ენდობით სასამართლოს - პასუხებს წარმოადგენს.
ამ სახის საზომის მიმართ ლიტერატურაში სკეპტიციზმი შეინიშნება, რაც პირველ რიგში შეიძლება იმით აიხსნას, რომ კვლევები მხედევლობაში არ იღებენ იმას თუ ვინ როგორ განმარტავს ნდობას და რას მოიზარებს მასში. ამასთან, ზოგადად იმის გარკვევა აქვს თუ არა რესპონდენტს ნდობა, რომელიც თავის მხრივ სუბიექტურია, იმის გაუთვალისწინებლად თუ რა შემხებლობა აქვს, რაზე დაყრდნობით ან კონკრეტულად რასთან მიმართებით აქვს ნდობა, არ არის საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენი კითხვაც სწორედ აქ ჩნდება, თუ რას გვაძლევს ამ მეთოდოლოგიით მიღებული პასუხები და რამდენად საკმარისია ის დასკვნების გასაკეთებლად, თუკი, როგორც მინიმუმ, ის არ ვიცით თუ რას გულისხმობს რესპონდენტი სასამართლოს დამოუკიდებლობაში და რა ფაქტორები განსაზღვრავენ მათ პასუხებს. აქსიომაა, რომ კონკრეტული ფენომენის შესაფასებლად, პირველ რიგში, გვჭირდება შეთანხმებული დეფინიცია ამ ფენომების, შესაბამისად, სწორედ იმით უნდა დავინტერესდეთ თუ რა იგულისხმება სასამართლოს მიმართ ნდობაში.
როცა ვსაუბრობთ სასამართლოს მიმართ ნდობაზე, ვგულისხმობთ...
თავად ნდობის სუბიექტური ბუნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ყველა სახის ურთიერთობაში გვხვდება, გასაკვირი არ არის რომ ზოგადად ნდობის, ისევე როგორც კონკრეტულად სასამართლოს მიმართ ნდობის ერთი, უნივერსალური და შეთანხმებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა ლიტერატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია საკმაოდ აქტუალურია. განსაკუთრებით შესამჩნევია ნდობის (trust) და დაჯერებულობის (confidence) ტერმინების ერთმანეთისგან განსხვავების მცდელობები, რომლებიც ხშირად ურთიერთჩამნაცვლებლად გამოიყენება, თუმცა, ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული ცნებებია. აღსანიშნავია, რომ ამ ამ უკანასკნელთა მცდელობა, მაკფიო ხაზი გაევლოთ ამ ორ ცნებას შორის, ნაკლებად წარმატებულია, ისევ და ისევ მათი მჭიდრო კავშირის გამო.
მნიშვნელოვან განმასხვავებლად მოიაზრებენ იმას, რომ „დაჯერებულობა“ სპეციფიკური ცოდნის შედეგად წარმოიშობა და დაფუძნებულია მიზეზსა და ფაქტზე, მაშინ როცა ნდობა ისეთი რაღაცის დაჯერებას ვარაუდობს, რომლის არსებობის დამტკიცებაც შეუძლებელია. ის უფრო მეტად დაფუძნებულია ინტერპრეტაციებზე და აღქმებზე, ვიდრე ფაქტებზე.
ნდობა შეიძლება გულისხმობდეს დაჯერებულობას, თუმცა მხოლოდ ნდობა, ფაქტების გარეშე არ არის საკმარისი დაჯერებულობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელის მიღწევა საზოგადოებაში მეტად რთულია, რამდენადაც შეუძლებელია საზოგადოებას სრულყოფილი ცოდნა გააჩნდეს სასამართლოს მიმართ. რეალურად ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი იცნობს სასამართლოს საქმიანობას და კითხულობენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ის ნაწილიც კი რომელიც ეცნობა და აანალიზებს გადაწყვეტილებებს მათაც არ აქვთ საბოლოოდ შესაძლებლობა ჩაწვდნენ ბოლომდე მოსამართლის გონებას და გარკვეულწილად უწევთ ირწმუნონ ის რომ მოსამართლე დაეყრდნო იმ არგუმენტებს რაზეც მან გადაწყვეტილებაში მიუთითა და რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ასე მოიქცევა მომავალშიც. ზოგადადაც, „ძალიან ცოტა ურთიერთობა არის დაფუძნებული მთლიანად იმაზე რაც დანამდვილებით არის ცნობილი სხვა პიროვნების შესახებ და ძალიან ცოტა ურთიერთობა შენარჩუნდებოდა ნდობა რომ არ ყოფილიყო ისეთი ძლიერი, ან უფრო ძლიერი ვიდრე რაციონალური მტკიცებულება ან პირადი დაკვირვება.“ შესაბამისად, იმისთვის რომ არ მოხდეს საზოგადოების დანაწევრება და შენარჩუნებულ იქნას ურთიერთობები, მნიშვნელოვანია საზოგადოებას, თუნდაც სრულყოფილი რეალური მტკიცებულებების არსებობის გარეშე გააჩნდეს ნდობა, რაც თავის თავში რისკის ელემენტს ატარებს. „ამრიგად, ნდობა არის მტკიცებულების არ არსებობის დაძლევის საშუალება, რაციონალური მტკიცებულების სტანდარტით სარგებლობის გარეშე, რომელიც საჭიროა ადამიანებს ან პიროვნებებსა და სოციალურ არტეფაქტებს შორის არსებული ურთიერთობების შესანარჩუნებლად“.
აკადემიურ ლიტერატურაში სასამართლოს მიმართ ნდობის დეფინიციის შემუშავების ნაცვლად, ძალისხმევა მისი დეკონსტრუქციის მცდელოებებზეა მიმართული, შესაბამისად, აქცენტი მის ძირითად შემადგენელ კომპონენტებზე კეთდება. სხვადასხვა ავტორი განსხვავებულად შეიძლება აჯგუფებდეს ამ კომპონენტებს, თუმცა, შინაარსობრივად მეტწილად თანხვედრა არსებობს.
ნდობის ორი მთავარი მამოძრავებელი შეგვიძლია გამოვყოთ: კომპეტენცია (ოპერაციული ეფექტიანობა) და ღირებულებები (განზრახვები და პრინციპები, რომლებიც ქცევას განაპირობებენ). თითოეული მათაგანი, თავის მხრივ, სხვადასხვა მდგენელებად შეიძლება დაიყოს, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია და შეიძლება ერთმანეთისგანაც გამომდინარეობდეს.
სასამართლოს კომპეტენციის მიმართ ნდობა გულისხმობს საზოგადოების მოლოდინს, რომ ამ ინსტიტუტს ეფექტიანად შეუძლია შეასრულოს კონსტიტუციით მისთვის გადაცემული უფლებამოსილებები. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ ამოიწურება მხოლოდ მოსამართლეთა ტექნიკური ექსპერტიზის არსებობით, არამედ მნიშვნელოვანია სასამართლოს გააჩნდეს სათანადო რეაგირების უნარი და იყოს საიმედო. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხარისხი არ იზომება მხოლოდ იმით თუ რამდენად სწორად გამოიყენა მოსამართლემ კანონი დავის გადაწყვეტისას. იმისათვის რომ მოქალაქეს გაუჩნდეს სასამართლოს კომპეტენციის მიმართ ნდობა, მისთვის სასამართლო უნდა იყოს გამოსადეგი საშუალება, დროული და ხელმისაწვდომი. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოვლისმომცველი და იმ ენით გადმოცემული, რომელიც გასაგებს გახდის და არ დატოვებს კითხვებს დავის სწორედ ამ გზით დასრულების გონივრულობის და სამართლიანობის შესახებ.
ამასთან, სამართლებრივი განსაზღვრულობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ცოდნა რომ სასამართლოს აქვს უნარი იყოს კომპეტენტური, არამედ უნდა გაგვაჩნდეს დარწმუნებული მოლოდინი, რომ მას ამის განზრახვაც გააჩნია. შესაბამისად, საზოგადოება უნდა ენდობოდეს სასამართლოს ღირებულებების თვალსაზრისითაც და დარწმუნებული უნდა იყოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და კეთილმოსურნეობაში. მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ კეთილსინდისიერი პიროვნებები, რომლებსაც „ღრმად აქვთ გაცნობირებული საზოგადოების მრავალფეროვნება და მათი საჭიროებები,“ იზიარებენ საზოგადოებაში მისაღებ პრინციპებს და მზად არიან მათი დაცვით მოემსახურონ საზოგადოების და არა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. „მხოლოდ აღქმაც კი (თუნდაც უსაფუძვლო) რომ არსებობს მიკერძოება საზოგადოებაში გარკვეული ჯგუფების მიმართ, მკვეთრად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას და თავის მხრივ, ლეგიტიმურობას“. ისევ ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ მოვიხმოთ:
„...ნდობის მოსაპოვებლად ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა, ერთის სიტყვით - ყოველ იმისა, რითაც გარემოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ, - და ამასთანავე საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება“.
მოსამართლეობა, რამდენადაც საპატივცემულო თანამდებობაა, ასევე საკმაოდ დიდი ტვირთია ადამიანისთვის. „სასამართლოს მიმართ ნდობას ძირი ეთხრება, როდესაც მოსამართლის საქციელი, სასამართლოში თუ მის გარეთ, აღიქმება, როგორც კანონის ან საზოგადოების გაბატონებული სტანდარტების უგულებელყოფისა და უპატივცემულობის დემონსტრირება“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ არაკეთილსინდისიერი და უპატივცემულო ქცევა თუნდაც ცალკეული მოსამართლის ან მოსამართლეებისთვის იყოს დამახასიათებელი, დიდ გავლენას ახდენს სასამართლოს მიმართ ნდობაზე. „საზოგადოება ვერასდროს გაიგებს უმრავლესობაში მყოფი კარგი ყოფა - ქცევის მოსამართლეების შესახებ, მაგრამ გაიგებს იმ ერთი გამონაკლისი მოსამართლის შესახებ, რომელიც არ აკმაყოფილებს საზოგადოებაში გაბატონებულ სტანდარტებს“. შესაბამისად, „ცუდი მოსამართლე“, რაც არ უნდა ცოტა იყოს, ყოველთვის დიდ ლაქას ტოვებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების აღქმაზე.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს სისტემისადმი ნდობა არ საჭიროებს იმის დაჯერებას, რომ ყველა მოსამართლე ბრძენი და შეუცდომელია და მათი ქცევები უნაკლოა, არც ე.წ. პოპულარული და ყველასთვის სასიამოვნო გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს მოსამართლეს, თუმცა, „ის გულისხმობს კმაყოფილებას იმით, რომ მართლმსაჯულების სისტემა დაფუძნებულია დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ღირებულებებზე და რომ ჩვეულებრივი ადამინის სისუსტის ფარგლებშიც კი, სისტემა ერთგულად იცავს ამ ღირებულებებს“.
და მაინც, რა ახდენს გავლენას სასამართლოს მიმართ ნდობაზე?
ყოველივე ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, კერძოდ იმის მხედველობაში მიღებით თუ რა კომპონენტებისგან შედგება სასამართლოს მიმართ ნდობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მასზე გავლენას ახდენს სწორედ ამ ინსტიტუტის რეალური მდგომარეობა. კერძოდ, მნიშნელოვანია თავად სასამართლოს ინსტიტუციური დიზაინი, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს; მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც სისტემის კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და პატიოსანი მოსამართლეებით დაკომპლექტების გარანტი უნდა იყოს; თავად მოსამართლეთა ქცევა, რომელიც განამტკიცების ნდობას; სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირება, მისადმი ხელმისაწვდომობა, დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ სასამართლოს როლის სწორედ აღქმა და მისი საქმიანობის შესახებ სათანადო ცოდნის არსებობა.
თუმცა, პრაქტიკაში, კველვის საგანია ის თუ რეალურად რა ახდენს გავლენას ფართო საზოგადოების აღქმებზე და სასამართლოს მიმართ მათ ნდობაზე. სხვადასხვა ავტორი განსხვავებულ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის კორელაცია იკვეთება სასამართლოს ეფექტიანობასა და სასამართლოს მიმართ ნდობას შორის. ამასთან, საყურადღებოა რომ მკვლევართა დაკვირვებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობისა და კორუფციის მხრივ მდგომარეობა, შესაძლოა ახდენდეს გავლენას, თუმცა უმეტესწილად ყველაზე განათლებულ სეგმენტზე. მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, უფრო ფართო საზოგადოებაზე სასამართლოს მიმართ ნდობა ყალიბდება ინდივიდების მიერ ეკონომიკური მდგომარეობისა და რეჟიმის სუბიექტური შეფასებებით, ისევე როგორც სასამართლოსთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებით.
ხშირად შეიძლება გავიგოთ და აკადემიურ ლიტერატურაშიც შევხვდებით ვარაუდს იმის შესახებ, რომ მედიას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოების სხვადასხვა აქტორებს, განსაკუთრებით ადვოკატებს, გააჩნიათ სასასამართლოს მიმართ საზოგადოების აღქმების ფორმირებაზე გარკვეული გავლენა, რაც განსაკუთრებით შეიძლება საზოგადოების იმ ნაწილის შემთხვევაში იყოს აქტუალური, რომელიც ნაკლებად იცნობს სასამართლოს საქმიანობას ან/და არ აქვს პერსონალური გამოცდილება სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობის. თუმცა, მნიშვნელოვანია ყველა ამ აქტორს გარკვეულწილად ზურგს უმაგრებდეს გარკვეული ფაქტები, რასაც დააყრდნობენ თავიანთ პოზიციებს და რითაც საზოგადოების აზრის ფორმირებას შეძლებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ამ აქტორებს ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა.
სასამართლოს მიმართ ნდობა - ქართული რეალობა
საბჭოთა 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სასამართლოს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის დეფიციტი დამოუკიდებლობის პირველ წლებში გასაკვირი არ უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სწრაფი დეკონსტრუქცია, დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი სასამართლოს მშენებლობა, კორუმპირებული, რეჟიმთან ასოცირებული პერსონალის სწრაფი ცვლილება და ზოგადად სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაჩენა არ მოჰყოლია, სამართლის მართლმსაჯულების სისტემის გარეთ ძებნის პრაქტიკა ნორმას წარმოადგენდა. მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები, მათ შორის სასამართლო, არ იყო ის ინსტიტუცია, რომელიც სამართლის ძებნის გზაზე მოქალაქეებს პირველი შეიძლება გახსენებოდათ. ამ სახის ძალაუფლება ხელში ქურდულ სამყაროს ჰქონდა აღებული, რომლებიც ადაპტირდნენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ კრიმინალურ წრეებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში სხვადასხვა სექტორშიც დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს. შესაბამისად, კანონიერი ქურდები, მათი სოციალური ავტორიტეტიდან გამომდინარე ხშირად ითავსებდნენ დავის მომგვარებლის როლსაც და ამასთანავე უზრუნველყოფდნენ მათი „გადაწყვეტილებების აღსრულებადობას“. ქურდულ სამყაროსთან, როგორც ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა, ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ პირველივე წლებიდან აქტიურად დაიწყო და რადიკალური რეფორმების ხარჯზე, ეს პრობლემა ამ ფორმით მალევე მოიხსნა დღის წესრიგიდან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დროში შედარებით გაიწელა ე.წ. „ქურდული მენტალიტეტის“ მოშლა, რასაც გავლენა ჰქონდა სასამართლოს ინსტიტუტის როლის აღიარებაზე.
იმის შეფასება თუ როდიდან იწყება საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება და რა განაპირობებს მას, გაგვიჭირდება, რამდენადაც შესაბამისი კვლევები, რომლებიც ერთი მხრივ, დეტალურად და სრულყოფილად ახდენს საკითხის კვლევას და მეორე მხრივ, მოგვცემს ნდობის დინამიკაში დანახვის შესაძლებლობას, არ არსებობს. ამ მხრივ საინტერესოა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოების აზრის გამოკითხვა, რომელიც მათ შორის მოიცავს ინსტიტუტების მუშაობის მიმართ საზოგადოების განწყობების შესწავლას და რომელიც წლებია რაც სტაბილურად ტარდება. უშუალოდ სასამართლოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც ყოველი წლის გამოკითხვაში გვხვდება: გთხოვთ, გვითხრათ თქვენი მოსაზრება შემდეგი ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით? ჩამონათვალში კი სხვა ინსტიტუტებთან ერთად მითითებულია „სასამართლოები“. აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ რესპონდენტებს სამი ოფცია აქვთ: კეთილგანწყობილი (Favorable), არაკეთილგანწყობილი (Unfavorable), არ მაქვს მოსაზრება/უარი (No opinion). აღსანიშნავია, რომ თავად კვლევის მიხედვით, ეს კითხვა ზომავს სასამართლოს მიმართ ნდობას (trust in institutions) (ზოგიერთ შემთხვევაში კი მითითებულია (confidence in institutions)). (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: IRI-ს დაკვეთით მომზადებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა მოსაზრება სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით, წლების მიხედვით (%)
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ IRI-ს დაკვეთით მომზადებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით
როგორც გრაფიკი 1 ასახავს, სასამართლოს მუშაობით საზოგადოების კმაყოფილება 2007 წლისთვის შესამჩნევად დაბალი იყო, კერძოდ, რესპონდენტთა 67% არაკეთილგანწყობილი იყო სასამართლოს მიმართ და მხოლოდ 22% გამოხატავდა კეთილგანწყობას. მომდევნო წლებში 2013 წლის ჩათვლით, კეთილგანწყობის მაჩვენებლის გაუმჯობესებისა და არაკეთილგანწყობილ რესპონდენტთა პროცენტული წილის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, საპირისპირო პროცესი იწყება 2014 წლიდან. 2018-2021 წლებში მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესებით. 2023 წლის მონაცემებით კი სასამართლოს საქმიანობით კმაყოფილება, შესაბამისად, კვლევის მიხედვით, სასამართლოს მიმართ ნდობა გამოკითხულთა 39%-ს, უნდობლობა კი - 46%-ს აქვს.
როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი მონაცემები მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სტაბილურად გროვდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული და შესაბამისად გვიჩვენებს გარკვეულწილად დინამიკას სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების. თუმცა, მის მთავარ ნაკლოვანებას სწორედ ის წარმოადგენს, რომ კითხვა არის იმდენად ზოგადი, რომ ამოუცნობს ტოვებს იმას თუ ზუსტად რა იგულისხმება კითხვაში, რა შეიძლება ეგულისხმათ თავად რესპონდენტებს და შესაბამისად, რამდენად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხით სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გამოთვლა.
შედარებით უფრო დაკონკრეტებულია კითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა სწორედ არასაკმარისი პერიოდულობაა. 2018-2019 წლების გამოკითხვაში, რესპონდენტებს პირდაპირ დაუსვეს შემდეგი კითხვა: „რამდენად ენდობით ან რამდენად არ ენდობით საქართველოში სასამართლოს“ (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: CRRC-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში დასმულ კითხვაზე „რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოში სასამართლოს“ პასუხი
წყარო: გრაფიკი მომზადებულია ავტორის მიერ CRRC-ის მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით
როგორც გრაფიკი 2-დან ირკვევა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, იმ რესპონდენტთა რაოდენობა რომლებიც ორჭოფობდნენ და არ იყვნენ ჩამოყალიბებული ენდობოდნენ თუ არა სასამართლოს, შემცირებულია და გაზრდილია მათი ოდენობა, რომლებიც სასამართლოს კატეგორიულად უცხადებენ უნდობლობას. ეს სურათი გარკვეულწილად თანხვედრაშია გრაფიკ 1-ში მოცემულ სურათთან, თუმცა, დასკვნების გაკეთება მხოლოდ ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით გაუმართლებელია. ამასთან, მართალია IRI-ის გამოკითხვისგან განსხვავევით ამ შემთხვევაში კითხვა უფრო დაკონკრეტებულია, თუმცა, კვლავ სადავოა თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რესპონდენტი სასამართლოს მიმართ ნდობაში.
ამ კითხვის გარკვეულწილად შემავსებლად შეიძლება მივიჩნიოთ ამავე გამოკითხვაში რესპონდენტთა მოსაზრებები სასამართლოს მიუკერძოებლობას, კომპეტენტურობას, კორუმპირებულობას, დამოუკიდებლობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3: CRRC-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში დასმულ კითხვაზე „არის თუ არა საქართველოს სასამართლო სისტემა ... პასუხი“ (%)
წყარო: გრაფიკი მომზადებულია ავტორის მიერ CRRC-ის მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით
შენიშვნა: რესპონდენტებს ასევე ჰქოდათ მესამე პასუხის ალტერნატივა: „არ ვიცი/უარი პასუხზე“. მონაცემები ამ პასუხთან დაკავშირებით მოცემულ გრაფიკში წარმოდგენილი არ არის.
გრაფიკი 3 აჩვენებს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წლის მონაცემებით უფრო ნაკლებ რესპონდენტს მიაჩნია რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის ან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების გავლენების ქვეშ არის (თუმცა, მცირედით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც ამგვარ გავლენებს ოპოზიციის მხრიდან ხედავს) ან მიკერძოებულია. თუმცა, ამავე დროს შემცირებულია რესპონდენტთა მხრიდან სასამართლო სისტემის კვალიფიციურობისა და სამართლიანობის შესახებ დაჯერებულობა. თუკი გრაფიკ 2-ს შევხედავთ, რომლის მიხედვითაც 2019 წელს გაზრდილია სასამართლოს მიმართ უნდობლობა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ სასამართლოს კომპეტენციასა და სამართლიანობასთან მიმართებით ნდობის შემცირებას უკავშირდება. თუმცა, ეს დაშვებებია, რომელიც მხოლოდ შეზღუდულ ინფორმაციას ემყარება და შესაბამისად ვერ გამოდგება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად. ერთი რამ რაც გრაფიკი 3-დან დანამვდილებით შეგვიძლია დავინახოთ, ეს ზოგადი განწყობებია, რომელიც აჩვენებს რომ მოცემული მომენტისთვის რესპონდენტთა და შესაბამისად, განზოგადებულად საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემა არის მიკერძოებული, მმართველი პარტიისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლის ქვეშ.
სასამართლოს მიმართ აღქმების სხვადასხვა კუთხით შესწავლის მცდელობას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით “IPSOS France”-ის, “Amicus Curiae”-ს, პროფესორ ვან დაიკის და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნეს კვლევების საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ 2018 წლის ბოლოსთვის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც საყურადღებო სურათს იძლევა. აღნიშნულ გამოკითხვაში, სასამართლოს სანდოობასთან დაკავშირებით სრული თანხმობა რესპონდენტთა 12%-მა გამოთქვა, მაშინ როცა 20% სრულად არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სასამართლო სანდო ინსტიტუციაა.
გრაფიკი 4:
წყარო: იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა - საქართველოს სასამართლო სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ, 2018, გვ. 8.
გრაფიკი 4-ის მიხედვით სასამართლოს სანდოობას ნაწილობრივ ეთანხმება 40%, რაც კვლევის შედეგების პრეზენტაციის მიზნებისთვის მითვლილია იმ 12%-ს რომელიც სრულად ენდობა მას და დასკვნის სახით შემოთავაზებულია, რომ 52% სასამართლოს ნდობას უცხადებს. ეს მონაცემები რომ შევადაროთ გრაფიკ 2-ზე მოცემულ მაჩვენევბლებს, ვნახავთ, რომ ის თუ როგორი და რამდენი ალტერნატივა აქვს რესპონდენტს პასუხის გაცემისას, განსაზღვრავს მონაცემების განაწილებას, თუმცა ორივე შემთხვევაში შესამჩნევია ერთი გარემოება - იმათი რიცხვი ვინც სრულად ენდობა სასამარლოს, ჩამოუვარდება იმ რესპონდენტთა რაოდენობას, რომლებიც სრულად არ ენდობიან მას. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ამ სახის გამოკითხვისას პრობლემად რჩება ის თუ რა იგულისხმება თითოეულ შესაფასებელ ფენომებში და რას გულისხმობს თავად რესპონდენტი მასში. როგორც გრაფიკი 4-დან ჩანს, რესპონდენტთა პასუხები გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავია, რაც შეიძლება სწორედ რესპონდენტებისთვის ტერმინთა ბუდნოვანების ან პასუხის ალტერნატივების გადაფარვის შედეგი იყო. ასევე, როგორც ვთქვით, პრობლემურია ის რომ ამ სახის გამოკითხვები ერთჯერადია და არ იძლევა დინამიკაში დაკვირევბის შესაძლებლობას. თუმცა, ამ მხრივ მოცემულ გამოკითხვაში მნიშვნელოვანია ერთი შეკითხვა, რომლითაც რესპონდენტებს სასამართლო სისტემის მდგომარეობის 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარება ეთხოვათ.
გრაფიკი 5:
წყარო: იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა - საქართველოს სასამართლო სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ, 2018, გვ. 21.
გრაფიკი 5-დან ირკვევა, რომ რესპონდენტების მოსაზრებით, სასამართლოს სანდოობასთან შედარებით 2013 წლამდე და 2013 წლის შემდეგ მდგომარეობა მეტწილად ისეთივეა (31%) ან გაუარესებული (31%). მხოლოდ 25%-ს მიაჩნია, რომ სანდოობის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. მსგავსად, რიგ საკითხებთან მიმართებით, რესპონდენტები ვერ ხედავენ მდგომარეობის ცვლილებას ან უფრო მეტად გაუარესებულ ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს მაჩვენებლები საყურადღებოა იმ გადმოსახედიდან რომ 2013 წლიდან სასამართლოს სისტემაში ტალღებად ცნობილი არაერთი რეფორმა გატარდა, რასაც შედეგად სწორედ გაუმჯობესებული მდგომარეობა უნდა მოეტანა. მეტიც, ეს გამოკითხვა თავადვე ისახავდა მიზნად რესპონდენტებისგან იმის გარკვევას, თუ მათი აზრით რა შედეგი მოიტანა სასამართლოს რეფორმება (იხ. გრაფიკი 6).
გრაფიკი 6:
წყარო: იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა - საქართველოს სასამართლო სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ, 2018, გვ. 20.
გრაფიკი 6 ადასტურებს, რომ საზოგადოება ვერ ხედავს სასამართლოსთან დაკავშირებით გატარებული რეფორმების ხელშესახებ შედეგებს, რასაც შეიძლება შეეცვალა მათი დამოკიდებულება სისტემის მიმართ. ის რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მისი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ძალებისგან ჩარევის შესახებ აღქმები მეტწილად იმ ნიშნულზეა, რომელზეც 2013 წლამდე იყო, აუცილებლობით რეგრესს არ გულისხმობს (ამ მხრივ საინტერესოა გრაფიკ 1-ზე დაკვირვებაც), თუ იმას დავუშვებთ, რომ ამ პერიოდში სასამართლოს მხრივ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
თუმცა, როგორც მინიმუმ ეს ნიშანია, რომ საზოგადოების აღქმით გატარებულმა რეფორმება, რომელთა გაცხადებულ მიზანსაც სასამართლოსთან მიმართებით მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება წარმოადგენდა, სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. სასამართლოს მიმართ ნდობის კომპონენტებად ჩაშლის შემთხვევაში, ვნახავთ რომ ყველა ის განშტოება, რაც საბოლოოდ ნდობას აყალიბებს, საზოგადოების წუხილის საგანია და საჭიროებს მათი გამომწვევი მიზეზების კიდევ უფრო სიღრმისეულ კვლევას, რასაც მხოლოდ ამ სახის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ვერ უზრუნველყოფს.
ამასთან, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, მნიშვნელოვანია უფრო კონკრეტული ჯგუფების აღქმების კვლევა, მათ შორის იმ ჯგუფების რომელთაც უშუალო შემხებლობა აქვთ სასამართლო სისტემასთან, ისევე როგორც უმცირესობების. იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული 2018 წლის გამოკითხვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება გამოვყოთ პასუხების ჩაშლა. მაგალითად, კითხვაზე თუ რამდენად ეთანხმებოდნენ რესპონდენტები, რომ სასამართლო სისტემა ყველას თანასწორად ეპყრობა, გამოკითხულთა 54% არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას. მათგან, როგორ თავად გამოკითხვის ავტორთა მიერ არის ჩაშლილი, 75% - ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ, 62 % - ის შემთხვევაში სულ მცირე, ერთი ნათესავი მაინც იყო გასამართლებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და 58% - ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებნი იყვნენ.
როდესაც სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ განსხვავებული დონის ნდობა სასამართლოს მიმართ, ეს ნამდვილად მხედველობაშია მისაღები. ყველა წევრი საზოგადოების, უნდა გრძნობდეს რომ მათ შეუძლიათ ენდონ სასამართლოს უმაღლეს დონეზე. საზომიც სწორედ ეს უნდა იყოს და არა ის, პირობითად საზოგადოების უმრავლესობა ენდობა თუ არა სასამართლოს.
***
ყველა ზემოთჩამოთვლილი გამოკითხვის და მათ საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავინახოთ ის შეზღუდვები რაც მათ გააჩნიათ. პირველ რიგში, ყველაზე თვალსაჩინო სწორედ ტერმინების განმარტებაა. კერძოდ, პრობლემა არა მხოლოდ ის არის რომ შეიძლება რესპონდენტს არ ესმოდეს თითოეული მათგანის მნიშვნელობა, არასწორად ან განსხვავებულად განმარტავდეს, არამედ ისიც თუ თავად კვლევის ჩამტარებლები და დამკვეთები თითოეულ მათგანს რა მნიშვნელობას ანიჭებენ და როგორ ინტერპრეტირებენ მიღებულ შედეგებს. შესაბამისად, ნდობის გასაზომად, მნიშვნელოვანია მისი ცალკეულ კომპონენტებად დაყოფა და თითოეული მიმართულებით საზოგადოების განწყობების უფრო სიღრმისეულად დადგენა. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მხოლოდ იმის დადგენას თუ როგორ შეაფასებდა რესპონდენტი მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეფექტიანობას, კომპეტენტურობას, სამართლიანობას, სანდოობას და ა.შ., არამედ, იმის გამორკვევასაც თუ საიდან მოდის მისი ეს განწყობები, რაზე დაყრდნობით აკეთებს ამ დასკვნებს და როგორ აისახება მისი განწყობები, აწმყოში და მომავლაში მის ქცევაზე.
ამასთან, როგორც სტატიის დასაწყისში განვმარტეთ, სასამართლოს მიმართ არსებითი ნდობის დეფიციტი, ზრდის ეკონომიკური თუ სოციალური აქტოვობებისგან თავშეკავების ალბათობას, აქრობს დავების სასამართლო გზით მოგვარების სტიმულებს, ამცირებს სასამართლოს მიმართ მიმართვიანობასა და ამის ნაცვლად დავის მოგვარების ალტერნატიული, ხშირად არაკანონიერი გზებით მოგვარების სტიმულირებას ახდენს. ასევე, ამცირებს სასამართლოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებელს. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივ აღქმებთან ერთად, ამ არა ამომწურავი „სიმპტომების“ კვლევაც მნიშვნელოვანია.
როდესაც ნდობის შეფასებას ვახდენთ, პრობლემურია თავად ის თუ რას ვიღებთ თამასად? როგორ ვიგებთ პირობითად 52%-იანი ნდობა არის თუ არა დამაკმაყოფილებელი და რა მაჩვენებელზე უნდა ჩავრთოთ განგაშის ზარი? აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი აკადემიურ ლიტერატურაში არ არსებობს. შესაძლოა პერიოდულობით ჩატარებულმა მსგავსმა კვლევამ გვაჩვენოს დინამიკა ნდობის და ეს გარკვეული ინფორმაციის მატარებელი იყოს ჩვენთვის, თუმცა, მხოლოდ ერთი კონკრეტული წლის მაჩვენებლით იმის განსაზღვრა თუ როგორია სასამართლოს მიმართ ნდობა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
კვლევის დანიშნულება ვერ იქნება მხოლოდ ცალკეული მაჩვენებლების დადგენა, არამედ ამ მაჩვენებლების მეშვეობით არსებული ვითარების გამორკვევა, პრობლემების იდენტიფიცირება, რაც უმნიშვნელოვანესია მათ გამოსასწორებლად სწორი პოლიტიკის დასაგეგმად. ამასთან კვლევა ვერ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ის უნდა იყოს პერიოდული და თანმიმდევრული იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სწორედ გატარებული პოლიტიკის შედეგების გაზომვა. თუ ამ მიზანს არ ემსახურება გამოკითხვები, მაშინ ის რესურსების ტყუილი ფლანგვაა და მანიპულაციებისთვის ტოვებს სივრცეს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.