საბჭოთა პოლიტიკური ხუმრობები - სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
მძიმე ყოველდღიურ ყოფასთან ადაპტირებისთვის თუ მწვავე კრიტიკის გამოსახატად იუმორის მოშველიება, საქართველოს საზოგადოებისთვის არახალია. 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დროს შექმნილი ხუმრობები ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. თუმცა, ეს ხუმრობები არ იყო მხოლოდ ქართული პროდუქტი, ის საერთო იყო მთლიანად საბჭოთა სივრცისთვის. ხუმრობები მხოლოდ მცირედით იცვლებოდა როგორც საბჭოთა რესპუბლიკების, ასევე თავად მმართველობის პერიოდების მიხედვითაც. მეტიც, საბჭოთა პერიოდის ხუმრობები ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი თანამედროვე რუსეთისთვის დღემდე აქტუალურია. საბჭოთა შავი იუმორის დაბრუნება 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში კი განსაკუთრებით თვალშისაცემია.
ზოგადად პოლიტიკური ხუმრობა, სხვა ხუმრობებთან შედარებით, უფრო ნაკლებ სიცოცხლისუნარიანად არის მიჩნეული, თუმცა საბჭოთა რეჟიმის დროს დაბადებული ხუმრობები აბათილებს ამ მოსაზრებას. კერძოდ, ეს ხუმრობები ხშირად მხოლოდ მთავარი გმირის სახელის ცვლილებით თანამედროვე რეალობაში თავიდან იძენს სიცოცხლეს და საუკეთესოდ აღწერს მას. შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ისინი არაერთი მკველვარის ყურადღებას იპყრობს და არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლის საგანი.
წინამდებარე სტატია სწორედ ამ მოსაზრებების განხილვას და საბჭოთა ხუმრობების განსხვავებულობისა და ზოგადად მათი მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურება. კერძოდ, საინტერესოა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიოდის ხუმრობას ე.წ. „ანეკდოტს“ საბჭოთა კავშირისთვის, განსაკუთრებით კი საბჭოთა მოქალაქეებისთვის და რას გვეუბნება თავად ამ პერიოდის სოციო-კულტურულ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე. ამასთან, განსაკუთრებით საინტერესოა იმ ხუმრობებზე დაკვირვება, რომლებმაც თანამედროვეობასთან ადაპტაცია იოლად შეძლეს და ამ „წარმატების“ განმაპირობებელ ფაქტორებზე დაფიქრება.
პოლიტიკური ხუმრობის მნიშვნელობა ტოტალიტარიზმში
ხუმრობა მრავალი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. გარდა მხიარულების შემოტანისა, მას შეიძლება ბევრად უფრო დიდი დატვირთვა გააჩნდეს იმის მიხედვით თუ რა კონტექსტში და როგორ საზოგადოებაში იქნება გაზიარებული. გავრცელებული მოსაზრებით, თავისუფალ საზოგადოებაში ხუმრობა განსხვავდება ტოტალიტარულ რეჟიმებში არსებული ხუმრობისგან, როგორც შინაარსით, ასევე მისი გაზიარების ფორმით. ტოტალიტარულ რეჟიმს უფრო მეტად ახასიათებს პოლიტიკური სატირა, რომელიც ბევრად მძიმეა და ამავე დროს პოპულარულიც, თუმცა ის არა ხმამაღლა, არამედ ჩურჩულით და განსაკუთრებული სიფრთხლით ითქმის. შესაბამისად, ამ სახის იუმორს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „მიწისქვეშა იუმორს“.
Gregor Benton-ის მოსაზრებით, ტოტალიტარულ რეჟიმში სატირის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ხმის უფლების მქონე საზოგადოებისგან განსხვავებით, რომელსაც პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებისთვის ბევრად უფრო მძლავრი და ეფექტური მექანიზმები გააჩნია, არა თავისუფალ საზოგადოებებში ხუმრობა რეჟიმთან წინააღმდეგობის ერთადერთ საშუალებად არის აღქმული. ბევრი ავტორი იზიარებს აზრს, რომ პოლიტიკური ხუმრობა ჩაგრულების სტიმულია და მათი მჩაგვრელების ძირის გამომთხრელი მექანიზმი. შესაბამისად, ამ რეჟიმში უპირატესობა სწორედ პოლიტიკურ ხუმრობას ენიჭება, ძალაუფლების არ მქონეთა კოლექტიურ პროდუქტს, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ის გარკვეულად ფრთხილი და სტრატეგიული არჩევნია კრიტიკული აზრის გასავრცელებლად, რამდენადაც თავდაპირველი ავტორის იდენტიფიცირებაც ხშირად ვერ ხდება, თუმცა ელვის სისწრაფით ვრცელდება და დიდ აუდიტორიას იპყრობს. თუმცა, ამავდროულად, აუდიტორიის ზომა გარკვეულწილად მაინც ლიმიტირებულია, რამდენადაც იუმორი კონტექსტით არის მკაცრად შემოსაზღვრული. შესაბამიად, ერთ ქვეყანასა თუ კონკრეტულ პერიოდში გავრცელებული ხუმრობა, შეიძლება სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს სხვა ქვეყნის მოსახლეობითვის თუ სხვა ეპოქის ხალხისთვის. ამასთან, ამ სახის გამოხატვის ფორმის უპირატესობა ის არის, რომ ის მოწინააღმდეგეს განაიარაღებს, რამდენადაც მასზე სერიოზული რეაგირება და მისი „რაციონალური არგუმენტით“ უარყოფა, როგორც წესი, არ ხდება. Marjolein t Hart-ის მოსაზრებით, იუმორს საზოგადოებრივი მშენებლობის მხრივაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რამდენადაც ის იწვევს ერთობლივი კუთვნილების განცდას, რადგან იუმორის გაზიარება ქმნის კავშირს.
თუმცა, სწორედ მისი შეფარული ხასიათის გამო, ფართოდ გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ამ სახის ხუმრობები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროტესტის გამოხატვისა და წინააღმდეგობის გაწევის ეფექტურ საშუალებად. პირიქით, ამ სახის ხუმრობები კონტრპროდუქტიულია და ისინი სწორედაც რომ ეხმარებიან მჩაგვრელ რეჟიმებს რომ გადარჩნენ.
Christie Davies მკვლევართა ამ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ რომელიმე ამ მიმართულებით პოლიტიკურ იუმორს გააჩნდეს შესამჩნევი ეფექტი. მისი მოსაზრებით, „ხუმრობები უფრო თერმომეტრია ვიდრე თერმოსტატი. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც იმის მაჩვენებელი თუ რა ხდება საზოგადოებაში, თუმცა ისინი ვერ უკუაგდებენ იმ სოციალურ პროცესებს რომლებიც მათ წარმოქმნიან“. შესაბამისად, ხუმრობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვაძლევს საშუალებას შიგნიდან დავინახოთ ის საზოგადოება, რომელშიც ის შეიქმნა და სადაც ის ცირკულირებს.
ანეკდოტით დანახული საბჭოთა ტრაგი-კომედია
ეს ანეკდოტი კარგად წარმოაჩენს საბჭოთა კავშირში პროპაგანდის როლს, რაც არა მხოლოდ დღევანდელობიდან დაკვირვებისას ართულებს მის შესახებ ნამდვილი და გამოგონილი ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნას, არამედ იმ პერიოდის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვისაც კი ხშირად გადაულახავ წინააღმდეგობას ქმნიდა. ამ პირობებში საბჭოთა კავშირში გავრცელებული ხუმრობების მდიდარი კოლექცია, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ყოველდღიურობის, საზოგადოებრივი განწყობების, მათი მოსაზრებების შესასწავლად და არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ვითარებაზე დასაკვირვებლად. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ შესაძლოა ხუმრობა ფაქტებს ზედმიწევნით არ გადმოსცემდეს, ხშირად ამსუბუქებდეს ან აზვიადებდეს რეალობას, მაგრამ ხუმრობა ვერც სრულად იქნება მოწყვეტილი რეალობას, რამდენადაც სრულად მოგონილ სიუჟეტს, გაუჭირდებოდა ფართო აუდიტორიის მოცვა და ჩვენ დრომდე მოღწევა.
საბჭოთა ანეკდოტები თითქმის ყველა თემას ეხებოდა, იქნებოდა ეს რეპრესიები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის დეფიციტი, ომები, საბჭოთა ლიდერები, უმცირესობები. ყველაზე დიდი სახუმარო თემა კომუნიზმის დროს ყველა მიმართულებით არსებული დეფიციტი, პურსა და ყოველდღიურ საჭიროებებზე რიგები, ცუდი ხარისხის პროდუქცია იყო. თუმცა, ამ სახის ხუმრობებიც პოლიტიკურ ხუმრობას განეკუთვნებოდა და არა ეკონომიკურს, რამდენადაც სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა ეკონომიკას და იღებდა პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
საბჭოთა დროინდელ ხუმრობებს დიდი პერსონალური, პოლიტიკური, ინტელექტუალური და ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, პირველ რიგში, ის გვაჩვენებს იმას, რომ უბრალო ხალხმა კარგად იცოდა თუ რა „ვერ იყო რიგზე.“ ხალხი ხუმრობდა ყველაფერზე და როგორც აღვნიშნეთ, ამ ხუმრობათა შინაარსი საბჭოთა მმართველობის კურსის მიხედვით იცვლებოდა, თუმცა იგი მუდმივად რჩებოდა სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ცინიზმის გამომხატველი.
ლიტერტურაში საბჭოთა ხუმრობების ორ პერიოდს გამოყოფენ. 1928-1956 წლებში ე.წ. ტერორის დროსა და 1956 – 1985 წლებში გავრცელებული ხუმრობები. თუმცა, ცხადია ხუმრობები ამ პერიოდებამდე და მის შემდეგაც იქმნებოდა, თუმცა კონტექსტების გათვალისწინებით, საინტერესო სწორედ ამ პერიოდების მიმოხილვაა.
„ტერორის დროინდელი ხუმრობები პირდაპირ ეხება გლეხების იძულებით კოლექტივიზაციის გზით განადგურებას, გადასახლებას და განზრახ შიმშილობის შექმნას, ინჟინერთა, ინტელიგენციის, პარტიის წევრების წმენდას 1930 წლებში, ებრალეთა ანტისემიტურ დევნას, წამებას, შრომით ბანაკებს. ასევე მკაცრ შრომით კანონებს 1940-1956 წლებში“. ეს იყო დრო როცა ყველა კლასის ადამიანს ჰქონდა სათქმელი და გასაპროტესტებელი, თუმცა ნებისმიერი სახის პროტესტი თვითმკვლელობის აქტს უდრიდა. თავის მხრივ, იმის განსაზღვრა თუ რა შეიძლებოდა მიჩნეულიყო პროტესტად, სრულად ხელისუფლების დისკრეციას წარმოადგენდა. შესაბამისად, არასწორ დროსა და არასწორ ადგილას ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, შეიძლება სასიკვდილო განაჩენის საფუძველი აღმოჩენილიყო. ამის გათვალისწინებით, დუმილი საუკეთესო გამოსავლად იქცა, თუმცა არა აბსოლუტურ გარანტიად. ინტელიგენციისთვის არსებობდა დაუწერელი წესი, რაზეც ასევე გავრცელებული ხუმრობა მეტყველებს:
გამონაკლისს არც ხუმრობის გზით აზრის გამოხატვა წარმოადგენდა. ნებისმიერი ხუმრობა, რომელიც აკრიტიკებდა საბჭოთა წესრიგს, განიხილებოდა როგორც ტერორისტული აქტი და ღალატის ტოლფასი იყო. შესაბამისად, მისი გამავრცელებლები „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის“ ცნობილი და „ყოვლისმომცველი“ მუხლის (58-ე მუხლი) საფუძველზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარებოდნენ. 1935 წლის მარტში გამოცემული დირექტივის თანახმად, პოლიტიკური ხუმრობა იმდენად სახიფათოდ იქცა, რომ ფაქტობრივად სასამართლო დოკუმენტებშიც კი თავს არიდებდნენ მის ციტირებას. „მხოლოდ ყველაზე სანდო აპარატჩიკებს ჰქონდათ უფლება სცოდნოდათ ამ აზრის დანაშაულის შინაარსი და ზოგჯერ ხუმრობის მთქმელის სისხლისსამართლებრივი დევნა ისე ხორციელდებოდა რომ მისი სიტყვები ოფიციალურ სასამართლო ჩანაწერებშიც არ იძებნებოდა“. მაგალითად, ერთ-ერთი ხუმრობა სწორედ იმას ეხება თუ რამდენად საშიში იყო თავად მოსამართლეთა მხრიდანაც კი მისი გამეორება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა საუკეთესო შემთხვევაში 10 წლიანი პატიმრობა, უარესში კი სიკვდილით დასჯა, სრულებით არ აღმოჩნდა საკმარისი საბჭოთა მოქალაქეებისთვის, რომ უარი ეთქვათ ამ „კრიმინალურ ქმედებაზე“. „რაც უფრო რთულდებოდა ხალხის ცხოვრება და საჯარო მოსაზრებები უფრო ბრაზით სავსე ხდებოდა, პოლიტიკური იუმორი უფრო დიდ წონას იძენდა და ეს ძალა უფრო საშიშს ხდიდა მას“.
პოლიტიკური ხუმრობების მიმართ რეჟიმის შიშისა და მათზე რადიკალური რეაგირების თვალსაზრისით, საინტერესოა თავად ამ თემაზე გავრცელებული ხუმრობები. ერთ-ერთი ანეკდოტი მსგავს სიტუაციას აღწერს:
10 წლიანი „პრიზით“ დაჯილდოვდნენ სერგეი პოპოვიჩი და გელფმან მოისეევიჩი შემდეგი ანტისაბჭოთა ანეკდოტების გავრცელებისთვის, რაც კარგად გვაჩვენებს თუ რის გამო იჭერდნენ ადამიანებს რეალურად.
საინტერესოა, რომ იმ პერიოდში კრიმინალად გაქცევდა არა მხოლოდ ხუმრობის თქმა, არამედ მისი მოსმენაც. ერთ-ერთი გავრცელებული ხუმრობა სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება:
გასათვალისწინებელია, რომ იმ პირობებში როდესაც „კედლებსაც კი ყურები ჰქონდათ“, ძალიან რთული იყო ამ დანაშაულის არ ჩადენა. როგორი სიფრთხილის ზომებიც არ უნდა დაეცვა მთხრობელს, მას მერე რაც ხუმრობა მის ბაგეებს გასცდებოდა, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის“ ყველა მონაწილისთვის ერთადერთ გამოსავლად „ჩაშვება“ იქცეოდა. თუმცა, ეს უკანასკნელიც დასწრებაზე იყო. აღნიშნულს კარგად აღწერს ასევე გავრცელებული ანეკდოტი:
შესაძლოა სასაცილოდაც ჟღერდეს ჩვენ მიერ მოხმობილი ანეკდოტები, თუმცა გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ასი ათასობით ადამიანი თავს მხოლოდ გართობის მიზნით სწირავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 200 000 ადამიანი იყო დაჭერილი სწორედ ამ „დანაშაულისთვის“.
არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ანეკდოტების გამავრცელებლები ამ გზით საბჭოთა კავშირის დანგრევას თუ თუნდაც არსებული მდგომარეობის მცირედით გამოსწორებას ისახავდნენ მიზნად, თუმცა, როგორც მინიმუმ, ამით საკუთარ დამოკიდებულებას ცვლიდნენ რეალობის მიმართ. სწორედ ამაში მდგომარეობდა პოლიტიკური ხუმრობის პიროვნული მნიშვნელობა. ხუმრობის თქმა საშუალებას აძლევდათ „საკუთარი თავებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათ შეეძლოთ გაერღვიათ პროპაგანდის საბურველი და დაენახათ მის მიღმა არსებული რეალობა“. „სულისშემხუთველი კონფორმიზმისა და გაუთავებელი ყალბი ამბების სამყაროში, უბრალო სატირული „ეკლებიც კი“ შეიძლება იყოს ღრმად პერსონალური მტკიცება იმისა, რომ „ვხუმრობ, მაშასადამე ვარსებობ“. როგორც ჯორჯ ორუელმა აღნიშნა, ყოველი ხუმრობა პატარა რევოლუციას უდრის, თუმცა, ეს არ არის რეჟიმის დამხობისკენ მიმართული რევოლუცია, არამედ „დროებითი აჯანყებაა ღირსების წინააღმდეგ და მისი მიზანია არა ადამიანის დაკნინება, არამედ იმის შეხსენება რომ ის უკვე დაკნინებულია.“ შესაბამისად, ანეკდოტი რეალობასთან თვალის გასწორების საშუალებაც იყო, მუდმივი შემახსენებელი სიგნალი, რომ მათი მდგომარეობა სინამდვილეში სატირალია და არა სასაცილო. იმ დიდი რისკის გათვალისწინებით, რომლის გაწევაც თითოეული ანეკდოტის თქმის თუ მოსმენისას უწევდათ, როგორც მინიმუმ, სტალინის რეჟიმის დროს პოლიტიკური ხუმრობის სხვაგვარი, თუ არა პროტესტის ფორმის დატვირთვით დანახვა, ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი მიზნად აუცილებლობით რეჟიმის დამხობას ისახავდა. შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა რეჟიმს, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილში სასაცილოდ გამოჩენა, პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია ლიდერებისთვის. ამაზე მეტყველებს Draitser-ის მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ის რომ 30-40-იან წლებში ხალხს ანეკდოტების თქმის გამო იჭერდნენ მეტყველებდა არა ამ ხუმრობების პოლიტიკურ ძალაზე, არამედ საბჭოთა ხელისუფალთა არასრულფასოვნების კომპლექსზე. ერთ-ერთი ანეკდოტი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:
ამის მიუხედავად, საბჭოთა ლიდერები თავადაც ხშირად ხუმრობდნენ და ისე წარმოაჩენდნენ თითქოს საზოგადოებაში გავრცელებული პოლიტიკური სატირა მათთვისაც გართობის კარგ საშუალებას წარმოადგენდა. ამით შეიძლება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებასაც ცდილობდნენ, რომ მათ სასაცილოდაც არ ყოფნიდათ ხალხის გულუბრყვილო მცდელობები მათთვის დაეცინათ ან გარკვეული პროტესტი გამოეხატათ. გამორიცხული არც ის არის, რომ ხელისუფლებები თავად ახალისებდნენ ანეკდოტების გავრცელებას და მას იყენებდნენ როგორც საზოგადოებების განწყობების შესწავლის, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გამოვლენის საშუალებად ან თუნდაც ხალხისთვის იმ ილუზიის შესაქმნელად, თითქოს მათ შეუძლიათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ სისტემას და თავიანთ წარმოდგენებში მისი დელეგიტიმაცია მოახდინონ. თავისუფალი არჩევანის ილუზორულობაც კი „სახუმარო“ თემა იყო.
ხუმრობათა ანთროპოლოგის Alan Dundes-ის მტკიცებით, „რაც უფრო რეპრესიულია რეჟიმი, უფრო მრავლადაა პოლიტიკური ხუმრობებიც“. თუმცა, Davies-ის დაკვირვებით, შედარებით უფრო ნაკლებად მჩაგვრელი რეჟიმის დროს 1956-1985 წლებში, უფრო მეტი ხუმრობა იყრიდა თავს, რაც შეიძლება Dundes-ის მოსაზრების სიმცდარეს წარმოაჩენდეს ან მიგვანიშნებდეს სხვა გარემოებებზე. კერძოდ, Davies-ის დაშვებით, ეს გარემოებები შესაძლოა სწორედაც პოლიტიკის ცვლილებას უკვაშირდებოდეს, რამაც ნაკლებ საშიში გახადა პოლიტიკური ხუმრობის გაზიარება, დაკავების ალბათობის შემცირებითა და სასჯელის შედარებით შემსუბუქებით. მეტიც, ასევე Davies-ის დაკვირვებით, 50-იან წლებში კარგი ხუმრობის მთქმელნი, პოპულარულებიც კი გახდნენ. 1960-იანი წლების ბოლოს, გავრცელებული იყო შეკრებებზე ანეკდოტების თქმა, რაც კიდევ უფრო ღია და თვალშისაცემი იყო 70-იანების ბოლოს“.
ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროს, როდესაც ცხოვრების სტანდარტი შედარებით უმჯობესდებოდა, ამ პერიოდის ხუმრობებში უფრო თვალშისაცემია ყოველდღიურ პრობლემებზე, პროდუქციის ცუდ ხარისხზე აქცენტირება. Davies-ის მოსაზრებით, ხუმრობები სწორედ გაზრდილი მოლოდინების და შესაბამისი დაკმაყოფილების არ არსებობის შედეგი იყო.
საინტერესოა, რომ ხუმრობებში ხშირად ხდებოდა საბჭოთა კავშირისა თუ მათი ლიდერების შედარება, დასავლეთის ქვეყნებთან და მათ ლიდერებთან, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს საზოგადოების მიერ სისტემის ნაკლოვანებების გააზრებასა და მათზე ხმამაღლა საუბარს.
ასევე, საინტერესოა ერთი გავრცელებული ხუმრობა რაც კარგად წარმოაჩენს, რომ ხალხს გააზრებული ჰქონდა, რომ თავად სისტემის შიგნიდანაც კარგად იცოდნენ საბჭოთა კავშირის მანკიერებების შესახებ.
უამრავი ხუმრობა იქმნებოდა პროდუქტების დეფიციტსა და მისგან მომდინარე რიგებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბევრი ხუმრობის მოხმობა შეიძლება, რამდენადაც ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემატიკა იყო სტალინის შემდეგ პერიოდში.
მართალია ყველა მხრივ დეფიციტი იყო, თუმცა ის რომ დახლები ცარიელი იყო, აუცილებლობით პროდუქტის სწრაფად ამოწურვაზე არ მიუთითებდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ყველამ კარგად იცოდა, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი შეხვდებოდა არა იმას ვინც პირველი ჩადგებოდა რიგში, არამედ იმას, ვინც მზად იყო მეტი გაეღო მისთვის. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ნამდვილად არ იყო პროდუქტი. ამ სიტუაციას კარგად აღწერს სომხეთში მომხდარი ნამდვილი ამბავი, რომელიც ანეკდოტად ვრცელდებოდა და რომელიც დავით ზურაბიშვილმა სიღრმისეული ინტერვიუს დროს გაგვიზიარა:
დეფიციტთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა ერთი ცნობილი ანეკდოტი, რომელიც გარდა ყოველდღიური პრობლემებისა, გარკვეულწილად საბჭოთა სისტემის მდგომარეობაზეც გვაწვდის ინფორმაციას.
ამ სახის ხუმრობები გვაფიქრებინებს, რომ მის შემქმნელებს არა მხოლოდ კარგი იუმორი, არამედ ვითარების ყოველმხრივი აღქმისა და მისი მაღალინტელექტუალურად გადმოცემის უნარი გააჩნდათ. თითოეული ხუმრობა ისე იყო შედგენილი, რომ მასში არაერთი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა იყო წარმოჩენილი. თუმცა, რეალობის გააზრების მიუხედავად, სისტემა ისევ მყარად იდგა ფეხზე. ამ პარადოქსულ მდგომარეობას კარგად წარმოაჩენს შემდეგი ხუმრობა:
სხვადასხვა წყაროში ამ ხუმრობის არაერთი ვარიაცია შეიძლება ვნახოთ. თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, რამდენადაც იმ დროის რეალობას სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენს. საინტერესოა ამ ხუმრობის ერთ-ერთი ვერსიის დასასრული:
სტალინის რეჟიმითან შედარებით, მის შემდეგ პერიოდში კიდევ უფრო თამამად ვრცელდებოდა ლიდერების მიმართ დამცინავი ანეკდოტები, რაც მათ უუნარობას წარმოაჩენდა და რაც შესაძლოა საზოგადოების თვალში სწორედ საბჭოთა კავშირის სისუსტის საფუძვლადაც აღიქმებოდა. ნიკიტა ხრუშჩოვზე იყო გავრცელებული ხუმრობა, რომლის ბევრი ვარიაციაც არსებობდა.
საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერს, გორბაჩოვს, თავადაც ძალიან უყვარდა მასზე გავრცელებული ხუმრობები, რომელთაგან განსაკუთრებით ამ ერთს გამოარჩევდა:
ეს ხუმრობა, რომელსაც გორბაჩოვი თავადაც ხშირად იმეორებდა, უკვე კარგად წარმოაჩენდა რომ საბჭოთა კავშირის დღეები დათვლილი იყო და მართლაც, მისი გავრცელებიდან მალევე, ის ოფიციალურდ დაიშალა.
საბჭოთა ხუმრობების ახალი სიცოცხლე
როგორც აღვნიშნეთ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ ხუმრობებს განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა აღმოაჩნდათ. გარდა იმისა, რომ ისინი შვიდი ათწლეულის განმავლობაში ცირკულირებდნენ, ისინი დღესაც პოპულარულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
იმის გათვალისწინებით, რომ ხუმრობები მკაცრად არის დაკავშირებული კონტექსტთან, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რა განაპირობებს დღემდე მათ აქტუალობას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა გავითვალისწინოთ რომ პრობლემა არა კონკრეტულად საბჭოთა კავშირშია, არამედ ნებისმიერი ტოტალიტარული თუ ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმი ქმნის ამ სახის ხუმრობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ფორმალურად საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედვად, ბევრ მათგანში არ მომხდარა სრულყოფილი მენტალური ტრანსფორმაცია, კავშირების სრული გაწყვეტა, ინსტიტუციური რეკონსტრუქცია, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებების ნებისმიერი არადემოკრატიული ქმედება საბჭოთა კავშირის შემახსენებელი სიგნალია და ე.წ. „გამღიზიანებელს“ წარმოადგენს როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებული ხალხისთვის, ასევე მათი შთამომავლებისთვის. შესაბამისად, მაშინ როდესაც ამ სახის ქმედებები სისტემატურ ხასიათს იღებს და შეუქცევად პროცესად გადაიქცევა, თავისთავად ხდება იმ პერიოდის ხუმრობების გაცოცხლება და მცირედი მოდიფიცირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით გავრცელება.
პუტინის რუსეთში პროსაბჭოური სენტიმენტების არსებობა, რაც როგორც ხელისუფლების ქმედებებსა თუ თავად პუტინის გამოსვლებში მარტივად ამოიკითხება, ასევე არაერთხელ გამხდარა ხუმრობის საგანი. ერთ-ერთი ხუმრობის მიხედვით:
2012 წლიდან რუსეთში დაწყებული რეფორმები, რომლებიც მიმართული იყო გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ, რაც თავის მხრივ, ზოგადად ნებისმიერი სახის დებატის გაქრობას გულისხმობდა, განსაკუთრებით კი ხელისუფლების კრიტიკას და იმის გარჩევას თუ რამდენად სწორია ხელისუფლების ქმედებები ყველა მიმართულებით, არაერთხელ შეფასდა საბჭოთა კავშირში დაბრუნების საფრთხის შემცველად. ამ პოლიტიკის „მიღწევად“ შეიძლება ჩაითვალოს რუსულ საზოგადოებაში იმ აზრის დომინირება, რომ პუტინმა ყველაფერი იცის, ის შეუცდომელი და უძლეველია.
საბჭოთა კავშირის უძლეველობის შესახებ პროპაგანდა რომ სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, იმ პერიოდში გავრცელებული ხუმრობით კარგად ჩანს, რომელიც ზუსტად ემთხვევა პუტინის რუსეთის პროპაგანდისტულ გზავნილებს.
როგორც ჩანს ეს ხუმრობა თავად პუტინსაც ძალიან უყვარს და სპეციალურად მოამზადა 2016 წელს გეოგრაფიის მოსწავლეთათვის სატელევიზიო დაჯილდოების დროს სათქმელად. მან, მის მიერ 9 წლის მოსწავლისთვის დასმულ კითხვაზე „თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები“? თავადვე გასცა პასუხი: „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“. მართალია პუტინმა თავადვე დააყოლა, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა, მისი ქმედებები, მისი ამბიციების შესახებ საპირისპიროზე მეტყველებს. საზღვრების კონტექსტში, უკრაინაში რუსული აგრესსის შემდეგ ასევე გაცოცხლდა და მოდიფიცირდა საბჭოთა ხუმრობა:
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამ, საბოლოოდ გააქრო სივრცე არა მხოლოდ კრიტიკული მოსაზრებების, არამედ ზოგადად აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, რამდენადაც არავინ უწყის თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად თუ გამონათქვამად.
რუსეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს წარმოადგენს რიაზანის ოლქის მკვიდრი ვასილ ბოლშაკოვის საქმე. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სოციალურ ქსელში (Vkontakte) გამოქვეყნებული ხუმრობის გამო რუსეთის არმიის განმეორებითი „დისკრედიტაციისთვის“ (რფსსკ-ს 280.3-ე მუხლი). პირველ შემთხვევაში, რომელიც ასევე ამავე პლატფორმაზე მთავრობისთვის მიუღებელი კომენტარის დაწერას გულისხმობდა, ბრალდებულს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდეს (30 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა). ანეკდოტი, რომელმაც ის შეიძლება საბოლოოდ კრიმინალად აქციოს, 2022 წლის 9 ნოემბერს ხერსონიდან ჯარების გაყვანის თაობაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბრძანებას ეხმიანება. ბოლშაკოვი მოვლენათა განვითარებას შემდგენაირად გამოეხმაურა:
რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“ კიდევ ერთი გახმაურებული საქმე 2022 წლის დეკემბერში სკოლის მოსწავლის მიერ ხელოვნების გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატის (რომელზეც გამოსახული იყო რუსულ-უკრაინული დროშები და დატანილი იყო წარწერა: „არა ომს“ და „დიდება უკრაინას“) დახატვისთვის მისი ერთადერთი მშობლის დაპატიმრებას ეხება. ტულას რეგიონის მკვიდრს, ალექსეი მოსკალევს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მისი 13 წლის ქალიშვილი კი ბავშვთა სახლში გააგზავნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასჯელის შეფარდებამდე ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. თუმცა, მალევე მინსკის ტერიტორიაზე დააკავეს.
იმას, რომ დღევანდელ რუსეთში ნებისმიერი სიტყვა, ნახატი, თუ უბრალოდ საეჭვო საქციელიც საფრთხის შემცველია, ადასტურებს ომიდან ერთი თვის თავზე რუსეთში ცარიელი ფურცლის ჭერისთვის მოქალაქეების დაპატიმრების ფაქტები. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ „წარმატებით განხორციელებულ რეფორმების“ გზას საქართველოც დაადგა და ბევრ სხვა საკანონმდებლო ცვლილებასა თუ ცვლილებების მცდელობებთან (მაგალითად „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი) ერთად, ცარიელი ფურცლის ჭერისთვის საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი მოქალაქეც დააკავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში მოქალაქეები სწორედ მთავრობის ხელმძღვანელის მიერ კრემლის რიტორიკის გაძლიერებასა და ანტიდასავლურ კურსს აპროტესტებდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ომამდე რუსეთში (თუ რუსეთზე) პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ხუმრობა, რომელიც მორგებული იყო თანამედროვეობას და შესაბამისად შეცვლილი იყო მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის სახელი (დონალდ ტრამპით). ორიგინალი ხუმრობა ასე ჟღერდა:
თუმცა, ცარიელი ფურცლის ჭერისთვის მოქალაქეების დაკავების მაგალითები, გვაფიქრებინებს, რომ ეს ხუმრობა გარკვეულწილად კარგავს აქტუალობას და შექმნილ ვითარებას, უფრო მეტად უხდება ჩვენ მიერ ზევით განხილული საბჭოთა ხუმრობა, რომლის მიხედვითაც კგბ-მ უსიტყვოდაც კარგად იცოდა თუ რისი თქმა უნდოდა მოქალაქეს, როცა მან უბედურ ცხოვრებაზე დაიწუწუნა.
რუსეთში გამოხატვის ყველა ფორმის შეზღუდვის პირობებში, ისევე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, გასაკვირი არ არის, რომ პროტესტის თუ უბრალოდ დამოკიდებულების დაფიქსირების მთავარ იარაღად ისევ ხუმრობები იქცა. თუმცა, შეიცვალა ამ ხუმრობების გავრცელების ფორმაც და სოციალურმა ქსელებმა ის უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი ხუმრობაც კი გვხვდება:
პუტინის სტალინთან შედარება განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ რაც 2022 წლის 21 თებერვალს, უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლებთან პუტინის შეხვედრა მედიით გაშუქდა. პუტინმა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს სერგეი ნარუშკინს, რომელიც „დასავლეთისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას ითხოვდა“, შეაწყვეტინა და ასე ვთქვათ თავად მას მისცა კიდევ ერთი შანსი გამოესწორებინა მის მიერ რამდენიმე წამის წინ ნათქვამი. ამ ფაქტის შემდეგ ცნობილი საბჭოთა ხუმრობა, რომელიც სტალინზე იყო, მოდიფიცირდა და სტალინის ნაცვლად პუტინზე გადაკეთდა.
აშკარაა, რომ ისტორია მეორდება და დღევანდელი მდგომარეობა არც ისე კარგად დავიწყებული ძველია. შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის შეხსენება და კარგად გაცნობიერება თუ რა იყო საბჭოთა კავშირი. ამაში კი ხუმრობები საუკეთესოდ გვეხმარება, რადგან წარმოაჩენს საზოგადოების აღქმებს, დამოკიდებულებებს და შეულამაზებელ რეალობას. და რადგან ისტორია მნიშვნელოვნად მეორდება, საინტერესოა გავიხსენოთ გორბაჩოვის ფავორიტი ანეკდოტი, რომელიც მას ეხებოდა და რომლის გავრცელებიდან მალევე, საბჭოთა კავშირიც დაიშალა. მისი გახსენება იმიტომ არის საინტერესო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ისევე როგორც ბევრმა სხვა საბჭოთა ხუმრობამ, მანაც, მთავარი პერსონაჟის ცვლილებით, ახალი სიცოცხლე შეიძინა.
როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, საბჭოთა კავშირი არ დაშლილა ამ ანეკდოტების გამო, მაგრამ სწორედ ეს ანეკდოტები გვაჩვენებს თუ როგორ ნელ-ნელა ნადგურდებოდა ყველაფერი რაზეც ის იდგა და ასევე, აჩვენებს იმას თუ რატომ არ უნდა გვინდოდეს უკან - საბჭოთა კავშირში.
როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, პროცესშიც კი არავის წარმოედგინა, რომ ეს ხდებოდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც სრული სურათი სახეზეა, ამ ხუმრობებზე დაკვირვებული, მახვილი თვალი კარგად შენიშნავს, რომ რეჟიმი შიგნიდან წვეთწვეთობით ლპებოდა და მისი გადაშენება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ისევე, როგორც დროის საკითხია, მისი სამართალმემკვიდრე რუსული რეჟიმის დასასრული.
დასასრულს, მკითხველს ვთავაზობთ გაიღიმოს დღევანდელ რეალობაში უკვე კარგად გავრცელებულ ხუმრობაზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პრიგოჟინის ამბოხის შემდგომ:
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.