სასამართლოს ღიაობა და გამჭვირვალობა - ახირება თუ მართლმსაჯულების აუცილებელი პირობა?!
„აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება!“ - ასე აუწყებს საქართველოში სასამართლოს მდივანი მოსამართლის მოახლოებას დარბაზში მსხდომ იმ პირებს, რომლებიც ამ სიტყვებამდე, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ სასამართლოში თავად მიბრძანდნენ. დარბაზში კი შემობრძანდება მანტიაში გამოწყობილი მოსამართლე და შესაბამისად, დაანონსებული სასამართლო, რომელმაც, არც მეტი და არც ნაკლები, მათ შორის წარმოშობილი დავა საქართველოს სახელით უნდა გადაწყვიტოს.
მართლაც, სასამართლო არ არის უბრალოდ შენობა ან რამდენიმე კვადრატული მეტრის მქონე დარბაზი, რომ მისი ღიაობა კარის დაკეტვა-გაღებით განისაზღვრებოდეს. სასამართლოს დარბაზში გადმონაცვლება მხოლოდ თანამედროვეობის მოვლენაა, რომლის წინამორბედიც დავის ღია (უკარო) სივრცეში, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მათი თანდასწრებით გადაწყვეტა იყო. შესაბამისად, ინტუიციურადაც მისახვედრია, რომ მხოლოდ დარბაზის კარის გაღება და შეზღუდული აუდიტორიისთვის რამდენიმე სკამის შეთავაზება, ამ ტრადიციის ღირსეულად გასაგრძელებლად არასაკმარისი პირობაა. ფოტო/აუდიო/ვიდეოგადაღებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა, გარკვეულწილად, აქრობს სივრცით შეზღუდულობას, და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პროცესის სრულყოფილად გაშუქების შემთხვევაში, ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, უპრეცედენტოდაც კი აფართოებს აუდიტორიას, თუმცა საინტერესოა, არის, თუ - არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლოს ღიაობის პრინციპი დაცულად მივიჩნიოთ.
ღია პროცესზე დაკვირვება ნამდვილად მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ, რა უთხრეს პროცესში მონაწილე პირებმა (როგორც მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა, ისე მოწმეებმა, ექსპერტებმა) ერთმანეთსა და სასამართლოს და პირიქით, რას და ვის ეკითხებოდა, რა ფორმით აკეთებდა ამას და საბოლოოდ, რა უთხრა სასამართლომ მხარეებს. თუმცა, გარდა იმისა, რომ თითქმის წარმოუდგენელია ყველა სხდომის გაშუქება, მასზე დასწრება და მისი ამ ფორმით ზედმიწევნით მონიტორინგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთ ღია პროცესზეც კი შეუძლებელია დეტალურად მოვისმინოთ არგუმენტაცია, თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ, სწორედ ასე დაესრულებინა ხანგრძლივი განხილვა და რატომ გამორიცხა მის მიერ მოსმენილი დავის ყველა სხვა გადაწყვეტა.
შესაბამისად, სასამართლოს ღიაობის პრინციპი რამდენიმე ფუნდამენტურ მდგენელად შეიძლება დავშალოთ. ერთი მხრივ, ეს არის თავად სასამართლოს პროცედურების, მთლიანი პროცესის ღიაობა. მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესის საბოლოო პროდუქტისა და იმ არგუმენტაციის ღიაობა, რამაც განაპირობა ეს კონკრეტული შედეგი და რაც პრაქტიკაში წერილობითი ფორმით ქვეყნდება. ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი და სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის იმგვარად, რომ დავის მონაწილე მხარეებისთვის, მედიისთვის, სამართლებრივი მკვლევრებისთვისა და ნებისმიერი პირისთვის შესაძლებელი იყოს სამართლის სახელით განხორციელებულ ყველა აქტივობაზე მსჯელობა, მათ შორის, კრიტიკული პოზიციის გამოხატვა.
სასამართლოს ღიაობის მოთხოვნა არ არის მხოლოდ მხარეთა ან საკითხით დაინტერესებულ პირთა ახირება. ადამიანებს (იმათაც კი, რომლებსაც შეიძლება უშუალოდ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ და მის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყონ), განსაკუთრებით კი, დავის მხარეებს, სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რა ფაქტორების (ობიექტური თუ სუბიექტური) ერთობლიობამ განაპირობა ეს შედეგი. მათ ეს სჭირდებათ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობასა და უალტერნატივობაში დასარწმუნებლად და იმისთვის, რომ ნებისმიერი სხვა მოსამართლე, რომელიც აკმაყოფილებს სასამართლოს, როგორც მთლიანი ინსტიტუტის, წარმომადგენლობისთვის კონსტიტუციით დადგენილ უმაღლეს სტანდარტებს, სწორედ იმგვარად გადაწყვეტდა ამ დავას, როგორც ეს ამ პროცესზე შემთხვევითობის პრინციპით შემობრძანებულმა მოსამართლემ გააკეთა. დამკვირვებელს ეს ინფორმაცია სჭირდება იმის განსასაზღვრად, თუ, ზოგადად, რამდენად სანდოა მათ თვალში სასამართლო და იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად უღირთ, მოუსმინონ და დაემორჩილონ მის სიტყვას. ამასთანავე, გაზრდის მათ მზაობას, რომ მომავალ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ინფორმირებული შეხვდნენ და საკუთარი ქცევაც შესაბამისად განსაზღვრონ.
თუმცა ზემოთ განხილულში დასარწმუნებლად, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მთლიანი პროცესის მიმართ ნდობის ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის სრულ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მაინც არასაკმარისი პირობაა. ეს მხოლოდ შემადგენელია მთლიანად სასამართლოს სისტემის ფუნქციონირებისა, რომელსაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს ინდივიდუალური საქმის მიმდინარეობაზე. სასამართლო სისტემა უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე, რაც გულისხმობს თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე დაკვირვებისა და იმ სახის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, როგორიცაა: ვინ არის საქმის განმხილველი მოსამართლე; როგორ მოხვდა ის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; როგორ და რატომ დაეწერა მას კონკრეტულად ეს საქმე; ვის წინაშე და რა ფორმით არის სასამართლო ანგარიშვალდებული; როგორია როგორც ამ ერთი მოსამართლის მიდგომა, ისე, ზოგადად, მთლიანი სასამართლო სისტემის პრაქტიკა მსგავს დავებთან დაკავშირებით და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ მისი კონსტიტუციური როლის განხორციელებას.
სასამართლოს ღიაობის პრინციპი ერთ-ერთი უძველესია. მე-18 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯერემი ბენთამის, ცნობილი სიტყვები რომ მოვიხმოთ: „საიდუმლოების წყვდიადში ბოროტი ინტერესი და ეშმაკი ყოველმხრივ თავისუფალია. მხოლოდ საჯაროობის პროპორციულად არის შესაძლებელი სასამართლოს უსამართლობის მაკონტროლებელი მექანიზმების მოქმედება. იქ, სადაც არ არის საჯაროობაა, არ არის სამართლიანობა. საჯაროობა არის სამართლიანობის სული.“
ღიაობა და გამჭვირვალობა, თუნდაც ის ამხელდეს სასამართლოს სისტემაში არსებულ მანკიერებებს, სისტემურ პრობლემებს, მთლიანი ინსტიტუტისა თუ ცალკეული მოსამართლეების მიკერძოებულობასა და დამოუკიდებლობის არარსებობას, საბოლოო ჯამში, მაინც სასამართლოს გაჯანსაღების საწინდარია, რამდენადაც „მზის შუქი ერთ-ერთი საუკეთესო დეზინფექტანტია“. ამასთან, საინტერესოა აკადემიურ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ, სხვა ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სასამართლოს ისტორიული და ნაგულისხმევი როლი სამართლიანობის უზრუნველყოფაში, მისი სიმბოლოების ზემოქმედება, რომლებიც მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება, იწვევს მოქალქეების „პოზიტიურ მიკერძოებას“ ამ ინსტიტუტის მიმართ და შესაბამისად, ადამიანების გულისა და გონების მოგების გზაზე, უკეთეს პოზიციაში აყენებს. თუმცა, ამ სახის მიკერძოებულობამაც კი შეიძლება ვერ უშველოს უკიდურესად ჩამოშლილ სასამართლო სისტემას და მისმა ლუსტრაციამ, როგორც მინიმუმ, მოკლევადიან პერსპექტივაში ბეჭედი დაასვას სასამართლოს მიმართ უნდობლობის განმტკიცებას. შეიძლება უტყუარად ვერც გრძელვადიანი განვითარება ვიწინასწარმეტყველოთ, თუმცა გამჭვირვალობის თანმდევი სიკეთეების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სწორედ სასამართლოსა და ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად ქცევასა და საზოგადოების მხრიდან მის ასეთად აღქმას, მისადმი ნდობისა და პატივისცემის გაჩენას უნდა ველოდოთ.
რა გვაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს და რა არის ის თანმდევი სიკეთეები, რომლებიც ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ და აუცილებელ წინაპირობად აქცევს?
სასამართლოს საჯაროობის უპირატესობა, პირველ რიგში, თავად დავის მხარეების ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებს და შემდეგ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსამართლეების. ეს ყოველივე კი, საბოლოოდ, მთლიანად მართლმსაჯულებასა და შესაბამისად, ფართო საზოგადოებაზე დადებითად აისახება.
დავის მხარეებმა, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის პროცესში - ბრალდებულებმა, იციან, რომ პროცესის საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოქცევა დადგენილი პროცედურების დაცვის გარანტიას იძლევა და მისგან გადახრები მარტივად გახდება ცნობილი. ეს კი, თავის მხრივ, იცავს მათ სასამართლოს მხრიდან თვითნებური, უსამართლო ან არარეგულარული სამართალწარმოებისგან.
ათასობით თვალის გარემოცვაში, პროცესის ყველა მონაწილე: დავის მხარეები, მათი ადვოკატები, მოწმედ გამოძახებული პირები, ექსპერტები, თუ სხვები - თვითშეზღუდვის რეჟიმში არიან. იციან რა, რომ მათ ათასობით ყური და ათასობით თვალი აკვირდება, იაზრებენ, რომ მათ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა, შეიძლება, მართლაც მათ წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. საჯაროობის პირობებში ტყუილი ისტორიის, ფაქტის, ან დასკვნის, მათ შორის, ადვოკატების არაეთიკური ქცევის გამომჟღავნების ალბათობა იზრდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე, რეპუტაციული ზიანი. შესაბამისად, თითოეული მონაწილე იძულებული ხდება, რომ იყოს უფრო ფხიზლად თავის პასუხისმგებლობასა და ფუნქციების მნიშვნელობასთან მიმართებით.
ამასთან, როგორც ბენთამი აღნიშნავს, საჯაროობა განსაკუთრებით ეფექტიანი და შეუცვლელია თავად მოსამართლის კონტროლის მხრივ, რათა არ დაუშვას არც ერთი სახის შეცდომა, ინტელექტუალური თუ მორალური. საჯარობაა არის ფხიზლად ყოფნის სტიმული და არაპატიოსანი ქცევისგან დაცვის ყველაზე სარწმუნო საშუალება. შესაბამისად, ღიაობა, ერთი მხრივ, განსჯის დროს მოსამართლეს იცავს საკუთარი თავისგან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი რეპუტაციის დაცვის გარანტიასაც წარმოადგენს (თუ, რა თქმა უნდა, ამის საფუძველს მისი ქმდებები იძლევა). ამ დამცავი საშუალების გარეშე, მოსამართლის რეპუტაცია ცილისწამების მიმართ მოწყვლადი ხდება.
ჩაკეტილ, დახრულ კარს მიღმა დარჩენილ გარემოში, შეიძლება მოსამართლემ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასთან, რამდენადაც მას არ აქვს მოტივაცია, ყოველდღიურად ამტკიცოს, თუ რამდენად შეეფერება დაკავებულ თანამედებობას და რამდენად ღირსეულად იცავს მოსამართლის მანტიას. ღიაობა აიძულებს მოსამართლეებს, ჩვევად აქციონ მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. იმ მოლოდინით განმსჭვალული მოსამართლე, რომ მის ქმედებებს აკვირდებიან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პროფესიულ წრეებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში განიხილავენ, მეტად არის ორიენტირებული ხარისხზე. ამ უკანასკნელში კი, პირველ რიგში, იმ სახის საჯარო პროდუქტის შექმნა იგულისხმება, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და იმგვარად ცხადად და ამომწურავად განმარტავს და იყენებს კონკრეტულ ნორმატიულ წესს, რომ სამართლებრივ ნიუანსებში გაურკვეველი ადამიანისთვისაც კი არ ტოვებს კითხვებს. ამ სახის პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი როლი კანონის განსაზღვრულობის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე სასამართლოს საგანმანათლებლო ეფექტიც ხელშესახებია. ის, გარკვეულწილად, ითავსებს სკოლის ფუნქციასაც, რომლისგანაც საზოგადოება სწავლობს სახელმწიფოსა და კანონების შესახებ, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს. კანონმდებლობის შინაარსისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანად განსაზღვრავს ინდივიდის ქცევას. მათ შორის, გამჭვირვალე გადაწყვეტილებები კანონმორჩილი საზოგადოების ფორმირების განმაპირობებელიც შეიძლება გახდეს, რამდენადაც გამჭვირვალობა ერთგვარ გადათქმევინების ეფექტს ასრულებს. მას შეუძლია შეაჩეროს არასათანადო და არაეთიკური ქცევა, რადგან ინდივიდებმა თუ ორგანიზაციებმა იციან, რომ მათი ქმედებები შეიძლება დაექვემდებაროს ფართო საზოგადოების განხილვას.
კარგად დასაბუთებული და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანესია ასევე სასამართლოს ეფექტიანობისთვის. კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით, მათ შორის, ადვოკატების მიერ მათი სტრატეგიის შედეგების განჭვრეტადობის ზრდით, მცირდება მომავალში მსგავსი საკითხების ხელახლა განხილვის აუცილებლობა, რაც ზოგავს როგორც მხარეების, ასევე სასამართლოს რესურსს და იცავს ამ უკანასკნელს გადატვირთვისგან. ამასთან, გამჭვირვალე და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მკაფიო დასაბუთებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით, ნაკლებად საჩივრდება. ეს კი, ერთი მხრივ, ზემდგომი სასამართლოების დატვირთვას ამცირებს, მეორე მხრივ, ხელს უწყობს საბოლოო პროდუქტის დაჩქარებულ წარმოებას. თავის მხრივ, როდესაც მხარეებს არ რჩებათ კითხვები გადაწყვეტილების დასაბუთებისა და სამართლიანობის შესახებ, ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილი, რომ დაემორჩილონ მას, რაც გადაწყვეტილების აღსრულებადობას უზრუნველყოფს.
ამასთან, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სრულად და სისტემურად გამოქვეყნება და მათი შეუფერხებლად ხელმისაწვდომობა. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი იმის ანალიზი და კონტროლი, თუ რამდენად არის სასამართლოს გადაწყვეტილებები დადგენილი სტანდარტებითა და პრინციპებით ნაკარნახევი და არა - პირადი პრეფერენციებით. იმ ინფორმაციის შერჩევით კონტროლს, რომელიც ხალხის საკუთრებას წარმოადგენს, შეუძლია ძირი გამოუთხაროს თანმიმდევრულობასა და სამართლიანობას. სასამართლო ხელისუფლების მიერ მართული შერჩევითობა ასუსტებს საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას, აქრობს მოსამართლის სტიმულს, იმოქმედოს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ხელსაყრელ პირობას ქმნის მიკერძოებულობისა და არაანგარიშვალდებულებისათვის.
შეჯამებისთვის, ღია და გამჭვირვალე სასამართლოს თანმდევ სიკეთედ შეიძლება განვიხილოთ მონაწილე პირების პასუხისმგებლობის ზრდა და მათი როლის გააზრება, განსაკუთრებით, მოსამართლეთა მხრიდან მათი კონსტიტუციური როლის სათანადო აღქმა და პრაქტიკაში განუხრელი განხორციელება, რაც, საბოლოოდ, ზრდის ცალკე აღებულ საქმეზე სამართალწარმოების, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების ხარისხს. ეს კი, თავის მხრივ, სასამართლოს ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა.
გადაწყვეტილებებზე სრული და სისტემური ხელმისაწვდომობა, პროცესების შეუფერხებელი და თანიმიმდევრული მონიტორინგის შესაძლებლობა არის შეუცვლელი წყარო დაინტერესებული პირებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად. აკადემიის, პროფესიული წრეების, ხელისუფლების დანარჩენი შტოების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული კვლევების უპირველესი ბენეფიციარი, ისევ და ისევ, სასამართლო ხელისუფლება და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაა. ამ სახის კვლევები იძლევა პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და, გამოწვევებზე საპასუხოდ, ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ღიაობა არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან აბსოლუტურ უშეცდომობას. თუმცა, გამჭვირვალე პროცესისგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის გაცილებით რთული მისაღებია შეცდომა, თუ მას პროცესზე დაკვირვება აკრძალული აქვს. ამასთან, ღიაობა, როგორც მინიმუმ, გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ შეცდომები, მიკერძოების ფაქტები იდენტიფიცირებული იქნება და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. შესაბამისად, გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეებსა და მთლიანად სასამართლო სისტემას მეტად ანგარიშვალდებულს ხდის და უზუნველყოფს სასამართლოს მიმართ ძლიერი ნდობის ჩამოყალიბებას, რაც ფუნქიონირებადი სამართლებრივი სისტემისთვის აუცილებელია.
ამასთან, საინტერესოა, რომ სასამართლოს ღიოაბას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „საზოგადოების თერაპიულ ღირებულებას“. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელ დანაშაულზე მართლმსაჯულების ღია პროცესი მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ როლს ასრულებს საზოგადოების წუხილისგან, მტრობისა და ემოციებისგან დასაცლელად. „ეს ეფექტი კი სიბნელეში ვერ მიიღწევა, რამდენადაც საზოგადოების კათარზისი შეუძლებელია, თუ მართლმსაჯულება „კუთხეში [ან] რაიმე ფარული სახით აღსრულდება“.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიკეთის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ღიაობასა და გამჭვირვალობას თავისი ფასი აქვს. კეროდ, ის ხშირად უპირისპირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, უსაფრთხოებასა და სხვა სიკეთეებს. ამ სახის კონფლიქტები, ბოლო პერიოდში, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, იზრდება საჯაროობის ფასი და მასზე შეზღუდვების დაწესების ცდუნებაც.
ხსენებულ ინტერესებს შორის შესაბამისი ბალანსის პოვნა მთავრობებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ის, რომ საქართველოს შემთხვევაში ამ სახის ბალანსი, წლებია, რაც ღიაობის საზიანოდ არის დარღვეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაც დადასტურებული ფაქტია.
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
„მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური სარჩელების საპასუხოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და შეაფასა საერთო სასამართლოების სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული პრაქტიკა და მისი სამართლებრივი მოწესრიგების საკითხი. თუმცა, სასარჩელო დავის ფარგლების გათვალისწინებით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ ღია სხდომაზე მიღებულ სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში იმსჯელა.
2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ პრობლემურია სასამართლოს გადაწყვეტილებების ღიაობის საკითხი, რამდენადაც კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისითვის გაცემისას, პერსონალური მონაცემების დაცვის სასიკეთოდ, საქართველოს კანონმდებლობა არაკონსტიტუციურ ინტერესთა ბალანსს ადგენს. მათ შორის შესაბამისი მოქნილი მექანიზმების არარსებობის პირობებში, საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია იმ პირობებშიც, როდესაც უშუალოდ პირს, ვის შესახებაც არის ეს ინფორმაცია, გაცნობიერებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებით უარი არ აქვს ნათქვამი მის დაცვაზე, არ გააჩნია ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის ინტერესი და მეტიც, სურვილი აქვს, რომ საზოგადოება გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. სასამართლომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ასეთ შემთხვევაში ზღუდავს სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობას, არაკონსტიტუციურად მიიჩნია, რამდენადაც ის იმაზე მეტი ინტენსივობითა და მოცულობით ზღუდავდა საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ამასთან, სასამართლომ ცალკე იმსჯელა იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მოცემულია სასამართლო აქტებში, აქვს მის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი. სასამართლოს განმარტებით, ამ სახის ინტერესის არსებობა, ინფორმაციის დაფარვისა და საზოგადოების შეზღუდვის ავტომატურ საფუძველს არ წარმოადგენს. სწორედ ამ ვითარებაში წარმოიქმნება უფლებებს შორის კონფლიქტი და ჩნდება მათ შორის გონივრული ბალანსის პოვნის საჭიროება. კერძოდ, ამ კონფლიქტში ერთ მხარეს გვაქვს პირის უფლება, რომ მიიღოს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია, მეორე მხარეს კი - პირის უფლება, რომ არავისთვის არ გახდეს ხელმისაწვდომი მის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამ ორ ინტერესს შორის გონივრული ბალანსის დასადგენად, სასამართლოს მოუწია თითოეულ მათგანზე სიღრმისეული მსჯელობა. ამ მხრივ, წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს პოზიცია სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობასთან, როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ინტერესთან, დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვა, რომ მართლმსაჯულების ფარგლებში მიღებული აქტები საჯარო დაწესებულებებში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციაა, რომლის ღიაობის, გამჭვირვალობის გარანტიას კონსტიტუცია განსაკუთრებულად იცავს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სასამართლოში საქმის განხილვის ზოგად წესად ადგენს ღია სხდომას და ამ წესის შეზღუდვას მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში ითვალისწინებს.
სასამართლოს განმარტებით, „ამგვარი კონსტიტუციური გადაწყვეტა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მართლმსაჯულების გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის სამოქმედო პრინციპად განიხილავს“, რაც არ არის შემთხვევითი და მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასთან, სასამართლოს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებასთან.
ამასთან, სასამართლომ გამჭვირვალობის, მართლმსაჯულების სისტემის ანგარიშვალდებულების, მასზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობის საზიანოდ მიიჩნია პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით, სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. სასამართლოს განმარტებით, სწორედაც რომ ხშირად ამ სახის ცალკეული მონაცემი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი სრულყოფილი შეფასებისთვის, მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა თუ შერჩევითი მართლმსაჯულების არარსებობის შესახებ რწმენის ჩამოსაყალიბებლად.
როგორც ზევით განვიხილეთ, სასამართლომაც გაუსვა ხაზი სასამართლოს პროცესის ღიაობისა და სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მრავალმხრივ მნიშვნელობას, მის როლს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში. ასევე, გამოკვეთა საჯაროობის უმთავრესი დანიშნულება როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში, ისე თითოეული ნორმატიული რეგულაციის შინაარსისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ინდივიდებისთვის ცხადი და გასაგები ინფორმაციის მიწოდებაში.
თავის მხრივ, სასამართლომ იმსჯელა საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ორგანულად უკავშირდება პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიას. ამასთან, მხედველობაში მიიღო, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიემართება ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხაზი გაუსვა, რომ, როგორც წესი, მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ხარისხი შედარებით დაბალია და ვერ გადაწონის სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობის აღმატებულ კონსტიტუციურ ინტერესს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ არსებობდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის შინაარსისა და გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაცია იმდენად ნეგატიურ გავლენას ახდენდეს პირადი ცხოვრების უფლებაზე, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ბალანსი სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის სასარგებლოდ გადაიხაროს. ასეთ სიტუაციებს კი ინდივიდუალური მიდგომა და სათანადო განხილვა სჭირდება, რის შესაძლებლობასაც, „განსაკუთრებულ“ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით, სადავო ნორმები არ იძლეოდა, რადგანაც ბლანკეტურად ზღუდავდა ხელმისაწვდომობას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობის ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატებოდა პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს.
რაც შეეხება „ჩვეულებრივი“ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჯაროებას, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ პერსონალური მონაცემების სასარგებლოდ დადგენილი პირველადი ბალანსი, რომელიც მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში ითვალისწინებს გასაჯაროებას და ამისთვის დაინტერესებულ პირს გამორჩეული ინტერესის არსებობის დამტკიცებას ავალდებულებს, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგს. კერძოდ, დაინტერესებულ პირს აკისრებდა მომეტებული ინტერესის დასაბუთების მოთხოვნას, რაც, ერთი მხრივ, ხშირად შეუძლებელია თავად იმ გადაწყვეტილებისა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების გაცნობის გარეშე და მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილებების შემთხვევითი პრინციპით კონტროლის შესაძლებლობას, შესაძლო გადაცდომების, გარკვეული მიკერძოების ტენდენციებისა თუ შერჩევითი მართლმსაჯულების ეფექტიან საზოგადოებრივ ზედამხედველობას.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, 2020 წლის პირველ მაისამდე გადადო, საქართველოს პარლამენტს ამ მნიშვნელოვანი საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოწესრიგება დაავალა და პრობლემის გადაწყვეტის გარკვეული ხედვაც წარმოადგინა. კერძოდ, სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია ცალკეული კატეგორიის ინფორმაციასთან დაკავშირებით არსებული პირველადი ბალანსის შენარჩუნება, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, უშუალოდ სუბიექტის ნების გარეშე, არ გაიცემა სასამართლო აქტებში ასახული პეროსნალური მონაცემები. ასეთი რეჟიმის დაწესება შესაძლებლად მიიჩნია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება ინფორმაციის შინაარსის, სუბიექტების, გასაჯაროების ფორმის, ვადის, მეთოდისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ინტენსიურ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, აუცილებელია, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, მხედველობაში მიიღება კონკრეტულ საქმეზე მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გადასწონის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა მოქნილი სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე. მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროობის საკითხით დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნამდე გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, გამორკვეული იქნება მონაცემთა სუბიექტის ინტერესი მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ. ამგავრი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ღიაობის საკითხი ამ ორი ინტერესის დაბალანსების შედეგად გადაწყდება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ღიაობის პრეზუმფცია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი როლიდან გამომდინარე, უნდა დაიძლიოს მაშინ, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია უმაღლესი ღირებულებების შესანარჩუნებლად, რომელიც აღემატება დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლებით გარანტირებულ სიკეთეს და ვიწროდ არის მორგებული ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ამ მითითების მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკა, ამ ღირებულების დაცვის მიმართ, ჯერაც ყრუა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ოთხი წელი გავიდა, თუმცა მის აღსასრულებლად ეფექტიანი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 13 ივნისის ცვლილებებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს დაემატა ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის სათანადო ვებგვერდზე გამოქვეყნებას ითვალისწინებს. თუმცა საყურადღებოა რამდენიმე შეზღუდვა. პირველ რიგში, ამ სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა თუ გამოქვეყნება დამოკიდებულია ამ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, რაც დროში გაწელილი პროცესია. ამასთან, ქვეყნდება მხოლოდ დეპერსონალიზებული ტექსტი. ინფორმაცია, რომლის სრული დეპერსონალიზაციაც უნდა მოხდეს, თავად კანონით არის განსაზღვრული. მართალია ეს ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, თუმცა, ის მაინც არ არის ამომწურავი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩება უფლებამოსილება, განსაზღვროს სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამასთან, ამ ჩანაწერის ამოქმედების თარიღად 2024 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული. გასათვალისწინებელია, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, იცვლება ეს წესიც, კერძოდ, საჯაროობა აღარ არის დაკავშირებული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტთან, არამედ ნებისმიერი სასამართლო აქტი მისი მიღებისთანავე უნდა გამოქვეყნდეს, რაც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. თუმცა კომისიამ ასევე განაცხადა, რომ დაკვირვებას საჭიროებს ის, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ეს გაუმჯობესებები და რამდენად იქნება თავიდან აცილებული პრაქტიკული დაბრკოლებები სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების გზაზე.
***
გარდა იმისა, რომ ამ საკანონმდებლო გაუმჯობესებების პრაქტიკული განხორციელება შეიძლება სათუო გახდეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას სრულად არ იზიარებს, რამდენადაც სასამართლო აქტებში პერსონალური მონაცემების დაფარვა, ხშირ შემთხვევაში, ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის ხელისშემშლელი გარემოებაა.
სამწუხაროდ, ამ სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, კვლავ გარკვეული ორგანიზაციების ახირებად აღიქმება, მისი დაფარვა კი, ისევე, როგორც მთლიანად სისტემის გაუმჭვირვალობა, სასამართლოს მხრიდან მისი დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლის სტრატეგიად არის წარმოჩენილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ, როგორც უნდა აშიშვლებდეს ღიაობა და გამჭვირვალობა სისტემას, ის, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის მაინც შეუცვლელი მექანიზმია. შესაბამისად, ღიაობა და გამჭვირვალობის მოთხოვნა, თუნდაც ეს ახირებად გვეჩვენებოდეს, ვერ იქნება ვინმეს თვითმიზანი, რადგან ღიაობისა და გამჭვირვალობის ამოქმედების შემდეგ, მათი თანმდევი პროცესები დამოუკიდებლად აგრძელებს მართლმსაჯულების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სიკეთის მოტანას.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.