პუბლიკაციები

სამართლებრივი კონსტიტუციონალიზმი საკონსტიტუციო კონტროლის ერთი სასამართლო ინსტიტუტის გარეშე

საკუთარი წარმატების მსხვერპლი

კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართალი, სამართლებრივი კონსტიტუციონალიზმის საკვანძო იდეაა. სწორედ მის განხორციელებაზე არის დამოკიდებული კონსტიტუციონალიზმის ყველა მნიშვნელოვანი ნორმატიული მიზნის მიღწევა, მათ შორის, ძალაუფლების შებოჭვა, მოთვინიერება, მოწესრიგება, თვითნებობის თავიდან არიდება, ადამიანთა თანასწორი თავისუფლებისა და ღირსების დაცვა.

სასამართლო კონტროლის საშუალებით აღსრულებადობა კონსტიტუციის, როგორც უზენაესი სამართლის ეფექტურობის, მთავარი ინსტიტუციური გარანტორია. შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნეში, კონსტიტუციონალიზმის აღმასვლა და მისი გლობალური გავრცელება, დიდწილად, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის ძალაუფლების გაფართოებასა და გავრცელებაში გამოიხატებოდა.

ამ მხრივ, განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდა საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის სპეციალიზებულ ინსტიტუტს - საკონსტიტუციო სასამართლოს. ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც ახლად იღებდნენ კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლსაც, არჩევანს საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელზე აკეთებდნენ.

შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოები გავრცელდა ლიბერალურ დემოკრატიებს მიღმაც, მათ შორის, ავტორიტარულ პოლიტიკურ რეჟიმებშიც. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოებმა შეიძინეს მრავალი ისეთი ფუნქცია, რომლებიც მათ ორიგინალურ, ჰანს კელზენისეულ ვერსიაში, ყველაზე ოპტიმისტური ფანტაზიითაც კი, არ შეიძლებოდა, რომ ჰქონოდათ.

უფლებამოსილებათა ფართო სპექტრმა საკონსტიტუციო სასამართლოები ბუნებრივად გადაისროლა ძალაუფლების გარშემო არსებული პოლიტიკური ბრძოლების ცენტრში. ძალაუფლების გამო უთანხმოებებში მონაწილეობამ საკონსტიტუციო სასამართლოების (საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი, არასპეციალიზებული, უმაღლესი სასამართლოების ჩათვლით) საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია შეარყია. კონსტიტუციურ დემოკრატიებს მიღმა, ეს სასამართლოები ადვილად იქცნენ პერსონალისტური ან ინსტიტუციონალიზებული ავტოკრატიული ძალაუფლების ინსტრუმენტებად.

ცალკეულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოებმა დადებითი როლი შეასრულეს კონსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციაში. თუმცა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ერთ დროს წარმატებული შემთხვევების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სასამართლოს გზებით, დემოკრატიულ არხებს მიღმა მიღწეული პროგრესი სწრაფადვე შთანთქა ილიბერალური პოპულიზმის რეაქციულმა ტალღამ და თავად ეს საკონსტიტუციო სასამართლოებიც შეიწირა.

საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოები, განსაკუთრებით კი სპეციალიზებული საკონსტიტუციო სასამართლოები, ან საკუთარი ძალაუფლების მოკრებამდე იქცნენ სხვისი ძალაუფლების ინსტრუმენტებად, ან თავიანთივე წარმატების მსხვერპლები გახდნენ. ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლოების ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ შეუძლებელი გახდა საჯარო პოლიტიკაზე სასამართლოს პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის შეფუთვა მხოლოდ იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ნეიტრალურ, კონსტიტუციურ არგუმენტაციაში.

 

საკონსტიტუციო სასამართლოები კონსტიტუციონალიზმის პარადოქსს მიღმა

სტივენ ჰოლმსს, აღიარებულ ამერიკელ კონსტიტუციურ თეორეტიკოსს, ეკუთვნის „ძალაუფლებით აღმჭურველი კონსტიტუციური შეზღუდვების“ მეტაფორა. ჰოლმსის მტკიცებით, ძალაუფლების კონსტიტუციური შეზღუდვა, ერთი შეხედვით, ძალაუფლებას ამცირებს და ასუსტებს, თუმცა, სინამდვილეში, ზრდის და აძლიერებს მას. ჰოლმსი  კონსტიტუციონალიზმის ცენტრალურ პარადოქსს სწორედ ამაში ხედავს.

თუმცა „ძალაუფლების გამზრდელი შეზღუდვის“ პარადოქსი მხოლოდ ერთი შეხედვით არის პარადოქსი. შეზღუდული და შეკავებული ძალაუფლება არათვითნებურია, შესაბამისად, ასეთი ძალაუფლება თავის ადრესატებში უფრო ადვილად მოიპოვებს აღიარებას,  ლეგიტიმაციას და ამის საფუძველზე - ეფექტურობასაც. ამაშია სწორედ მისი ფარდობითი სიძლიერეც.

საკონსტიტუციო სასამართლოები თითქოს კონსტიტუციონალიზმის ამ პარადოქსის მთავარი აღმსრულებლები არიან, თუმცა, საბოლოოდ, თვითონვე გადიან ამ ლოგიკის მიღმა, მიისწრაფიან რა კონსტიტუციის უზენაესობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნების ამსრულებელი ფუნქციების ერთი სასამართლო ინსტიტუტის უფლებამოსილებებად კონსოლიდაციისკენ.

კერძოდ, სტრუქტურული თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის მთავარი ელემენტი კანონმდებლობის საკონსტიტუციო კონტროლი და მისი გაუქმების უფლებამოსილებაა. თუმცა, შინაარსობრივად, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის ძალაუფლება შეიძლება სამ მთავარ ელემენტად დავყოთ:

  1. კონსტიტუციური უფლებების აღსრულება;
  2. საჯარო ძალაუფლების მოწესრიგებისა და შეზღუდვის შესახებ სტრუქტურული კონსტიტუციური ნორმების აღსრულება;
  3. კონსტიტუციური დემოკრატიის წესრიგისა და ძირითადი სტრუქტურის დაცვა ხელყოფისგან.

ეს კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდრო შინაარსობრივ კავშირშია, თუმცა მათ შორის მკაფიო ანალიტიკური გამიჯვნაც შესაძლებელია. ასევე, ამ ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელება სცდება  მხოლოდ კანონმდებლობის საკონსტიტუციო კონტროლს და მოიცავს როგორც სასამართლო და აღმასრულებელი ინსტიტუტების სამართლებრივი აქტების საკონსტიტუციო კონტროლს, ისე კონსტიტუციის შესწორების კონტროლს კონსტიტუციური წესრიგის ღირებულებებთან/ძირითად სტრუქტურასთან მიმართებით.

ამ სამი ფუნქციის დაკავშირება ექსკლუზიურად ერთ სასამართლო ინსტიტუტთან სხვადასხვა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ კონტექსტში სხვადასხვა სახის პრობლემებს ქმნის. ამ ფუნქციების საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში თავმოყრა და მისი ძალაუფლების მაქსიმიზაცია ქმნის ძლიერი  პოლიტიკური უკუწინააღმდეგობის, სასამართლოს პოლიტიკურ ბრძოლებში დასუსტებისა და დელეგიტიმაციის საფრთხეს.

ასევე, ფუნქციურად ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუციური მიტაცების კარგი სამიზნეა. გამოცდილება აჩვენებს, რომ პერსონალისტურ პოლიტიკურ რეჟიმებში სახელმწიფოს მიტაცების პირველი ნაბიჯი სწორედ საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტის მიტაცებაა.

თუმცა, ამის საპირისპიროდ, „იურისტოკრატიისგან“ და მოსამართლეების მმართველობისგან თავდაცვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ფუნქციების ჩამორთმევა და შეკვეცა არა მხოლოდ სასამართლოს ასუსტებს, არამედ მთელ კონსტიტუციურ წესრიგსაც, რამდენადაც  არსებითად მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ფუნქციებს საერთოდ შეუსრულებელს ტოვებს. შედეგად, ვიღებთ არსებითად ნაკლოვან კონსტიტუციურ წესრიგს, რომელიც მიტაცებისა და ბოროტად გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება.

ამ წინააღმდეგობებისა და დებატების მიღმა, არ გვხვდება მსჯელობა ისეთ ინსტიტუციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც არც ფუნქციების შერწყმით გააჩენდა ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის რისკებს და არც კონსტიტუციური წესრიგისთვის არსებითად მნიშვნელოვან ფუნქციებს დატოვებდა განუხორციელებელს.

კონსტიტუციონალიზმის პარადოქსიდან მომდინარე ძალაუფლების შეზღუდვის მოთხოვნა არ გულისხმობს არსებითად აუცილებელი ფუნქციის საერთოდ განუხორციელებლად დატოვებას, მის გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ შემზღუდავი ეფექტი აქვს უფლებამოსილებების დიფუზიასაც, მის ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ განშლასაც. ეს უკანასკნელი მოითხოვს ინოვაციებს ინსტიტუციურ დიზაინსა და ინჟინერიაში. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის სფერო შესამჩნევად დახურული და შეზღუდული წარმოსახვის მქონე აღმოჩნდა.

 

ინსტიტუციური ინოვაციის ჰორიზონტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიღმა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს შექმნა და ex ante კონტროლის შემოტანა, საკონსტიტუციო კონტროლის სფეროში, ალბათ, ყველაზე დიდი და ჯერჯერობით უკანასკნელი ინსტიტუციური ინოვაცია გახლდათ. ინსტიტუციური წარმოსახვისგან დაცლილ ველზე, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის შემოღებისა და  განხორციელების მოსურნე კონსტიტუციის შემქმნელებს, მწირი ინსტიტუციური არჩევანი აქვთ.

სპეციალიზებული საკონსტიტუციო სასამართლოს ალტერნატივად, დიფუზიური, კონკრეტული კონტროლის, ორიგინალური ამერიკული სისტემა რჩება. თუმცა დიფუზიურობა და კონსტიტუციის განმარტებისა და შეფარდების სამუშაოს განაწილება მხოლოდ შრომის მენეჯერული დანაწილების სქემად თუ გამოდგება. სისტემის თავში მდგომ ფედერალურ უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ძალაუფლებას შრომის ეს დანაწილება ვერაფერს ართმევს. შედეგად, დიფუზიური სისტემის ეს ფორმაც ძალაუფლების ინსტიტუციური კონსოლიდაციის ისეთ ხარისხს გვაძლევს, რომელიც შედარებადია სპეციალიზებულ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მასში კონცენტრირებულ ძალაუფლებასთან.

დასანანია, რომ მწირ ინსტიტუციურ ალტერნატივებს შორის მანევრირებისას, კონსტიტუციის დიზაინერებს ინსტიტუციური ინოვაცია გამოსავლად არ დაუსახავთ. ჩვეულებრივ, ისინი ცდილობდნენ, რომ არსებულ ინსტიტუციურ ალტერნატივებში გაეთვალისწინებინათ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ძირითადი ფუნქციური ელემენტის მათთვის ოპტიმალური კომბინაცია.

ინსტიტუციური ინოვაციის სერიოზულად მიღება და გამოსავლად დანახვა ჯერ კიდევ არ არის გვიან. აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის არსებული ინსტიტუტების ღრმა კრიზისი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლთან დაკავშირებული სამივე ძირითადი შინაარსობრივი ფუნქციის განხორციელების აუცილებლობაც.

კონსტიტუციურ დემოკრატიებს, ყველაზე უფრო მყარად დაფუძნებულების ჩათვლით, არ აქვთ ფუფუნება, უარი თქვან რომელიმე ამ ფუნქციური ელემენტის აღსრულებაზე. ეს საჭიროება კიდევ უფრო მწვავედ უდგათ იმ პოლიტიკურ რეჟიმებს, რომლებიც კონსტიტუციურ დემოკრატიად კონსოლიდაციას ესწრაფვიან. ასევე, საკონსტიტუციო კონტროლის არსებითი  ფუნქციების განხორციელებაზე უარი ერთი სასამართლო ინსტიტუტის შენარჩუნების გამო, არაგონივრული იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის განხორციელების ინსტიტუციურ ინოვაციებზე ფიქრი შეუძლებელია მოქმედი, გაბატონებული ინსტიტუციური პარადიგმის რადიკალური გადახედვის გარეშე. თავის მხრივ, არსებული პარადიგმის ღერძს ქმნის საბოლოო გადაწყვეტის უფლებამოსილებით აღჭურვილი ერთი უმაღლესი სასამართლოს (Apex Court) მოდელი. 

სწორედ აღნიშნული, ერთი უმაღლესი სასამართლოს მოდელი, არის რადიკალურად გადასააზრებელი. არაფერი სამართლებრივი კონსტიტუციონალიზმის ნორმატიულ თეორიაში არ გამორიცხავს ისეთ ინსტიტუციურ არქიტექტურას, როგორშიც კონსტიტუციის უზენაესობისა და ეფექტურობის უზრუნველმყოფი, მხოლოდ ერთი (სპეციალიზებული ან არასპეციალიზებული), საბოლოო გადაწყვეტილების უფლებამოსილების მქონე სასამართლო აღარ არის.

სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს შეუძლია გასცდეს ერთ, საბოლოო გადაწყვეტილების უფლებამოსილების საკონსტიტუციო სასამართლოს, მოდელს. მზა ინსტიტუციური ალტერნატივების არარსებობამ არ უნდა მოკლას ინსტიტუციური ინოვაციისკენ მისწრაფება. ახალი ინსტიტუციური ალტერნატივები შეიძლება შეიქმნას მანამ, სანამ მათ გადაუდებელ აუცილებლობას მოქმედი ინსტიტუტების სრული კოლაფსი გააჩენს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი