პუბლიკაციები

"უსაფრთხოების სახელით" შეზღუდული უფლებები

შეკრების თავისუფლების შეზღუდვის 23 აპრილის დემონსტრაციის მაგალითზე არსებული კითხვის ნიშნები, შეიძლებაზოგადად საგანგებო მდგომარეობის ირგვლივ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ერთ მცირე, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნიოთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დეკრეტის საფუძველზე, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისმზღუდავი კონკრეტული ღონისძიებების კონსტიტუციურობის საკითხი. კერძოდ, რამდენად უზრუნველყოფს ესა და თუ ის ღონისძიება ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად აუცილებელი და პროპორციული საშუალება არის გამოყნებული ამ მიზნის მისაღწევად. შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მაგალითზე, კარგად ჩანს, რომ მისი სრული აკრძალვა შეიძლება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს აცდეს და უფლება იმ შემთხვევაშიც შეიზღუდოს, როცა ამის საჭიროება არ არსებობს.

შეკრებისა და მანიფესტაციის გზით ხელისუფლების კრიტიკის სრული აკრძალვის შემთხვევაში კარგად ჩანს ის საფრთხეები რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს ემუქრება, განსაკუთრებით კი იმ ფონზე როცა სულ რამდენიმე თვეში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუკი დროულად არ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები და მთავრობას არ მოეთხოვება ამ დრომდე გატარებული ღონისძიებების როგორც ეფექტიანობის, ასევე კონსტიტუციურობის დასაბუთება, მთავრობას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, რომ ზოგად საფრთხეებზე აპელირებით და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ორდინალური პროცედურითაც კი შეზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება იმ სავარაუდო პროტესტის ტალღის შესაჩერებლად, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს და რომელიც ხელისუფლებისთვის ყოველთვის დიდ დისკომფორტთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია