არალიბერალური რეჟიმი ლიბერალური "პროპაგანდის" წინააღმდეგ: ინსტრუმენტალისტური ახსნის მიღმა
შესავალი
„ქართული ოცნების“ მიერ „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ (გენდერისა და სექსუალური იდენტობის საკითხებზე აქცენტით) საკანონმდებლო შეზღუდვის ინიციატივის გამოცხადებამ, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის იძულებითი უკან გათხოვიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რეჟიმის მიერ მიზანში ამოღებულ სამოქალაქო საზოგადოებაში მორიგი განგაში გამოიწვია.
რეჟიმის ეს ნაბიჯი მისი ოპონენტებისთვის, დიდწილად, განჭვრეტადი იყო და განსაკუთრებული გაკვირვება ან მოულოდნელობა არ გამოუწვევია. თუმცა შესაძლებელია, ამ მოლოდინის საფუძველი იყოს რეჟიმის ბუნება და განსხვავებული მოსაზრებები მისი დინამიკის შესახებ, კერძოდ, რეჟიმის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებში დომინირებს რეჟიმის ქმედებების ახსნის ინსტრუმენტალისტური პარადგიმა, რომელიც, ასევე, ეფუძნება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალიზებულ აკადემიურ ლიტერატურაში დომინანტურ ამხსნელობით-თეორიულ პერსპექტივას.
ამ პარადიგმაში რეჟიმი სწორად იდენტიფიცირდება, როგორც პლებისციტურ ლეგიტიმაციაზე დაფუძნებული პერსონალისტური ძალაუფლება, რომლის ცენტრალური მიზანიც მიტაცებული ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა. აქედან იწარმოება ინსტრუმენტალისტური ახსნაც, როგორც რეჟიმის ქმედებებისა და მისი დინამიკის შეფასების დომინანტური პარადიგმა: ყველაფერი, რასაც რეჟიმი მოიმოქმედებს, მიზნად ისახავს ძალაუფლების განუსაზღვრელი დროით შენარჩუნებას.
ინსტრუმენტალისტური პარადიგმა, ასევე, დომინანტურია ავტორიტარული რეჟიმების მკვლევრებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის ყველა ქმედებას რეჟიმის გადარჩენის მიზნებთან შესაბამისად განიხილავენ.
ინსტრუმენტალისტური ახსნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ტიპის რეჟიმების შესწავლაში, თუმცა მისი დომინანტურ პერსპექტივად გამოყენება მნიშვნელოვან წინაღობებს ქმნის არა მხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკული პოლიტიკური კუთხითაც, ასეთ რეჟიმებთან ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზების მხრივ.
შემდეგ ნაწილებში ვისაუბრებთ პლებისციტური ილიბერალური რეჟიმების შინაარსობრივ ელემენტებზე და ამ რეჟიმების დინამიკაზე, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ შინაარსობრივ ილიბერალიზმს ახსნის ძალაუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის ინსტრუმენტალისტური ლოგიკის მიღმა.
ილიბერალიზმის სისტემური წყაროები პლებისციტურ რეჟიმებში
არალიბერალური რეჟიმები, რომლებიც პლებისციტური ბელადის დემოკრატიის ჩარჩოში ფუნქციონირებს, საარჩევნო მობილიზაციისათვის სისტემურად იყენებს ილიბერალურ დისკურსს და ილიბერალურ საჯარო პოლიტიკებს. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს ინსტრუმენტალისტური პარადიგმის მიმდევართა დარწმუნებულობას საკუთარ შეფასებებში.
შესაბამისად, ილიბერალური იდეები და მათზე დაფუძნებული პოლიტიკები განიხილება, როგორც ინსტრუმენტი რეჟიმის მიერ პლებისციტური ლეგიტიმაციის მოპოვებისა და შენარჩუნების მიზნების სამსახურში. ეს, ნაწილობრივ, ასეც არის, თუმცა ინსტრუმენტალისტური ახსნა რედუქციონისტურია, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების მიზნამდე დაჰყავს ფენომენი, რომელსაც უფრო კომპლექსური მიზეზები განაპირობებს.
ამ გამომწვევ მიზეზთა ნაწილი სისტემურია და ილიბერალური პლებისციტური რეჟიმის შინაგანი მახასიათებლებითა და დინამიკით არის განპირობებული. კერძოდ, ილიბერალურ პლებისციტურ რეჟიმებს ახასიათებთ ანტიპლურალიზმი, მიდრეკილი არიან საზოგადოების ჰომოგენიზაციისკენ და ტოტალიტარული ფორმებით ორგანიზებისკენ, რისთვისაც იყენებენ იდენტობას. ილიბერალური რეჟიმებისთვის იდენტობას როგორც ინსტრუმენტული, ისე არსებითი ფუნქცია აქვს.
ინსტრუმენტალისტური პარადიგმა იდენტობის შინაარსობრივ ადგილს ილიბერალურ რეჟიმებში ან უგულებელყოფს, ან მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინსტრუმენტალისტურ პერსპექტივას მყარი ემპირიული მტკიცებულებებიც უჭერს მხარს და ამიტომაცაა რთული მისი დომინანტური გავლენის დაძლევა.
კერძოდ, ილიბერალურ რეჟიმებში ქარიზმატული ბელადები, რომლებიც იდენტობით მანიპულაციებს ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად იყენებენ, ობიექტური დამკვირვებლისთვის ორპირ, არათანმიმდევრულ, უპრინციპო დემაგოგებად წარმოჩინდებიან.
შესაბამისად, რთულდება იმ ჰიპოთეზის სარწმუნოდ მიღება, რომ ილიბერალურ შინაარსს ბელადების პოლიტიკურ ქმედებაში, ინსტრუმენტული დანიშნულების გარდა, ავთენტიკური წარმომავლობა ან საფუძველიც გააჩნია. ობიექტური დამკვირვებლისთვის, ბელადისა და მისი გარემოცვის მიმართება მათ მიერ საჯაროდ დაცულ ილიბერალურ შინაარსთან, უმეტესად, ორპირობისა და ცინიკური შინაგანი დისტანცირების ჩარჩოებში აღიქმება.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რეჟიმის ლიდერების სუბიექტური დამოკიდებულება ილიბერალური შინაარსის მიმართ, ორპირობითა და ცინიკური შინაგანი დისტანცირებით ხასიათდებოდეს, ეს აუცილებლად არ გულისხმობს, რომ ილიბერალურ შინაარსს, ამ ლიდერთა ხელში, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტული ფუნქცია აქვს.
სტაბილიზებულ ილიბერალურ პლებისციტურ რეჟიმებში, ძალაუფლების შენარჩუნება ყოველთვის არ არის პირველი რიგის ამოცანა. მაშინაც, როდესაც ცალკეული ილიბერალური პოლიტიკა ინსტრუმენტულად გამოსადეგია საარჩევნო მობილიზაციის მიზნებისთვის, ინსტრუმენტული ახსნა მაინც ვერ იქნება ერთადერთი ან თუნდაც დომინანტური.
მაგალითისთვის, რუსეთში „ლგბტქი პროპაგანდის“ სრულად აკრძალვის შესახებ კანონი არასაარჩევნო პერიოდში, უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მიიღეს. ასევე, არასაარჩევნო პერიოდში მიიღეს ამ კანონის წინამორბედი კანონიც, რომელიც მსგავს „პროპაგანდას“ მხოლოდ არასრულწლოვნებთან მიმართებით კრძალავდა.
განსხვავებით თუნდაც „უცხოელი აგენტების“ კანონისგან, „ლგბტქი პროპაგანდის“ კანონებს რუსეთში დახურული ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციაში მცირე პრაქტიკულ-ინსტრუმენტული ღირებულება ჰქონდა და უფრო მეტად სიმბოლურ, იდეოლოგიურ დანიშნულებას ასრულებდა, ღიად და ცხადად მონიშნავდა რა პუტინის რეჟიმს შინაარსით არალიბერალურად.
ნათელია, რომ ძალაუფლების შენარჩუნება-განმტკიცების ინსტრუმენტულ საჭიროებებს მიღმაც, ილიბერალური რეჟიმის შინაგანი ლოგიკა და მისი დინამიკა მიდრეკილია, შეამციროს და შეზღუდოს პლურალიზმი, ესწრაფვის საზოგადოების მზარდ ჰომოგენიზაციას და ტოტალიტარული ორგანიზაციის ისეთი ფორმების დამკვიდრებას, რომლებიც წაშლის საზღვრებსა და განსხვავებებს ადამიანებს შორის და ადამიანებსა და ძალაუფლებას შორის. ამ შედეგების მისაღწევად კი, პირველ რიგში, მოსპობს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ადამიანთა განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნებს ემსახურება, ადამიანებს შორის და ადამიანსა და ძალაუფლებას შორის გამშუალებელი ფუნქციებით არის აღჭურვილი.
შესაბამისად, ილიბერალურ პლებისციტურ რეჟიმებში, არსებითად ლიბერალიზმის საწინააღმდეგო ანტიპლურალისტულ, საზოგადოების ჰომოგენიზაციისკენ მიმართულ საჯარო პოლიტიკებს სისტემური წყაროები ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტულ მიზნებს მიღმაც მოეპოვება.
თუმცა ინსტრუმენტალისტური პარადიგმის მომხრეებს საწინააღმდეგო არგუმენტი აქაც შეიძლება ჰქონდეთ. კერძოდ, შესაძლოა მათ ილიბერალური რეჟიმის სისტემური მიდრეკილებები დაუკავშირონ ლიდერთა პერსონალური ძალაუფლებისკენ სწრაფვასა. ამ ახსნის თანახმად, რეჟიმის ილიბერალური შინაარსი ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნების მიზნის ინსტრუმენტად წარმოჩინდება.
თავის მხრივ, ინსტრუმენტალისტური პარადიგმის რადიკალური ვერსიის გაზიარება ეწინააღმდეგება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფართო აკადემიურ კონსენსუსს, პოლიტიკურ რეჟიმებსა და საზოგადოებებში ინსტიტუტების ფუნქციის შესახებ. შესაბამისად, ძირითადად, ინსტრუმენტალისტური თეორიებიც აღიარებს ილიბერალიზმის სისტემურ წყაროებს, თუმცა მათ შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
ილიბერალიზმის ინსტიტუციური წყაროები საზოგადოებაში
პლებისციტური პოლიტიკური რეჟიმის შიდა სისტემურ წყაროებს მიღმა, ასეთი რეჟიმების ილიბერალური შინაარსი ღრმა საზოგადოებრივი ფესვებიდან იკვებება, რომელთა ნაწილი მყარად არის ინსტიტუციონალიზებული. რუსეთში პუტინის რეჟიმის მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეჟიმის ილიბერალიზმის მრავალშრიან წარმომავლობაზე და ინსტიტუციონალიზებულ ხასიათზე.
ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ინსტრუმენტალისტური პარადიგმის სრული დომინანტურობა პუტინის რუსეთის ილიბერალიზმის ასახსნელად. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტალისტური ახსნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსპექტივად რჩება, მას სრულფასოვნად არ შეუძლია ახსნას რეჟიმის ბუნება, მისი ქცევა და დინამიკა.
რუსეთის მკვლევარმა, ამერიკელმა პოლიტიკის მეცნიერმა, ჯულიან ვალერმა შეიმუშავა რუსეთის რეჟიმის ილიბერალიზმის ინსტიტუციონალიზებული წყაროების ტაქსონომია. ვალერი გამოყოფს როგორც ილიბერალიზმის ინსტრუმენტულ წყაროებს, რომლებიც, ძირითადად, რეჟიმის ძალაუფლების გამყარება-გახანგძლივებას მიემართება, ისე ე.წ. „ენტერპრენერულ“ და შინაგანად ილიბერალურ ინსტიტუციურ წყაროებს.
„ენტერპრენერული“ ილიბერალიზმი უკავშირდება საშუალო და ქვედა დონის ელიტების მიერ პატრონ-კლიენტელისტურ რეჟიმში იერარქიის ზედა კიბეებზე მობილობის მიზნებს. ასეთი ტიპის ილიბერალიზმის მატარებლები, ძირითადად, აღნიშნული ელიტების წევრები არიან, რომლებიც ილიბერალური იდეების საჯარო მხარდაჭერით ცდილობენ რეჟიმის უმაღლესი ელიტების ნდობის დამსახურებასა და კლიენტთა კიბეზე აღმავალ მობილობას.
„შინაგანი“ ილიბერალიზმი ახასიათებს ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რუსეთის არმია. ამ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ძალაუფლება და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე გავლენა აქვთ. განსაკუთრებით, მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში, ილიბერალიზმი ინსტიტუციონალიზებულია ეკლესიის დოქტრინის პრაქტიკებისა და ტრადიციის დონეზე და ამ ინსტიტუტის შინაგანი მახასიათებელია.
რუსეთის საპატრიარქო რეჟიმის ილიბერალიზმის დამოუკიდებელი წყაროა. ამ ინსტიტუტის შინაგანი ილიბერალიზმი ცხადად დასაბუთებადია და არ საჭიროებს არც ინსტრუმენტალისტური და არც „ენტერპრენერული“ პერსპექტივიდან ახსნას.
ასეთივე დასაბუთება ვრცელდება საქართველოს შემთხვევაშიც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოზე, რომელსაც რუსეთის საპატრიარქოსთან მჭიდრო შინაარსობრივი და ინსტიტუციური კავშირები აქვს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოც „შინაგანად“ ილიბერალური ინსტიტუტია, რომელიც, ასევე, ინსტიტუციონალიზებული ქოლგის ქვეშ აერთიანებს ისეთ არსებითად ილიბერალურ იდეოლოგიებს, როგორებიცაა ეთნორელიგიური ნაციონალიზმი და მისი ვარიაციები.
ეთნორელიგიური ნაციონალიზმისა და რუსეთის იმპერიალისტურ იდეოლოგიებთან პირდაპირ შერწყმული მისი ვარიანტების სხვა, შედარებით სუსტი, ინსტიტუციური მატარებლები საზოგადოებაში მიმობნეულია ექსტრემისტული ჯგუფებისა და მათი ორგანიზაციების სახით („ალტ-ინფო“, „კონსერვატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, მათი მედიასაშუალებები).
ამრიგად, საზოგადოებაში შინაგანად ილიბერალური ინსტიტუტების არსებობა და მათი მეტ-ნაკლებად მყარი ძალაუფლებრივი პოზიციები, სულ მცირე, ნაკლებ დამაჯერებელს ხდის პოლიტიკური რეჟიმის ილიბერალიზმის ექსკლუზიურად ინსტრუმენტალისტურ ახსნას.
დასკვნა
წინამდებარე მსჯელობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ „ლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლის ილიბერალურ ინიციატივას, გავრცელებული მიდგომის თანახმად, მოწინააღმდეგეები ექსკლუზიურად ინსტრუმენტალისტურ ახსნას მოუძებნიან და რეჟიმის მიერ საარჩევნო მობილიზაციის და არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებს დაუკავშირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტალისტური გამართლება საფუძვლიანია, მასზე ექსკლუზიურად დაყრდნობა მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც რეჟიმის ბუნებისა და მისი სტრუქტურის გააზრების, ისე მასთან წინააღმდეგობის ამოცანებს.
ინსტრუმენტალისტური ახსნა მოვლენათა ზედაპირულ აღქმას ახალისებს და ფუჭ იმედებს იძლევა იმის შესახებ, რომ რეჟიმმა შეიძლება ილიბერალურ ტრაექტორიას გადაუხვიოს, თუ ძალაუფლებაში დარჩენის აუცილებლობა სხვაგვარად მოითხოვს. ზედაპირზევე, ასეთი დაშვება შინაგანად წინააღმდეგობრივია, რადგან ძალაუფლების ნებისმიერი საშუალებით განუსაზღვრელად შენარჩუნების მიზანი იმთავითვე არსებითად ილიბერალურად წარმოაჩენს რეჟიმსა და მის ლიდერებს და ამ შემთხვევაში, წმინდად ინსტრუმენტალისტური ახსნა უკვე გამოუსადეგარი ხდება.
თავის მხრივ, არაფერია იმაში დაუჯერებელი, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ბელადს, მის გარემოცვასა და ელიტებს ილიბერალური იდეები ჰქონდეთ იმის მიღმაც, რომ ამ იდეების ინსტრუმენტალიზაცია მათ ძალაუფლების მოპოვებასა და განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაში ეხმარება. ისევე, როგორც არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ვლადიმირ პუტინსა და მის ავტორიტარულ ელიტებს ჰომოფობიური, ქსენოფობიური, რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული იდეოლოგია აქვთ და ამგვარი იდეოლოგია მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ სჭირდებათ.
მხოლოდ „ქართული ოცნების“ ილიბერალიზმის კომპლექსური წარმომავლობის გააზრებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ნაივური იმედოვნება, რომ, თუ რეჟიმის პლებისციტური მხარდაჭერა მაღალია და საარჩევნო მანიპულაციის საჭიროება - შედარებით ნაკლები, ის უარს იტყვის არსებითად ილიბერალურ ქცევაზე.
სანამ ილიბერალური პოლიტიკური რეჟიმი და მისი ფორმალური და არაფორმალური საყრდენები, მათ შორის, ინსტიტუციონალიზებულიც, ადგილზეა, მანამდე, ყოველგვარი საარჩევნო ან ძალაუფლების შენარჩუნების სხვა ინსტრუმენტული საჭიროების გარეშეც, რეჟიმის ილიბერალური ქცევა და პოლიტიკები ნორმალური, მოსალოდნელი და პროგნოზირებადი მოვლენა იქნება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.