პუბლიკაციები

რუსეთის ჩარევები უცხო ქვეყნების არჩევნებში - საფრთხეები და კონტრზომები

ილუსტრაცია: Maxime Mouysset / the Economist

თანამედროვე მსოფლიოში, ახალი ამბების გავრცელების არეალისა და სისწრაფის ზრდასთან ერთად, ინფორმაციული ოპერაციები საომარი მოქმედებების ნაწილი გახდა. მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, ინფორმაციის საშუალებით,  ხშირად ცდილობენ მოქალაქეების შეხედულებებზე გავლენის მოხდენას და ამ გზით - სხვა ქვეყნის საქმეებში ინტერვენციას. მავნე ქმედებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი არჩევნებია, რადგან სწორედ ამ დროს ჩნდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ყველაზე ხელსაყრელი საფუძვლები. დასავლური საზოგადოებისთვის ეს გამოწვევა განსაკუთრებით ცხადი გახდა 2016 წლის  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელშიც კოორდინირებული რუსული ჩარევა გამოვლინდა. მართალია, რუსეთის ფედერაცია არ არის ერთადერთი მავნე აქტორი, რომელიც მსგავს აქტივობებს იყენებს მისთვის არასასურველი სუბიექტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, ზოგადად, არჩევნების იდეის გაუფასურებისა თუ დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისთვის, თუმცა, მკვლევართა შეფასებით, ამ მეთოდების მაღალ დონეზე ინსტიტუციონალიზაცია სწორედ რუსეთმა შეძლო.

რთულია იმის თქმა, ჩაერევა, თუ - არა, ან რამდენად ჩაერევა რუსეთის ფედერაცია საქართველოში გასამართ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კრემლის პროპაგანდა უწყვეტად ვრცელდება და მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის სურვილზე (ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის შესახებ) ნეგატიური ზეგავლენის მოხდენაა, ბუნებრივია, ჩარევის საფრთხე არსებობს. ამ საფრთხეზე, გლობალურ კონტექსტში, რომელიც საქართველოსაც ეხება, რამდენიმე დღის წინ, ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც და მთავარ გამოწვევად რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები დაასახელა. მისი თქმით, „წელს მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიდის არჩევნებზე. გამორჩეული საარჩევნო წელია სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოქალაქეები და კანდიდატები წააწყდებიან სიცრუის ნაკადს, რომელიც ჩაახშობს სერიოზულ საჯარო დებატებს“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია წარსულის გამოცდილების შესწავლა და სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესებზე რუსული მავნე გავლენების ანალიზი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ გამოწვევის შესახებ უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ კონტრზომების ჩვენება, რომლებიც სხვადასხვა, ჩვენზე მეტად გამოცდილმა და ძლიერმა სახელმწიფომ, რუსული საინფორმაციო ომისგან არჩევნების დასაცავად გამოიყენა.

როგორც აღვნიშნეთ, რუსული მავნე გავლენების შესახებ დისკუსია განსაკუთრებით 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. ამ საკითხზე მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მთავრობა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბურად და სისტემურად ჩაერია. ჩარევის ოპერაციების მტკიცებულებები 2016 წლის შუა რიცხვებში გამოჩნდა, როცა გამოვლინდა ჰაკერული თავდასხმები და მათ უკან მდგომი ქსელები. საგამოძიებო ანგარიშში აღნიშნულია: „რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ძირითადად, ორი ოპერაციით ჩაერია. პირველი, შესაბამისმა რუსულმა სამსახურებმა ჩაატარეს სოციალური მედიის კამპანია, რომელიც მხარს უჭერდა საპრეზიდენტო კანდიდატს - დონალდ ტრამპს და ახდენდა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატის - ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას. მეორე, რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა ჰაკერული თავდასხმები კლინტონის კამპანიაზე მომუშავე სუბიექტების, თანამშრომლებისა და მოხალისეების წინააღმდეგ და შემდეგ გაავრცელა მოპარული დოკუმენტები“.

საგამოძიებო ანგარიშში დასახელებულია რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია - „ინტერნეტის კვლევის სააგენტო (IRA)“, რომელიც იყენებდა სოციალური მედიის პროფილებსა და ინტერესთა ჯგუფებს აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში განხეთქილების დასათესად. კამპანია წარმოადგენდა იმ ზოგადი პროგრამის ერთგვარ გაგრძელებას, რომელიც შემუშავებული იყო 2014-2015 წლებში, აშშ-ის საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაცია იყო. ამასთან, უფრო ფართო აუდიტორიაზე წვდომისთვის, Facebook-ის მონაცემების თანახმად, IRA-მ შეიძინა 3 500-ზე მეტი რეკლამა და დანახარჯებმა დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით, კოორდინირებული კამპანიები მიმდინარეობდა სოციალურ ქსელ Twitter-შიც.

რუსულ საარჩევნო ჩარევას მკვლევრები თეორიულ ჭრილში განიხილავენ იმის დასადგენად, თუ რა არის მისი ძირითადი მახასიათებელი. Posard et al. (2020) თანახმად, თანამედროვე რუსეთი იყენებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აპრობირებულ თეორიულ საფუძველსა და მიდგომებს, კერძოდ, რეფლექსური კონტროლის თეორიას. ეს უკანასკნელი, თამაშის თეორიისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს, რომ ინდივიდები რაციონალურად მოქმედებენ და ამტკიცებს, რომ შესაბამისი გარე ძალისხმევით, შესაძლებელია მათი შეხედულებების შეცვლა. ამასთან, წარმოიქმნება პარადიგმა, სადაც ადამიანები ან ერთად არიან, ან ერთმანეთის წინააღმდეგ და ისინი ან პასიურები არიან, ან მათი ქმედებები აგრესიული ხასიათისაა. მკვლევართა აზრით, ამ მიდგომის თანამედროვე გამოყენება ორგვარია: 1. საინფორმაციო ძალისხმევა ცდილობს, შეცვალოს ხალხის აღქმები და არ შეცვალოს ჯგუფის ფუნდამენტური სტრუქტურა. მაგალითად, რეფლექსური კონტროლი არ ცდილობს, დაარწმუნოს A პოლიტიკურ პარტიაში ხალხი, რომ ისინი კონფლიქტში არიან B პოლიტიკური პარტიის წევრებთან. იგი ვარაუდობს, რომ ეს კონფლიქტი უკვე არსებობს. მისი მიზანია ამ წინააღმდეგობის ხარისხის ზრდა; 2. რეფლექსური კონტროლის თეორიის მეორე მახასიათებელია სამიზნეებში რეაქციების გამოწვევა. იგი სამყაროს განიხილავს, როგორც დიქოტომიას კონფლიქტსა და თანამშრომლობას შორის. წარმატებული საინფორმაციო მცდელობები თესავს ღრმა განხეთქილებას ადამიანთა ჯგუფებს შორის და წარმოქმნის აღქმას „ჩვენ“ და „ისინი“, რაც, თავის მხრივ, ინდივიდებში იწვევს ძლიერ რეაქციას. საბოლოო მიზანია, შემცირდეს იმის ალბათობა, რომ ადამიანთა ჯგუფებმა გამონახონ საერთო ენა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ზემოთ აღწერილ თეორიულ მიდგომაზე დაყრდნობით, Posard et al. (2020) გამოყოფენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩარევის ძირითად მიზნებს: 1. პოლარიზაცია და სოციალური ერთიანობის რღვევა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობრივი საკითხების გამწვავებით, როგორებიცაა რასა, სოციალური კლასი და ა.შ.; 2. საზოგადოების ნდობის შერყევა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მიმართ; 3. საზოგადოების გამოფიტვა, დაბნეულობისა და აპათიის დათესვა; 4. აშშ-ში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიული გავლენის მოპოვება.

უცხო ქვეყნის არჩევნებში მავნე საინფორმაციო ჩარევების ხუთ ძირითად საფეხურს ავლენს Aaltola-ს (2017) ნაშრომი. სხვადასხვა დასავლური ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავტორი ასკვნის, რომ აღნიშნული ხუთი მახასიათებელი მეტ-ნაკლებად უნივერსალურია. ესენია: 1. დეზინფორმაციის გამოყენება საზოგადოებაში ეჭვებისა და განხეთქილების გასაძლიერებლად, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესარყევად; 2. სენსიტიური ინფორმაციის არალეგალური გზებით მოპოვება (მაგ. ჰაკერული თავდასხმები ვებგვერდებზე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე), რისი საბოლოო მიზანიც წინასაარჩევნო პროცესებში არეულობის შეტანაა; 3. მოპარული მონაცემების გავრცელება ვითომდა დამოუკიდებელი აქტივისტების საშუალებით; 4. მოპარული მონაცემების „გათეთრება“ პროფესიული მედიის საშუალებით, ანუ მედიის დღის წესრიგში ამ საკითხების გააქტიურება (მსგავსი ტიპის ინფორმაცია ბუნებრივად იქცევს მედიის ყურადღებას); 5. ფარული შეთანხმება საარჩევნო აქტივობების სინქრონიზაციის მიზნით, როცა კონკრეტული კანდიდატი, პარტია ან სხვა ჯგუფები კულისებს მიღმა, არჩევნების დინამიკის შეცვლის მიზნით, ფარულ კავშირებს ამყარებენ უცხო სახელმწიფოსთან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ზემოთ აღწერილი მანიპულაციური მეთოდებით ჩაერიოს უცხო ქვეყნის არჩევნებში, კარგად ნაცნობია ევროპის წამყვანი ქვეყნების სახელმწიფოებისთვისაც. Brattberg-მა და Maurer-მა (2018) შეისწავლეს ხუთი ევროპული სახელმწიფოს - ნიდერლანდების, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და შვედეთის შემთხვევები (ამ ქვეყნებში 2017-2018 წლებში ჩატარებული არჩევნების მაგალითზე), სადაც ასევე გამოიკვეთა რუსეთის მავნე საინფორმაციო ჩარევები. სტრატეგიული მიზნები აქაც უცვლელია და იმეორებს ზემოთ განხილული მიდგომის - რეფლექსური კონტროლის - ძირითად მახასიათებლებს:  1. ამომრჩეველთა პრეფერენციებზე გავლენის მოხდენა კონკრეტული კანდიდატის ან პარტიის სასარგებლოდ; 2. საზოგადოებებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა, არჩევნების დელეგიტიმაცია და მოქალაქეთა პასიურობის გამოწვევა.

მავნე რუსული საინფორმაციო ჩარევების, მათი განხორციელების გზებისა და მიზნების შესახებ გამოცდილების დაგროვებამ, მკვლევრებსა თუ საჯარო პოლიტიკის განმსაზღვრელებს შესაბამისი კონტრზომების ფორმულირების საშუალება მისცა. ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს კონტრზომები იდენტური არაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსული საინფორმაციო ჩარევები, ძირითადად, ერთი ხელწერით ხორციელდება, მათი საპასუხო ქმედებებიც, მეტ-ნაკლებად, ერთმანეთის მსგავსია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების შესწავლა.

რუსულ საინფორმაციო ომთან დაპირისპირების წარმატებულ გამოცდილებად მიიჩნევა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ ამ გამოცდილებასა და შესაბამის რეკომენდაციებს გვთავაზობენ Vilmer-ი და Conley (2018). პირველ რიგში, ეს ავტორები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთმა კარგად გაიაზრა აშშ-ში 2016 წელს დაშვებული შეცდომები და ადმინისტრაციული ორგანოების (მაგალითად, საარჩევნო კამპანიის კონტროლის ეროვნული კომისია, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და ა.შ.) მაღალი კოორდინაციით, შეძლო საზოგადოების ნდობის შენარჩუნება საარჩევნო პროცესების მიმართ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების პროაქტიულმა ინფორმირებამ დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების რისკის შესახებ. ამასთან, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენა მზაობა მავნე საინფორმაციო ჩარევებთან საბრძოლველად, თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა 2 600 „კიბერ-მებრძოლისგან“ შემდგარი ჯგუფი. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობამ, საჯარო და პირადი კომუნიკაციით, გააფრთხილა რუსული მხარე, რომ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. დეზინფორმაციასთან გამკლავების კონტექსტში, საფრანგეთის ხელისუფლებამ, საკომუნიკაციო დონეზე, გააძლიერა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ, რათა მათ მეტად აქტიური ნაბიჯები გადაედგათ ყალბი ანგარიშების გამოვლენისა და განეიტრალებისთვის. მნიშვნელოვანი ასპექტი იყო გამჭვირვალობა და დროული რეაგირება კიბერშეტევებთან მიმართებით - ყველა მსგავსი მცდელობა, რომელთა გამოვლენაც შესაბამისმა სამსახურებმა შეძლეს, საზოგადოებისთვის საჯარო ხდებოდა.

საფრანგეთის 2017 წლის არჩევნების გამოცდილებიდან, ასევე საინტერესოა, რომ ემანუელ მაკრონის საარჩევნო ჯგუფმა, რომელმაც იცოდა, რომ გახდებოდა ჰაკერული თავდასხმების სამიზნე, თავად გააყალბა საკუთარი ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტები, რომელთა შინაარსი ხშირად სასაცილოც კი იყო. ე.წ. ყალბი დროშების განთავსებით, მათ სურდათ ჰაკერების სამუშაო ველის ყალბი ინფორმაციით დატბორვა, რამაც გამოიწვია დაბნეულობა და შეანელა მათი მუშაობა.

დემოკრატიული საარჩევნო პროცესის რუსული მავნე ჩარევისგან დასაცავად, მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვთავაზობს Brattberg-ისა და Maurer-ის (2018) კვლევა. კერძოდ, ავტორები ყურადღებას ამახვილებენ საარჩევნო სისტემის კრიტიკულ სახელმწიფო ინფრასტრუქტურად ჩამოყალიბებასა და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ამასთან, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ რეგულარულად იკვლიოს აღნიშნული სისტემის ხარვეზები და იზრუნოს მათ აღმოფხვრაზე. მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციაზე, მათ შორის, კონკრეტული საფრთხეების შესახებ საჯარო განცხადებების გავრცელებასა და ამომრჩეველთა ცნობიერების ზრდაზე. ამ კონტექსტში კი, ხაზგასმულია ტრადიციულ და სოციალურ მედიასთან, ასევე, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. Brattberg-ი და Maurer-ი (2018) ყურადღებას ამახვილებენ არჩევნების დაცვის მიზნით მისაღებ სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციაზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, მსგავსი რეგულაციების შემუშავებაში ჩართული იყოს ყველა ის მხარე, რომლებსაც კანონი პოტენციურად მიემართება. კვლევის ბოლო რეკომენდაცია ეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, რომლის მამოძრავებელ ძალადაც ავტორებს დასახელებული ჰყავთ შემდეგი ორგანიზაციები: European External Action Service/East StratCom, NATO StratCom Communications Center of Excellence (COE) და Finnish COE on Countering Hybrid Threats.

 

***

საგამოძიებო ანგარიშებისა თუ აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია არაერთგზის ჩაერია სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნის არჩევნებში. ამ ჩარევის ძირითადი მიზნებია: 1. ამომრჩეველთა პრეფერენციებზე გავლენის მოხდენა, კონკრეტული კანდიდატის ან პარტიის სასარგებლოდ, რაც, ძირითადად, არასასურველი სუბიექტების დისკრედიტაციითა და მათ წინააღმდეგ უკიდურესად ნეგატიური კამპანიის გზით მიმდინარეობს; 2. საზოგადოებებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა, არჩევნების დელეგიტიმაცია და მოქალაქეთა პასიურობის გამოწვევა. ეს უკანასკნელი პირველი მიზნის ერთგვარი დაზღვევაა, რადგან, თუ კრემლი ვერ შეძლებს სასურველ კანდიდატს არჩევნების მოგებაში დაეხმაროს, იგი, სულ მცირე, აზიანებს სამიზნე ქვეყნის დემოკრატიულ გარემოს - ამცირებს კონსტრუქციული დებატების სივრცეს, აღვივებს პოლარიზაციას, თესავს შიშს, დაბნეულობას და ამ გზით, იწვევს დესტაბილიზაციას.

დემოკრატიულ არჩევნებში კრემლის მავნე საინფორმაციო ჩარევებისგან თავის დაზღვევის მიზნით, პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა შესაბამისი კონტრზომების შესახებ. ამ კუთხით არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რისკების აღიარება სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ საზოგადოების მობილიზება. ამასთან, მკვლევართა აზრით, საჭიროა საარჩევნო სისტემის კრიტიკულ სახელმწიფო ინფრასტრუქტურად ჩამოყალიბება. გარდა ამისა, სახელმწიფომ რეგულარულად უნდა იკვლიოს სისტემის ხარვეზები და იზრუნოს მათ აღმოფხვრაზე. მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციაზე, მათ შორის, კონკრეტული თავდასხმების შესახებ, საჯარო განცხადებების გავრცელებასა და ამომრჩეველთა ზოგადი ცნობიერების ზრდაზე. ამ კონტექსტში კი, ხაზგასმულია ტრადიციულ და სოციალურ მედიასთან, ასევე, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე