დემონსტრანტთა "პოსტფაქტუმ დაკავების" რუსული პრაქტიკის ქართული ანალოგი
„კვირა დილით ჩემი საერთო საცხოვრებლის კარზე დაჟინებულმა კაკუნმა გამაღვიძა“, -იხსენებს სტუდენტი. „ჩემმა მეზობელმა გააღო კარი და ოთახში უცერემონიოდ შემოვიდნენ პოლიციის ოფიცრები. საკმაოდ აგრესიული ფორმით, მათ მითხრეს, რომ მომზადების დრო იყო - ჩვენ პოლიციის ოფისში უნდა წავსულიყავით. მათ უპასუხოდ დატოვეს საფუძვლის განმარტების შესახებ ჩემი მოთხოვნა. ნახევრად იძულებით მიმაცილეს მანქანამდე და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს“.
ეს სცენა, რომელიც ზოგს ფრანც კაფკას „პროცესს“ მოაგონებს, ზოგსაც - საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ პრაქტიკას, სინამდვილეში რუსეთის მოქალაქე არტემ პუგაჩევის დაკავებას ასახავს. შემთხვევა ჯერ კიდევ 4 წლის წინ, 2021 წლის 25 აპრილს, მოსკოვში მოხდა. კერძოდ, ამ ფორმით, ადმინისტრაციული წესით, დააკავეს სტუდენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობის წესების განმეორებითი დარღვევისთვის.
სწორედ ამ ფაქტითა და სიტყვებით იწყება რუსეთში ადამიანის უფლებებისა და რეპრესიების წინააღმდეგ მებრძოლი დამოუკიდებელი პროექტის OVD-Info-ს 2022 წლის 17 იანვრით დათარიღებული ანგარიში: „როგორ იყენებს რუსეთის სახელმწიფო კამერებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ“.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სტუდენტს დაკავებისას ედავებოდნენ ოთხი დღის წინ გამართულ აქციაში სამართალდარღვევის ჩადენას. მის კვალზე კი სწორედ აქციის პერიმეტრზე დამონტაჟებული სახის ამომცნობი კამერებით გავიდნენ. ეს შემთხვევა იმითაცაა საინტერესო, რომ უშუალოდ ხსენებულმა აქციამ ათასობით პირის დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გარეშე ჩაიარა, რაც, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, საეჭვოდ მოჩანდა. თუმცა ყველაფერი ლოგიკურ ჩარჩოში მოექცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში, პოსტფაქტუმ, მასობრივი დაკავებები დაიწყო (ამ კონკრეტულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, 363 პირი დააკავეს). სახის ამომცნობი კამერებითა თუ სხვა საშუალებებით იდენტიფიცირებულ აქციის მონაწილეებს ურეკავდნენ და იბარებდნენ, ან თავად აკითხავდნენ სახლებში, ოფისებში, ლექციებზე, ხვდებოდნენ სახლებთან, აჰყავდათ ტრანსპორტში, ზოგიც მოტყუებით გამოჰყავდათ შინიდან და ისე აკავებდნენ.
ეს ფაქტი და ხსენებული ანგარიში კი ლოგიკურად დაკავშირებულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან. 2024 წლის 7 დეკემბრის ძალადობრივი დარბევის შემდეგ, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და აქციის ძალადობრივი დაშლის პრაქტიკა ტრანსფორმირდა, ერთი შეხედვით, არაძალადობრივ, თუმცა არანაკლებ საშიშ, პრაქტიკად - „პოსტფაქტუმ წესრიგის აღდგენის სადამსჯელო ოპერაციად“.
ქართული ოცნების რეჟიმის ღიად ანტიდასავლური ნაბიჯის წინააღმდეგ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო მუხტის გაქრობისა და აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს დემონსტრანტთა სასამართლოში მოულოდნელი დაბარებები სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე წარმოების დაწყება.
ამ დრომდე დაბარებულია ასობით ადამიანი, რომელთაც ედავებიან, რომ მათ, კვირებისა თუ თვეების წინ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი დაარღვიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სხვადასხვა გზით ამოღებული ვიდეო და ფოტომტკიცებულებები, რომელთა მოპოვების პროცედურები ხშირად საიდუმლოდ რჩება.
წყაროდ შეიძლება „წარმატებით“ გამოიყენონ როგორც ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, ისე უცნობი პირების (რომლებიც ხშირად აქციაზე ჩართული კამერით გადაადგილდებიან და მონაწილეებს დემონსტრაციულად იღებენ) ან თავად პოლიციის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის, შესაძლოა, წყაროდ იქცეს თავად მონაწილის მიერ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო და ვიდეომასალა ან ტელევიზიების მიერ გაშვებული კადრები.
ხშირად მოქალაქეებს იმდენად შორ წარსულში მომხდარ შემთხვევაზე სთხოვენ პასუხს, რომ თავად მონაწილეებსაც უჭირთ იმის გახსენება, ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუ - არა კონკრეტულად იმ დღესა და დროს აქციაზე და მონაწილეობდნენ, თუ - არა იმ ქმედებაში, რომელსაც ედავებიან. ასეთი დაყოვნება მოქალაქეებს ართმევს საშუალებას, სასამართლოში წარმოადგინონ თავის მართლების მტკიცებულებები და ადეკვატურად შეეწინააღმდეგონ შსს-ს მიერ წარმოდგენილ „ბრალდებას“ და მტკიცებულებებს.
რაც ყველაზე მთავარია, ამ სახის პრაქტიკა გამიზნულია მოქალაქეთა დასაშინებლად, აქციის მონაწილეებში მუდმივი შიშის გასაღვივებლად, რომ შესაძლოა, ხვალ სასამართლოდან მათაც დაურეკონ და, თუნდაც ორი თვის წინ მომხდარ ფაქტზე, მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვაზე გამოიძახონ. ასევე, მთავარ მიზანს წარმოადგენს აქციის მონაწილეთა ან პოტენციურ მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლი, რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში გამოიხატება.
ამ რეპრესიული მექანიზმის ეფექტურობას რამდენიმე ფაქტორი უზრუნველყოფს, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:
- მაქსიმალურად გამკაცრებული კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 2024 წლის ბოლოს შევიდა და რომელიც დემონსტრაციის მონაწილეებს უკრძალავს ნიღბებით ან პიროვნების იდენტიფიცირებაში ხელშემშლელი ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას; ითვალისწინებს გამკაცრებულ სანქციებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში და კიდევ უფრო ნათელს ხდის სამართალდარღვევის სისხლისსამართლებრივ ბუნებას; თავად დარღვევის ფაქტის დადგენისას კი სამართალდამცავ ორგანოებს მიხედულობის ფართო ზღვარს უდგენს. მაგალითად, იმის დადგენისას, იყო, თუ - არა გზის გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის ხალხი; ასევე, იმის შეფასებისას, არის, თუ - არა პირის დაკავების საფუძველი (მათ შორის, პრევენციული დაკავების ინსტრუმენტის შემოღებით).
- აქციის მონაწილეთა კონტროლის ეფექტური საშუალებები - 2024 წლის 14 დეკემბერს, „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 112-მა, აქციების პარალელურად, შეისყიდა 30 სათვალთვალო კამერა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სახისა და ემოციების ამოცნობა, გამოირჩევა მაღალგარჩევადობით და იძლევა Quick Pick ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას, რაც ვიდეოებიდან პირის კონცენტრირებულ ძებნასა და სურათთან მაღალი დაწყვილების შესაძლებლობას გულისხმობს. დადასტურებულად გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ეს კამერები სწორედ ამ პერიმეტრზე დამონტაჟდა და რომ სწორედ ეს კამერები გამოიყენება მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის, თუმცა სასამართლოში დაბარებულ პირებს ამის საფუძვლიან ეჭვს უჩენს პროცესზე მათ წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებას აადვილებს სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული კადრები აქციიდან თუ მარშებიდან, რომლებიც, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, არაერთხელ გამხდარა განხილვისა და შესწავლის საგანი. კერძოდ, არაერთხელ ყოფილა მითითება, მაგალითად, მარშებში მონაწილეთა იდენტიფიცირებაზე. ტოტალური კონტროლის შეგრძნებას ამძაფრებს პარლამენტის პერიმეტრზე დამონტაჟებული ათეულობით სათვალთვალო კამერა და აქციის მიმდინარეობისას, პერიოდული ფოტო/ვიდეოგადაღება როგორც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოქალაქეების (რომლებიც ვიდეოებს იღებენ დემონსტრაციულად), ისე პატრულის თანამშრომლების მიერ.
- ნოტარიუსად ქცეული სასამართლო, რომელიც ხშირად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საქმის განხილვის მინიმალურ სტანდარტსაც კი არ იცავს, სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სამართალდარღვევისას, მტკიცებულებათა მიკერძოებული და ფორმალური გამოკვლევის გზით იღებს ფორსირებულ გადაწყვეტილებას, ან ცდილობს პროცესების გაწელვას განხილვის გადადებით, რაც კიდევ უფრო გაურკვევლობასა და განუსაზღვრელობაში ტოვებს როგორც აქციის ამ კონკრეტულ, ისე სხვა მონაწილეებს.
სინამდვილეში, სასამართლომ განსაკუთრებული ინტერესი უნდა გამოიჩინოს იმის მიმართ, თუ რა ინფორმაციასა და მტკიცებულებას ეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტრო ოქმის შედგენისას, რომელი პროცედურით ხდება პირის იდენტიფიცირება და წარმოდგენილი მტკიცებულების მოპოვება.
სასამართლომ უნდა მოსთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის განმარტება, თუ რა იგულისხმება პირის მიერ სავალი გზის გადაკეტვაში და რომელი ობიექტური კრიტერიუმით ფასდება, რომ ხალხის რაოდენობა არასაკმარისი იყო გზის გადასაკეტად. შესაბამისად, სასამართლომ შსს-ს უნდა მოსთხოვოს დასაბუთება, რომ მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონკრეტული ინდივიდის მიერ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და რომ მის მიერ ამ ქმედების ჩადენის დროს, ნამდვილად არასაკმარისი რაოდენობის ხალხი იყო, რაც მას გააზრებული ჰქონდა, ან უნდა ჰქონოდა.
ამის სანაცვლოდ, რამდენიმე ჩატარებულ პროცესზე დაყრდნობით, შეიძლება გარკვეული პატერნის დანახვა:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალი გზის გადაკეტვად აკვალიფიცირებს ასევე აქციაზე გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ დგომის ფაქტს, რა დროსაც, მისი შეფასებით (და არა ობიექტური საზომით), არ არის საკმარისი რაოდენობის ხალხი. შესაბამისად, ყველა მონაწილე, რომელიც თუნდაც მოგვიანებით შეუერთდა აქციას, შსს-ს მტკიცებით, ჩაითვლება სავალი გზის გადაკეტვის მონაწილედ (თუნდაც მან არ იცოდეს, რომ მონაწილეთა სავალ ნაწილზე გადმონაცვლებისას, არ იყო „საკმარისი რაოდენობის ხალხი“ და ამ სახის სამართალდარღვევაში მონაწილეობის განზრახვა არ ჰქონდეს), სანამ შსს-ს წარმომადგენელი არ მიიჩნევს, რომ შეგროვდა გზის გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის ხალხი.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პატრულის ეკიპაჟმა შეიძლება თავად გადაკეტოს მეტრო „თავისუფლებიდან“ სასტუმრო „თბილისი მერიოტამდე“ ტერიტორია და შესაბამისად, პარლამენტთან მისასვლელი სატრანსპორტო გზები (რაც, როგორც წესი, მას მერე ხდება ხოლმე, რაც აქცია ფართოვდება და მონაწილეები იყენებენ სავალ ნაწილს), ეს მოქალაქემ არ უნდა მიიჩნიოს გზის კანონიერ გადაკეტვად (მაშინაც კი თუ პოლიცია ამის შესახებ არანაირ გაფრთხილებას არ აძლევს და ფაქტობრივად, თავისი დუმილით, ახლად მისულ დემონსტრანტებს უბიძგებს, შსს-ს აღქმით, სამართალდარღვევაში მონაწილეობისკენ). შესაბამისად, მოქალაქე არ უნდა შეუერთდეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილს იკავებენ, თუ ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი პერიმეტრის გადასაკეტად (თუმცა ესეც დამოკიდებულია არა ამ მოქალაქის, არამედ შსს-ს შეფასებაზე).
- შსს-ს მხრიდან უმოქმედობა და შესაბამისი გაფრთხილების არარსებობა აქციის მონაწილემ არ უნდა მიიჩნიოს სამართალდარღვევის ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, სასამართლოს ან მის წინაშე წარდგენილ პირს მოახსენოს, თუ როგორ მოხდა ამ პირის იდენტიფიცირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება და ამას „აღმასრულებელი პრივილეგიით“ ხსნის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო, ამ სახის სამართალდარღვევის სისხლის სამართლებრივი ბუნების იგნორირებითა და მტკიცებულებად ნებისმიერი ფაქტის დაშვებით, თვალს ხუჭავს მისი უკანონოდ მოპოვების შესაძლებლობასა და ამ პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკზე.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი, ცალკე აღებული, დიდ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, მოქალაქის წინაშე სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევის განხილვიდან გამომდინარე, რაც საჭიროებს სისხლისსამართლებრივ დარღვევაზე საქმის განხილვისთვის დამაკმაყოფილებელი სტანდარტით მოქმედებას და კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სამართალდარღვევა სახდელის სახედ ითვალისწინებს, პირველ ჯერზე ჩადენილი დანაშაულისთვის, საკმაოდ მაღალ სანქციას - ფიქსირებულ 5 000 ლარს, რაც საქართველოში მედიანური ხელფასის ოთხჯერ უფრო მეტ ოდენობას წარმოადგენს. ან ალტერნატივად ითვალისწინებს ისეთ მკაცრ სასჯელს, როგორიც არის 15 დღემდე პატიმრობა (მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს დღეების როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური ოდენობა).
ამ სახის სადამსჯელო ხასიათის სახდელის დაკისრება ქმედებებისთვის, რომლებიც სამართალდარღვევად ფასდება ბუნდოვანი კრიტერიუმებით და მთლიანად დამოკიდებულია შსს-ს კონკრეტული თანამშრომლის სუბიექტურ აღქმებზე, მისი გამოყენების ყოველგვარი აუცილებლობისა და პროპორციულობის მტკიცების გარეშე, ასევე მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს და აჩენს გონივრულ ეჭვებს, საპროცესო უფლებებთან მიმართებით მის არაკონსტიტუციურობაზე.
ამ სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, ცხადად იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხილული სტრატეგიის გამოყენების მცდელობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, არაკონსტიტუციური მიზნებისთვის. კერძოდ, არაერთი საკითხი მიზანმიმართულად რჩება ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი, აქციის მონაწილეებისთვის განუსაზღვრელობის შექმნის მიზნით, რათა მათზე გადათქმევინების ეფექტი იქონიოს. მუდმივად იმის ფიქრი, რომ აქციაზე მოქალაქის დგომა შესაძლოა მომავალში სამართალდარღვევად შეფასდეს ისე, რომ თავად მოკლებული იყოს საწინააღმდეგოს მტკიცების შესაძლებლობას (და იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა ყველას ხედავს და აფიქსირებს), გამიზნულია შიშის დასანერგად, რამაც მისი აქციაში შემდგომი მონაწილეობა უნდა გამორიცხოს.
ამ მექანიზმის ასეთი ფორმით გამოყენება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სულისკვეთებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფაა. პოლიციელი, რომელიც არ რეაგირებს უშუალოდ სამართალდარღვევის დროს, აიგნორებს ამ ფაქტს, არ აძლევს გაფრთხილებას მოქალაქეს, მხოლოდ ფოტო/ვიდეოს უღებს და აგროვებს კომპრომატებს, მომავალში ამ პირის მიმართ სადამსჯელო მექანიზმად გამოსაყენებლად, არ ემსახურება წესრიგის დაცვას.
თუკი პოლიციელი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს, მაშინ ის უნდა ეცადოს, დროულად აღკვეთოს ქმედება, რაც იშვიათად შეინიშნება.
ბოლო ორი თვის მოვლენებზე დაკვირვებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელები მოქმედებენ მითითებით - არ შევიდნენ დაპირისპირებაში აქციის მონაწილეებთან და შემდეგ, ვიდეოს გადახვევისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დახმარებით, პირის იდენტიფიცირების გზით, „აღასრულონ სამართალი“.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ათეულობით განცხადებიდან, არც ერთში არ არის აღნიშნული აქციის მონაწილეთა მიერ გზის უკანონოდ გადაკეტვისა და შესაბამისი გაფრთხილების შესახებ, რათა მოქალაქეები მოერიდონ მსგავს ქმედებებს, თუკი მათი რაოდენობა საკმარისი არაა. შსს-ს ვრცელ განცხადებაში, რომელიც დეტალურად აღწერს უწყვეტი აქციების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებს, მსგავს ფაქტებს არ ვხვდებით. როგორც არაერთხელ აღინიშნა, მსგავს გაფრთხილებას არც ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები იძლევიან. ისინი, მეტწილად, მშვიდად აცდიან მოქალაქეებს გზის გადაკეტვას და უმეტესწილად ფოტო/ვიდეოგადაღებით არიან დაკავებული. ეს კი კარგად წარმოაჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებასა და მიზანს, რაც გზას უხსნის ჩვენ მიერ დასაწყისში ნახსენებ რუსულ პრაქტიკას.
რუსული პრაქტიკის მთავარი დასაყრდენი - სახის ამომცნობი ტექნოლოგიებისა (FRT) და ზოგადად, ტოტალური კონტროლის გავლენა გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებაზე
ზემოთ ხსენებული ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც კარგად აღწერს რუსეთში კრიტიკული აზრის ჩახშობის თანამედროვე, თუმცა, უკვე კარგად აპრობირებულ მეთოდს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების არაერთ ფაქტს გვთავაზობს, რასაც 2021 წლიდან მასობრივი ხასიათი მიეცა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი გამოყენების პრობლემატურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლების ჭრილში. კერძოდ, სახის ამომცნობი ტექნოლოგიით ხდება ისეთი სენსიტიური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავება, როგორიც არის ბიომეტრიული მონაცემი (ასევე, აქციების ჭრილში - პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაცია), რომელთან დაკავშირებითაც კანონი სპეციალურ, მკაცრ მიდგომას იყენებს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებებში, გაერთიანებული ერების უმაღლესი კომისრის ანგარიშის თანახმად, ტრადიციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეკრების მონაწილეები სარგებლობენ გარკვეული ანონიმურობით და უფლებით რომ არ იყვნენ იდენტიფიცირებულები, შესამჩნევად სუსტდება არაერთი სახელმწიფოს მიერ აუდიოვიზუალური ჩანაწერების გამოყენების ხშირი პრაქტიკით. სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების უარყოფითი ეფექტი საკმაოდ ღრმაა. მუდმივი დაკვირვების ქვეშ ყოფნის განცდა და მათი იდენტიფიცირების მაღალი ალბათობა სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს საჯარო სივრცეებში მათი შეხედულების თავისუფლად გამოხატვის თავშეკავებისკენ.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია მთავრობებმა დაიცვან სამნაწილიანი ტესტი, ამ სახის ტექნოლოგიების გამოყენებისას, რაც ნიშნავს კანონიერების, საჭიროებისა და პროპორციულობის ზედმიწევნით შემოწმებას. მთავრობებმა, ზოგადად, თავი უნდა შეიკავონ შეკრების მონაწილეთა ჩაწერისგან, ხოლო, პროპორციულობის დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარე, გამონაკლისად შეიძლება განიხილებოდეს შემთხვევა, როდესაც არსებობს კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის სერიოზული დანაშაული, ან არსებობს მისი ჩადენის მყისიერი საფრთხე. ამასთან, ჩანაწერები უნდა გამოიყენებოდეს შეზღუდულად, მხოლოდ იმ პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ამ სახის ქმედებაში, აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, აუცილებელია, რომ ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება ეფუძნებოდეს კანონში ცხადად გაწერილ სამართლებრივ საფუძველს და შესაბამის მარეგულირებელ ჩარჩოში იყოს მოქცეული.
მსგავს პოზიციას ავითარებენ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი შეკრების თავისუფლების შესახებ ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში, როცა უთითებენ, რომ აქციის მონაწილეთა გამოსახულების ჩაწერა, მათ შორის, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება, მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებშია შესაძლებელი, როცა რეალურად ადგილი აქვს კრიმინალურ ქმედებებს, ან არსებობს მყისიერი კრიმინალური ქცევის განხორციელების გონივრული ეჭვი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვენეციის კომისიის განცხადებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებისგან დაზღვევის ადეკვატური საშუალებები.
რუსეთში წახალისებულია სწორედ ამ პრინციპებისგან სრულიად საპირისპირო პრაქტიკა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მასობრივ თვალთვალს და ამ სახით მიღებული მონაცემების საფუძველზე, კრიტიკულად განწყობილ პირთა დასჯას გულისხმობს.
ეს საკითხი კარგად არის განხილული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში, საქმეზე გლუხინი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა განხილულ ანგარიშს.
კერძოდ, ამ საქმეში მოსარჩელე დავობდა, რომ მისი დაკავება სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით, მშვიდობიანი სოლო დემონსტრაციის გამო (რასაც წინ უძღოდა გამოძიების დაწყება „ინტერნეტმონიტორინგის“ გზით, ტელეგრამზე ატვირთული ფოტომასალის საფუძველზე), ერთი მხრივ, არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას, მეორე მხრივ - პირადი ცხოვრების უფლებას.
გლუხინი 2019 წლის 23 აგვისტოს აქტივისტ კოტოვის დაკავებას აპროტესტებდა ამ უკანასკნელის მუყაოს ფიგურით, რომელსაც ხელში ბანერი ეჭირა. რუსეთის პოლიცია მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, რაც გამოხატული იყო დემონსტრაციისას „სწრაფად აწყობად-დაშლადი კონსტრუქციის“ გამოყენებაში. ამ სახის კონსტრუქციის ქონის შემთხვევაში, რუსეთის კანონმდებლობა წინასწარ გაფრთხილებას საჭიროებს, ეს კი გლუხინს არ განუხორციელებია. უშუალოდ გლუხინი მეტროსადგურში განთავსებული სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით დააკავეს.
ევროპულმა სასამართლომ ორივე სადავოდ გამხდარი მუხლის დარღვევა დაადგინა, რამდენადაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაინახა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის უფლებაში რუსეთის მთავრობის მხრიდან ჩარევის აუცილებლობა.
განსაკუთრებით საინტერესოა სასამართლოს მსჯელობა სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების ნაწილში. პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერც მოსარჩელემ წარადგინა და არც მთავრობის წარმომადგენელს გაუბათილებია, ან დაუდასტურებია მტკიცებულების მოპოვების სხვა გზა, სასამართლოს მოუწია მსჯელობა, გამოიყენეს, თუ - არა მოცემულ საქმეში ამ სახის ტექნოლოგია.
სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მდგომარეობა, რომ ის მოკლებული იყო ამ სახის მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას, რამდენადაც რუსეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ რაიმე ჩანაწერებისა და ანგარიშის წარდგენას პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ისინი ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. მეორე მხრივ, მხედველობაში მიიღო უმოკლესი დრო (ორი დღე), რომელიც პირის იდენტიფიცირებას დასჭირდა, რაც, თავის მხრივ, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გართულდებოდა. იმავდროულად, სასამართლომ გაითვალისწინა რუსეთში დამკვიდრებული პრაქტიკა სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ, ასევე მთავრობის დუმილი და პირდაპირი უარყოფის არარსებობა, რომ მათ მტკიცებულება ამ გზით ნამდვილად არ მოუპოვებიათ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მოცემულობად მიიღო, რომ განსახილველ საქმეზე მართლაც გამოიყენეს სახის ამომცნობი ტექნოლოგია, რაც წარმოადგენს ჩარევას პირის პირადი ცხოვრების უფლებაში.
ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონი პოლიციის მიერ ამ სახის ზომების გამოყენების შესახებ, არ აკმაყოფილებდა ხარისხობრივ მოთხოვნას. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი არა მხოლოდ ფართო და ბუნდოვანი იყო, არამედ არ ითვალისწინებდა შეზღუდვებსა და მნიშვნელოვან პროცედურულ გარანტიებს. სახის ამომცნობი ტექნოლოგიების ბუნება, რომელიც უფლებაში უაღრესად შეჭრის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით მისი განხორციელება პირდაპირ რეჟიმში, მოითხოვს მკაცრ წესებს და დასაბუთებას, გაძლიერებულ დაცვასა და შესაძლო ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ძლიერ გარანტიებს.
სასამართლომ ასევე იმსჯელა, თუ რამდენად საჭირო იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ სახის შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის წინააღმდეგ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ორ მნიშვნელოვან ფაქტზე: 1. მოსარჩელის პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ფაქტზე და 2. მის მონაწილეობაზე მშვიდობიან აქციაში, რაც მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამოვლენას უწყობს ხელს, შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის სენსიტიურ მონაცემს და ამდენად, საჭიროებს უფრო მაღალი დონის დაცვას. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირის მიერ ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება, მისი გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან. შესაბამისად, ასეთი მზღუდავი ტექნოლოგიის გამოყენებით მშვიდობიან პროტესტში მონაწილე პირის დაკავებას შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე.
საბოლოოდ, სასამართლოს შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება იყო არაპროპორციული, რადგან არ არსებობდა რაიმე სახის რისკი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და ის მიმართული იყო მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ იყო ტექნოლოგიების გამოყენების გადაუდებელი საჭიროება და მისი გამოყენება არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
განხილული საქმე და პრაქტიკა მნიშვნელოვანია საქართველოსთან მიმართებითაც, რადგან ჩვენ შემთხვევაშიც, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ეჭვი არსებობს. თუმცა არ არის ამის უტყუარი მტკიცებულებები, რადგან შსს არ მიიჩნევს საჭიროდ, ახსნას, თუ როგორ და რა პროცედურის საფუძველზე მოხდა პირის იდენტიფიცირება და მის წინააღმდეგ მტკიცებულებათა შეგროვება.
ასევე, არ არსებობს დადგენილი კრიტერიუმები და კანონით ცხადად გაწერილი პროცედურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე, ამ სახის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით. საქართველოს შემთხვევაშიც, შს სამინისტრო აგროვებს და წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან და მის პოლიტიკურ შეხედულებებთან. შესაბამისად, ამ სახის პრაქტიკის დაკანონება და მასზე შესაბამისი პასუხის გაუცემლობა აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე და გაზრდის აქციაში მონაწილეთა მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რისკებს.
შეჯამება:
მიუხედვად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის პრაქტიკა შეიცვალა, აშკარაა, რომ რეჟიმის მიდგომა კვლავ შიშის დათესვისა და განუსაზღვრელობის შექმნისკენ არის მიმართული.
საქართველოში ფორსირებული წესით ხდება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი რეპრესიული მეთოდის, ე.წ. „პოსტფაქტუმ დაკავებების“ რუსული პრაქტიკის კოპირება. მისი მთავარი მიზანი არის დაშინება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის შინაარსის გამოცლით, მათი ილუზორულად ქცევა.
ამგვარი პრაქტიკა დაფუძნებულია სოციალური ქსელებიდან, მედიასაშუალებებიდან მონაცემების შეგროვებაზე, განსაკუთრებით კი სახის ამომცნობი ტექნოლოგიებისა და სათვალთვალო კამერების უკანონო გამოყენების გზით, ინფორმაციის მოპოვებაზე, რაც აქციის მონაწილეებს უქმნის მუდმივ განცდას, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს მათ წინააღმდეგ დაიწყოს შესაბამისი სამართალწარმოება, ან მათი პოლიტიკური შეხედულებები და აქტივობები გახდეს მათი სხვაგვარი შევიწროების საფუძველი.
ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტოტალური კონტროლი და უფლებაში უკანონო და უკონტროლო რეპრესიული ჩარევები უფრო მეტად იწვევს შიშსა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, ვიდრე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
აუცილებელია იმის გააზრება, რომ ეს მექანიზმი, პირველ რიგში, მისი ნამდვილი დანიშნულებისა და განსაკუთრებით, გამოყენებული პროცედურის გათვალისწინებით, არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რეპრესიული ინსტრუმენტი, რომელიც დღეს შეიძლება რეჟიმმა პროტესტის წინააღმდეგ შემოგვთავაზოს. ამდენად, თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და სათანადო განგაშის ზარის ჩართვა არის მნიშვნელოვანი, თუნდაც არსებობდეს სრულიად ლეგიტიმური განცდა, რომ 1. ხმაური არ ცვლის მოცემულობას და 2. ამ მექანიზმის სიმძაფრეზე ხაზგასმა თავად რეჟიმის ინტერესებს ემსახურება, რადგან ამძაფრებს შიშს, ქმნის განუსაზღვრელობას და უიმედობას და იწვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის გადათქმევინებას, რაც რეჟიმის საბოლოო მიზანია.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.