სპორტი, როგორც პოლიტიკური საინფორმაციო მანიპულაციის ინსტრუმენტი
სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვა (ან მაშინ „გამორთვა“, როცა ეს კონკრეტული პარტიის მიზნებისთვის ხელსაყრელია) ახალი არ არის. სპორტსმენები, სხვადასხვა პარტიული სიით, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტში იყვნენ. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრაქტიკა. ერთი შეხედვით, არაფერია ცუდი იმაში, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში მონაწილეობენ, თუმცა მნიშვნელოვანია იმ მოტივების გამოკვეთა, რომელთა გამოც ისინი პოლიტიკური აქტორებისთვის მიმზიდველნი ხდებიან.
სპორტით გამოწვეული დადებითი ემოციებისა და ცნობილი სპორტსმენების (რომლებიც ხშირად სამშობლოში გმირებად აღიქმებიან) პოლიტიკური მიზნით გამოყენება ეფექტური საშუალებაა ქვეყანაში არსებული მწვავე საკითხებისა და ხელისუფლების გადაცდომებისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად. პოლიტიკის მკვლევართა თანახმად, ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფოები იყენებენ პოპულარულ სპორტულ ღონისძიებებს, გუნდებსა თუ პერსონებს ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ, საკუთარი იმიჯის „გასათეთრებლად“ და შელახული რეპუტაციის აღსადგენად.
ჯონ ტუნისი ნაშრომში The Dictators Discover Sport (2014) წერდა, რომ ქვეყნის მართვაში სპორტის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: სპორტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დროისა და გონების მაქსიმალურად დაკავებას იმისთვის, რომ მათ შეიგრძნონ კმაყოფილება ეროვნული სპორტული გამარჯვებებით. ამასთან, რეჟიმის მიზანია სპორტში ფიზიკურად ჩართული ახალგაზრდების დღის წესრიგის იმგვარად გამოყენება, რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაზე ფიქრის, აგიტაციის ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში ჩართვის დრო. გარდა ამისა, ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის, როგორებიც იყო ნაცისტური გერმანია ან საბჭოთა კავშირი, სპორტულად აქტიური მოქალაქეები პოტენციურ სამხედრო ძალასაც წარმოადგენდნენ. კიდევ ერთი და დღეისთვის ყველაზე რელევანტური მოტივი, რომელიც არადემოკრატიული რეჟიმის ლიდერებს სპორტთან მიმართებით ამოძრავებთ, პროპაგანდაა. ტუნისის თქმით, „დიქტატორები ჭკვიანურად იყენებდნენ სპორტს პროპაგანდისთვის. არც ერთ გონიერ ადამიანს არ სჯერა, რომ შეერთებული შტატების გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებზე დაადასტურებს ამერიკელთა რასობრივ, ინტელექტუალურ, მორალურ თუ ფიზიკურ უპირატესობას. დიქტატურის ქვეყნებში კი, პირიქით... მაგალითად, თუ იტალია მოუგებდა ინგლისს ფეხბურთში, მუსოლინი ამ გამარჯვებას ისე წარმოაჩენდა, როგორც დემოკრატიაზე ფაშისტური სახელმწიფოს უპირატესობის კიდევ ერთ მაგალითს“.
თანამედროვე მსოფლიოში კვლავაც აქტუალურია პოლიტიკური პროპაგანდისთვის სპორტისა და სპორტსმენების გამოყენება. ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობისას სპორტული ორგანიზაციები და ვარსკვლავები ხშირად თვალს ხუჭავენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. ამ კავშირებს ისინი იმით ამართლებენ, თითქოს მათი ჩართულობა ჩაკეტილი სახელმწიფოების დემოკრატიზაციასა და რეფორმირებას უწყობს ხელს. რეალურად კი დიქტატორებთან პარტნიორობით ისინი მათი ვიწრო პოლიტიკური პროპაგანდის ირიბ გამავრცელებლად იქცევიან. მსგავსი კოლაბორაციის არაერთი მაგალითი არსებობს და მათ შორისაა ჰოკეისა და მისი საერთაშორისო ფედერაციის გამოყენება ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ. ასევე, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კავშირები რუანდის რეჟიმთან, ლონდონის „არსენალისა“ და რუანდის ტურიზმის განვითარების ფონდის (Visit Rwanda) მრავალწლიანი პარტნიორობა. მწვავე კრიტიკის ობიექტია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (FIFA), მის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებების გამო. ორგანიზაციამ 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლებად რუსეთი და ყატარი აირჩია - სახელმწიფოები, სადაც ფუნდამენტური უფლებები სისტემატურად ილახება. მუდმივი დისკუსიის საგანია ფორმულა 1-ისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შორის გაფორმდა 650 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რაც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობასაც გულისხმობს. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო 2022 წელს ჩინეთში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ჩინეთის კომუნისტური მთავრობის არაჰუმანური ქმედებების გამო, არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ ამ ღონისძიებას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.
სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთის ყველაზე მასშტაბური მაგალითი გახდა საუდის არაბეთის სტრატეგია: 2016 წლიდან ქვეყანამ სხვადასხვა სპორტულ აქტივში დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი დააბანდა - გოლფში, ფეხბურთსა (მაგ. „ნიუკასლ იუნაიტედის“ წილის 85%-მდე გაზრდა 2024 წელს, ესპანური და იტალიური ფეხბურთის სუპერთასების მუდმივი მასპინძლობა რიადში) და საბრძოლო სპორტში (UFC-ისა და WWE-ის რეგულარული ღონისძიებები). ჯიდას ფორმულა 1-ის გრან-პრი, რომელიც 2021 წლიდან ყოველწლიურად იმართება, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ანალოგიურად ემსახურება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის „გათეთრებას“. ამ პროცესის დაგვირგვინება იყო ის, რომ 2024 წლის დეკემბერში FIFA-მ საუდის არაბეთს, როგორც ერთადერთ კანდიდატს, მიანიჭა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. Human Rights Watch-ისა და სხვა ორგანიზაციების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც 2025 წელს საუდის არაბეთის CONCACAF-ის ოქროს თასზე მიწვევა, სპორტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.
21-ე საუკუნეში, ზემოთ ნახსენები და კიდევ არაერთი სხვა მაგალითის აღსაწერად, ახალი ტერმინიც გაჩნდა. კერძოდ, არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა მიერ სპორტის გამოყენებას პროპაგანდის მიზნებით Sportswashing-ი (თარგმანი: რეპუტაციის სპორტით „გარეცხვა“) ეწოდა. აღნიშნულ ტერმინს არ გააჩნია ერთი, საყოველთაოდ მიღებული განმარტება, თუმცა იგი გამოიყენება იმ პროცესის აღსაწერად, როდესაც არადემოკრატიული რეჟიმები ან მსხვილი კორპორაციები დებენ ინვესტიციებს მსოფლიოში ცნობილ ათლეტებში, სპორტულ კლუბებსა და ღონისძიებებში, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი ქვეყნების (ან ბიზნესების) არალიბერალური, არადემოკრატიული და ექსპლუატაციური პრაქტიკებიდან. სახელმწიფოს მიერ სპორტის გამოყენება შეიძლება გამოიხატებოდეს რამდენიმე ფორმით: დიდი ღონისძიებების (მაგ.: ოლიმპიადები, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი) მასპინძლობა; ახალი სპორტული ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი ლიგების შექმნა; საერთაშორისო გუნდებსა და ლიგებში ინვესტირება; სპონსორობა სახელმწიფო სტრუქტურების (მაგ.: ტურიზმის დეპარტამენტები, ეროვნული ავიახაზები) მხრიდან; ცნობილი ათლეტების გამოყენება ამბასადორებად და ა.შ. ტერმინ Sportswashing-ის გაჩენა ასოცირდება 2015 წელს ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებთან. Amnesty International-ი აღნიშნავდა, რომ ეს თამაშები დაემთხვა ქვეყანაში რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე 12-თვიან პერიოდს.
Sportswashing-ის შესწავლის საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს კაზაკოვი (2026). იგი ამ ფენომენის მხოლოდ ტრადიციული გაგებით (როგორც ავტორიტარული რეჟიმების მიერ დანაშაულების გადაფარვის მცდელობა) განხილვას აკრიტიკებს და უფრო სიღრმისეულ მიდგომას გვთავაზობს. კერძოდ, მისი მტკიცებით, ტერმინი Sportswashing-ი ხშირად ძალიან ზედაპირულია, რეალობა კი ბევრად უფრო რთული და მრავალშრიანია. ავტორი გვთავაზობს, რომ ეს მოვლენა აღვიქვათ არა უბრალოდ უფლებადამრღვევი ქვეყნების ინსტრუმენტად, არამედ ღრმა საინფორმაციო მანიპულაციად, რომელშიც უამრავი აქტორი, მედია და თავად მაყურებელია ჩართული. ნაშრომი ეფუძნება „დეზინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის“ ხუთ ეტაპს, რომლებიც ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაგალითზეა გაშლილი. პირველია სიმართლის დადგენის სირთულე, როდესაც დასავლურმა მედიამ კატარში დაღუპული მუშების რიცხვი უარყო და ფაქტების ზედაპირული ანალიზი შემოგვთავაზა. ამან უნებლიეთ ყატარის მთავრობას მისცა საშუალება, ესარგებლა ამ ხარვეზით და ყურადღება სხვა თემებზე გადაეტანა. მეორეა დროის ფაქტორი: ყატარმა ტურნირი, ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში ჩაატარა, რაც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საწყისი დაპირება დროთა განმავლობაში შეცვლილ, მიზანმიმართულ ტყუილად იქცეს. მესამე საფეხური, რომლის კულმინაციაც ფიფას პრეზიდენტის ემოციური და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იყო, მრავალი მონაწილის გარიგებას ეხება. მეოთხეა კულტურული ბარიერები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ იღებს ერთი და იგივე ინფორმაცია სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას სხვადასხვა ენობრივ მედიაში. ბოლოს კი ციკლს ასრულებს დიალოგური ურთიერთობები, როცა მხარეები ერთმანეთის რიტორიკას მუდმივად პასუხობენ და პოზიციებს იცვლიან. კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია აუდიტორიის ემოციები - საინფორმაციო მანიპულაცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს სპორტისადმი მაყურებლების ემოციური დამოკიდებულების გამო. მაგალითად, საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრები ხშირად თავად იწყებენ თავიანთი კლუბის უცხოელი მფლობელების დაცვას და კრიტიკოსების წინააღმდეგ პროპაგანდაში ერთვებიან. ამდენად, შეიძლება ითქვას, Sportswashing-ის ფენომენის შესწავლა კონკრეტული მაგალითებისა და კონტექსტის საფუძველზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა და მრავალმხრივ ანალიზს მოითხოვს.
***
სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთქმედება თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ხშირად აღიქმება, როგორც ნეიტრალური და აპოლიტიკური სივრცე, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრაქტიკა აჩვენებს, რომ იგი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მიზნების მიღწევის ეფექტიანი ინსტრუმენტი. სახელმწიფოები და პოლიტიკური ელიტები სპორტის სიმბოლურ ძალას, მასობრივ მიმზიდველობასა და ემოციურ გავლენას იყენებენ როგორც შიდა ლეგიტიმაციის გასაძლიერებლად, ისე საერთაშორისო იმიჯის გასაუმჯობესებლად.
ამ კონტექსტში Sportswashing-ი წარმოადგენს არა მხოლოდ რეპუტაციის გაუმჯობესების მცდელობას, არამედ უფრო ფართო პოლიტიკური კომუნიკაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის სტრატეგიას. ხშირად მისი მიზანია ყურადღების გადატანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პრობლემური პოლიტიკისგან, ადამიანის უფლებების დარღვევებისგან ან დემოკრატიული უკუსვლისგან პოზიტიურ და ემოციურად დატვირთულ სპორტულ მოვლენებზე. ამასთან, თანამედროვე მიდგომები აჩვენებს, რომ Sportswashing-ის ეფექტი მხოლოდ კონკრეტული აქტორის განზრახვაზე არ არის დამოკიდებული. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია, სპორტული ორგანიზაციები, კომერციული პარტნიორები და თავად გულშემატკივრებიც, რომელთა ემოციური კავშირი სპორტთან შესაძლოა მანიპულაციის დამატებით მექანიზმად იქცეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Sportswashing-ი არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის მსხვილი სპორტული ღონისძიებების კონტექსტში. მისი გამოვლინებები შესაძლებელია ეროვნულ დონეზეც, როდესაც პოპულარული სპორტსმენები, გუნდები ან სპორტული მიღწევები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არაერთი სხვა ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ სპორტსმენების მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი შესაძლოა იქცეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების, ისე პოლიტიკური დებატების მიმართულების შეცვლის ინსტრუმენტად.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სპორტი შესაძლოა გახდეს როგორც სოციალური ერთიანობისა და პოზიტიური ცვლილებების წყარო, ისე პოლიტიკური მანიპულაციის საშუალება. სწორედ ამიტომ, სპორტის პოლიტიკურ გამოყენებაზე კრიტიკული დაკვირვება აუცილებელია თანამედროვე პოლიტიკური კომუნიკაციის სტრატეგიების უკეთ გასააზრებლად.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.