ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) - ოკუპანტი სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის პერსპექტივაში
ფოტო: Inquiries Journal
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებას აქვს წონადი ისტორიული ღირებულებაც, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია მისი სამართლებრივი შედეგები აწმყოსა და მომავალში. ამ მხრივ, ყველაზე საყურადღებო სამართლებრივი შედეგი რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოაქვს, არის რუსეთის მიერ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველოს რეგიონების (ყოფილი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის საერთაშორისო სამართლებრივი დადასტურება.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ამ რეგიონებზე „ეფექტური კონტროლის“ განგრძობადი განხორციელება 2008 წლის 12 აგვისტოდან. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ტერიტორიის „ეფექტური კონტროლის“ საფუძველზე სახელმწიფო ექსტრატერიტორიულ (საკუთარი ტერიტორიის მიღმა, სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე) იურისდიქციას ახორციელებს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციის, ამ ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფოს ცალკეული ფუნქციების განხორციელების, ადგილობრივი დე-ფაქტო მმართველობის ორგანოების მასზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნის გზებით. ევროპულმა სასამართლომ ამ სტანდარტების გამოყენებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლი გააჩნია და იქ ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას ახორციელებს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია სრულად პასუხისმგებელია აღნიშნულ ტერიტორიებზე მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც მისი შეიარაღებული ძალების, ისე მათი ქოლგის ქვეშ მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმების შეიარაღებული ჯგუფების მიერ 2008 წელს ოკუპაციის საწყის ფაზაში ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ არსებობას დარღვეულ უფლებებთან მიმართებით. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადმინისტრაციული პრაქტიკის დადასტურებისას სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაასკვნას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები იყო „განმეორებითი“ და „ოფიციალურად შეწყნარებული“. სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო სისტემურად განმეორებადი და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ამ დარღვევების მიმართ ჰქონდათ მკაფიოდ გამოხატული ოფიციალური შეწყნარების პოლიტიკა.
ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა რომ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკა მათი ეთნიკური ნიშნით მიზანში ამოღებას ეფუძნებოდა. ამრიგად, სამართლებრივად დადასტურებულია ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.
2008 წლის ოკუპაციის საწყისი პერიოდის ადამიანის უფლებების ისეთ მასშტაბურ დარღვევებთან ერთად, როგორიცაა ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ქართული სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი თვითნებური დაკავება და მათი ქონების განადგურება, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ განგრძობადი უფლების დარღვევის დადგენა ოკუპირებული რეგიონების ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მიმართ. ეს ადამიანები ეთნიკური წმენდის შედეგად საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნეს და ოკუპანტი სახელმწიფოს ადმინისტრაციული პრაქტიკა დღემდე საშუალებას არ აძლევს დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთზე „ეფექტური კონტროლის“ დადგენა, იმის გათვალისწინებით რომ წინამდებარე საქმე ძირითადად ყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონის გარშემო განვითარებულ კონფლიქტზე იყო ფოკუსირებული.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს არ აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იდავოს 2008 წელს რუსეთის მიერ ძალის გამოყენების, ისევე როგორც მისი ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციის შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართალთან. რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღნიშნულ საკითხებზე. აქვე აღსაღნიშნავია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა 2008 წლის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში (8-12 აგვისტო) რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი და შესაბამისად მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრატერიტორიული იურისდიქციის განხორციელება. ამ საფუძვლით, სასამართლომ არ იმსჯელა კონფლიქტის აქტიურ ფაზაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხზე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლოს მითითებით კონფლიქტის აქტიურ ფაზაზე ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (jus in bello - შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართალი) მოქმედება, როგორც აღვნიშნეთ, კონფლიქტის აქტიურ ფაზაში რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობის სასამართლო წესით დაყენების ინსტრუმენტი საქართველოს არ გააჩნია. კონფლიქტის აქტიურ ფაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე (მათ შორის მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა ომის დანაშაულები) მხოლოდ ინდივიდუალური, საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობაა დარჩენილი. ამ მხრივ, აღსაღნიშნავია რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში ჩადენილებსაც. ამ პროცესში შესაძლოა დადგეს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური პირების ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშვნას მოითხოვს ის რომ ეს არ იქნება რუსეთისთვის როგორც სახელმწიფოსთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ასევე, რუსეთის ფედერაცია არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარე და არც ცნობს სასამართლოს იურისდიქციას საკუთარ მოქალაქეებზე.
შესაბამისად, საერთაშორისო სამართლებრივად, სასამართლო დაცვის მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს შეუძლია მხოლოდ რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე იდავოს და რუსეთის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. წინამდებარე გადაწყვტილება რუსეთისთვის ასეთი პასუხისმგებლობის დაწესების პირველი პრეცედენტია და იმავდროულად შესაძლო სამომავლო ინსტრუმენტიც ამგვარი პასუხისმგებლობის მისაღწევად. ამ სამომავლო პერსპექტივების განხილვისას, აუცილებელია განვიხილოთ შესაბამისი შეზღუდვები და დამაბრკოლებელი გარემოებებიც.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააგრძელა წარმოება განსახილველ საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად (კონვენციის 41-ე მუხლი). მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იძლევა არა მხოლოდ მსხვერპლთა მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს, არამედ ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების განგრძობად დარღვევებზე ევროპულ სასამართლოში უფრო სწრაფი მართლმსაჯულების მისაღწევად ამ უფლებადარღვევების ინდივიდუალურ მსხვერპლთა მიერ, მათ მიერ სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიმართვის გზით. ეს სამართლებრივი შესაძლებლობები საქართველოს სახელმწიფოს ასევე შეუძლია მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენოს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები და იქიდან გამოდევნილი მოქალაქეების უფლებების დასაცავად დიპლომატიური ძალისხმევის შედეგიანობის გაზრდისთვის.